კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

 

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-4(630) 

 

თორმეტი შეთქმული და აგარაკზე მყოფი ოთხი ადამიანი თვალის დახამხამებაში გავანადგურე. შემდეგ ნიშიდან ცეცხლსასროლი იარაღები ამოვიღე და თითოეული მათგანიდან რამდენჯერმე გავისროლე. ბოლოს ისინი მოკლულებს ჩავუდე ხელებში, გვამები სხვადასხვა ადგილას დავაწყვე, მერე ეზოში დადგმულ „სალიარკით“ სვსე ბაკს ტყვია ვესროლე, ავაფეთქე და ხის ორსართულიანი აგარაკი ცეცხლში გავხვიე, რომ ექსპერტებს პროვოკაციის სცენა არ ამოეცნოთ...

სულ რაღაც ნახევარ საათში, ცეცხლწაკიდებული აგარაკი მილიციით, მეხანძრეებითა და ექიმებით გაივსო. მილიციის ოფიცერი გვერდით გავიხმე და ვუთხარი:

– კაპიტანო, სასწრაფოდ ამ ნომერზე დარეკეთ და ვინც გიპასუხებთ, უთხარით: „ქილა გატყდა და კომპოტი დაიღვარა“. შემდეგ კი ამ აგარაკის მისამართი შეატყობინეთ და ყურმილი დაკიდეთ. ჩვენ ხომ ბალაშიხაში ვართ?

– დიახ, ბალაშიხაში ვართ, – მომიგო საზრიანმა მილიციელმა, რომელიც ბოლომდე ვერ მიხვდა, ვინ ვიყავი, მაგრამ, არაფერი უკითხავს და ჩემი დავალების შესასრულებლად გაემართა.

ზუსტად ნახევარ საათში გენერალი მუხინი და „კაგებეს“ ექსპერტთა ჯგუფი ჩამოფრინდა აგარაკზე, დაცვის ოცეულმა კი ტერიტორია დაცვის ქვეშ აიყვანა. ანდრეი ლუკიჩმა თავის თანაშემწეს მითითებები მისცა და შემთხვევის ადგილზე დატოვა. შემდეგ ჩემთან ერთად ვერტმფრენში ჩაჯდა და მოსკოვისკენ ავიღეთ გეზი.

– რა მოხდა? – საქმიანად მკითხა მუხინმა.

– საკმაოდ ეშმაკები და კარგად ორგანიზებულები ყოფილან. ჯერ კიდევ მოსკოვში, აბანოში მომწყვიტეს თქვენგან.

– ვიცი. საუნაში შენი ტანსაცმელი რომ ვიპოვეთ, ვიფიქრეთ, რომ გაგვშიფრეს და ცოცხალი აღარ გვეგონე. მაგრამ, როცა კაპიტანმა შენი სახელით დაგვირეკა, ჩემი და შჩუკინის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. შემდეგ, განაგრძე, რა მოხდა.

– მოკლედ, ბოლოს გამშიფრეს, როცა ტაბელური იარაღის ჩვენება მომთხოვეს და მე ვუთხარი, სახლში დავტოვე-მეთქი. თურმე, წინასწარი შეთანხმებით, თან უნდა მქონოდა. მე კი ეს არ ვიცოდი. ამიტომ, მათ ჩემი წამება და, შემდეგ, ალბათ, მოკვლა გადაწყვიტეს, მაგრამ, ხელი შევუშალე.

– გასაგებია, – მითხრა მუხინმა და დაამატა – კარგი იყო, ერთი მათგანი მაინც გადარჩენილიყო ცოცხალი, მაგრამ, მთავარია, რომ შენ ხარ ცოცხალი.

ვერც ექსპერტიზამ და ვერც სხვებმა ვერ დაადგინეს, რომ აგარაკზე მე  მოვაწყვე სასაკლაო. ყველამ ჩათვალა, რომ ეს შემთხვევა შეიარაღებული დაპირისპირების შედეგი იყო. სამი თვის შემდეგ კი შჩუკინმა რაღაც საქმეზე გამომიძახა, ინსტრუქტაჟი ჩამიტარა და, სანამ მის კაბინეტს დავტოვებდი, მითხრა:

– იქ, ბალაშიხის აგარაკზე სწორად მოიქეცი, როდესაც ის ნაძირლები გაანადგურე. შენი სამშობლოსა და ხალხის მტრები დანდობას არ იმსახურებენ!

