კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

 

კითხვა: მყავდა ავტომობილი „ნისან ალმერა”, რომლის ყიდვაც 5 200 დოლარი დამიჯდა. მეჩქარებოდა გაყიდვა და 3 500 დოლარად გავყიდე. ახლა სხვა ავტომობილის შესაძენად დამრჩა მხოლოდ 2 000 დოლარი. ამ ფასად შედარებით „ახალგაზრდა” და თან ეკონომიური ორი ავტომობილი ვნახე – „სეატ იბიზა” და „ფიატ მარბელა”. ამ ორი ავტომობილიდან რომლის შეძენას მირჩევთ?

პასუხი: თქვენივე გამოცდილებით თუ ვიმსჯელებთ ისეთი ავტომობილების გაყიდვა, რომელსაც ნაკლებად იცნობენ საქართველოში, საკმაოდ რთულია. ამას აქვს თავისი მიზეზები: საკმაოდ რთული საშოვნელი და, თან, ძვირია იმ ავტომობილის დეტალები, რომელიც ცოტა დადის ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ თავად ავტომობილი იაფი ღირს. მომავალში ამ ავტომობილის გაყიდვა თქვენც მოგიწევთ, იმავე პრობლემის წინ დადგებით. ამ მიზეზებიდან გამომდინარე,  თქვენ მიერ დასახელებულ არც ერთ მოდელს არ გირჩევთ. ჩემი რჩევაა, შეიძინოთ „ოპელ ასტრა”, რომელიც საკმაოდ ეკონომიურია და მის ნებისმიერ დაზიანებას ერთ დღეში აღმოფხვრით; ან, „ჰონდა სივიკი”, რომელიც თითქმის არასდროს ფუჭდება, ეკონომიურია და შეკეთებაც იაფი ჯდება; ან, შედარებით მოცულობითი „ბეემვე 520”, რომელიც მეტ საწვავს მოიხმარს, მაგრამ, ძალიან მარტივია მისი შეკეთება საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, ისევე, როგორც „ოპელ ასტრას” შემთხვევაში.

კითხვა: მყავს „ბეემვე ზეტ 3”, 2.8 ძრავით. ხელსაწყოების დაფაზე ავტომობილს განთავსებული აქვს ღილაკი, წარწერით „ASC”. როდესაც ვაწვები, ხელსაწყოების დაფაზე ყვითელი ინდიკატორი ინთება. იქნებ ამიხსნათ, რას ნიშნავს ეს ღილაკი, როდის და რა მიზნით უნდა გამოვიყენო, როდის არის ის ჩართული და როდის – გამორთული? მანქანის ხელახალი დაქოქვისას ნათურა ჩამქრალია და ვერ ვხვდები, სისტემა მუშაობს თუ არა. 

პასუხი: წარწერა ASC – იშიფრება როგორც „სტაბილურობის ავტომატური კონტროლი“. ეს სისტემა არ აძლევს ჩვენს ავტომობილს იმის უფლებას, რომ მოცურდეს და ავტომობილის აჩქარების დროს მართვა დაგვაკარგვინოს, რისი ალბათობაც „ბეემვეს” ამ მოდელის შემთხვევაში ძალიან მაღალია. „ზეტ 3” საკმარისად მძლავრია იმისთვის, რომ აჩქარებისას დაბუქსავდეს და მოცურდეს. რაც შეეხება ჩართვასა და გამორთვას, ნებისმიერი ხელახალი დაქოქვისას სისტემა ჩართული და მობილიზებულია. ღილაკზე ხელის დაჭერით და ხელსაწყოების დაფაზე ყვითელი ინდიკატორის ანთებით ჩვენ სისტემას ვთიშავთ და ავტომობილს იმის უფლებას ვაძლევთ, რომ დაბუქსავდეს. ვინაიდან ეს ავტომობილი სპორტულია, ის აღჭურვილია უკანა ხიდის ბლოკირებით და დაბუქსავების შემთხვევაში იოლად ახერხებს ეგრეთ წოდებულ დრიფტს. ანუ, ეს ღილაკი იმ ადამიანებისთვისაა, ვისაც უნდა, რომ ამ ავტომობილით გაერთოს ან სპორტული დანიშნულებით გამოიყენონ, მწარმოებელი ამის საშუალებას აძლევს. მაგრამ, ჩვეულებრივ მძღოლს ღილაკი შემთხვევით რომ არ გაეთიშოს ისე, რომ ამის შესახებ არც კი იცოდეს, სწორედ ამიტომ გადააზღვია „ბეემვემ” სისტემა და, შედეგად, ყოველ დაქოქვაზე ის თავიდან ირთვება. ASC-ს სხვადასხვა ავტომობილში სხვადასხვა საფეხურად იყენებენ. თვითონ „ზეტ 3”-ის 3.0-იან ვერსიაში შეგვიძლია, ღილაკზე თითის ერთი დაჭერით სისტემა ნახევრად გამოვრთოთ და, თუ ჩვენ ღილაკზე თითს რამდენიმე წამით გავაჩერებთ, სისტემა სრულად ითიშება. რაც შეეხება უფრო თანამედროვე ავტომობილებს, თუნდაც „ბეემვეს” უკანასკნელ მოდელებს, ისინი კიდევ უფრო მეტად დახვეწილია და დისპლეიზე განთავსებულ მენიუში შესვლით სხვადასხვა სისტემის უფრო დეტალურად დარეგულირებაა შესაძლებელი. 

