კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რამ შეცვალა ქეთი ქემოკლიძის ცხოვრება და როგორ გახდა ის კარლოს საურასა და პლასიდო დომინგოს ახლობელი, საყვარელი ადამიანი

ქეთი ქემოკლიძე წლების წინათ წავიდა უცხოეთში და დღეს იქ ოპერის ცნობილი მომღერალია. ის ვენაში ცხოვრობს და მოღვაწეობს. მან საოპერო სცენაზე, ისეთ წარმატებებს მიაღწია, რომ მსოფლიო საოპერო ვარსკვლავების სიმპათია დაიმსახურა. ქეთის ცხოვრებაში წელს ბევრი სასიამოვნო სიახლე მოხდა და იმედია, მომავალი წელიც არანაკლებ წარმატებული იქნება მისთვის. ნოსტალგიური ბუნების მიუხედავად, სამშობლოდან შორს მაინც ბედნიერია. უამრავი მიწვევაც აქვს და საყვარელი მეუღლეც ხშირად ანებივრებს. ის ძალიან ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანია, რის გამოც სხვადასხვა ქვეყნის თეატრების დიდ სცენებზე სიამოვნებით იწვევენ. ქეთიმ მონაწილეობა მიიღო პლასიდო დომინგოს „ოპერელიაში”. დიდმა მაესტრომ ის თავად დააჯილდოვა პრიზით და მისი სტიპენდიანტიც გახდა. ქეთი დღეს მის გვერდით არაერთ პარტიასაც ასრულებს. ქართველი მომღერლის ნიჭიერება ცნობილმა ესპანელმა კინორეჟისორმა კარლოს საურამაც დააფასა და ათამაშა ფილმში „მე, დონ ჯოვანიში“. საურამ მას ადრიანა ფერარეზეს როლი ანდო. ასე რომ, ქეთევანმა თავისი ნიჭიერებით, სილამაზითა და მონდომებით არაერთი ცნობილი უცხოელი ვარსკვლავი მოხიბლა, უამრავი თაყვანისმცემელი გაიჩინა და თვით პლასიდო დომინგოს ერთ-ერთი რჩეული მომღერალი გახდა.

ქეთი ქემოკლიძე: ევროპისა და ამერიკის საოპერო სცენებზე დაახლოებით ოცამდე პარტია მაქვს ნამღერი და ამით ძალიან ამაყი ვარ. თუმცა, გამოგიტყდებით და, საკუთარ ქვეყანაში გაცილებით ემოციურად, სიამოვნებითა და პასუხისმგებლობით ვმღერი. ამჟამად, ვენაში ვცხოვრობ, ჩემი მეუღლის სამსახურიდან გამომდინარე გადავედი ამ ულამაზეს ქალაქში. ბედნიერი ვარ, რომ გამიმართლა როგორც პროფესიულ, ისე პირად ცხოვრებაში. მართალია, სულ მოგზაურობაში ვარ, მაგრამ, თქვენ წარმოიდგინეთ, ისე მიყვარს ჩემი საქმე, დაღლას ვერც ვგრძნობ. ძალიან შთამბეჭდავია ბევრი ქვეყნისა და ქალაქის ნახვა, საინტერესო ხალხის გაცნობა და მათთან ურთიერთობა. წინა ახალ წელს ქალაქ გრაცში, ავსტრიაში შევხვდი, სადაც ვმღეროდი ვერდის ოპერა „ნაბუკოში“. ამას მოჰყვა ვენეცია, სადაც ჩემი სპექტაკლები ცნობილ ვენეციურ კარნავალს დაემთხვა და ის დღეები არასდროს დამავიწყდება. ვენეცია ხომ თავისთავად ზღაპრული ქალაქია. მის ქუჩებში მოსიარულე სხვადასხვა საკარნავალო კოსტიუმში გამოწყობილი ხალხის გვერდით რომ დავდიოდი, მერწმუნეთ, სხვა სამყაროში მეგონა თავი. ორი თვის განმავლობაში მანქანა არ მინახავს თვალით, მარტო ფეხით ან გონდოლებით მიწევდა გადაადგილება. ვენეციას მოჰყვა ბარსელონა, შემდეგ – კვლავ ავსტრია, მერე ვაშინგტონი და ამის შემდეგ გავემგზავრე ირლანდიაში ვექსფორდის ფესტივალზე. არასოდეს დამავიწყდება ბერლინში გამართული საქველმოქმედო საღამო, სადაც მე ვიმღერე. იქ ბილეთის ფასი 500 ევროდან იწყება და მთელი გერმანული ელიტა, პოლიტიკური ფიგურები ესწრებოდნენ ამ კონცერტს. ასე რომ, ყველა ქალაქთან განსაკუთრებული მოგონებები მაკავშირებს და ვერც ერთს განსაკუთრებულად ვერ გამოვყოფ. 

