რობოტებით დაზღვეულები
ალიბი – ინტიმური ცხოვრებისთვის
თუკი ადრე მხოლოდ მოარული ხმებით ვიცოდით, ახლა უკვე ვიდეოჩანაწერებმაც დაადასტურა, რომ საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრება გადაშლილი წიგნი იყო (იქნებ არის კიდეც) დაინტერესებული ორგანოებისთვის. ბუნებრივია, იმ ფარულ ვიდეოჩანაწერებს ვგულისხმობ, რომლებიც ახლახან გამოაქვეყნა საქართველოს პროკურატურამ, ხოლო, რაკი საქმე ჰომოსექსუალური ურთიერთობის დეტალებს ეხებოდა, ამ ფაქტმა, განსაკუთრებით, უმცირესობის უფლებების დამცველ საზოგადოებაში გამოიწვია დიდი ვნებათაღელვა (იმ უბრალო მიზეზით, ვაითუ, ვინმემ ვინმე იცნოო). თავის მხრივ, იუსტიციის მინისტრმა დაგვამშვიდა, სუბიექტთა ამოცნობა შეუძლებელია, ვინაიდან, მათი აღნაგობა შევცვალეთო, გენპროკურორმა კი დაამატა, რომ ფარულ ჩანაწერებში მოქმედი პირები არა მხოლოდ შოუ-ბიზნესის წარმომადგენლები, არამედ, პოლიტიკოსებიც არიან.
მართალია, სამართალდამცველები გვპირდებიან, ამ მავნე პრაქტიკას ისე საფუძლიანად აღმოვფხვრით, ინტიმური ცხოვრების დეტალები ლამის თვით ამ ინტიმის მონაწილეებისთვისაც კი უცნობი დარჩესო, მაგრამ, რაკი ეშმაკს არ სძინავს, ვფიქრობ, უპრიანია, თუ უსაფთხოებისთვის რამე სხვა გზას გამოვნახავთ.
როგორც გაირკვა, ამ ბოლო დროს სამყაროში ფრიად ფართოდ ინერგება რობოტებთან სექსი და მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ ამ კავშირმა სიცოცხლე, შესაძლოა, ათი წლით გაახანგრძლივოს, ოღონდ, იმ პირობით, თუ ამ საქმით საკმარისად ხშირად დაკავდებით (და, რა თქმა უნდა, ხარისხიანადაც).
მე არ ვიცი, მიენდობიან თუ არა ჩვენი მოქალაქეები უცხოელ მკვლევართა შეგონებებს, მაგრამ, მეორე მხრივ, თუკი ინტიმურ ცხოვრებაში რობოტებს ჩავრთავთ, ზემონახსენები ორგანოებისგანაც დავიხსნით თავს: თუ რობოტების გარდა ინტიმურ ურთიერთობას არავისთან დაამყარებ, ფარული ჩანაწერით დაშანტაჟების ალბათობაც ნულს უტოლდება.