რაზე ბუზღუნებდა საქართველოში ჩამოსული რობერტ დენირო და რით გააოცა ნანა თუთბერიძემ ჰოლივუდის ვარსკვლავები
ნანა თუთბერიძე ამჟამად ბერლინის კინოფესტივალის „ბერლინალეს“ ქართველი კორესპონდენტია. ქალბატონი ნანა კინომოყვარულებსა და ხელოვნების დამფასებლებს კარგად ახსოვთ‚ მათ შორის გადაცემა „მრავალსახეობიდან“‚ რომელიც მაშინდელი ტელევიზიის პირველ არხზე საკმაოდ დიდხანს გადიოდა. ქალბატონი ნანა ჰოლივუდის თითქმის ყველა ცნობილ მსახიობს შეხვედრია და ჩვენთვის ბევრი რამ აქვს მოსაყოლი.
ნანა თუთბერიძე: არ ვიცი‚ იცით თუ არა‚ მე ვარ „ბერლინალეს“ კორესპონდენტი საქართველოში. წელს ჩემთვის საიუბილეო თარიღი იყო – მეოცეჯერ ვიყავი ამ ფესტივალზე. ეს არის კინოს მეტრებთან შეხვედრის არაჩვეულებრივი ადგილი. ჩემი სტუდენტების კატეგორიული მოთხოვნით, დავიწყე წიგნის წერა – სტატიების‚ მოგონებების‚ მემუარების – ამ პიროვნებებთან შეხვედრების შესახებ. წიგნში შევა ის ფაქტები‚ რაც არავინ იცის.
– რომელ მათგანთან შეხვედრას გამოარჩევდით ყველაზე მეტად?
– ბევრს შევხვედრივარ და ჩემი მოგონებები მძივივით იკინძება – დაწყებული ტონინო გუერადან... ჩემი ახალგაზრდობიდან ყველაზე მეტად სამი შეხვედრა დამამახსოვრდა‚ რაც საქართველოს უკავშირდებოდა: 80-იან წლებში – რობერტ რედფორდი‚ რობერტ დენირო და მარჩელო მასტროიანი! ძალიან ვამაყობ იმით‚ რომ რობერტ რედფორდმა დაახლოებით ერთსაათიანი ინტერვიუს მერე უდიდესი კომპლიმენტი მითხრა: თქვენ ისეთივე კარგი ჟურნალისტი ყოფილხართ‚ როგორი კარგი მსახიობიც მე ვარო. ასეთ გენიოსებს ყველა ჟურნალისტი, ლარი კინგიც კი ყელში აქვთ ამოსული‚ არ უყვართ ინტერვიუები. მთავარია შეკითხვები‚ რითაც აგრძნობინებ‚ რომ მის შემოქმედებას კარგად იცნობს. ამ ადამიანებს ხომ საქართველოზე წარმოდგენაც არ ჰქონდათ! ისეთ ფაქტებზე ვესაუბრებოდი‚ რომლებიც კარგად მომზადებულმა ჟურნალისტმაც არ იცოდა. რედფორდის პრესმდივანმა სულ 10 წუთი მომცა ინტერვიუსთვის – მას დაცვა და 3 შვილი ახლდა თან. მაგრამ ინტერვიუ მერე გაგრძელდა მისივე სურვილით. ასე მოხდა მარჩელო მასტროიანისთანაც – თავიდან არ უნდოდა ინტერვიუს მიცემა‚ მაგრამ შემდეგ იმდენი ისაუბრა‚ ფირი გათავდა! ოპერატორს ვანიშნე‚ – არ შეიმჩნიო‚ ვითომ იღებ-მეთქი. დენიროს რაც შეეხება‚ მოსკოვის კინოფესტივალის ჟიურის თავმჯდომარე იყო და ძალიან დაღლილი ჩამოვიდა საქართველოში! ამიტომ დიდი ხალისით არ გამოირჩეოდა და ბუზღუნებდა – აღარასოდეს დავთანხმდები ჟიურის თავმჯდომარეობასო. მას მერე დენიროს არაერთხელ შევხვდი ბერლინში.
