ევროპულ კლუბებში მოთამაშე ყველაზე ძვირად ღირებული აზიელი ფეხბურთელების ტოპ-თერთმეტეული
ზამთრის სატრანსფერო პერიოდში მსოფლიო ფეხბურთის წამყვანი კლუბები დიდ ყურადღებას აქცევენ აზიურ ფეხბურთს, სადაც წლიდან წლამდე ახალი ვარსკვლავები იზრდებიან. არადა რამდენიმე ათეული წლის წინ ძნელად თუ წარმოიდგენდა ვინმე, რომ „ინტერის” ან „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში კორეელ ან იაპონელ ფეხბურთელს ნახავდა. გთავაზობთ ევროპულ კლუბებში ამჟამად მოასპარეზე 11 ყველაზე ცნობილ და ძვირად ღირებულ აზიელ ფეხბურთელს.
სინძი ოკაძაკი (იაპონია) – „შტუტგარტი,” 5 მილიონი ევრო
სინძი ოკაძაკი 2011 წლიდან ასპარეზობს გერმანული ბუნდესლიგის კლუბ „შტუტგარტში”, სადაც საკუთარი ადგილი დაიმკვიდრა შეტევის ხაზში ვედად იბიშევეჩის, კაკაუსა და მარტინ ჰარნიკის მხარდამხარ. შტუტგარტელმა ქომაგებმა „სამურაი“ შეარქვეს და მის ერთ-ერთ ღირსებად საჭირო დროს საჭირო ადგილზე ყოფნას ასახელებენ. ბურთით ოკაძაკი ისევე სახიფათოა, როგორც სამურაი ხმლით და ამის გამო ის ძალიან უყვართ გერმანიაში. მართალია, ახალი სეზონის დასაწყისში ოკაძაკი ჯერჯერობით შორს არის სასურველი ფორმისგან, თუმცა, გერმანიაში იმედოვნებენ, რომ ის მალე დაუბრუნდება ჩვეულ სპორტულ ფორმას.
აშქან დეჟაგა (ირანი) – „ფულჰემი,” 5 მილიონი ევრო
ახალი საფეხბურთო სეზონი ირანელმა აშქან დეჟაგამ ლონდონური „ფულჰემის” რიგებში დაიწყო. ის კლინტ დემპსის შემცვლელად მოიყვანეს გუნდში, თუმცა, დეჟაგამ საკუთარი ხელწერის დატოვება უკვე მოასწრო და კლუბის ქომაგები მასში ახალ ლიდერს ხედავენ. უნივერსალური ვინგერი გერმანიის ახალგაზრდული ნაკრების წევრი იყო, თუმცა, როდესაც საქმე ეროვნული ნაკრების არჩევას შეეხო, აშქანმა ისტორიული სამშობლო – ირანი ამჯობინა და ახლა ამ ნაკრების ერთ-ერთ ლიდერად ყალიბდება.
ალი ალ-ჰაბსი (ომანი) – „უიგანი,” 5 მილიონი ევრო
ბოლო რამდენიმე წელია, რაც ომანელი ალი ალ-ჰაბსი ეგზოტიკური ქვეყნის წარმომადგენლიდან მაღალი დონის ევროპული ფეხბურთის მეკარედ ჩამოყალიბდა. ალ-ჰაბსი ინგლისური პრემიერ-ლიგის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო გოლკიპერია, რომელიც ინგლისში გადასვლის შემდგომ საკუთარ თავზე მუშაობას განაგრძობს და პრემიერ-ლიგაში მუდამ გადარჩენისთვის მებრძოლი „უიგანის” ლიდერად ჩამოყალიბდა.
პარკ ჯი-სუნი (სამხრეთ კორეა) – „ქუინს პარკ რეინჯერსი,” 5 მილიონი ევრო
„მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული შვიდი წლის განმავლობაში პარკ ჯი-სუნმა უდიდესი ავტორიტეტი მოიპოვა და ის პრემიერ-ლიგის ერთ-ერთ ყველაზე საიმედო და შედეგიან ნახევარმცველად იქცა. 2012 წლის ზაფხულში „ქუინს პარკ რეინჯერსში” გადასული პარკი გუნდის კაპიტნად აირჩიეს და, მიუხედავად იმისა, რომ ჯერჯერობით კლუბი ბოლო ადგილზე იმყოფება, პრემიერ-ლიგაში ქომაგები იმედოვნებენ, რომ პარკის გამოცდილება დაეხმარება მათ უმაღლეს ლიგაში ადგილის შენარჩუნებაში.
ოდილ აჰმედოვი (უზბეკეთი) – „ანჟი,” 6 მილიონი ევრო
რუსეთის ჩემპიონატში გადასვლამდე ოდილ აჰმედოვმა ხუთი სეზონი გაატარა სამშობლოში და მახაჩკალის გუნდის მესვეურთა ყურადღება დაიმსახურა. უზბეკი საყრდენი ნახევარმცველი ერთ-ერთ საუკეთესოდ მიიჩნევა რუსეთის ჩემპიონატში, მის მაღალ დონეზე კი ისიც მეტყველებს, რომ იგი არ ჩაიკარგა „ანჟის” ვარსკვლავებში და გუუს ჰიდინკის ფორმაციის გუნდის ლიდერად ითვლება. ამბობენ, რომ აჰმედოვით ერთი პერიოდი არსენ ვენგერი იყო დაინტერესებული, ხოლო, მას შემდეგ, რაც მის პოზიციაზე ვარსკვლავი ლასანა დიარა მოიყვანეს, აჰმედოვი, იმის ნაცვლად, რომ სხვა კლუბი მოეძებნა დასთანხმდა კონკურენციას. როგორც თავად ამბობს, მისთვის გამოწვევაა, რომ ადგილისთვის ძირითად შემადგენლობაში მისი კონკურენტი საფრანგეთის ნაკრების წევრი დიარაა.