– ვემსახურები სამშობლოს! – მივუგე შჩუკინს. 

სხვათა შორის, იმ ნაძირლების იდეურ ძმებთან და მათი საქმის გამგრძელებლებთან შეხება პოსტსაბჭოთა პერიოდშიც მქონდა. ჯერ კიდევ „ძიას“ მეშვეობით ვიღებდი შეკვეთებს, როდესაც მან ჩვეულ ადგილზე დამინიშნა შეხვედრა. ალექსანდრეს ქვედა ბაღში რომ მივედი, მითხრა:

– ერთი შეკვეთაა, მაგრამ, ამჯერად ვერანაირ რეკომენდაციას ვერ გაგიწევ. ვიცი მხოლოდ ის, რომ საქმეში ნახევარ მილიონ დოლარს იხდიან, მაგრამ, რა უნდათ ან ვინ არიან შემკვეთები, ნამდვილად არ ვიცი. მათ პირდაპირ შემსრულებელზე გასვლა მთხოვეს და ყოველგვარი პირობის გარეშე შემომაჩეჩეს ტყავის პატარა ჩანთა, სადაც ასი ათასი დოლარი იდო, თან მითხრეს, რომ შემსრულებელს ხუთჯერ მეტს გადაუხდიან, თუ ის შეკვეთას აიღებს.

– როდის ელოდებიან პასუხს?

– მითხრეს, რომ ორი დღის განმავლობაში მნახავენ.

– გნახავენ? სად?

– ჩვენი შეხვედრა არატრადიციულად, შეიძლება ითქვას, ველურად მოხდა. გუშინ საღამოს მარტო ვიყავი სახლში და, სიგარეტი რომ გამითავდა, მე თვითონ წავედი მაღაზიაში. პირველ სართულზე რომ ჩავედი, სადაც საკმაოდ ბნელოდა, ზურგიდან ვიღაცამ ხელები ჩამავლო მხრებში, ხელში ტყავის ჩანთა შემომაჩეჩა და მითხრა: „ნუ გეშინიათ, ბატონო რომან, ჩვენ მტრები არ ვართ. ერთი შეკვეთის მოცემა გვინდა, რომელშიც ნახევარ მილიონ დოლარს გადავიხდით, ოღონდ, შემსრულებელს პირადად უნდა შევხვდეთ და მას დაველაპარაკოთ. შეხვედრის დრო და ადგილი მან უნდა დაგვინიშნოს. თქვენ კი ამ ორი დღის განმავლობაში გნახავთ პასუხისთვის. ამ ჩანთაში ასი ათასი დოლარია და სულ თქვენია. ახლა კი ნახვამდის, პირველი თქვენ გაბრძანდით“.

მე ქუჩაში გავედი. ინკოგნიტო მამაკაცმა კი, ალბათ, სათადარიგო გასასვლელით ისარგებლა, რომელიც ვიწრო ჩიხში გადის. აი, სულ ეს არის. აბა, რას ფიქრობ?

– რა უნდა ვიფიქრო? აშკარაა, რომ გითვალთვალებდნენ და ქუჩაში მოგიხელთეს. სიგარეტი რომ არ გამოგლეოდა და სახლიდან არ გამოსულიყავი, ალბათ, სხვა რამე ექნებოდათ მოფიქრებული. მე მგონი, ღირს მათთან შეხვედრა, – ვუთხარი „ძიას,“ – იყოს ზეგ, ფუნიკულიორის პლატოზე, ტყის პირას რომ პატარა სტადიონია, იქ, დღის პირველ საათზე.

– კოკი, შეკვეთა ხაფანგი ხომ არ არის შენს გასაბმელად?

– გამორიცხული არაფერია, მაგრამ, არა მგონია. ვინმეს ჩემი ხაფანგში გამომწყვდევა რომ უნდოდეს, უფრო ღიად იმოქმედებდა, ეჭვი რომ არ ამეღო. ეგენი კი ძალიან იდუმალად მოქმედებენ და ჩემზე მონადირეებს არ ჰგვანან. ვფიქრობ, რაღაც საგანგებო მისიის დაკისრება უნდათ ჩემთვის. თუმცა, ნუ ვიჩქარებთ, ყველაფერს ზეგ გავიგებ.

– კეთილი. დღეს და ხვალ საღამოს კიდევ ჩავალ მაღაზიაში სიგარეტის საყიდლად და, ალბათ, სადარბაზოში დამეკონტაქტებიან.

