„ჭკვიანი“ ჭიქები
იქნებ, გგონიათ, რომ კონკრეტული სასმლისთვის სპეციალური ფორმის ჭიქები ახირების გამო მოიგონეს?! სულაც არა. ამა თუ იმ ფორმისა თუ ზომის ჭიქა სასმლის გემოსა და არომატის სრულად აღქმას უწყობს ხელს.
* შამპანურის ფუჟერი საგანგებოდ არის ვიწრო და მაღალი. ასეთი ფორმა იმის გარანტიას იძლევა, რომ ქაფი დიდხანს არ გაიშლება და გაზის ბუშტუკებიც დასხმისთანავე არ გაქრება.
* ბოკალი წითელი ღვინისთვის ფორმით ბიდონს ჰგავს, ან – ფართოპირიან კასრს, რაც საშუალებას იძლევა, სასმლის გემო და არომატი სრულად „გაიხსნას“.
* თეთრი ღვინის ბოკალი ზომით უფრო პატარაა, ვიდრე ბოკალი წითელი ღვინისთვის, თან, ნაკლებად „ღიპიანიც“. ბოლომდე მისი შევსება არ შეიძლება – ის მხოლოდ ერთი მესამედით უნდა შეავსოთ, რათა ნელ-ნელა სმის დროს ღვინო არ გათბეს.
* ბოკალი „მარტინისთვის“ – თავდაპირველად ამ სასმელს ყინულის გარეშე მიირთმევდნენ. ერთი შეხედვით ბოკალის მოუხერხებელი ფორმა – სამკუთხედი, სასმელს ხელისგულებში გათბობისგან იცავს, თანაც, ზეთისხილი მასში ძალიან ლამაზად დაცურავს.
* ბოკალი კონიაკისთვის აუცილებლად დაბალი, პატარა ფეხზე შემდგარი და მუცელგამობერილი უნდა იყოს. ასეთი ფორმის წყალობით, სასმელი სწრაფად გათბება და სასიამოვნო არომატს გამოსცემს. გინდა თუ არ გინდა, ამ ფორმის ბოკალი ხელისგულში უნდა მოიქციო. კონიაკის ჩვეულებრივ ჭიქაში ჩამოსხმა ლამის დანაშაულია.
* ბოკალს ლიქიორისთვის – ტიტას ფორმა აქვს. გამოიყენება ლიქიორზე დამზადებული კოქტეილებისთვისაც.
დრო ყველაფერს ცვლის!
ტანკს დიდი ისტორია აქვს. მისი წინაპარი ჯერ კიდევ 1485 წელს იშვა, ავტორი კი დიდი ლეონარდო და ვინჩი გახლდათ. სწორედ და ვინჩიმ შექმნა პირველი ხის ტანკის ნახაზები. მისი ეკიპაჟი 8 ადამიანისგან უნდა შემდგარიყო, შიგნით კი ქვემეხი იდგებოდა. ვენეციის დოჟმა ტანკი კი ააგო, მაგრამ, არაფერში გამოუყენებია და გამოგონება მალე მიივიწყეს.
1916 წელს ინგლისში შეიქმნა ფოლადის ტანკი – „მ1“. ის ჯავშნოსანი იყო რვაკაციანი ეკიპაჟით. ჰქონდა ორი 57-კალიბრიანი ქვემეხი და 4 ტყვიამფრქვევი.
1940 წელს საბჭოთა კავშირმა შექმნა ფოლადის ტანკი – „ტ34“ ოთხკაციანი ეკიპაჟით, 76-მილიმეტრიანი ქვემეხითა და ორი ტყვიამფრქვევით.
2012 წელი – ამერიკის „უკანასკნელი პირმშო“ – „აბრამსი“, კომბინირებული ჯავშნით. გათვლილია 4-კაციან ეკიპაჟზე. აქვს ერთი 105-მილიმეტრიანი ქვემეხი და 2 ტყვიამფრქვევი.