ვის ჩაუტარა ჰიპნოზი მეტაფიზიკოსმა მალხაზ გველუკაშვილმა საკანში და რატომ იყო ის ციხის გამორჩეული პატიმარი
მეტაფიზიკოსი მალხაზ გველუკაშვილი ციხიდან ახალი წლის წინა დღეებში გათავისუფლდა. ბრალდებები, რომლებსაც მას უყენებდა გამოძიება, იმდენად მძიმე იყო, რომ, როგორც თავად ამბობს, ამ ბრალდებებით მინიმუმ გუანტანამოს ციხეში უნდა მოხვედრილიყო. ცნობილი მეტაფიზიკოსი, რომელიც ალქიმიასა და მეტალოგიკაზე მუშაობდა, არც ქვეყნის გადამტრიალებელს რომ არ ჰგავდა და არც სახელმწიფო ტერორისტს, ეს ყველასთვის ნათელი იყო, ამიტომაც, გუანტანამოს ნაცვლად, გლდანის ციხეში „გაამგზავრეს” ხუთი წლით. იქ გატარებულ პატიმრობის წლებს, ჩვენი რესპონდენტი დღეს ექსკლუზიურად უამბობს „თბილისელებს“.
მალხაზ გველუკაშვილი: პატიმრობიდან ვადაზე ადრე გათავისუფლების მექანიზმით გავთავისუფლდი, მაგრამ, პოლიტიკური ამნისტიაც შემეხო. ორი კვირით დავასწარი ამნისტიას. პრობაციის სამსახურმა დღეს გამიუქმა პრობაცია და პოლიტიკური პატიმრის საბუთი მომცა. დარჩენილი ერთი წელიც რომ ციხეში გამეტარებინა, პრობლემა არ იყო. რაღაცნაირად, თითქოს შევეჩვიე კიდეც ჩემს მდგომარეობას. ჩემზე ამბობდნენ, ნერვი არ აქვს, ფეხებზე ჰკიდია ყველაფერიო. ემოცია არ მქონია მთელი ოთხი წლის განმავლობაში, მაგრემ, რაც გავთავისუფლდი, მას მერეა „ცუდად” ჩემი საქმე (იცინის). ეტყობა, ორგანიზმში ფიზიკურად შეიცვალა ბევრი რამ, თორემ, სულიერად ჩემი „წაშლა” შეუძლებელი იყო. 51 წლის ვიყავი, როცა დამიჭირეს. თითქმის მთელი ცხოვრება გავლილი მქონდა. წყნარი და მშვიდი ცხოვრება არასდროს მქონია, ყოველთვის სირთულეებს ვეძებდი და ციხე მე ვერ გამტეხდა. კონფლიქტიც კი მომივიდა ციხეში იმის გამო, რომ კარცერში წაყვანას ვითხოვდი. ყველაფერზე ჭიჭყინებდნენ: წვერზე, დღისით დაძინებაზე, რაც ბოლო ერთი წელი აკრძალული იყო. მე ვწვებოდი დღისით. შემომძახებდნენ ხოლმე საკანში – სული ამოგძვრება ამდენი ძილითო. ეს ადმინისტრაციისთვის მიუღებელი იყო, წესების დარღვევად ითვლებოდა, მაგრამ, მაინც არ ჩავყავდი კარცერში. პატიმრობის ოთხივე წელი გავატარე „ბ“ სექტორში. ეს ყველაზე მძიმე სექტორია, იქ მარტო კრიმინალებს ათავსებენ. მაგრამ, იმ კრიმინალებსაც რომ ვუყურებდი, არც მთლად ისეა საქმე, როგორც ესენი უთხზავდნენ. ბევრი ისეთი პატიმარიც ვნახე, არაფერი რომ არ დაუშავებია. მათ საქმეებს რომ ვკითხულობდი, ვხარხარებდი, იმ დონეზე სასაცილოდ ჰქონდათ შეთხზული ბრალდება. ხელისუფლებისთვის დაუმორჩილებლები იყვნენ და იმიტომ მოხვდნენ იქ. „ბ“ სექტორზე იყო