ვისთან ერთად ისვენებდა დიანა ღურწკაია ზღაპრულ სანაპიროზე და ვის ეხმარება ის ოცნებების ასრულებაში
ქართველი მომღერალი, დიანა ღურწკაია, უკვე წლებია, მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად და მუსიკალურ კარიერას რუსულ შოუ-ბიზნესში განაგრძობს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას, მშობლიურ კუთხეს ის არასდროს ივიწყებს. უფრო მეტიც, როგორც თავად აღნიშნა, საქართველო მისთვის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. გარდა სიმღერისა, ჩვენი რესპონდენტი ფესტივალ „თეთრი ჯოხის” დამფუძნებელია და უკვე მესამე წელია, ატარებს მას. ის ახლახან დაბრუნდა დუბაიდან, სადაც დასასვენებლად და ამავე დროს საქმიანი ვიზიტით, ოჯახთან ერთად იმყოფებოდა. ამ ყველაფრის შესახებ კი, დიანა თავად მოგითხრობთ ინტერვიუში.
დიანა ღურწკაია: დასასვენებლადაც ვიყავით წასული და თან, ჩემი ფესტივალის საქმესაც ვაგვარებდი. მინდა, კიდევ უფრო გავაფართოო და სხვადასხვა ქვეყნიდანაც ჩამოვიყვანო ბავშვები. „თეთრი ჯოხის” ფესტივალს უკვე მესამე წელია, ვაკეთებთ. დაარსების დღიდან, ფესტივალზე საქართველოდან ჩამომყავს მონაწილეები. ფესტივალის მთავარი მიზანია, დამწყებ მსახიობებსა და მომღერლებს სცენაზე დგომის სტიმული მივცეთ და ოცნებების ასრულებაში დავეხმაროთ. პირველ წელს ძალიან ნიჭიერი, უსინათლო ბავშვები გვყავდა ჩამოყვანილი, რომლებმაც საქართველო ასახელეს. მეორე წელს ასევე უსინათლო გოგონა, თამუნა თავქალამანიძე იღებდა მონაწილეობას. მან სერგეი ლაზარევთან ერთად დუეტში იმღერა. წელს კი პატარა გოგონები – მერიკო და ანი გვყავდა ჩამოყვანილი უსინათლო ბავშვთა სკოლიდან. მათ ძალიან გვასახელეს და დიმა ბილანთან ერთად იმღერეს. ამ ფესტივალის შემდეგ, ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს. იწვევენ მონაწილეებს, სთავაზობენ სამსახურს, პატიჟებენ რადიო-ტელევიზიაში და ასე შემდეგ. აი, ეს არის სწორედ ჩვენი ფესტივალის მიზანიც.
ახლა კი მოლაპარაკებებით იმას ვარკვევდით, შეგვეძლო თუ არა ფესტივალზე ნიჭიერი ბავშვების ჩამოყვანა ემირატებიდან. თანაც, კარგად დავისვენეთ. ძალიან ბევრს ვმუშაობთ და ცოტა თუ არ მივეცით თავს დასვენების უფლება, სხვაგვარად არ შეიძლება. თუმცა, ჩემი აზრით, ყველაზე კარგად ადამიანი საკუთარ სახლში ისვენებს.
– სად იყავით წასული?
– დუბაიდან 20 წუთის სავალზე ვარჩიეთ დასვენება. იქ სიმყუდროვე იყო. სადაც ხალხმრავლობაა, კარგად ვერ დაისვენებ, რადგან ბავშვს გაცილებით მეტი ყურადღება სჭირდება, თვალს ვერ მოაშორებ. იქ კი ძალიან მოსახერხებელი, ლამაზი ადგილი იყო, სასტუმრო სანაპიროზე იდგა, ბავშვებსაც თავისუფლად შეეძლოთ თამაში და ჩვენც მშვიდად ვიყავით. თუმცა, დუბაიში ყოველდღე გვიწევდა ჩასვლა, ბავშვები მიგვყავდა გასართობად. მთელი ოჯახი ვიყავით – მე, მეუღლე და ბავშვი. ასევე ჩემი ძმა, ბავშვითა და მეუღლით. ბავშვები სანახაობით კარგად გაერთნენ. ჩვენთვის კი, ისევე როგორც ყველა მშობლისთვის, მთავარია, ბავშვებმა დაისვენონ კარგად.
– თქვენი შვილი რამდენი წლის არის?
– 6 წლის გახდება ივნისში.
– სკოლისთვის ემზადებით?