ევროპის მთავარი ფესტივალები მაინც ბერლინის‚ კანისა და ვენეციის კინოფესტივალებია. უკვე იმდენჯერ ვხვდებით ამ მსახიობებს‚ რომ სახეზეც გვცნობენ და მეგობრებად გვთვლიან (იცინის). მაგალითად‚ ჯორჯ კლუნი‚ ალენ დელონი‚ კატრინ დენევი... ბრედ პიტი და ანჯელინა ჯოლი იყვნენ წელს. ჯოლი ჩემთვის აღმოჩენა გახდა სარეჟისორო დებიუტით – „სისხლისა და თაფლის ქვეყანაში“. ფილმი ომზეა და მე დავინახე ძალიან საინტერესო ქალბატონი‚ რომელიც არ არის ჰოლივუდის რიგითი ლამაზმანი. ასევე‚ მისი მეუღლეც‚ რომელიც ცდილობს‚ გადააბიჯოს მომხიბვლელი ქერა მამაკაცის იმიჯს. წელს ნამდვილად იმსახურებდა ის „ოსკარს“‚ თუმცა მანამდე ჯონი დეპმა უნდა აიღოს „ოსკარი“ – ჯონი დეპი ძალიან მიყვარს! ფესტივალზე შევხვედრივარ. საერთოდაც ძალიან გახსნილი და უშუალოა ყველა ვარსკვლავი. ისინი უდიდეს პატივს სცემენ ჟურნალისტებს. ჯონი დეპს შესანიშნავი იუმორი აქვს, თავისებური ტიპია. ბერლინში გიჟდებიან დიკაპრიოზე‚ „ლეო“ (როგორც მას გერმანელები ეძახიან) იმდენად უყვართ‚ რომ როცა ჩამოდის‚ ირგვლივ ყველაფერი იკეტება, საძილე ტომრებით საფესტივალო სასახლესთან წვანან კინომოყვარულები და ელოდებიან. წელს საძილე ტომრებით უამრავი ხალხი იყო მოსული რობერტ პატისონის სანახავად.
– მამაკაცებზე უკვე ვისაუბრეთ, მსახიობი ქალბატონებიდან ვის გამოარჩევთ?
– ორი ქალბატონია ჩემთვის უდიდესი მსახიობი: ამერიკაში – მერილ სტრიპი‚ რომელიც წელსაც ბრძანდებოდა ბერლინში და ევროპაში – იზაბელა იუპერი. აღტაცებული ვარ მერილ სტრიპით – ეს არის ფენომენი‚ ნამდვილი ნიჭის ზეიმი! მერილ სტრიპი, გარდა იმისა‚ რომ ძალიან დიდი მსახიობია‚ კარგადაც მღერის. გაოცებული ვიყავი პირველად ჯულია რობერტსის დანახვისას – მეგონა ვნახავდი ძალიან მაღალ‚ კნაჭა ქალს და შემოვიდა საშუალო სიმაღლის სიმპათიური‚ სასიამოვნო ქალბატონი! ნიკოლ კიდმანი‚ მონიკა ბელუჩი‚ კეტრინ ზეტა ჯონსი... ჟაკლინ ბისე‚ რომელიც ჟიურის თავმჯდომარე იყო. სოფი ლორენის დანახვა ჩემთვის იყო ნამდვილი შოკი! ერთი მეგობარი მიყვებოდა‚ – პირველად რომ დავინახე სოფია‚ აღფრთოვანებისგან ვყვიროდი – ბრავო‚ სენიორასო. არადა‚ ისეთი თავშეკავებული ადამიანია ჩემი მეგობარი... გასაოცარი ქალია სოფია‚ წინ ახლოს ვეჯექი და გაოგნებული მივჩერებოდი‚ ვერ ვინძრეოდი‚ თორემ მეც ვიყვირებდი! ბრიჯიტ ბარდო‚ რომელიც კინოს ჩამოშორდა და ცხოველთა დაცვით არის დაკავებული. სხვათა შორის‚ მან იმხელა გავლენა მოახდინა ამ სფეროზე‚ რომ დღეს გერმანიაში ცუდ ტონად ითვლება ტყავისა და ბეწვეულის ტარება!
– ვარსკვლავური ავადმყოფობა არ სჭირთ? ვინ არის მათგან ყველაზე ექსცენტრიკული?