კი სონ ეონი (სამხრეთ კორეა) – „სუონსი,” 7 მილიონი ევრო
კი სონ ეონი სამხრეთ კორეის მომავალ ვარსკვლავად ითვლება და მას ხშირად ადარებენ სტივენ ჯერარდს, რის გამოც მავანი ქომაგები მას ხუმრობით „კირარდსაც” კი უწოდებენ. კი სონი ბრწყინვალედ ხედავს მოედანს და ერთი პასით შეუძლია თამაშის გამწვავება. იგი ბავშვობიდან ემზადებოდა და ავსტრალიურ სპორტულ სკოლაში ინგლისურ მენტალიტეტთან ადაპტირება არ გასჭირვებია.
ლი ჩუნ იუნი (სამხრეთ კორეა) – „ბოლტონი,” 7,5 მილიონი ევრო
2009 წელს ბრიტანულმა „თაიმმა” ლი ჩუნ იუნი პლანეტის 50 ყველაზე იმედის მომცემ ფეხბურთელს შორის მოიხსენია და იმავე წლის ზაფხულში იგი ნისლიან ალბიონზე, „ბოლტონში” გადაბარგდა. პირველივე სეზონზე იგი საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს და ამბობდნენ, რომ მისით „ლივერპული” იყო დაინტერესებული, თუმცა კორეელი „ბოლტონის” ერთგული დარჩა. 2011-2012 წლების სეზონი მისთვის უიღბლო გამოდგა – ფეხის მოტეხის გამო მას მთლიანი სეზონი გაუცდა, მის გარეშე კი კლუბმა ვერ შეინარჩუნა პოზიციები პრემიერ-ლიგაში და ამჟამად კორეის ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი რანგით მეორე ლიგაში, „ჩემპიონშიპში“ ასპარეზობს.
სო ჰიონ მიონი (სამხრეთ კორეა) – „ჰამბურგი,” 8 მილიონი ევრო
სო ჰიონ მიონი 16 წლის ასაკიდან ირიცხება „ჰამბურგში”. მან ყველა ასაკობრივი გუნდი მოიარა, სანამ მთავარ გუნდში დაიმკვიდრებდა ადგილს. სო ჰიონმა თავის პირველივე მატჩში ბუნდესლიგაში მოახერხა გოლის გატანა და ამით „ჰამბურგის” ისტორიაში ჩაეწერა, როგორც გოლის ყველაზე ახალგაზრდა ავტორი ბუნდესლიგაში. სო ჰიონ მიონი 20 წლისაა. ამბობენ, რომ მას დიდხანს არ გააჩერებენ „ჰამბურგში”, რადგან მისით უკვე დაინტერესებულები არიან ევროპის ბობოლა კლუბები.
იუტო ნაგატომო (იაპონია) – „ინტერი,” 9,5 მილიონი ევრო
სწრაფი და მოედნის ხედვით გამორჩეული იუტო ნაგატომო „ინტერში” „ჩეზენას” გავლით მოხვდა. „ნერაძურის” ხელმძღვანელობამ მასთან თავდაპირველად საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა და, როდესაც გამოჩნდა, რომ ნაგატომო არაფრით ჩამოუვარდებოდა კლუბის ვარსკვლავებს, მისი გამოსყიდვა გადაწყვიტა. მაშინ ეს თანხა 4,5 მილიონ ევროს შეადგენდა, დღეს კი ნაგატომოს ფასი სატრანსფერო ბაზარზე გაცილებით დიდია – 9,5 მილიონი.
კეისუკე ჰონდა (იაპონია) – „ცსკა,” 15 მილიონი ევრო
ჰონდას ევროპული კარიერა მოკრძალებულ ჰოლანდიურ „ვენლოში” დაიწყო. ერთი პერიოდი მისით „აიაქსი” და „პსვ” ინტერესდებოდნენ, თუმცა, მოთხოვნილი 10 მილიონის გადახდას არც ერთი არ აპირებდა. გარისკა მხოლოდ მოსკოვურმა არმიულმა კლუბმა და დღეს კეისუკე ჰონდა „ცსკას” ერთ-ერთ ყველაზე უძვირეს და ევროპული ტოპ-კლუბებისთვის საინტერესო ფეხბურთელად ითვლება. ამბობენ, რომ ჰონდას უკვე მოჰბეზრდა რუსეთის ჩემპიონატში ასპარეზობა და სურვილი აქვს, კარიერა რომელიმე დიდ კლუბში განაგრძოს.
შინჯი კაგავა (იაპონია) – „მანჩესტერ იუნაიტედი,” 22 მილიონი ევრო
შინჯი კაგავა დორტმუნდის „ბორუსიის” მთავარ დამრტყმელ ძალად ითვლებოდა საჩემპიონო წელს და, როდესაც ალექს ფერგიუსონმა მისი ყიდვა გადაწყვიტა, ეს ფაქტი არავის გაუპროტესტებია. სწორედ კაგავას გამო მოუხდა კლუბის დატოვება კორეელ პარკს. მართალია, პირველ სეზონს კაგავა უფერულად ატარებს და იშვიათად ხვდება ძირითად შემადგენლობაში, მაგრამ, ფეხბურთის მცოდნე ხალხი იმედოვნებს, რომ სულ მალე იგი ფერგიუსონის კლუბის საკადრისი ფეხბურთის თამაშს დაიწყებს.