ინტიმური საუბრები
შეიძლება, იტალიაში გავთხოვდე
ჩემი დაქალი ისე გახდა 37 წლის, სერიოზული შეყვარებული არ ჰყოლია, არადა, ჩვენს სამეგობროში ყველას სჯობდა გარეგნობითაც და ხასიათითაც, მაგრამ, ცოტა ზედმეტად მორცხვი იყო, თან რაღაც კომპლექსებიც ჰქონდა და ყოველი ფლირტი დაწყებიდან მოკლე ხანში მთავრდებოდა. მოკლედ, გათხოვებამდე ან ლოგინამდე კი არა, შეიძლება ითქვას, საქმე ვნებიან კოცნამდეც კი არც ერთხელ არ მისულა. თავიდან დოდო განიცდიდა ამ ამბავს, მაგრამ, მერე შეეგუა იმ აზრს, რომ ვერასოდეს ვერ გათხოვდებოდა და გადაწყვიტა, იტალიაში წასულიყო (სამუშაოდ, ცხადია) – აქ მაინც რას ვაკეთებ, იქ კი ცოტა ფულს მაინც ვიშოვი, რომ სიბერეში მაინც ვიყო უზრუნველყოფილიო.
წავიდა და მომვლელად დაიწყო მუშაობა: ხან პატარა ბავშვებს უვლიდა, ხან – ლოგინად ჩავარდნილ მოხუცებს და ასე ტანჯვა-წამებით აგროვებდა თანხას. ბოლოს ერთი მოხუცის მოსავლელად აიყვანეს. სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით, ეს მოხუცი თავის სახლში ცხოვრობდა შუა ხნის უცოლო ვაჟიშვილთან ერთად და დოდოსაც მათთან მოუწია ცხოვრება. სამი წელი უვლიდა იმ საცოდავ დედაბერს, სახლსაც ულაგებდა და სადილებსაც უკეთებდა. ჯოვანის (დედაბრის შვილს) მოსწონდა დოდოს მომსახურება და ყველანაირად ცდილობდა, ისეთი პირობები შეექმნა, რომ ასეთი საქმიანი, პატიოსანი და ერთგული მოსამსახურე არ გაჰქცეოდა. მაგრამ, სამი წლის შემდეგ მოხუცი გარდაიცვალა და დოდო იძულებული გახდა, ახალი სამუშაო მოეძებნა. სხვათა შორის, ჯოვანი ძალიან დაეხმარა – თავის ახლობელთან გაუწია რეკომენდაცია და დოდოც ჩვეულ საქმიანობას შეუდგა.
დამავიწყდა მეთქვა, რომ დოდოს თბილისში (უნივერსიტეტის გარდა) მუსიკალური ტექნიკუმი ჰქონდა დამთავრებული და კარგად უკრავდა და მღეროდა.
ახალ ოჯახში გადასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ჩემს დაქალს ჯოვანიმ დაურეკა, მოიკითხა და უთხრა, შენი მომზადებული სადილები მომენატრაო. დოდომაც, რადგან თავი დავალებულად მიაჩნდა ჯოვანისთან, უთხრა, როცა თავისუფალი დღე გექნებათ, მოვალ და რასაც გინდათ, იმას მოგიმზადებთო. დათქმულ დღეს ჯოვანიმ ყველა საჭირო პროდუქტი დაახვედრა, თვითონაც მიეხმარა და ერთად მოამზადეს ქართული საფირმო კერძები – ხინკალი და ხაჭაპური. ჯოვანიმ ვახშმად დარჩენა რომ შესთავაზა, დოდოს გაუკვირდა, მაგრამ, უარი არ უთხრა. გახარებულმა მასპინძელმა სასმელიც ამოიტანა და ძალიან რომანტიკული საღამო მოუწყო. ცოტა რომ დალია, დოდომ გადაწყვიტა, მადლობა ორიგინალური ფორმით გადაეხადა თავისი მასპინძლისთვის – პიანინოს მიუჯდა (სხვათა შორის, იტალიაში პიანინო ყველას არ აქვს, რადგან ინსტრუმენტი ძალიან ძვირი ღირს და ოჯახის მაღალი დონის გამოხატულებად ითვლება) და რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულა (ცხადია, თან უკრავდა და თან მღეროდა). ჯოვანი გაოცებული და აღფრთოვანებული უსმენდა დოდოს, მერე კი მივიდა მასთან, მის წინ მუხლი მოიყარა და ცოლობა სთხოვა. მიუხედავად იმისა, რომ დოდო გრძნობდა მისგან სიმპათიებს, ამას მაინც არ მოელოდა და დაბნეულობისგან ტირილი დაიწყო. ჯოვანიმ ეს თანხმობად ჩათვალა, მაშინვე გავარდა მეორე ოთახში, საიდანაც პატარა კოლოფით ულამაზესი ბეჭედი გამოიტანა და აცრემლებულ დოდოს თითზე გაუკეთა.