– კიდევ კარგი, რომ აქ შენიღბული მოვედი, – გავუღიმე „ძიას“, – ისინი შენ გითვალთვალებენ.

– მითვალთვალებენ?! – შეცბა „ძია“, მე კი ღიმილით ვუთხარი:

– არაფერი შეიმჩნიო. დარწმუნებული ვარ, აქედან რომ წახვალ, გზაში დაგეკონტაქტებიან და უთხარი, რომ ზეგ, მთაწმინდის პარკის სტადიონზე მოვიდნენ დღის პირველ საათზე. ახლა კი წადი და, თუ მართალი აღმოვჩნდი, საღამოს 6 საათზე სახლში დამირეკე და შეთანხმებული პაროლით გამაგებინე.

– კარგი. წავედი, – მითხრა „ძიამ“ და ტრადიციულად, პირველი წავიდა.

მე ათიოდე წუთი გავჩერდი სკამზე, თან მოთვალთვალეებს ვუყურებდი. ისინი ორნი იყვნენ. ერთი „ძიას“ აეკიდა. მეორე კი ადგილზე დარჩა – მე მელოდებოდა. მას ჩემი პიროვნება, ჩემი საცხოვრებელი მისამართი აინტერესებდა, მაგრამ, ამას როგორ დავუშვებდი და „კუდის“ ჩამოშორება გადავწყვიტე.

ალექსანდრეს ბაღიდან ვორონცოვისკენ დავიძარი. მშრალი ხიდი რომ გავიარე, „ბარახოლშჩიკების“ ბაზარზე გავჩერდი და ძველმანების თვალიერებას შევუდექი, სინამდვილეში კი კუდის მოქმედებებს ვაკვირდებოდი, რომელიც შორიახლო მომყვებოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ არაპროფესიონალი იყო. ბაზრობაზე ოციოდე წუთი ვიტრიალე, შემდეგ მარქსის ხიდზე გადავედი, მოედანზე, აფთიაქში შევედი, რომელსაც სათადარიგო გასასვლელიც ჰქონდა და აფთიაქარს ვუთხარი:

– გამგე აქაა?

– დიახ, რა გნებავთ? – გამიღიმა გოგონამ.

– უთხარით, რომ ნიკო ბური ელოდება.

– ნიკო ბური? – მკითხა გოგონამ, რომელმაც, რა თქმა უნდა, არ იცოდა, ვინ იყო ნიკო ბური.

– დიახ, ამ დროისთვის დამინიშნა შეხვედრა.

– ახლავე, – თავაზიანად მითხრა გოგონამ და აფთიაქის გამგის დასაძახებლად გავიდა.

მოთვალთვალე ქუჩიდან მზვერავდა. მე სათადარიგო გასასვლელისკენ დავიძარი, რომლის არსებობაც, სავარაუდოდ, „კუდს“ არ უნდა სცოდნოდა, მაგრამ, რომც სცოდნოდა, მაინც ვერ მომიხელთებდა, რადგან, იმ ადგილზე ორი გასაძრომი ვიცოდი. ხუთიოდე წუთიც არ იყო გასული, რომ უკვე ტაქსიში ვიჯექი და ავლაბრისკენ მივდიოდი, იქ კი მეტროში ჩავედი და სადგურში დავბრუნდი, საიდანაც კონსპირაციული ბინისკენ ტაქსით გავემართე, მანქანა ასიოდე მეტრის დაშორებით გავაჩერებინე, ფეხით მივედი სახლში და მაშინვე მოვიშორე გრიმი. ზუსტად 7 საათზე „ძიამ“ დამირეკა და მითხრა: „ბატონო სიკო, ჩემი ლექსების კრებული უკვე გამოიცა და წარწერით მოგართმევთ“. რომანის სიტყვები პაროლი იყო და ნიშნავდა, რომ შემკვეთები მას ქუჩაში დაეკონტაქტნენ და „ძიამ“ ჩემთან შეხვედრის ადგილი უთხრა.

დათქმულ დროს მთაწმინდაზე, პატარა საფეხბურთო სტადიონის ტრიბუნაზე ვიჯექი და შემკვეთს ველოდებოდი. მისი მოახლოება ფრთხილი ნაბიჯებით გავიგე, მაგრამ, არ შევტრიალებულვარ. ის კიბეებზე დაეშვა, მარჯვნიდან მომადგა და მითხრა:

– გამარჯობა!

