ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სასწაულები
ხორცში სასწაულებრივად გაჩენილი ჭიები
კუნძულ კრეტაზე, სოფელ ლიფინში, არის ძველი ტაძარი, რომელიც ლიფინის ღვთისმშობლის ხატის სახელზეა ნაკურთხი (ხატის დღესასწაული აღინიშნება 8 სექტემბერს). იმ ტაძართან არსებულ მონასტერში დაბრძანებულია თავად სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც შემკულია უამრავი შეწირული ძვირფასეულობით.
სოფლის მცხოვრებნი, გზის შემოკლების მიზნით, ხშირად ეკლესიის ეზოს გავლით მიდიან სახლში. მაგრამ, თუკი ვინმემ გაბედა და მარხვის დროს ხორცით გაიარა ეზოში, იმ ხორცში მაშინვე ჭიები გაჩნდებიან.
ეს სასწაული უძველესი დროიდანაა ცნობილი სოფლის მცხოვრებთათვის. ჩვენს საუკუნეში, როდესაც ადამიანთა უმეტესობამ ეჭვით დაუწყო ცქერა სასწაულებს, გამოჩნდნენ სკეპტიკოსები, რომელთაც მოინდომეს ამ გადმოცემის შემოწმება. მარხვის პერიოდში იყიდეს ახალი ხორცი და ეკლესიის ეზოში გაატარეს. ხორცი მაშინვე ჭიებით გაივსო.
ერთხელ ერთ ყასაბს, რომელსაც დაკლული ბატკნის თითქმის ნახევარი მიჰქონდა სახლში, შორი გზით წასვლა დაეზარა და გადაწყვიტა, ტაძრის ეზოს გავლით შეემოკლებინა მანძილი. ყასაბი ეზოს შუამდეც არ იყო მისული, რომ ფეხები მოეკვეთა და ყვირილით დაეცა ძირს.
ასე განამტკიცებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი მორწმუნეთა შეგნებაში მარხვის დაცვის მცნებას.
ღვთისმშობელმა მონასტერი თურქებისგან დაიცვა
დედაღვთისას სასწაულმოქმედი ხელთუქმნელი ხატის – „ოცფინიკიანის“ სახელობის მონასტერი ჰანგეის მთის ფერდობზეა აშენებული. ის თავად ღვთისმშობლის ბრძანებით დააარსა წმიდა გერმანემ მეთორმეტე საუკუნეში. ყოველადწმიდა ქალწულმა აჩვენა წმიდანს ის ადგილი, სადაც მონასტერი უნდა აშენებულიყო. მას შემდეგ ზეციურ დედოფალს არასოდეს შეუწყვეტია მონასტერზე ზრუნვა.
ერთხელ ღვთისმშობელი გამოეცხადა ერთ 18 წლის ახალგაზრდას, რომელიც მონასტრის ახლოს მიწას ხნავდა და უთხრა:
– წამოდი ჩემთან, მე შენ მჭირდები ჩემს მონასტერში.
და მანაც, როგორც ჭაბუკმა ელისემ, ხარები მინდორში დატოვა და მონასტერში წავიდა, სადაც ბერად აღიკვეცა. მას დამასკინი უწოდეს. შემდგომში ის მონასტრის წინამძღვარი გახდა. მამა დამასკინი ხშირად ხედავდა, რომ ღვთისმშობელი ტაძარში იდგა და თვალს ადევნებდა ბერებს.
ერთხელ 1908 წელს თურქი ყაჩაღები თავს დაესხნენ მონასტერს, რომელიც მძიმე ურდულით იყო დაკეტილი. თავდამსხმელებმა ერთი თავისიანი საგუშაგოზე დატოვეს, დანარჩენებმა კი გალავნის კედლებში ლურსმნების ჩარჭობა დაიწყეს მაღლა ასასვლელად. უეცრად გუშაგის ყვირილი მოესმათ:
– მიშველეთ, ვიღაც შაოსანი ქალი თმაში ჩამაფრინდა, მომეშველეთ... უსჯულოები პანიკამ მოიცვა. ჩამოხტნენ კედლებიდან და გაიქცნენ.