– შერონ სტოუნთან დაკავშირებით მახსენდება ერთი ასეთი მომენტი: მშვიდობის საქველმოქმედო გალა კონცერტი იყო‚ სადაც შერონ სტოუნმა ფეხზე გაიხადა‚ გადაყარა დარბაზში და განაცხადა: ვინც ამ ფეხსაცმელებს გარკვეულ ფასად შეიძენს‚ თანხა საქველმოქმედო ფონდში გადაირიცხებაო. ამას მოჰყვა ის‚ რომ რიჩარდ გირი‚ რომელიც არაჩვეულებრივად უკრავს და მღერის (და ეს „ჩიკაგოშიც“ კარგად გამოჩნდა), მიუჯდა როიალს და დაიწყო დაკვრა. შერონი კი როიალზე იყო წამოწოლილი და ხმას აყოლებდა. ენტონი ჰოპკინსზე მახსენდება ერთი ასეთი მომენტი – პრესკონფერენციაზე ჟურნალისტმა მიაწოდა მწვანილი (ჰანიბალის როლთან დაკავშირებით) – იმ თქვენს კერძებს ესეც დააყოლეთო (იცინის). მთელი პრესკონფერენციის განმავლობაში ჰოპკინსი კბილებს აკრაჭუნებდა და გვაშინებდა – მე თქვენ გადაგსანსლავთო. ჯორჯ კლუნის ძალიან უყვარს ერთ-ერთ ბარში სიარული‚ ჰოდა‚ გამოგვიცხადა: იმ ბარიდან მოვდივარ‚ ცოტა ნაბახუსევი ვარ და თუ რამე შემეშალა‚ მაპატიეთო. ამ დროს ერთი ჟურნალისტი წამოხტა‚ მარტინის ბოთლი მიაწოდა და უთხრა: აი‚ ეს მიირთვით‚ გამოგადგებათო. კლუნმა უპასუხა: კარგი‚ მაგრამ ახლა შეინახე და პრესკონფერენციის მერე მომეციო. მერილ სტრიპს ავსტრიელმა ჟურნალისტმა თეთრი ვარდები მიართვა‚ რუსმა – „მატრიოშკები“ (დაბადების დღე ჰქონდა). გაუკვირდა‚ „მატრიოშკები“ არც ჰქონდა ნანახი. უი‚ ნეტავ, მე მქონდეს ასეთი კარგი ცხვირიო. მივუტრიალდი და ვეუბნები: „აფსუს‚ რატომ არ მაქვს ხანჯალი თან‚ რომ გაჩუქოთ-მეთქი“. რა თქმა უნდა‚ ვიხუმრე‚ ბასრი იარაღით ვარსკვლავთან ვინ მიმიშვებდა (იცინის). ტონინო გუერას მეუღლეს, ლორას ვაჩუქე ბეჭედი – ყვავილს ჰგავს სიჭრელით. ეს ქალი ჟღალთმიანი‚ ფერად ტანსაცმელში – დავინახე‚ რომ ბეჭდისკენ გაექცა თვალი‚ თუმცა არაფერი უთქვამს. მოვიხსენი და ვაჩუქე. როდესაც ტონინო და ლორა თბილისიდან მიდიოდნენ‚ ტონინომ გადამკოცნა და მთხოვა‚ თუ შესაძლებელია კასეტა‚ ჩემი ინტერვიუთი‚ ჩემს არქივშიც იყოსო. ჰოდა‚ გავუგზავნე საქართველოს საელჩოს დახმარებით. გრეგორი პეკს და შონ კონერის შევხვედრივარ‚ რომელიც‚ გარდა იმისა‚ რომ არაჩვეულებრივი შოტლანდიელი მამაკაცია‚ კიდევ დამამახსოვრდა იმით‚ რომ პრესკონფერენციაზე შემოსულმა მაშინვე ფოტოგრაფებს მოსთხოვა‚ – შეწყვიტეთ სურათების გადაღებაო‚ რაც ვარსკვლავისგან ძალიან უცნაურია. ფრანგული კინოს ვარსკვლავებიც ხშირად ჩამოდიან ბერლინში – ჟერარ დეპარდიე‚ რომელიც სმა-ჭამის დიდი მოყვარულია‚ გატაცებულია მეღვინეობით. აქვს საკუთარი ვენახი და გიჟდება ამ თემაზე საუბრისთვის. საგანგებოდ მინდა, გამოვყო პიერ რიშარი‚ რომელთანაც ძალიან დიდი ისტორია მაკავშირებს – ნანა ჯორჯაძის ფილმის ექსკლუზივი მქონდა 1995 წელს და გადაღების პირველი დღიდან ბოლო დღემდე, ჩვენ ვიყავით ერთად. ძალიან მოეწონა და შეუყვარდა საქართველო‚ აღტაცებული იყო ქართული სიმღერითა და ცეკვით. ბატონი პიერი თვითონაც მღერის და კახი კავსაძესთან რომ მღეროდა‚ არ იცით‚ რა ბედნიერი იყო‚ ასევე‚ რამაზ ჩხიკვაძესთან‚ რომელიც არიას მღერის ამ ფილმში. მერე შოთა ქრისტესაშვილი და კახი კავსაძე მიყვებოდნენ‚ გახმოვანება ჰქონდათ გერმანიაში და ჩვენებმა ერთი ამოსუნთქვით გაახმოვანეს ფილმი. პიერ რიშარი გაოგნებული იყო! ცხოვრებაში გარეგნულად ბევრად უფრო სიმპათიურია. არის ფრანგი არისტოკრატი და აქვს ვეებერთელა გვარი‚ რომელიც ინტერვიუს წინ ძლივს დავიმახსოვრე და რომ წარმოვთქვი‚ სიცილი დაიწყო. ყველაფერს ასრულებდა‚ რასაც ნანა და ირაკლი კვირიკაძე ეუბნებოდნენ. მოეწონა ქართული სამზარეულოც და ძალიან დავმეგობრდით.
– ჯეკ ნიკოლსონი მიყვარს ძალიან. შეხვედრიხართ?
– კი. ძალიან ბევრი მოინდომა‚ რომ დარბაზში სიცილ-ხარხარი გამოეწვია თავისი შავი სათვალით. თბილია‚ მხიარული.