– მსოფლიოში ცნობილი რეჟისორის, კარლოს საურას ფილმში თამაშობ. ეს ფილმი არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე წარადგინეს. როგორ დაგამტკიცეს როლზე?

– სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი კარლოს საურას ფილმის „მე, დონ ჯოვანის“ ქასთინგზე. ქასთინგი გავიარე და ადრიანა ფერარეზეს როლზე დამამტკიცეს.. ვის მიხედვითაც შეიქმნა მოცარტის „დონ ჯოვანში“ დონა ელვირას სახე. გადაღებები მიმდინარეობდა რომში, ოპერატორი კი ოსკაროსანი ვიტორიო სტორარო გახლდათ. ის დღეები დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერა ჩემი ცხოვრების დღიურში. ფილმმა  გამარჯვება მოიპოვა ტორონტოსა და რომის საერთაშორისო კინოფესტივალებზე. სამწუხაროდ, მე ვერ გავიარე წითელ ხალიჩაზე, რადგან იმ დროს პრემიერა მქონდა ვექსფორდის საერთაშორისო ფესტივალზე.  

– პრემიერები, სპექტაკლები, რეპეტიციები, გასტროლები... როგორ ეგუება ყოველივე ამას შენი მეუღლე? 

– მიუხედავად დატვირთული დღის რეჟიმისა, ქმარ-შვილისთვის დრო სულ მრჩება. მიყვარს, როცა დაღლილი მოვდივარ და მერე სახლის საქმეებს ვაკეთებ. არავინ მყავს დამხმარე, თავად ვუვლი პატარა ოჯახს. ერთი სიტყვით, მიყვარს დიასახლისობა და მერე იმის მოსმენა, სამსახურიდან მოსული დაღლილი მეუღლე რომ მეტყვის, ეს რა გემრიელი საჭმელი დამახვედრეო (იცინის).

– ალბათ, შვილის დაბადებამ, საერთოდ შეცვალა შენი ცხოვრება და სამომავლო გეგმები? 

– ჩემი შვილი, ლუკა, ახდენილი ოცნებაა. რასაკვირველია, ბავშვმა სრულიად შემიცვალა ცხოვრების რიტმი და იმის გამო, რომ ხშირი მოგზაურობა და ცვლილებები გვიწევს, ყველანაირად ვცდილობ, სანიმუშო დედა ვიყო. ერთი კვირისას უკვე პასპორტი ჰქონდა და ერთი თვისამ პირველად იმგზავრა თვითმფრინავით. მე და ჩემი მეუღლე მარტო ვზრდით ბავშვს. ლუკა 8 თვისაა, ბუნებრივ კვებაზეა და ამის გამო რეპეტიციებსა და სპექტაკლის შესვენებისას თეატრში მიწევს მისი კვება. უნდა ნახოთ, რა გაოცებული და შეშინებული  თვალებით მიყურებს, ხოლმე უცნაურად შეღებილს და გადაპრანჭულს რომ მხედავს. მისი ბედნიერება და მომავალი სწორედ ახლა მიღებულ სითბოსა და სიყვარულზეა დამოკიდებული  ამიტომ, ვცდილობ, მაქსიმალურად ერთად ვიყოთ მთელი ოჯახი. ერთი სიტყვით, წლევანდელი წელი, მართლაც პოზიტიური ცვლილებების მომტანი იყო ჩემთვის. რამდენიმე თვით სასიამოვნო პაუზის აღება მომიწია, რადგან მარტში შემეძინა ვაჟი. მაგრამ, ძალიან გამიმართლა, რომ მალევე ჩავდექი ფორმაში მშობიარობის შემდეგ და მანამდეც ორსულობის ბოლომდე ვმღეროდი. რვა თვის ორსულმა ბარსელონას ლისეუს თეატრში პრემიერა რომ ვიმღერე, პრესაში წერდნენ, უდიდესი წარმატებით იმღერა ქეთევან ქემოკლიძემ, მაგრამ მისი მუცელი უკვე რამბლაზე გამოდიოდაო (იცინის). რამბლა ბარსელონას ცენტრალური ქუჩაა, სადაც ოპერაა. როგორც უკვე დედა მაყურებლის წინაშე პირველად დიუსელდორფის თეატრში ჩემს დაბადების დღეს გამოვედი. ძალიან ლამაზი დაბადების დღე მქონდა. ჩემმა მეუღლემ დილით ტორტი და ულამაზესი საჩუქარი დამახვედრა, საღამოს კი სპექტაკლზე მოხდა საოცრება: ეს სპექტაკლი დაემთხვა სეზონის დახურვას და მის ბოლოს, რეჩიტატივში ჩემმა კოლეგამ ტექსტი შეცვალა და წაიმღერა, რომ ჩემი დაბადების დღეა, რაც მთელმა დასმა, ორკესტრმა და დარბაზმა აიტაცა. სცენაზე მიმღერეს „ჰეპი ბორსდეი.” უნდა ვთქვა, რომ ასეთი ემოციური დაბადების დღე მართლაც არ მქონია. შემდეგ დაიწყო საკონცერტო ტურნე სანკტ-პეტერბურგის ფილარმონიასთან ერთად. იური ტემირკანოვის შესანიშნავი დირიჟორობით გამოვდიოდით ულამაზეს ქალაქებში: სან-სებასტიანში, ანსში, მილანში, რიმინში ვცხოვრობდი სასტუმროში, სადაც ჩერდებოდა და ფილმებს იღებდა ლეგენდარული იტალიელი რეჟისორი – ფელინი.  ამ სასტუმროს ფედერიკო ფელინის სასტუმროს ეძახიან.