– სკოლაში, 7 წლის რომ გახდება, მაშინ შევიყვანთ. მინდა, კარგი სკოლა შევურჩიო, რადგან სკოლიდან იწყება ყველაფერი. ასე რომ, ჯერჯერობით არ ვჩქარობთ.
– დედის ნიჭი თუ გამოჰყვა?
– თავიდან ვერ ვატყობდი, მაგრამ ახლა ვხედავ, რომ თავისთვის ღიღინებს. მინდა, არჩევანი თავად გააკეთოს და არ ვილტვი იმისთვის, აუცილებლად იმღეროს. მე შემიძლია, რჩევა მივცე, მაგრამ ჩემთვის მთავარია, პროფესია თავად შეარჩიოს. რატომ არ უნდა გამოვიდეს მისგან შესანიშნავი ექიმი, ფინანსისტი, ან თუნდაც პედაგოგი. შეიძლება, რაღაც სხვა ჰქონდეს გულში და ამ დროს მე რატომ უნდა ვურჩიო, რომ აუცილებლად უნდა იმღერო-მეთქი! არ იქნება მართალი. თუმცა, ბოლო დროს აღმოვაჩინეთ, რომ არტისტული ნიჭი ნამდვილად აქვს. რამდენიმე ხნის წინ ფოტოგადაღება გვქონდა, სადაც ყოველი ჩვენგანი ზღაპრის სხვადასხვა გმირს ვასახიერებდით.
– რა გადაღება იყო?
– მკითხველის წინაშე მართლა არ მინდა, ჩემს თავს ვარსკვლავი ვუწოდო, მაგრამ ამ გადაღებაზე ყველა ვარსკვლავი იღებს მონაწილეობას. ბავშვთან ერთად მიმიწვიეს. ბავშვი ჰარი პოტერი უნდა ყოფილიყო, მე კი ამ ფილმიდან ერთ-ერთი ჯადოქარი ვიყავი, ჯადოსნური ჯოხით ხელში. კოსტიუმირებული, საკმაოდ საინტერესო გადაღება გახლდათ. ჯერ ბავშვი გადაიღეს, მერე მე და ბოლოს ორივე ერთად. მე რომ ვემზადებოდი, მას უკვე იღებდნენ და ამიტომ, არ მინახავს რას შვრებოდა. ჩემი ძმა, რომელიც ასევე ჩემი პროდიუსერია, აღფრთოვანებული შემოვიდა ჩემთან, ვერ წარმოიდგენ, ისე არტისტულად თამაშობსო, მითხრა.
ჩემი ძმიშვილი მღერის, ძალიან კარგი სმენაც აქვს და ხმაც. თუმცა, ვერც ჩემი შვილი და ვერც ძმიშვილი, პედაგოგად ვერ აღმიქვამენ. რომ დავუჯდე და რაიმე ვასწავლო, ვერ წარმოუდგენიათ. მათთვის მე მეგობარი ვარ, რომელიც მათთან ერთად დაკუნტრუშებს, ცეკვავს და თამაშობს.
– გარდა ფესტივალისა, რაიმე კონცერტები ხომ არ არის დაგეგმილი?
– რა თქმა უნდა, არის კონცერტები. ასევე, ძალიან დიდი ხანია, გორან ბრეგოვიჩთან მიდის მუშაობა, რადგან ის ხშირად სხვადასხვა ქვეყანაში ბრძანდება, მე კი ძირითადად მოსკოვში ვარ. პრაქტიკაში მსგავსი შემთხვევა ჯერ არ მქონია. ჯერჯერობით მუშაობა რთულად მიდის, მაგრამ ძალიან კარგი და საინტერესოა. რამდენიმე მასალა უკვე გადმომიგზავნა, ჩავწერეთ სინჯიც. მან თავად უნდა შეარჩიოს ყველაფერი – იქნება ეს ფონოგრამა, არანჟირება თუ როგორ, რა ტონალობაში ვიმღერო და ასე შემდეგ. ამ დროისთვის რამდენიმე სიმღერის სუფთა ვოკალი გავუგზავნე და მიმდინარეობს მუშაობა. ცოტა არ იყოს, ეს მასალა განსხვავდება დიანა ღურწკაიასგან. როცა ამ სიმღერებს ვწერ, საკუთარი თავის მიკვირს და ვკამათობ კიდეც, რომ ამას ვერ ვიმღერებ-მეთქი. ვცდილობ, საკუთარი კორექტივებიც შევიტანო. ბრეგოვიჩი არ არის ის პიროვნება, მე რამეში ვეკამათო. ჩემთვის მასთან ერთად მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავს. ვფიქრობ, ყველაფერი გამოგვივა. რატომაც არა, ამ კუთხითაც მინდა, მოვსინჯო თავი. ძალიან ნელი ნაბიჯებით კი მიდის ეს საქმე, მაგრამ ეს არ მაშინებს. როცა ნიკოლაევთან პირველ ალბომზე ვმუშაობდი, პროცესი 5 წელი გაიწელა. ამ დროისთვის პარალელურ რეჟიმში ქართულ ალბომზეც ვმუშაობ. დათო კენჭიაშვილთან ერთად ორი დუეტი ჩავწერე, რომელიც მსმენელმა მოისმინა და მოწონებაც დაიმსახურა. მიხარია, რომ ასეთი ალბომი კეთდება.
