მამათა შეგონებანი
ანასტასი სინელი: ღმერთმან რომ ქვეყანა შეჰქმნა, ეგონა, ეშმაკს, ქუეყანა მათ მიეცემოდა სამკვიდრებლად. ღმერთმა რომ კაცი შეჰქმნა, ჰსცნეს, რომ კაცისთვის იყო ქვეყანა. ამის მიზეზისთვის იწყეს შური და მტერობა კაცისა. ეგრეთუე, შენ, ეშმაკის მსგავსად ერთს რასმეს შენთვის ჰგონებ, ის შენ აღარ მოგეცემა და ერთს ვისმე შენს მოყუასს მიეცემა და ამისთვის შენ მისდა მიმართ შურს და მტრობას ჰყოფ. მიხედე, თუ ეშმაკის მსგავსი არა ხარ! ეგების იძიო ჩემგან და ჰსთქუა: „ნივთიერი ვარ და ნივთისთვის შური და ძიება არა ვჰყო, ვითარ ვიცხოვრო?“ აქ წინასწარმეტყველისა დავითის სიტყუას გეტყვი: „მიუტევე უფალს ზრუნვა შენი და მან გამოგზარდოს შენ“.
იოანე სინელი: ვინც საკუთარ ცოდვებს არ გლოვობს, არ უნდა ელოდოს, რომ ამ ქვეყნიდან განსვლისას თავისი შეწყალების შესახებ ეუწყება რამე.
იოანე ოქროპირი: თუ ვინმე შენზე ჭორაობს, ნუ გაბრაზდები, არამედ იტირე და შეგრცხვეს – არა იმისა, რომ შენზე ჭორაობენ, არამედ იმ ცოდვის გამო, რომელმაც ასეთ არაწმიდებაში ჩაგაგდო.
***
იკითხავენ: რატომ უნდა ისჯებოდეს მარადიულად იგი, ვინც აქ მხოლოდ მცირე ხნის განმავლობაში სცოდავდა? მაშ, რატომაა, რომ ადამიანი, რომელმაც წუთიერად აღასრულა მკვლელობა, მთელი ცხოვრება მაღაროში მუშაობით ისჯება.
გაბრიელ ეპისკოპოსი: როგორც გამიგონია, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთ ქრისტიანს თავისი ცოდვების გარკვეული ნაწილის აღიარებისა რცხვენია. თუ სნეული ექიმს არ ეტყვის, რა სტკივა, ეს იმას ნიშნავს, რომ სიცოცხლე მოსძულებია; ასევეა ცოდვილიც, რომელიც აღსარების სათქმელად მიდის და ზოგიერთი ცოდვის დამალვას აპირებს.
ნილოს სინელი: ჩრდილსა და ბორბალს ჰგავს ცხოვრებისეული მწუხარება და სიხარული, რადგანაც ჩრდილივით მარადიული არ არის და ბორბალივით ბრუნავს.
წმიდა სილუანი: წმიდანებს უფალმა აჩუქა სულიწმიდა და მათ სულიწმიდაში ვუყვარვართ ჩვენ. წმიდანების სული იცნობს უფალს; ამიტომაა მათი სულები, რომ იწვის სიყვარულით ხალხისადმი. მათ ჯერ კიდევ დედამიწაზე მწუხარების გარეშე არ შეეძლოთ მოესმინათ ცოდვილ ადამიანებზე და ლოცვაში ღვრიდნენ ცრემლებს მათთვის. სულიწმიდამ ამოირჩია ისინი მთელი ქვეყნიერებისთვის მლოცველებად და აძლევდა ცრემლების წყაროს. სულიწმიდა თავის რჩეულებს აძლევს ისეთ დიდ სიყვარულს, რომ მათი სულები, როგორც ცეცხლით, ისე იწვიან სურვილით, რათა ყველა გადარჩეს და იხილოს უფლის დიდება.
ილია მეორე: საქართველომ ყველგან უნდა იქადაგოს ჭეშმარიტება, მაგრამ ამისთვის, უპირველეს ყოვლისა, ჯერ ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის ჭეშმარიტება, სად არის სიკეთე და სად – ბოროტება.