ვეტერინარის რჩევები
კითხვა: მაინტერესებს როგორ გავუწმინდო ძაღლს ყურები და რა სიხშირით უნდა ჩავუტარო ეს პროცედურა?
პასუხი: ძაღლს ყურები ზედაპირულად შეიძლება პატრონმაც გაუწმინდოს. რაც შეეხება შიგნით ამოწმენდას, ეს უკვე აუცილებლად ვეტერინარის მიერ უნდა მოხდეს, რადგან, იქ არის საზღვრები და, შესაძლოა, არაპროფესიონალმა ყურის აპკი დააზიანოს. ასე რომ, გახსოვდეთ, თუ ძაღლს შუა ყურის ანთება აქვს, აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი მანიპულაციები და მკურნალობა. ხოლო, თუ პროფილაქტიკის მიზნით გინდათ მისთვის ყურების გაწმენდა, მაშინ ზედაპირულად გაუწმინდეთ ყური, ანუ, სადამდეც თითი ჩაწვდება.
კითხვა: ჩემს ძაღლს ბოლო დროს ბეწვის ცვენა დაეწყო. მაინტერესებს, ნორმალურია თუ არა ეს ამ პერიოდში?
პასუხი: ბეწვის ცვენა შეიძლება იყოს ბუნებრივი, რომელიც წელიწადში ორჯერ ხდება, ასევე, შეიძლება, გამოიწვიოს არასწორმა კვებამ, გადასუქებამ, უხარისხო საკვების მიცემამ და ასე შემდეგ. მსგავსი პრობლემის დროს აუცილებლად უნდა დაგვიკავშირდეთ ვეტერინარებს. ჩვენ ვნახავთ ცხოველს, შევამოწმებთ და დავსვამთ სწორ დიაგნოზს.
კითხვა: ჩემმა ძაღლმა თამაშის დროს კბილი გამკრა თითზე და პატარა ჭრილობაც მივიღე. ძაღლი ცოფზე აცრილია. მაინც უნდა ჩავიტარო აცრები კონსულტაციისთვის?
პასუხი: მართალია, ძაღლი ცოფზე აცრილია, მაგრამ, აქ მხოლოდ ცოფთან არ გვაქვს საქმე. აქ საქმე გვაქვს, ასევე, ტეტანუსთან, რომელიც არის ინფექცია და არასტერილური გარემოდან ჩნდება – მაგალითად, არის მიწაში და ასე შემდეგ. რადგან ძაღლს მიწასთან აქვს შეხება, რომელსაც, შეიძლება დრუნჩით შეეხოს, შესაბამისად, არ ექნება სტერილური პირის ღრუ. ამიტომ, თავს რისკის ქვეშ ნუ დააყენებთ და აუცილებლად მიაკითხეთ ექიმ რაბიოლოგს.
კითხვა: არის თუ არა თბილისში ძაღლებისთვის განკუთვნილი სალონი? მყავს 3 თვის პუდელი, რომელსაც ჯერ ვარცხნილობა არ აქვს გაკეთებული.
პასუხი: რამდენიმე ვეტერინარულ კლინიკაში არის კაბინეტები, სადაც სტილისტები მუშაობენ და ძაღლებს შესაბამის ვარცხნილობას უკეთებენ. თუ ვინმეს აინტერესებს უფრო კონკრეტულად, შეგიძლიათ დამიკავშირდეთ ნომერზე: 577 58-58-78 და მიიღოთ დაწვრილებითი ინფორმაცია.
კითხვა: ჩემს ძაღლს მუცელზე ლაქები გაუჩნდა. თავიდან გვეგონა, რომ ვიღაცამ ფეხი ამოარტყა და ეს იყო მიზეზი, მაგრამ, ასე არ აღმოჩნდა. გვყავდა ექიმთან, რომელმაც, სამწუხაროდ, დიაგნოზი ვერ დაუსვა. რისი ბრალი შეიძლება იყოს?
პასუხი: არის ძაღლების კატეგორია, რომლებსაც მუცელზე აქვთ ხალები, ისევე, როგორც ადამიანს; არის, ასევე, გამონაყარიც. თუ ხალია, ეს ბუნებრივი მოვლენაა, ხოლო გამონაყარი შესაძლოა, გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით: ინტოქსიკაციით, ალერგიით და ასე შემდეგ. ამიტომ, ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა ვეტერინარის ჩარევა. თუ ერთმა ვეტერინარმა ვერ გაიგო, სხვას მიმართეთ. ამ კითხვაზე ზედაპირულად ვერანაირად ვერ გიპასუხებთ, რადგან, ცხოველი უნდა ინახოს.