– გაგიმარჯოთ! ქვევით დავეშვათ და სტადიონზე გავიარ-გამოვიაროთ. გთხოვთ, – ვუთხარი შემკვეთს და წინ გავუშვი.

პაემანზე მოსული კაცის სიარულს დავაკვირდი და დავრწმუნდი, რომ ის ალექსანდრეს ბაღში მოსული „კუდებიდან“ არც ერთი არ იყო. თანაც, მას გრიმი და პარიკი ეკეთა, რადგან გრიმის სუნი ვიგრძენი და არც პარიკი ჰქონდა მაინცდამაინც კარგად მორგებული.

„აშკარად არაპროფესიონალებთან მაქვს საქმე. მაგრამ, ეტყობათ, რომ ფული აქვთ. თუ ინტუიცია და ანალიტიკური აზროვნება არ მღალატობს, ან პატრიოტებთან, ან სექტანტ-ფანატიკოსებთან უნდა მქონდეს საქმე. თუმცა, ნუ ვიჩქარებ, ახლავე გავიგებ, რა ჩიტი მოფრინდა“, – გავიფიქრე გუნებაში, ახალმოსულს კი ვუთხარი:

– გისმენთ, ბატონო. რა საქმე გაქვთ ჩემთან?

შემკვეთს ხელში შავი, თხელი, ტყავის საქაღალდე ეკავა და მომიგო:

– ამისთვის უნდა ჩამოვსხდეთ. თუ სეირნობა აღარ გსურთ, იქნებ, შევუდგეთ საქმეს.

მე ტრიბუნაზე დავჯექი, შემკვეთი გვერდით მომიჯდა და მითხრა:

– აიღებთ თუ არ აიღებთ ამ შეკვეთას, შეასრულებთ თუ არ შეასრულებთ მას, ჩვენი საუბარიც უნდა დაივიწყოთ, მეც და, საერთოდ, დღევანდელი დღეც.

ახალმოსულის არიფულ შესავალზე გუნებაში გამეცინა, მაგრამ, სერიოზული სახით მივუგე:

– რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. გისმენთ.

ახალმოსულმა შავი საქაღალდე გადაშალა, რამდენიმე ფოტო მიჩვენა, რომლებზეც ერთი და იგივე პიროვნება – ორმოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი იყო გადაღებული სხვადასხვა რაკურსში და მითხრა:

– აი, ეს კაცი უნდა მოკლათ. ის ჩვენი ქვეყნის მოქალაქეა, მაგრამ, ჩვენი ერის ერთ-ერთი უპირველესი მტერი და ხელმძღვანელობს ლოზუნგით: „საქართველო – ქართველების გარეშე!“ ის საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში თავის თანამემამულეებს ჩვენ წინააღმდეგ განაწყობს, თესავს შუღლს, სიძულვილს და, მზადაა, თითოეულ ქართველს პირადად გაუსწორდეს. ერთი სიტყვით, ძალიან საშიში პიროვნებაა და, ამიტომ,  ჩვენ მას სასიკვდილო განაჩენი გამოვუტანეთ. ხოლო, ჩვენზე, ქართველებზე რომ არავინ აიღოს ეჭვი, ის თავის ისტორიულ სამშობლოში უნდა მოიკლას, სადაც დროდადრო ინსტრუქციების მისაღებად მიემგზავრება ხოლმე. სამ დღეში ის იქ იქნება და, ალბათ, მაქსიმუმ ერთი კვირა გაჩერდება. თუ თანახმა ხართ, მის რამდენიმე სავარაუდო კოორდინატს გეტყვით, ფულს გადაგიხდით და იმოქმედეთ.

ასეთ საქმეს უფასოდაც შევასრულებდი, ამიტომ, შემკვეთს ვუთხარი.

– თანახმა ვარ, მითხარით კოორდინატები. ფული კი, თუ გინდათ, საქმის მერე გადამიხადეთ.

– არა. რატომ? აქვე მაქვს, – მითხრა შემკვეთმა და დაუსტვინა. ათიოდე წამის შემდეგ ტყიდან შავჩანთიანი მამაკაცი გამოვიდა, რომელსაც ტყავის ხელთათმანები ეცვა. ის მოგვიახლოვდა, მისალმების გარეშე დააგდო ჩანთა ძირს და კვლავ ტყეში შევიდა. მის სიარულს რომ დავაკვირდი, ვერც მასში შევიცანი ალექსანდრეს ბაღში მყოფი მოთვალთვალე.

