დღიური... ცოლებისთვის!
უბრალოდ, წაიკითხეთ – ვინ იცის, იქნებ რამე რაციონალური და თქვენთვის მისაღები იპოვოთ. ხოლო, თუ გაითვალისწინებთ კიდეც, ცუდი ნამდვილად არ იქნება.
1. გახსოვდეთ – ქმარიც ადამიანია. შეიძლება, თავი მასაც სტკიოდეს, ჰქონდეს კრიტიკული მომენტები და „ჩავარდნები“ განწყობაში.
2. სანამ ქმარს შენიშვნას მისცემთ და საყვედურებით აიკლებთ, გაიხსენეთ საკუთარი შეცდომები და ჩვევები, რომლებიც, შესაძლოა, იმასაც აღიზიანებდეს.
3. არა უშავს, თუ ზოგჯერ მისი ნივთები უწესრიგოდ ყრია და ვერც ის შეაფასა ჯეროვნად, როგორი გულმოდგინებით დაუუთოეთ პერანგები. თქვენც ხომ არ აღფრთოვანდით მისი ნაჩუქარი სუნამოთი?!
P. S. ნუ დაგავიწყდებათ: რაც უფრო ხშირად მოეფერებით ქმარს და გაამხნევებთ თუნდაც დაუმსახურებელი კომპლიმენტებით, მით უფრო ადვილი გახდება მისი გაწვრთნა.
გიყვართ, ხომ, დედა? – ზუსტად ასე უყვარს თავისი დედა თქვენს ქმარსაც. თუ მასზე კარგს არ ამბობთ, ცუდსაც ნუ იტყვით. თქვენი ქმარი, შესაძლოა, არ ლაპარაკობდეს დედიკოს მძიმე ხასიათზე, მაგრამ, ყველაფერს ხედავს (დააფასებს თქვენს სიჩუმესაც).
არ გალანძღოთ და არ გაჭოროთ ქმარი გარეშე პირებთან, ნათესავებთან და თუნდაც უახლოეს მეგობრებთან. თუ მასში რამე არ მოგწონთ, ნუ ეტყვით მოწმეების თანდასწრებით, სკანდალისა და დამრიგებლური ტონის გარეშე. ნუ იქნებით მწვრთნელის როლში. გაწვრთნაზე ნუ იტყვით უარს, მაგრამ, ეს ფარულად გააკეთეთ – დაე, ეგონოს, რომ თქვენი წარმმართველი და მესაჭე თავად არის.
საქმიანი სიახლოვე...
საქმიანი ადამიანების უმრავლესობა თავისი დროის დიდ ნაწილს სამსახურში ატარებს. შესაბამისად, ყველაზე მეტი სიახლოვე იმათთან აქვს, ვის გვერდითაც დღის განმავლობაში ზის და ურთიერთობა აქვს. როცა თანამშრომლები საპირისპირო სქესის წარმომადგენლები არიან, გამორიცხული არ არის, მათ შორის „ნაპერწკალმაც“ იელვოს...
რა პლუსები და მინუსები აქვს სამსახურებრივ რომანს? ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ ასეთი ურთიერთობა საკმაოდ საფრთხილოა, მიუხედავად იმისა, რომ არცთუ იშვიათად, ბედნიერი ბოლო აქვს ხოლმე. თუმცა, როცა საჯარო ადგილას რომანი ვითარდება, ანუ, ყველა მოქმედება საზოგადოების თვალწინ ხდება, სიტუაცია ძირითადად დაძაბული და ზოგჯერ ფეთქებადსაშიშია.
დავთვალოთ პლუსები:
პირველი და მთავარი: შესაძლებლობა გაქვს, საყვარელი ადამიანი ყოველდღე ნახო, თანაც, ყოველგვარი წვალების ან ზედმეტი ხარჯის გარეშე; ასევე, საშუალება გეძლევა, კარგად გაიცნო, შეისწავლო მისი თვისებები და ხასიათი (მით უმეტეს, თუ სიყვარულის გამჟღავნებამდე, წინასწარ კარგად დააკვირდები და აცდი, ბოლომდე გამოავლინოს საკუთარი თავი). კარგია, როცა ხედავ, როგორ იქცევა კამათის, გაუგებრობის, კონფლიქტის დროს; როგორ ახერხებს გამოსვლას რთული და კრიზისული სიტუაციებიდან. არის თუ არა კრეატიული, ინიციატივიანი. თუ გადაწყვეტთ, რომ სამსახურებრივი რომანის სტრესებს გაუმკლავდებით, გაუძლებთ მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას, შეეგუებით იმას, რომ თქვენი ურთიერთობა მუდმივად იქნება განხილვის თემა, მაშინ თამამად გადადგით ეს ნაბიჯი, მით უმეტეს, თუკი სიყვარულიც იჩენს თავს და ორივეს გული თავისუფალი იქნება. ფსიქოლოგები რადიკალურად მიიჩნევენ სამსახურებრივ რომანს დაქორწინებულ ადამიანებს შორის, მით უფრო, რომ ეს მორალის თვალსაზრისითაც ქმნის უხერხულობას.