ზედგამოჭრილი „ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა”, ბევრი ნიკოლსონის პერსონაჟი იჯდა ჩემს გვერდით. ჩვენს კამერას ჩემ გამო ბოლოს „აკადემიას“ ეძახდნენ. რვა კაცი იყო კამერაში, ყველა იცვლებოდა, მხოლოდ მე ვიყავი ¹123 საკნის უცვლელი ბინადარი, ბოლოს, როცა სიტუაცია შეიცვალა, მე თვითონ მოვითხოვე და „ე“ სექტორში გადავედი, რომელიც „ბ“ სექტორთან შედარებით სამოთხე იყო. „ბ“ სექტორი ციხეც კი არ იყო – საგიჟეთსაც ჰგავდა, „კონცლაგერსაც“. ციხეში ყველაზე დიდი ალბათობაა, გაგიჟდე, მაგრამ, მე ამის არ მეშინოდა, რადგან, ყველაზე ადვილად ვლავირებ გიჟებთან. ბავშვობიდან ისეთი თემებით ვიყავი დაინტერესებული, ძალიან მყარი ფსიქიკა მაქვს. ძალიან ემოციური ვარ და, მე თუ ავფეთქდი, ადამიანებს საქმე ცუდად მისდით. ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი და, ამიტომაც, ცოტა მეტად ვცდილობ ემოციების მოთოკვას. ეს ციხემაც მასწავლა.
– ბრალდებები, რითაც დაგაკავეს, ძალიან მძიმე იყო: სახელმწიფო გადატრიალების შეიარაღებული მცდელობა, ტერორიზმი... ნაწილობრივ, აღიარეთ კიდეც დანაშაული.
– ის ჩვენება იმ სამ დღეში იყო გაკეთებული, რომელიც არ მახსოვს. ჩემთან რომ შემოდიოდნენ გურჯიევზე და სენჟერმენზე მელაპარაკებოდნენ, რა უნდა მეღიარებინა? სპეციალურად იყვნენ მომზადებულები ჩემთან საუბრისთვის. ოც წუთზე მეტხანს არც ერთი გამომძიებელი არ მიჯდებოდა სასაუბროდ, პანიკაში იყვნენ. ერთ-ერთმა თანამშრომელმა ბადრაგებს უთხრა: ფრთხილად იყავით, თვალებში არ უყუროთ, დაგაზომბებთო. ჩემს გონებაში წაიშალა პატიმრობის პირველი სამი დღე – არ მახსოვს არც ერთი დაკითხვა. როცა „კაპეზეზე“ მიმიყვანეს, თავი მტკიოდა და ციტრამონი მოვითხოვე. ორი აბი დავლიე, მაგრამ, ალბათ, რამე დამალევინეს, თორემ, ციტრამონი არაფერს მიზამდა. როგორც ამბობენ, იმ დღეებში არაადეკვატური ვიყავი, საერთოდ არ მახსოვს არაფერი. ამათ ჩემ წინააღმდეგ რამე რომ ჰქონოდათ, ამ ბრალდებებით, სულ მცირე, გუანტანამოს ციხეში უნდა წავეყვანე (იცინის). ორი ისეთი მუხლი მქონდა, მინიმუმ 28 წლიდან იწყებოდა პატიმრობის ათვლა. მე ხუთი წელი მომცეს, თან, ჩემი ხმაც არ დაემთხვა ექსპერტიზის დროს იმ ხმას, რომელიც ფარულ ჩანაწერში ისმოდა. ნახევარმილიონიანი აპარატიც გაფუჭდა ჩემი ხმის იდენტიფიკაციის დროს, რასაც მერე დიდი ამბები მოჰყვა. პრაქტიკულად, არაფერსაც არ მაბრალებდნენ, თვითონაც არ სჯეროდათ არაფრის. მთავარი იყო ჩემი „ჩაკეტვა”, იზოლაცია, რადგან, წლების განმავლობაში არ შევეკარი ნაციონალებს, რისი მცდელობაც