– აი, ბატონო, აქ ნახევარი მილიონი დოლარია, ოციანი, ორმოცდაათიანი და ასიანი კუპიურებით. ეს კი იმ კაცის მისამართებია, – მითხრა შემკვეთმა და მოზრდილ კონვერტში ჩადებული ფოტოები და ფურცელზე დაწერილი მისამართები მომცა.

– კარგი. მაქსიმუმ ათ დღეში ეს კაცი მკვდარი იქნება, – ვუთხარი შემკვეთს და დავამატე – მეც ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.

– ბრძანეთ.

– გთხოვთ, რომ თქვენც დაივიწყოთ იმ კაცის ვინაობა და კოორდინატები, ვისი მეშვეობითაც ჩემზე გამოხვედით.

– რა თქმა უნდა. ჩვენ ხომ პროფესიონალები ვართ, – ისე მომიგო შემკვეთმა, თითქოს მთელი თავისი ცხოვრება შეკვეთილი მკვლელობით იყო დაკავებული და ამ საქმეში ჭიპი ჰქონდა მოჭრილი.

მის სიტყვებზე კვლავ გამეცინა გუნებაში, თუმცა, დიდი სიმპათიით განვიმსჭვალე ამ ადამიანების მიმართ და ვუთხარი:

– და, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან.

– დიახ, გისმენთ.

– ნუ გეწყინებათ, ბატონო ჩემო,  მაგრამ გთხოვთ, ჩემი რჩევა გაითვალისწინეთ. სხვა დროს უფრო ხარისხიანი გრიმ-პარიკი შეარჩიეთ, საჭირო ხალხის თვალთვალი კი კარგად მომზადებულ პროფესიონალებს მიანდეთ. საერთოდ კი, უკეთესი იქნება, თუ ჩემი პროფესიისა და კვალიფიკაციის ადამიანს „კუდზე“ არ დააჯდებით – გარწმუნებთ, ეს სიცოცხლისთვის ძალიან საშიში საქმიანობაა.

– კარგი, გავითვალისწინებთ თქვენს რჩევებს, – გულწრფელად მითხრა შემკვეთმა და დამემშვიდობა.

– მშვიდობით, – გავუღიმე შემკვეთს და პაემნიდან პირველი წამოვედი.

შეკვეთილი ობიექტი თავის ისტორიულ სამშობლოში, საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი რესპუბლიკის ყოფილ დედაქალაქში გავუყენე საიქიოს გზას და ეს მისია სნაიპერული შაშხანიდან ფეთქებადი ტყვიის გასროლით შევასრულე – ტყვიამ ობიექტს ნახევარი თავი წააცალა. ამ ლიკვიდაციას დიდი რეზონანსი არც საქართველოში მოჰყოლია და არც მოკლულის სამშობლოში. ის თავისი სამშობლოს სპეცსამსახურებისთვის, მართალია, საკმაოდ ძვირფასი აგენტი იყო, მაგრამ, შეუცვლელები არ არსებობენ და მის შემდეგ სხვა სეპარატისტმა წამოჰყო თავი, რომელმაც წინამორბედის საქმე განაგრძო.

სხვათა შორის, ლიკვიდირებული სეპარატისტის მემკვიდრე და ამ საქმის შემკვეთი რამდენიმე ქართველი პატრიოტი დღევანდელ პოლიტიკურ სტრუქტურებში არიან ჩართულები და თანამშრომლობენ. მაგრამ, წყალი არ გაუვა, რომ ამ კატეგორიის ადამიანები პირველივე ხელსაყრელ მომენტში ზურგში ლახვარს ჩასცემენ საქართველოს, რაც არაერთხელ გაუკეთებიათ. ამიტომ, ჩვენი ერთიანობითა და პატრიოტიზმით მათ ამის ყოველგვარი შანსი უნდა მოვუსპოთ. ამიტომ, საჭიროა ისეთი სახელმწიფო-პოლიტიკური სისტემა შევქმნათ, რომელშიც ვერანაირი ანტიქართული ვირუსი ვერ შეაღწევს და ჩვენს მრავალჭირგამოვლილ ქვეყანას ვერ დააზარალებს.

