რას მალავს თითოეული ჩვენგანის დაბადების რიცხვი და როგორ გავიუმჯობესოთ ადამიანებთან ურთიერთობა მისი ცოდნით
აღმოსავლური და დასავლური ასტროლოგიის მიხედვით, ადვილად გაიგებთ კონკრეტულ წელსა და თვეში დაბადებული ადამიანის ბუნებას, ნიშან-თვისებებს და მის ზოგად დახასიათებას. თუმცა, დაბადების რიცხვიც გარკვეულ მინიშნებებს გაძლევთ ადამიანზე და ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ. კერძოდ, ნებისმიერი ჩვენგანის დაბადების დღესა და რიცხვს უდიდესი გავლენა აქვს ჩვენს ხასიათსა და თვისებებზე. გთავაზობთ ხერხებს, თუ როგორ უნდა ამოიცნოთ ისეთი სახასიათო შტრიხები, რასაც ასტროლოგია გიმხელთ. ასე რომ, თუ გსურთ, ადამიანის ხასიათი შეიტყოთ, გაიგეთ მისი დაბადების რიცხვი და ასე გაარკვიეთ, რა კუთხით უნდა მიუდგეთ მას.
1, 10, 19, 28 რიცხვებში დაბადებული ადამიანი ინდივიდუალისტია, აქვს თავისი განსაკუთრებული შეხედულებები, არის ჯიუტი და მიზანსწრაფული; ასევე, შეუძლია, შემოქმედებითად მიუდგეს ყველა საქმეს, რითაც არ უნდა იყოს დაკავებული. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან დამოუკიდებლობით, ლიდერული თვისებებით, არტისტულობით, ორიგინალური აზროვნებით, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობით.
2, 11, 20, 29 რიცხვებში დაბადებულ ადამიანებს აქვთ მდიდარი წარმოსახვის უნარი, მაგრამ, აკლიათ საკუთარი თავის რწმენა. ამიტომ ისინი არც ისე შეუპოვრები არიან თავიანთი იდეების განხორციელებისას. ამ რიცხვებში დაბადებულები გამოირჩევიან მგრძნობიარობით, ემოციურობით, ექსტრასენსური უნარით, დიპლომატიურობით, მეოცნებეობით.
3, 12, 21, 30 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ძალიან თავმოყვარეები არიან, არ ემორჩილებიან სხვებს. მიზანდასახულობის წყალობით, ხშირად აღწევენ მაღალ საზოგადოებრივ მდგომარეობას. ასევე, გამოირჩევიან განსაკუთრებული სიყვარულის უნარით, არტისტიზმით, ინტელექტუალური შესაძლებლობებით, იუმორის გრძნობით, მერყევი ხასიათით, მდიდარი წარმოსახვის უნარით, ინტუიციით.
4, 13, 22, 31 რიცხვებში დაბადებული ადამიანები პრაქტიკულები და მგრძნობიარეები არიან. იშვიათად აღწევენ წარმატებებს, ხშირად ითრგუნებიან და მელანქოლიურობის გამო გამოირჩევიან წესრიგის სიყვარულით, პატიოსნებით, სიჯიუტით; არ ეშინიათ მძიმე სამუშაოს შესრულების. ასევე, არიან პესიმისტები, ემოციურები, ნერვიულები. აქვთ პასუხისმგებლობის გრძნობა.
5, 14, 23 რიცხვებში დაბადებული ადამიანები კარგი მოაზროვნეები და სამართლიანები არიან. ახასიათებთ იმპულსურობა მოქმედების დროს. აქვთ მისწრაფება, რომ იშოვონ ფული და გამოირჩევიან დამყოლი ხასიათით. ასევე, ამ რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან გულმავიწყები, ინტელექტუალურები, ემოციურები, პროფესიონალები; გამოირჩევიან სხარტი აზროვნებით.
6, 15, 24 რიცხვებში დაბადებული ადამიანები ადვილად იპყრობენ გარშემო მყოფთა ყურადღებას. არიან ჯიუტები და თავიანთი მიზნების მისაღწევად გადაწყვეტილებას არ ცვლიან. შეუძლიათ ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობა, საქმისთვის თავდადება, გარშემო მყოფებზე უანგაროდ ზრუნვა, თუმცა, ამავდროულად, არიან ამბიციურები და ადვილად ექცევიან სხვების გავლენის ქვეშ.
7, 16, 25 რიცხვებში დაბადებული ადამიანები გამოირჩევიან მახვილი ინტუიციითა და მიმზიდველობით. ძლიერ გავლენას ახდენენ გარშემო მყოფებზე. ახასიათებთ მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალობა, სიჯიუტე, არტისტიზმი, აზროვნების ანალიტიკური უნარი, რომანტიზმი; ასევე, ადვილად შეუძლიათ ადამიანებთან ურთიერთობის დამყარება.
8, 17, 26 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან მგზნებარე ბუნების, ახასიათებთ დამოუკიდებლობა, მაგრამ, ხშირად ხვდებიან გაუგებრობების მსხვერპლი და სწორედ ამის გამო გულის სიღრმეში მარტოდ გრძნობენ თავს. ასევე, გამოირჩევიან ფულის შოვნის უნარით, არსებული სიტუაციის საღად შეფასებით, კარგი ორგანიზატორული ნიჭით. არიან ემოციურები, ამავდროულად, ზარმაცები და ზოგჯერ მერყევებიც კი.
9, 18, 27 რიცხვებში დაბადებული ადამიანები არიან სხვების მიმართ შემბრალებლები, თანაგრძნობას უწევენ გარშემო მყოფებს, შეუძლიათ მშვიდი ურთიერთობების დამყარება. ასევე, არიან დიდსულოვნები, მოუთმენლები, დამოუკიდებლები, ამბიციურები, ნიჭიერები, არტისტულები. ახასიათებთ სხვების დახმარება. აქვთ პასუხისმგებლობის უდიდესი გრძნობა, ორგანიზტორული უნარი.