დღეს დოდო ჯოვანის დიდი სახლის დიასახლისია. მართალია, შვილი არ ჰყავთ, მაგრამ, ძალიან უყვართ ერთმანეთი. აქ რომ ჩამოვიდნენ, ჯოვანიმ მითხრა (ინგლისური ორივემ ვიცით), ყველა ჩემს მეგობარსა და ნათესავს შურს ჩემი, ასეთი ცოლი რომ მყავს. დოდომ მთელ ჩემს საახლობლოს შეაყვარა ქართველები და, ყველა ჩემი უცოლო მეგობარი მეხვეწება, შენს ცოლს გაუთხოვარი მეგობარი თუ ჰყავს, გაგვაცნოსო. მე ხუმრობით ვუთხარი, ერთ-ერთი მათგანი ამ წუთას შენ გელაპარაკება-მეთქი. ჯოვანის ისე გაუხარდა, ტაში შემოჰკრა და მაშინვე ტელეფონს ეცა. მერე კი, სანამ ნომერს აკრეფდა, მკითხა, შენც უკრავ და მღერიო? მე სიცილით დავუქნიე თავი, რადგან, მეგონა, რომ თვითონაც ხუმრობდა, მაგრამ, ეს ხუმრობა იმით დასრულდა, რომ მან თავისი უახლოესი მეგობარი დაპატიჟა თბილისში და უთხრა, სასწრაფოდ ჩამოდი, თორემ, შენთვის შერჩეულ ქართველ ქალს ხელიდან ამაცლიანო. მერე ტელეფონით გადაღებული სურათები მაჩვენა, სადაც მასთან ერთად ჩემი „საქმროც“ იყო. საკმაოდ ნორმალური კაცია, ქვრივი. ჩემი განათხოვრობა და ერთი შვილი, როგორც მერე გავიგე, მისთვის პრობლემა არ ყოფილა.
რამდენიმე დღეში ველით მთელი სამეგობრო იტალიელ სასიძოს. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, როგორ დასრულდება ეს ისტორია, მაგრამ, ჩემი მოსაწყენი და ერთფეროვანი ცხოვრება რომ შეიცვალა, აშკარაა. გამოგიტყდებით და, ერთი სული მაქვს, როდის ვნახავ ჩემს საბედოს.
ამ ასაკში თუ კიდევ გათხოვებას ვიფიქრებდი, ამას როგორ წარმოვიდგენდი.
ირინა, 44 წლის.
არ ვიცი, როდის შევძლებ მამის პატიებას
დედისერთა ვარ, ოჯახის ნანატრი ბიჭი, რადგან, დედის მხრიდანაც და მამის მხრიდანაც, ბიძებსა და დეიდა-მამიდებს, ყველას გოგოები ჰყავს. მამაჩემი ყოველთვის ძალიან ამაყობდა, ვაჟიშვილის მამა რომ გახდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც სიარული და ლაპარაკი დავიწყე, შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის არასდროს მოუცლია – არც მასეირნებდა, არც მეთამაშებოდა; უფრო რომ წამოვიზარდე, ვოცნებობდი, მამას ვეტარებინე სპორტზე, მომეყოლა მისთვის ბიჭური ამბები, მომხმარებოდა მეცადინეობაში... ერთი სიტყვით, კაცური ურთიერთობები მინდოდა, მაგრამ, სამწუხაროდ, ჩვენ ერთმანეთისთვის თავიდანვე უცხოები ვიყავით. რამდენჯერმე ვცადე კიდეც მასთან უფრო ახლოს მისვლა, მაგრამ, ისე უხეშად მომიშორა თავიდან, სურვილი აღარასოდეს გამჩენია, მამასთან რაიმე, თუნდაც ელემენტარული ურთიერთობა მქონოდა. დღესაც არ ვიცი, რატომ მექცეოდა ასე. დიდი თბილი და მზრუნველი არც დედის მიმართ ყოფილა, მაგრამ მე მთლად ეკლად ვესობოდი თვალში. კაცობაში რომ შევედი, უკვე ძალიან მაღიზიანებდა მისი საქციელი, მაგრამ, არასდროს არაფერი მიკადრებია, უბრალოდ, თავს ვარიდებდი. მერე, მუშაობა რომ დავიწყე, ავიჩემე, ბინა უნდა ვიქირაო და ცალკე გადავიდე საცხოვრებლად-მეთქი. დედა ძალიან განიცდიდა ამ ამბავს, არ უნდოდა ჩემი გაშვება და სულ ტიროდა, მაგრამ, მაინც თვითონ ჩამიწყო ბარგი, გამომყვა ჩემს ახალ ბინაში, იქაურობა დამიწკრიალა, სადილი დამიტოვა და წავიდა. თითქმის ყოველდღე მოდიოდა, ყველაფერს