– თუ ქართველები გონს არ მოვიდნენ, თავსაც დაიღუპავენ და საბოლოოდ ჩვენც გავნადგურდებით, – მითხრა ერთხელ ერთმა აფხაზმა ბიზნესმენმა, როდესაც მე მას სტამბულის ერთ პატარა რესტორანში შევხვდი, სადაც რუსი ბიზნესმენის სტატუსით ვიმყოფებოდი და, რა თქმა უნდა, შენიღბული ვიყავი.  

– რას გულისხმობთ? – ვკითხე ჩემს თანამესუფრეს.

– იმას, ჩემო კარგო, რომ თუ ქართველებმა ჭკუას არ მოუხმეს, მაშინ, თქვენთან, რუსებთან ჭიდილში ქართველებიც განადგურდებიან, ჩვენც – აფხაზები და არც თქვენ იხეირებთ.

აფხაზის სიტყვებს, რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ვეთანხმებოდი, მაგრამ, იმ მომენტში მე რუსი ვიყავი და ღიმილით მივუგე:

– რატომ, ჩემო კარგო, სწორედაც რომ ვიხეირებთ. კავკასიას ჩვენ არასდროს დავთმობთ და, როცა ქართველები აღარ იარსებებენ, იქ რუსებს დავასახლებთ. თქვენ კი, აფხაზებს, ხელს არ გახლებთ.

– ზღაპარია, ჩემო მეგობარო, – მწარედ გაეღიმა აფხაზს, – შეიძლება, პირადად თქვენ მართლაც ასე ფიქრობთ, მაგრამ, პოლიტიკა სულ სხვა რამაა და, ქართველები რომ გაწყდნენ, ჩვენც უკან მივყვებით მათ.

– ასე რატომ ფიქრობთ?

– იმიტომ, ჩემო კარგო, რომ, ჩვენ, აფხაზებს, რუსი პოლიტიკოსები ქართველების წინააღმდეგ გვიყენებენ. ხოლო, თუ ქართველები არ იქნებიან, აღარც ჩვენ ვიქნებით საჭირო და ამქვეყნად არავინ დაგვაყენებს.

– კარგი, ჩემო მეგობარო, პოლიტიკა პოლიტიკოსებს მივანდოთ. ჩვენ კი ბიზნესმენები ვართ და ჩვენს საქმეს მივხედოთ.

აფხაზ ბიზნესმენს პატარა სატვირთო გემი ჰყავდა, რომლითაც თურქეთში ჯართი და ფერადი ლითონები გაჰქონდა. მას ყველა მაღალჩინოსანი თურქი მებაჟე იცნობდა და მის გემს საგულდაგულოდ არ ამოწმებდნენ, რადგან, იცოდნენ, რომ კონტრაბანდისტი არ იყო, თანაც, ისინი წილში ჰყავდა. მე კი მას იმიტომ შევხვდი, რომ ბარტერული გარიგება შემეთავაზებინა. აფხაზეთში მას, კონტრაბანდული წესით, ერთი კონტეინერი კომპიუტერული ტექნიკა უნდა შეეტანა, რომელსაც სოჭის გავლით მოსკოვში ჩაიტანდნენ. სამაგიეროდ, ამ ოპერაციის საფასურ ჯართს ვაძლევდი, რომელსაც ის თურქეთში გაიტანდა.

სინამდვილეში, კონტეინერის საიდუმლო ფსკერზე, საერთო ჯამში 800 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ზოდები და ძვირფასეულობა იყო დამალული. მე, ეგრეთ წოდებული „პარტიის ოქროს“ დაბრუნების ეგიდით, შჩუკინის თხოვნით ვმოქმედებდი და მოსკოვში უნდა დამებრუნებინა ერთ-ერთი საბჭოთა პარტიული მაღალჩინოსნის მიერ გატაცებული განძი, რომელსაც სტამბულში მივაგენით.

– მოკლედ ასე, ჩემო მეგობარო, – ვუთხარი აფხაზს, – მე, თქვენგან განსხვავებით, ჯერჯერობით მცირე მასშტაბის ბიზნესი მაქვს და კონტრაბანდულ საშუალებებსაც იმიტომ მივმართავ. თქვენს ხელქვეითებს შეუძლიათ, გულდასმით შეამოწმონ ჩემი კონტეინერი და დარწმუნდნენ, რომ მართლაც კომპიუტერული ტექნიკა მიმაქვს რუსეთში და არა ნარკოტიკები. საფასურს, კი, ჯართის სახით, სოხუმის პორტშივე მიიღებთ, მაშინვე, როგორც კი ჩემს კონტეინერს გადმოვტვირთავთ. ტვირთს მე თვითონ გავაცილებ სტამბულიდან სოხუმამდე.