ძალიან ხშირად იყო. როდესაც დამაკავეს და ვანო მერაბიშვილის კაბინეტში მიმიყვანეს, იქ იყო ახალაიაც. ვანო მერაბიშვილმა ვისკი გამიხსნა – არ დავლევო, არ ვარ დალევის ხასიათზე-მეთქი, ვუთხარი. ახალაიამ ყავა მომიტანა. მერაბიშვილმა მკითხა, ჩემს ფსიქოტიპზე რატომ არაფერი დაწერეო. გამეცინა და ბევრი რამ ვუთხარი პირისპირ. მერე მითხრეს: იცი, რა გემუქრება, თუ არ ითანამშრომლებ ჩვენთანო? მე ვუთხარი: რამდენიც არ უნდა მომცეთ, მაქსიმუმ 2013 წლამდე გარეთ ვიქნები-მეთქი. ორივე ხომ ცოცხლები არიან, კიდევ ჩემთვის უცხო რვა კაცი ესწრებოდა ჩვენს საუბარს. ეგ როგორო, – მკითხეს. 2013 წლის შემდეგ თქვენ აღარ იქნებით ხელისუფლებაში, ასე რომ, მომისაჯეთ, რამდენიც გაგიხარდებათ-მეთქი, – ვუპასუხე. ამის მეტი ჩვენ შორის არაფერზე ყოფილა საუბარი. ძალიან კეთილგანწყობით მექცეოდნენ. როგორც მერე გავიგე, ვანო მერაბიშვილს ჩემი გაშვებაც უნდოდა იმ ღამესვე, მაგრამ, თურმე, ადეიშვილმა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა და ამიტომაც მომისაჯეს ხუთი წელი. ძველმა ხელისუფლებამ, რომელსაც, ვატყობ, ლინჩის წესით გასამართლება არ ასცდება, თუმცა, მე მაინც კანონის ფარგლებში მათ დასჯას ვამჯობინებ, პასუხი უნდა აგოს ყველა იმ დანაშაულზე, რაც ჩაიდინა, რომ სხვა ხელისუფლებებს აღარ გაუჩნდეთ უკანონო ქმედებების სურვილი. რა მინდოდა მე პოლიტიკაში?! ვიყავი ჩემთვის, ვაკეთებდი ჩემს საყვარელ საქმეს, მქონდა ოჯახი, მოდიოდნენ ჩემთან ჩემი მეგობრები: მეცნიერები, ფიზიკოსები, მათემატიკოსები. ვსაუბრობდით სამყაროს კანონებზე, მეცნიერებებზე... მაგრამ, როგორც კი გამოვდიოდი გარეთ და ვხვდებოდი ადამიანებს, ვხედავდი, რომ ბედნიერი სახით კაცი არ დადიოდა, ეს ჩემში საოცარ პროტესტს იწვევდა, რასაც შემდეგ ჩემი პოლიტიკური აქტივობა მოჰყვა სხვადასხვა გადაცემაში მონაწილეობითა და მწვავე განცხადებებით. მე არ ვიცი, ვისთვის რა არის საქართველო, მაგრამ, ჩემთვის საქართველო არც კავკასიონის ქედია და არც ალაზნის ველი, რომელიც, შესაძლოა, სხვაზე მეტადაც კი მიყვარდეს. ჩემთვის საქართველო არის ქართული ენა და ადამიანები, რომლებიც ძალიან მძიმე დღეში ჩაყარა ნაციონალურმა ხელისუფლებამ. ამიტომაც იყო ჩემთვის მთავარი ამ ხელისუფლების შეცვლა და ცხოვრება ისეთ ქვეყანაში, სადაც ხალხს ღიმილიანი სახე აქვს.
– როგორ შეგხვდნენ ციხეში პატიმრები? როგორც ამბობენ, განსაკუთრებული პატიმრის სტატუსი გქონდათ. იმასაც ამბობდნენ, რომ პატიმრებს აჰიპნოზებდით, რის გამოც თქვენი ეშინოდათ. იყო ასეთი შემთხვევები?