იყო, არის და იქნება...
... რომანი და ფლირტი თანამშრომლებს შორის იყო, არის და ყოველთვის იქნება. როცა ადამიანის გვერდით დღეში რვა საათი მაინც ხარ, ან სიმპათია გაგიჩნდება მის მიმართ, ან დაუმეგობრდები, ან შეგიყვარდება. ეს ბუნებრივია, თუმცა, არა კანონზომიერი.
სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ „სამსახურებრივი რომანები“ უფრო აქტუალური ბიზნესსფეროს წარმომადგენლებშია, 18-დან 24 წლის ასაკში.
სოციოლოგებმა გამოარკვიეს, რომ ამ ტიპის ურთიერთობებს ნორმალურად მიიჩნევს საზოგადოების 15-20 პროცენტი – ძირითადად ისინი, ვისაც მსგავსი გამოცდილება აქვს. თუმცა, მათი უმრავლესობა იმაშია დარწმუნებული, რომ, როცა „სამსახურებრივი რომანი“ „ჰეფი ენდით“ არ მთავრდება, ისეთი უხერხული სიტუაცია იქმნება, რომ ერთ-ერთს სამსახურის დატოვება უწევს, რათა დაძაბულ სიტუაციას თავი გაარიდოს. ოფისში რომანტიკული ურთიერთობა ერთფეროვნების გახალისების მიზნით, არასდროს მთავრდება პოზიტივით, განსაკუთრებით, როცა წყვილებიდან ერთი ან ორივე დაოჯახებულია. ამ დროს, შესაძლოა, ისეთი „ხანძარი“ აგიზგიზდეს, მარტო იმ ორმა „დამნაშავემ“ კი არა, დანარჩენმა თანამშრომლებმაც მიიღონ მაღალი ხარისხის დამწვრობა. ევროპაში უკვე ზრუნავენ იმაზე, რომ სამსახურებში ამ ტიპის ურთიერთობები შეზღუდონ, რადგან, დარწმუნდნენ, რომ ის ჯანსაღი სამუშაო ატმოსფეროს მტერია. თუმცა, როცა საქმე ჭეშმარიტ სიყვარულთან გვაქვს, მას ვეღარაფერი, ვერანაირი სოციალური კვლევა და აკრძალვა ვერ დაუდგება წინ. მთავარია, კეთილგონიერებისა და ზომიერების გრძნობამ არ გიღალატოთ.
თქმა ადვილია... შესრულება?!
არსებობს აკრძალვები? – პირდაპირი და კონკრეტული პასუხი ამ კითხვაზე გვაქვს. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ძალიან ფართო სფეროს მოიცავს და, მეორეც – ერთმნიშვნელოვნად, რეალობა გვიჩვენებს, რომ აკრძალვები არსებობს. თითოეულ ადამიანში აუცილებლად არის ჩადებული აკრძალვის მექანიზმი, რომელიც ავტომატურად ირთვება. თანაც, წინასწარ თითქმის ვერასდროს მიხვდები, როდის ან რაზე „ჩაირთვება,“ თუმცა, ამჟამად საუბრის თემა ეს არ არის. არსებობს ერთი აკრძალვა, რომელზეც ძლიერი სქესის წარმომადგენლებს ეღიმებათ ხოლმე (გულში მაინც, აშკარად თუ არა): „ნუ ეცდები, ლოგინში შეითრიო ქალი, რომელიც შენი ცოლი არ არის!“ კიდევ უფრო გულიანად თუ გაგეცინათ, მოგახსენებთ შედეგებზე, რომელიც საკუთარი თავისთვის ამ აკრძალვის არდაწესებას მოჰყვება. დავიწყოთ იმით, რომ ეს თითქმის „შავი ყუთის“ გახსნის ტოლფასია – მერე ვეღარ იტყვით, ეს ის არ არის, რაც შენ გეგონაო. ამიტომ, სანამ სიამოვნებას მიიღებდეთ, კარგად დაფიქრდით; გაითვალისწინეთ, რომ ეს ის სიამოვნებაა, რომელზეც საკუთარი ნერვებით უნდა გადაიხადოთ, თანაც – შორს მიმავალი შედეგებით. თუ გიღირთ – თქვენი ნებაა.
მეორე მხრივ, სათქმელად ადვილია, ამას არ გავაკეთებო, შესრულება კი ძალიან ძნელია. პოლიგამია ის საკითხია, რომელიც მარადიული კამათის თემად რჩება. თქვენ კი, გაუფრთხილდით ნერვებს!