– კარგი. მოვილაპარაკეთ, – მითხრა აფხაზმა და ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით.

ამ საუბრიდან ორი დღის შემდეგ 800 მილიონი დოლარის „პარტიული განძი“ უკვე სოხუმის პორტში იყო, სადაც უზარმაზარ რეფრეჟერატორში გადატვირთეს რუსმა მედესანტეებმა და მათვე ჩააცილეს მოსკოვამდე, სანაცვლოდ კი მათი ქვედანაყოფის უფროსმა სამი ათასი ამერიკული დოლარი და ერთი ნოუთბუქი მიიღო, ხოლო ოცმა მედესანტემ – ოთხას-ოთხასი დოლარი. მთელი ეს ოპერაცია სულ თერთმეტი ათასი დოლარი და ათას შვიდას დოლარად ღირებული ნოუთბუქი დაჯდა...

– ესეც ასე. საბჭოთა კავშირის კუთვნილი თანხის კიდევ ერთი ნაწილი დავაბრუნეთ უკან, – მითხრა შჩუკინმა, როდესაც მას კონტეინერის ფსკერზე დამალული განძი ჩავაბარე, – უკვე ცხრა მილიარდის ქონება გვაქვს დაბრუნებული.

– ბევრია, მაგრამ, წვეთია ზღვაში. იმასთან შედარებით, რაც გაიტაცეს.

– კიდევ ბევრს დავიბრუნებთ.

– ღმერთმა ქნას, ვიქტორ იაკოვლევიჩ, – ვუთხარი შჩუკინს, – ახლა წავალ და ცოტას დავისვენებ, ხვალ დილით კი სახლში უნდა გავფრინდე.

– კოკი, ძალიან დაღლილი ხარ?

– დაღლილი კი ვარ, მაგრამ, თუ კიდევ რამეში ვარ საჭირო, შემიძლია, გემსახუროთ.

– კოკი, შენ არასდროს დაინტერესებულხარ, სად მიდის ის უზარმაზარი საბჭოთა ქონება, რომლის უკან დაბრუნებაშიც ლომის წილი მიგიძღვის? ნუთუ არ გაინტერესებს ამ განძის ადგილსამყოფელი?

– საჭიროა, რომ ვიცოდე?

– როგორ არა, – მითხრა შჩუკინმა, – წამოდი ჩემთან.

დაბრუნებული ქონება სამხედრო „ურალში“ იყო ჩატვირთული. საჭეს თავად შჩუკინი მიუჯდა და დავიძარით. ერთ-ერთი კერძო დაწესებულების კარგად დაცულ ტერიტორიაზე ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შევედით, შემდეგ მიწისქვეშა გარაჟში დავეშვით და უზარმაზარი დაჯავშნილი კარით საიდუმლო საცავში ამოვყავით თავი, სადაც ცხრა მილიარდი დოლარის ღირებულების ოქროსა და პლატინის ზოდები და ძვირფასი თვლები იყო მოთავსებული.

– აი, ამდენი ქონება სახელმწიფო სარეზერვო ფონდშიც კი არ არის, – მითხრა შჩუკინმა, – მოვა დრო, როდესაც ეს საცავი ბოლომდე გაივსება და იმაზე მეტი ქონება იქნება, ვიდრე გაიტაცეს.

– შთამბეჭდავი სანახაობაა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, ნამდვილი ალი-ბაბას გამოქვაბულია.

საიდუმლო საცავში დღესდღეობით ოცდაათ მილიარდ დოლარზე მეტი ქონება ინახება, რომელიც შჩუკინის ხელთ არსებულ სიაში აღნიშნული პერსონებისგან მივიღეთ, უკან დავაბრუნეთ და ეს პროცესი დღემდე გრძელდება.

საიდუმლო საცავისა და მისი ადგილმდებარეობის შესახებ თითზე ჩამოსათვლელმა ადამიანებმა ვიცით და, გამორიცხულია, რომ განდობილთაგან რომელიმემ ღალატი გავივლოთ გულში და ამ ზღაპრული განძის დაუფლება განვიზრახოთ..

გაგრძელება შემდეგ ნომერში

 

 

скачать dle 11.3