– ციხეში ამ თემებზე მუშაობის სიტუაცია არ არის. მედიტაციას რომ აკეთებ, უნდა გაითიშო, ეს კი საკანში, სხვა ადამიანებთან ერთად, შეუძლებელია. ვაკეთებდი ისეთ მედიტაციებს, რაც ფიზიკური ფორმის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. იყვნენ ისეთებიც, ვინც თვითონ მოდიოდნენ ჩემთან და მთხოვდნენ, მელაპარაკა მათზე. ერთს ჩავუტარე ჰიპნოზი მისივე თხოვნით, მაგრამ, ეს ძალიან მარტივი ფორმით მოხდა. თავიდან, როცა საკანში შემიყვანეს, პატიმრები აზრზე არ იყვნენ, ვინ ვიყავი. საკანში ლადო ბედუკაძემ შემიყვანა. ჩემთვის კუთხის ქვედა საწოლი იყო გამზადებული, „ქურდულს” რომ ეძახიან. ლადოს ისეთი თანამდებობა ჰქონდა, ფაქტობრივად, ყველაფერს ის აკონტროლებდა. არ მინდა, მასზე ზედმეტი ვთქვა რამე, მაგრამ, მე რაც ვნახე, პატიმრებს ძალიან ეხმარებოდა. არ დაგიმალავთ და გეტყვით, რომ ყავის დალევის საშუალებასაც მაძლევდა, რის გარეშეც გაძლება ძალიან მიჭირდა. ლადო ახერხებდა, რომ საკანშიც შემოეწოდებინა ცოტაოდენი უნალექო ყავა. მე არც მქონდა პრობლემები არავისთან, ხელშეუხებელი ვიყავი – კარანტინშიც კი არ ვყოფილვარ. საკანში შესულმა ვუთხარი ჩემს თანამოსაკნეებს: რომ იცოდეთ, ბინ ლადენი ვარ-მეთქი. ცოტა ხანში ჩემი პირობაც წავაყენე: მე ნურავინ შემეხება, გინდ ქურდები იყავით და გინდ შავები-მეთქი. არც მე ვარღვევდი ეტიკეტს და არც სხვას ვაძლევდი ამის უფლებას. ზოგი ისეთიც იყო ჩემს საკანში, მათთან ურთიერთობა მეც მომწონდა. სალექციო კურსებიც კი მქონდა საკანში როგორც მეტაფიზიკაზე, ასევე, სხვა საინტერესო თემებზე.
ახლა ერთ ისტორიას მოგიყვებით: ერთ დღეს ლადო ბედუკაძემ მითხრა, ერთ კაცს შენთან უნდა გადმოსვლა და პრობლემა ხომ არ გაქვსო? არა-მეთქი, – ვუპასუხე. ეს კაცი იყო გიორგი ლომია – ადამიანი, რომელმაც ციხის ცნობილი კადრების გადაღება უზრუნველყო. მას 200 ათასი გადაახდევინეს, რომ ციხიდან გამოეშვათ. გიორგი განათლებული, კულტურული კაცი იყო, სპორტული ფედერაციის თავმჯდომარე და ტაიბოქსის ოსტატი, სხვადასხვა შეჯიბრებაში გამარჯვებული. მასთან ურთიერთობა ძალიან საინტერესო იყო ჩემთვის. ჩვენ ბევრს ვსაუბრობდით პოლიტიკურ სიტუაციებზე, ვარჩევდით თითოეულ პიროვნებასა თუ სიტუაციას მეტალოგიკის კანონებითა და მათემატიკური წყობებით. მე ვამბობდი: ერთადერთი შანსი, რომ ეს ყველაფერი დაირღვას და დამთავრდეს, სიტუაცია შიგნიდან უნდა გატყდეს-მეთქი. ეს ხდებოდა 2010 წლის დასაწყისში. გიორგიმ ძალიან ბევრის ცხოვრება, საქართველოს ცხოვრება შეცვალა. ციხიდან გამოსულმა, გააკეთა ყველა ის კადრი, რომელიც მთელმა საქართველომ ნახა, მან უზრუნველყო იმ ვიდეოთვალით გადაღება, რომელიც დაიმაგრა ბიჭმა ქამარზე და გადაიღო კარანტინის დაშლა. თავისი სახსრებით და სხვათა დახმარებით, გიორგიმ შეძლო ამ კადრების გატანა უცხოეთში, მან თავისი გასაკეთებელი გააკეთა და ბევრი ადამიანი იხსნა.