– საქართველოში როდის გეგმავთ ჩამოსვლას?
– ძალიან მინდა ჩამოსვლა და ალბათ, მოვახერხებ. ნოემბერში ვიყავი. „ენტევეს” ტელეარხი ჩემ შესახებ ბიოგრაფიულ ფილმს აკეთებს, რომლის გადაღებებიც საქართველოში მიმდინარეობდა. ჩემთვის ყველაფერსა და ყველაზე მთავარი საქართველოა. 3-4 დღის განმავლობაში ძალიან დატვირთულები ვიყავით. წარმოიდგინეთ, ღამის 4 საათზე ბოლო გადაღება გვქონდა და შარდენს ვიღებდით.
– ფილმი როდის გავა ეთერში?
– რადგან ცოტა ხნით ქვეყნიდან ვიყავი წასული, მონტაჟი გადაიდო. ტექსტსაც მე ვკითხულობ, ამიტომ ჩემს გარეშე მონტაჟი ვერ მოხერხდა. მინდა, ყველაფერი ვნახო, რადგან ძალიან ბევრი მასალაა გადაღებული. მართლა კარგი ფილმი გამოვა. ჩემი სკოლა-ინტერნატი გადავიღეთ, სადაც ვსწავლობდი. ასევე, გადავიღეთ ირმა სოხაძე, რადგან ჩემი სასცენო ისტორია სწორედ მისგან დაიწყო. გადავიღეთ ჩემი ნათესავები, ჩემი დები. გადავიღეთ დედის საფლავი. ამ ფილმში ძალიან გახსნილი ვარ – კიდეც ვტირი, ვიცინი, ვცეკვავ, ვმღერი. გადავიღეთ ძალიან კარგი ქართველი მომღერლები. ძალიან მინდოდა, ამ ფილმში მეჩვენებინა ჩვენი კუთხე, ჩვენი სილაღე, სილამაზე. ის, რამაც მომცა ძალა, მემღერა და სცენაზე ვყოფილიყავი. მინდოდა, მეჩვენებინა, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი. ვფიქრობ, მაყურებელს ეს ფილმი მოეწონება, რადგან ძალიან ბუნებრივი და გახსნილი ვიყავი. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ დღეს ძალიან ბედნიერი ქალი, დედა ვარ. მაგრამ, ყველას აქვს რაღაც ნაღველი და არ არსებობს ადამიანი, რომელმაც რაღაც მომენტში არ მოიწყინოს – მათ შორის მეც, რკინის ხომ არ ვარ. თუმცა, ვცდილობ, ეს არავინ ნახოს, რადგან მაყურებლისთვის იმ შემთხვევაში ვარ საინტერესო, როცა ლამაზს და ლაღს მხედავს. მიუხედავად ამისა, რადგან ეს ფილმი ბიოგრაფიული იყო და ყველაფერი უნდა თქმულიყო ჩემს შესახებ, ცოტა არ იყოს, იმ დონეზეც გავიხსენი, რომ მაყურებელს სხვა მხრიდანაც დავენახე. ალბათ, ამაშია ამ ფილმის ბუნებრიობაც. რაც უფრო უბრალო ხარ, გულითა და სულით იხსნები, მით უფრო უკეთესი და მართალი ხარ. მაყურებელი მაშინ შეგიგრძნობს, როცა მის წინაშე მართალი ხარ. ვერ ვიტყვი, რომ რაღაც-რაღაცეებში შეცდომებს არ ვუშვებ, ყველანი ვცდებით. მაგრამ, უპირველესად, უფალი გვაპატიებს, რომლისგანაც ყველა შენდობას ვითხოვთ.