ხორცის „რულეტი“
საჭირო ინგრედიენტები: 1,5 კილოგრამი საქონლის რბილი ხორცი, 800 გრამი ფენოვანი ცომი, 10 ნაჭერი ლორი, 500 გრამი ქამა სოკო, 1 ცალი კვერცხი, 50 გრამი კარაქი, 2 ძირი პრასი, 1 კბილი ნიორი, ზეთი – შესაწვავად, მარილი და წიწაკა.
სოუსისთვის: 500 მილილიტრი ხორცის ბულიონი, 200 გრამი საქონლის ხორცი, 50 მილილიტრი მშრალი წითელი ღვინო, 1 ცალი სტაფილო, 1 თავი ხახვი, 1 ძირი პრასი.
მომზადების წესი: საქონლის ხორცს წაუსვით მარილი და წიწაკა. პრასი, ნიორი და სოკო წვრილად დაჭერით და ერთად მოშუშეთ ზეთში. მოშუშული ბოსტნეული შეანელეთ მარილითა და წიწაკით. სოუსისთვის განკუთვნილი ხორცი დაჭერით პატარა ნაჭრებად და ზეთდასხმულ ტაფაზე მოშუშეთ წვრილად დაჭრილ სტაფილოსთან, პრასთან და ხახვთან ერთად, შემდეგ დაასხით ღვინო და მოურიეთ. დაბალ ცეცხლზე ადუღეთ, რომ შესქელდეს, დაამატეთ ბულიონი, ხარშეთ ერთი საათი, შემდეგ კი გადაწურეთ. ხორცის ნაჭერი დადეთ კარგად გახურებულ ზეთდასხმულ ტაფაზე და მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან შებრაწეთ, შემდეგ მოათავსეთ თუნუქის ფურცელზე და იქ განაგრძეთ მისი შეწვა. ცომი გააბრტყელეთ, დადეთ ხის დაფაზე და 15 წუთით შედგით მაცივარში. ცომზე მოათავსეთ ლორის ნაჭრები, მოშუშული სოკოს ნახევარი, ზედ დაადეთ ხორცის ნაჭერი, დააყარეთ დანარჩენი სოკო და ლორის ნაჭრები, შემდეგ ცომი რულეტივით შეკარით, წაუსვით გათქვეფილი კვერცხი და შედგით 250 გრადუსზე გახურებულ აირღუმელში გამოსაცხობად. 5 წუთში ტემპერატურას დაუწიეთ და აცხვეთ, სანამ ოქროსფერი გახდება. დაჭერით გამოცხობიდან 10-15 წუთის შემდეგ და მიიტანეთ სუფრაზე სოუსთან ერთად.