გამიკეთებდა და მიდიოდა ხოლმე. მამას ერთხელაც კი არ მოუკითხავს, ის კი არა, არც კი დაურეკავს, არც კი უკითხავს, რატომ წახვედი სახლიდანო. რამდენიმე წლის შემდეგ, ცოტა თანხას რომ მოვუყარე თავი, ჩემთვის ერთოთახიანი ბინის ყიდვა გადავწყვიტე, მაგრამ, ორივე ბაბუამ დამიმატა თანხა და კარგი სამოთახიანი ვიყიდე. დედას ძალიან უხაროდა, ქირა რომ აღარ უნდა მეხადა. ვეხვეწე, ჩემთან გადმოდი-მეთქი, მაგრამ, მამაჩემს ვერ ტოვებდა. მეუბნებოდა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც მიყვარსო, თუმცა, ჩემი აზრით, ეცოდებოდა, თან, რაღაცნაირი მონური მორჩილება ჰქონდა ქმრის მიმართ, რაც ძალიან მაღიზიანებდა, მაგრამ, ვერაფერს ვეუბნებოდი, რადგან, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა, ჩემთან ხალისიანი და მხიარული ყოფილიყო, ვხედავდი, როგორი სევდიანი და შეშინებული იყო მუდმივად. ათასში ერთხელ მივდიოდი ხოლმე მშობლებთან, უფრო ზრდილობის გამო. მამაჩემი ცალყბად მომიკითხავდა და თავის ოთახში გადიოდა. მერე მთლად ჩაიკეტა საკუთარ თავში, საერთოდ აღარავის ეკონტაქტებოდა, დედაჩემსაც კი. ბოლოს სმა დაიწყო, რამდენჯერმე „გარიაჩკაც“ დაემართა და ერთ დილას ვეღარ გაიღვიძა. დედამ ძალიან დაიტირა, ისე დავასაფლავეთ, როგორც წესი და რიგი იყო. ორმოცი რომ გავიდა, დედა ჩემთან გადმოვიყვანე, ის ბინა შევარემონტე და გავაქირავე. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ დედას შევატყვე, რომ შიში და ტკივილი გაუქრა თვალებიდან. მერე ცოლი შევირთე და შვილებს მიზრდიდა. რძალ-დედამთილი ძალიან შეხმატკბილებული ცხოვრობდა და ამით ბედნიერი ვიყავი, მაგრამ, არ მასვენებდა კითხვა: რატომ შემიძულა მამამ. ერთხელ კი დედას გადავეკიდე და ძლივს დავაცდენინე, რომ, თურმე, მე რომ გავჩნდი, დაახლოებით იმ პერიოდში მამაჩემის ძმაკაცის ცოლს სხვისგან გაუჩენია შვილი. იმ ძმაკაცს მერე გაუგია ამის შესახებ. ცოლი თავისი ბავშვიანად გაუგდია სახლიდან. მეგობრებში კი (მათ შორის მამაჩემიც იყო) უთქვამს სიმთვრალეში, არც ერთი ქალი არ არის სანდო; კაცმა არ იცის, გათხოვილი ქალები ვისგან აჩენენ ბავშვებს, ქმრებს კი თავიანთი შვილები ჰგონიათ და თან ჰყვებიანო. ეს სიტყვები ჩაუხვევია გულში მამაჩემს და, მართალია, ცოლისთვის არასდროს გაუბედავს, ასეთი ბრალდება წაეყენებინა, მაგრამ, ეჭვი მთელი ცხოვრება ტანჯავდა. ამ ეჭვის გამო გალოთდა და, საბოლოოდ, შეეწირა კიდეც ამ თავის ავადმყოფურ ეჭვებს.
ეს ამბავი რომ გავიგე, ძალიან შეურაცხყოფილი დავრჩი. დედაზეც გავბრაზდი – ასეთი საზიზღრობა როგორ მოუთმინე-მეთქი. მან კი მითხრა, რომ გავშორდებოდი, მთლად გაუბედურდებოდა, თან, წასასვლელიც არსად ჰქონდაო (ბინა დედაჩემის მშობლების იყო).
ძალიან მინდა, რომ დედას გავუგო, მაგრამ, არ შემიძლია. ვერაფრით მივმხვდარვარ, რატომ და როგორ უნდა გიყვარდეს ქმარი ასე ბრმად, რომ ყველაფერი აპატიო, ყველაფერი აიტანო და თან იქით შესციცინებდე თვალებში?!
წერილის ბოლოს კი ჩემს ცუდკაცობაში უნდა გამოგიტყდეთ: იმის მერე, რაც ეს ამბავი გავიგე, ვერაფრით ვაიძულე თავი, რომ მამის საფლავზე ავიდე და არც ვიცი, როდის შევძლებ მის პატიებას.
ირაკლი, 37 წლის.