რატომ ცხოვრობს თენგიზ კიტოვანი ტყეში მარტო და ვის არ გაჰკარებია ის ოცი წელი
თენგიზ კიტოვანი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა ნაციონალურ ხელისუფლებას გარიდებულ ექსჩინოვნიკებს შორის, ვინც თბილისში რამდენიმეწლიანი „პაუზის” შემდეგ დაბრუნდა. შვიდი წლის შემდეგ ნანახი თბილისი, თურმე, არ მოეწონა და სახლში დარჩენას ისევ იქ წასვლა არჩია, სადაც ის ბოლო წლებია, ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, თავს საკუთარი ნახატების გაყიდვით ირჩენს, თუმცა ის მაინც არ გამიმხილა, რას ხატავს მოსკოვიდან 60 კილომეტრში, ტყეში, ქართული თავდაცვის ექსმინისტრი.
თენგიზ კიტოვანი: თბილისში საახალწლოდ ჩამოვედი, აქამდე არ მიშვებდა მიხეილ სააკაშვილის რეჟიმი, რომ თბილისში ჩამოვსულიყავი. ბოლოს შვიდი წლის წინ ვიყავი საქართველოში, მენატრებოდა მანდაურობა – შვიდი წელი ცოტა დრო ხომ არაა! მთელი ოჯახი მელოდებოდა: მეუღლე, შვილები, შვილიშვილები. რაც მე მანდ არ ვყოფილვარ, 6 შვილთაშვილი გაჩნდა ჩვენს ოჯახში. ბავშვი – ბავშვია, იცოდნენ, ბაბუა ჩამოუვიდათ და უხაროდათ, „ბაბუ, ბაბუს“ მეძახდნენ სულ. მესიამოვნა მათი ჟრიამული.
– აქამდე რატომ არ ჩამოხვედით საქართველოში, ხელისუფლების შეცვლას ელოდით?
– ადრეც მინდოდა ჩამოსვლა, მაგრამ, პასპორტი ჩამომართვეს. ვადაგასული პასპორტი გამოსაცვლელად მივიტანე საკონსულოში და ოთხი წლის განმავლობაში არც ძველი პასპორტი დამიბრუნეს და არც ახალი მომცეს. ახლა ყველა საბუთი წესრიგში მქონდა, რომლითაც შემეძლო საქართველოში ჩამოსვლა. ადრე სააკაშვილის ხალხი ელოდა, რომ მე უპასპორტოდ და უსაბუთოდ გადმოვკვეთდი საზღვარს – ეს იყო მაგათი ოცნება, მაგრამ, არ ავუსრულე ეს ოცნება. ახლა, როგორც კი ჩამოვედი, სააკაშვილი ტელევიზიით გამოვარდა: კიტოვანი ჩამოვიდაო და ჩვეული მანერით ბოდიალი დაიწყო, მაგრამ, მე მაგას არ ვუსმენ.
– ასე მალე რატომ წახვედით საქართველოდან?
– საქმეები მაქვს მოსკოვში, დიდხანს ვერ მივატოვებდი. თითქმის ერთი თვე დავრჩი თბილისში, მეტი რაღა მინდოდა. ჩემი მეგობრებიც ვნახე – ისინი, ვინც ცოცხლები დარჩნენ. მათგან ზოგი ჩემი გაზრდილია. ეს რა ვნახე თბილისში – დაუმახინჯებიათ ქალაქი, ხე აღარ დგას, ყველაფერი მოუჭრიათ. ამ ქალაქის სილამაზე მისი სიმწვანეც იყო. არ მომეწონა ის, რაც ვნახე ქუჩებში – როგორ გაუკეთებიათ ეს გადასასვლელები. მოსკოვში ქალაქი რომ არ დაამახინჯონ, მიწისქვეშა სამუშაოებით აკეთებენ ყველაფერს. გავგიჟდი გმირთა მოედანზე, არაპროფესიონალურად არის გაკეთებული, არქიტექტორი არ ჰყავდათ?
– იმაზე ლამაზი ნამდვილად არის თბილისი, ომის შემდეგ რომ დაუტოვეთ საქართველოს.
– ომის მერე სხვანაირად როგორ იქნებოდა?! ყველა ომს ეგ მოსდევს, თქვენ ის თქვით, ის ომი რომ არ მომხდარიყო, დღეს არაფერი არ იქნებოდა. საქართველოში მანანა არჩვაძის გამგებლობა იქნებოდა, არც შევარდნაძე მოვიდოდა, არც სააკაშვილი და არც არავინ. იმ ომმა საქართველო ბევრ რამეს გადაარჩინა, სხვა გზას დაადგა. ომის გარეშე არაფერიც არ ხდება, აბა, ვარდების რევოლუცია იყო, ყველაფერი რომ გარიგებული აღმოჩნდა?!
– მოსკოვში როგორ ცხოვრობთ?
– მოსკოვთან ახლოს, 60 კილომეტრში ვცხოვრობ, პატარა ხის სახლი მაქვს ტყეში. ძალიან კარგად ვარ, ესეც მყოფნის. ახლა თბილისში რომ ვიყავი, ვნახე, ოთხსართულიანი სახლები აუშენებიათ ვიღაც-ვიღაცეებს, გავგიჟდი.
– არც თქვენ არ იყავით ღარიბი კაცი თბილისში.