– თქვენ იცოდით ამის შესახებ?
– მე ვიცოდი, რომ მსგავსი რაღაც უნდა გაკეთებულიყო, მაგრამ, არ ვიცოდი რა გზით გაკეთდებოდა. ლადო ბედუკაძის „დაკერვა” გიორგიმ ციხიდანვე დაიწყო. მან დიდი როლი შეასრულა იმ ყველაფერში, რაც საქართველოში მოხდა. ახლა ეს დეტალები დასამალი აღარაა, ამ ყველაფერზე საუბარი გიორგის პრეროგატივაა და არა ჩემი, თუმცა მე მას ვუთხარი, რომ, ვაპირებ, გავხსნა კარტები-მეთქი. გიორგიმ, პრაქტიკულად, გრაფი მონტე კრისტოს როლი ითამაშა, მე კი დამცინიან – შენ აბატი ფარია იყავიო? არ მინდა აბატი ფარიობა, ის მოკვდა, მე კი ცოცხალი ვარ და ვიქნები (იცინის).
– პატიმრობის დროს ახერხებდით მეტაფიზიკასა და თქვენს სხვა თემებზე მუშაობას?
– მე პატიმრობის დროს დავრწმუნდი ჩემი ბევრი თეორიის სიზუსტეში. საკანში ვმუშაობდი, რაღაცეებს ვწერდი, მაგრამ, ერთ დღეს, როცა საკანში არ ვიყავი, ციხის ოფიცერმა დახია ჩემი ჩანაწერები: წავიკითხე, ვერ გავიგე და დავხიეო, არადა, ჩანაწერების უმეტესობა მოთხრობები და ლექსები იყო. სამოცამდე ლექსის გამოგზავნა მაინც მოვასწარი. ასევე, გაკეთებული მქონდა მეტალოგიკის მონახაზები, რაზეც წიგნის დაწერას ვაპირებ – ეს იქნება პირველი წიგნი მეტალოგიკაზე დღევანდელ სამყაროში, რაც, პრაქტიკულად, თანამედროვე კვანტური ფიზიკის საფუძველია.
– ციხიდან გათავისუფლების შემდეგ როგორ მიდის თქვენი ცხოვრება?
– ციხეში გატარებული მთელი ოთხი წელი იყო ერთი დიდი დღე. მე სხვა სამყაროში ვცხოვრობდი და ამის გამო ვარ ახლა ცუდად. ციხიდან რომ გამოვედი, პირველ ღამეს, რბილ საწოლზე არ დამეძინა, ახლაც ვერ ვიძინებ ღრმად, ისე შევეჩვიე ფხიზელ ძილს, მუდმივ კონტროლზე რომ უნდა გქონოდა ყველაფერი. ახლა მოვეშვი და უცებ „დამარტყა” ყველაფერმა. გარეთ გამოსულს მამა გარდაცვლილი დამხვდა; დედამ მნახა და გაითიშა კიდეც – იმ დღეს დაკარგა მხედველობა და მეტყველება. გარეთ გამოსულს კარგი რაც დამხვდა, ახალდაბადებული შვილიშვილია. ახლა ჩემთვის მთავარია აღვიდგინო ჯანმრთელობა და მივხედო საქმეს: სამი წიგნი მაქვს დასაწერი, რომელთაგანაც ერთი იქნება თანამედროვე ალქიმიაზე. ჯერ არ ვიცი, როგორ დავარქმევ ჩემს წიგნს, რომელიც ცნობიერების ტრანსფორმაციაზე იქნება. მყავს მოწაფეები, რომლებიც ძალიან მაგრები არიან და მათთან ერთად „ჩავუჯდები”. დარწმუნებული ვარ კარგი წიგნების გაკეთებას შევძლებ. სხვათა შორის, ციხეში შემომიტანეს წიგნი, რომელშიც წავიკითხე, რომ ყველა მეტაფიზიკოსი, თვით სენჟერმენით დაწყებული, სხვადასხვა ასაკში, ციხეში პოლიტიკურზე მოხვდნენ, ასე რომ, ტრადიცია არც ჩემს შემთხვევაში არ დარღვეულა (იცინის).