 – მართალია, თითქოს ბუფონი შენი ფანია? 

– ძალიან სასიამოვნოა ცნობილ ხალხთან ურთიერთობა, მით უმეტეს, ისეთებთან, ვისთანაც ბევრი ნატრობს შეხვედრას. ვაშინგტონში რომ ვიყავი, ჩემს მოსასმენად ჩამოვიდნენ მაესტრო პლასიდო დომინგო და მისი მეუღლე. ეს უდიდესი პატივი იყო ჩემთვის. რაც შეეხება ბუფონს, ცნობილ იტალიელ მეკარეს, ტურინში სცენაზე ამოვიდა, ხელი ჩამომართვა და დიდი ხნის ნაცნობივით გადამკოცნა. გამიხარდა, რომ ჩემი სიმღერით ისიც მოვხიბლე (იცინის). 

– ამბობენ, ქეთის ხშირად „უტევს“ ნოსტალგია, სულ საქართველოში დაბრუნებას ნატრობსო. 

– მართალია. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მენატრება ჩემი ოჯახის წევრები, მეგობრები და ჩემი პედაგოგი. ნოსტალგია ხშირად შემომაწვება ხოლმე და, როცა თბილისში ჩამოვდივარ, ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს. განსაკუთრებული, საოცარი ემოცია მეუფლება, როცა ქართულ სცენაზე ვმღერი, როცა ქართველი მაყურებელი მიყურებს და მისმენს. თუმცა, ჩემი გადატვირთული გრაფიკის გამო, ნოსტალგიისთვისაც დრო აღარ მრჩება. სულ ვცდილობ, ჩემი ქართველობა უცხო ქვეყნებში დავამტკიცო და სიმღერით ვთქვა, რომ ქართველები მაგრები ვართ. მიმაჩნია, რომ ძალიან ნიჭიერი და ორგინალური ერი ვართ და მიხარია, ეს გენი რომ მაქვს. მაგრამ, ეს ასევე, დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან ვინც ბევრი არაფერი იცის შენს ქვეყანაზე და შენით ექმნებათ წარმოდგენა, მაქსიმალურად უნდა დაუმტკიცო, რომ ღირსეული ერის შვილი ხარ, საინტერესო კულტურით და საქართველოც უნდა ჩაეწეროს მოსანახულებელ ქვეყანათა სიაში. უცხო მხარეში ცხოვრებამ მასწავლა დამოუკიდებლობა, შრომა, დროის გაფრთხილება, ფიქრი, სიმშვიდე, ადამიანების პატივისცემა. თითქმის 7 წელია, რაც უცხოეთში ვცხოვრობ და მინდა ვთქვა, რომ ბევრ რამეს სხვანაირად ვუყურებ. ამ ერებს დიდი ცხოვრებისეული გამოცდილება და ცივილიზაცია აქვთ მოპოვებული, რაც ასე სჭირდება ჩვენს ყოველდღიურობას. თავიდან უნდა გამოვტყდე, ძალიან გამიჭირდა მათ რიტმზე გადაწყობა, მაგრამ ნელ-ნელა შევძელი. თან, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხანდახან ყოველთვე მიწევს ქვეყნის გამოცვლა და ადაპტირება მათ ადათ-ჩვევებთან. მაგალითად, სულ მალე პლასიდო დომინგოს მოწვევით, ლოს-ანჯელესსა და ვაშინგტონში მაქვს დებიუტი. ამას მოჰყვება კარმენის დებიუტი ტოკიოში. 

скачать dle 11.3