– მე ვიყავი მხატვარი. რაც მამაჩემმა დამიტოვა იქ ვცხოვრობდი, მეტი არაფერი შემიმატებია იმ სახლისთვის. იმ სახლის მეტი რომ არაფერი მაქვს, ყველამ კარგად იცით. იქაც 18 სული ვცხოვრობთ. ჩემზე ვერავინ იტყვის, რომ სახელმწიფოს ჯიბეში ხელი ჩავყავი და ფული წავიღე. ორი წელი იძიებდა შევარდნაძე ჩემს საქმეს, მაგრამ, ვერაფერი ვერ ნახა. ბოლოს ანზორ ბალუაშვილმა მაკოცა და მადლობა გადამიხადა – რა წესიერად გიცხოვრიაო. მე ვაჭრობის მინისტრი კი არ ვიყავი, რომ ფული მეშოვა, თავდაცვის მინისტრი ვიყავი. არ ვიცი, ჩემზე რატომ ხართ ჟურნალისტები ასე გამწარებულები?! რატომ სხვებს არ ეკითხებით, იმხელა სახლები როგორ ააშენეს? ოცი წელია, მანდ არავის გავკარებივარ და მაინც კიტოვანს უჩიჩხინებთ.
– ახალ ხელისუფლებასთან გაქვთ კონტაქტები?
– არა, არავითარი კავშირი არ მაქვს, არც ბიძინას არ ვიცნობ, მაგრამ, მინდა, რომ ყველაფერი და ყველა კარგად იყოს. ახალ ხელისუფლებას ერთი იმას კი ვეტყოდი, რომ, თუ დასაჭერია კაცი დაიჭირონ და 24 საათში დაუმტკიცონ დანაშაული. რუსებს ჰყავდათ ერთი მინისტრი, 24 საათში არკვევდა, კაცი დამნაშავე იყო თუ არა, ხალხს ყველა დროში ბეზრდება ასეთი ხმაურიანი დაჭერები.
– მოსკოვში მარტო ცხოვრობთ?
– სახლში მყავს კავკასიური ნაგაზი. ახლა თბილისიდან წამოვიყვანე ჩემი შვილი – ნათია, მოუნდა მამასთან ცხოვრება და იქნება ჩემთან. აქამდე მარტო ვიყავი, ამ ტყეში ვინ წამოვიდოდა ჩემთან საცხოვრებლად?! ადრე ჩემი ცოლი ჩამოდიოდა ხოლმე, მერე, სიტუაცია რომ აირია, გაჭირდა იქით-აქეთ სიარული, ვიზების მიღება და ამიტომაც დარჩა ჩემი ცოლი თბილისში. კარგად ვარ მარტო, მოსკოვში ჩავდივარ ხოლმე ხშირად. ხანდახან მეგობრებს ვიღებ სტუმრად – იმათ ვისაც ვუყვარვარ. სუფრებს არ ვშლი, არ მიყვარს დალევა. მარტო ცხოვრებას შევეჩვიე, ეს კარგია ხატვისთვის. ხშირად ვხატავ. აქ, სახლშიც, ბევრი ნახატი მაქვს. თბილისშიც ჩამოვიტანე ჩემი ნახატები – შეგიძლიათ, მიბრძანდეთ სახლში და ნახოთ.
– ყიდით ნახატებს?
– დიახ, ვყიდი. არც ერთი ნახატი არ ღირს 25 ათას დოლარზე ნაკლები. აბა, როგორ ვიცხოვრებ, აქ ბანკებს კი არ ვძარცვავ.
– მოსკოვში ბევრი ქართველი ცხოვრობს. გაქვთ მათთან კონტაქტი?
– არავისთან არ მაქვს ურთიერთობა. ადრე შემომთავაზეს გაერთიანებებში გაწევრიანება, მაგრამ არავისთან დამიჭერია საქმე. თან აქაური ქართველების 80 პროცენტი არასწორად ცხოვრობს და მათთან არ მინდა ურთიერთობა. მე მაქვს ახლო კავშირი ზურაბ წერეთელთან – ჩვენ ახალგაზრდობიდან, აკადემიის წლებიდან ვმეგობრობთ. მე ზურაბი ძალიან დამეხმარა, როცა მოსკოვში ჩამოვედი, დამეხმარა როგორც ფინანსურად, ისე მორალურად.
– ახლა იყავით მასთან გამართულ მიღებაზე?
– ეს ძალიან კარგი ამბავია, რომ რუსეთთან ასე თბება ურთიერთობა. ამ ქვეყანამ საქართველოს ბევრი სიკეთე გაუკეთა ერეკლეს დროიდან დაწყებული, მაგრამ, მიხეილ სააკაშვილმა ყველაფერი გააკეთა, რომ ურთიერთობა გაეფუჭებინა. ყველაფერი ინგლისურზე რომ გადაიყვანა, უნდოდა, საქართველო დასავლურ ქვეყნად გადაექცია, მაგრამ, არ გამოუვიდა. ჩვენ მაინც, ასე თუ ისე, აზიელები ვართ და ასე დავრჩებით.
– თბილისში როდის აპირებთ დაბრუნებას?
– არ ვიცი, წინასწარ ვერ გეტყვით. ალბათ, ჩამოვალ, მაგრამ, როდის – ეს ბევრ რამეზე იქნება დამოკიდებული. იმას კი გეტყვით, რომ საცხოვრებლად ჩამოსვლას ჯერჯერობით არ ვაპირებ.