კითხვა: მინდა შევიძინო ავტომობილი „სუბარუ ფორესტერი”, 2000 წლის, 2.0 არატურბინიანი ძრავით, მართვის ავტომატური კოლოფით. ეს მოდელი საკმაოდ იაფია, მოცულობით მასიურია, დიდი ტევადობა აქვს. თუ მირჩევთ მის შეძენას?

პასუხი: „სუბარუ ფორესტერს” აქვს ბევრი დადებითი და, ასევე, უარყოფითი მხარეები. დავიწყოთ დადებითი მხარეებით: ამ მოდელს საკმაოდ კარგი და გამძლე სავალი ნაწილი აქვს საქართველოს პირობებისთვის. სავალ ნაწილში ვგულისხმობ როგორც წვრილმან, ისე ძირითად ნაწილებს. მართვის ავტომატური კოლოფიც საკმაოდ გამძლე გამოუვიდა მწარმოებელს, როგორც იტყვიან – ივარგა. „ფორესტერის” მინუსია, რომ სხვა ანალოგიური ლიტრაჟის მქონე ძრავიან მოდელებთან შედარებით მეტ საწვავს მოიხმარს და ძრავა კონსტრუქციულად უჩვეულო ფორმისაა. ამ მოდელს ოპოზიტური ძრავი აქვს ალუმინის ბლოკით, რაც დაზიანების შემთხვევაში ძალიან ფაქიზ და უზუსტეს დაშლასა და აწყობას მოითხოვს, რათა მალე ისევ არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასე ფაქიზად კი ძრავასთან საქართველოში იშვიათად მუშაობენ. თუმცაღა, არსებობს „სუბარუს” სერვის-ცენტრი, სადაც შესწავლილი აქვთ ამ ტიპის ძრავებთან მოპყრობის ტექნოლოგია. მაგრამ, რა თქმა უნდა, მათი სერვისი დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული. ერთი სიტყვით, თუ ამ ავტომობილის შეძენას გადაწყვეტთ, ყოველთვის დროულად მოახდინეთ ზეთების, ფილტრებისა და ღვედების შეცვლა და სხვა მსგავსი სერვისები. 

კითხვა: მყავს ავტომობილი „სუზუკი სვიფტი”, რომელსაც ძრავას ღვედი გაუწყდა. ხომ არ დააზიანებდა ეს ავტომობილის სხვა რომელიმე დეტალს და პრობლემის აღმოსაფხვრელად საკმარისი იქნება თუ არა მხოლოდ ახალი ღვედის შეძენა და შეცვლა?

პასუხი: თქვენ კითხვა არასწორად გაქვთ დასმული, რადგან, ძრავას რამდენიმე ტიპის ღვედი აქვს და თითოეულს – თავისი კონკრეტული დანიშნულება. ზოგიერთი მათგანის გაწყვეტა ან დაზიანება ნაკლებ პრობლემას წარმოქმნის, ზოგიერთის კი – ძალიან სერიოზულ პრობლემებამდე მიგიყვანთ. მაგალითისთვის, თუ გაწყდა ღვედი, რომელიც გენერატორს და, ამავდროულად, წყლის პომპას აბრუნებს და მისი გაწყვეტა დროულად შეამჩნიეთ (ამას მიგანიშნებთ ხელსაწყოების დაფაზე განთავსებული წითელი ნათურა, რომელსაც აკუმულატორის გამოსახულება აქვს. სწორედ ეს ნათურა უნდა აინთოს), მაშინ საშიშიც არ შეიქმნება  – ღვედის შეცვლით პრობლემა აღმოიფხვრება. იგივე შეიძლება ითქვას, თუკი თქვენი ავტომობილი საჭის ჰიდროგამაძლიერებლითაა აღჭურვილი და მისი ბრუნვაში მომყვანი ღვედი გაწყდება. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ ეგრეთ წოდებული „ზუბჩატი რემენი“, ანუ, ძრავის კბილებიანი ღვედი გაწყდა, მაშინ პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ ჟურნალის მთელი ორი გვერდი დასჭირდება იმ დეტალების ჩამოთვლას, რაც ამ შემთხვევაში დაზიანდება. რიგ ავტომობილებში, მაგალითად, „ჰონდას” მოდელების თითქმის 95 პროცენტში, ამ ტიპის ღვედის გაწყვეტა, თითქმის არაფერს დააზიანებს, უბრალოდ, მის შესაცვლელად უფრო მეტი დრო დაგჭირდებათ, ვიდრე გენერატორის ღვედის შეცვლას მოანდომებდით. ავტომობილის შეძენისას ჩვენ ასეთ ნიუანსებს, რა თქმა უნდა, არ ვითვალისწინებთ, ყურადღებასაც კი არ ვაქცევთ მანამ, სანამ კონკრეტული პრობლემის წინაშე არ დავდგებით. კარგი იქნება, ამა თუ იმ მოდელის შეძენამდე ამ საქმის პროფესიონალებს მსგავს დეტალებზე ინფორმაცია გამოჰკითხოთ. აქვე გეტყვით, რომ ავტომობილის ეკონომიურობა, ანუ, რამდენად იაფი შესანახია ის, სწორედ ასეთი ნიუანსებიდან გამომდინარეობს. 

 

скачать dle 11.3