კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რად დაუჯდათ სტალინის უზადო მეხსიერება მის პოლიტიკურ მოწინააღმდეგეებს

1902 წელს, მარტში ქალაქ ბათუმში დააპატიმრეს იოსებ სტალინი. მოგვიანებით, კერძოდ, 17 ივლისს ჟანდარმერიის პოდპოლკოვნიკმა შაბილსკიმ და ბათუმელმა ექიმმა ელიავამ პატიმრის სამედიცინო დათვალიერების საფუძველზე შეადგინეს ოქმი, რომელიც საინტერესო ცნობებს იძლევა სტალინის გარეგნობის შესახებ. ოქმის მიხედვით, საბჭოთა კავშირის მომავალი ერთპიროვნული მმართველი 161,8 სანტიმეტრი სიმაღლის ყოფილა. სტალინის სხეული, ფიზიკური ნიშნების მიხედვით, ჩვეულებრივად მიუჩნევია ექიმ ელიავას, თუმცა, ოქმში საგანგებოდ აღუნიშნავს, რომ ჯუღაშვილს მარცხენა ფეხზე მეორე და მესამე თითები ერთმანეთთან შეზრდილი (შეხორცებული) ჰქონია. ოქმში ვკითხულობთ იმასაც, რომ სტალინის უკან გადავარცხნილი სწორი თმა მუქი წაბლისფერი შეფერილობის ყოფილა, ხოლო ულვაშები და ბაკენბარდები – წაბლისფერი. იქვე ვკითხულობთ, რომ იოსებ ჯუღაშვილს მუქი ყავისფერი თვალების ჭრილი საშუალო სიდიდის ჰქონდა. ექიმმა ელიავამ სპეციალური შემოწმებით დაადგინა ისიც, რომ ჯუღაშვილს ნორმალური მხედველობა ჰქონდა და მას არასდროს უტარებია სათვალე. 

ჟანდარმერიაში დადგენილი წესის მიხედვით, ექიმი სპეციალურად არკვევდა, თუ როგორ ეჭირა თავი პატიმარს, რის შედეგადაც აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ ჯუღაშვილს თავი ნორმალურად ეჭირა. იქვე წერია, რომ სტალინს ჰქონდა სწორი, საშუალო სიმაღლის შუბლი, ცხვირი – პირდაპირი და გრძელი, ხოლო  ყურები – საშუალო ზომის. მარცხენა ყურზე ხალი ჰქონია. ბელადს სახე გრძელი, ჩოფურა (ნაყვავილარი) ჰქონდა, ნიკაპი კი –  წვეტიანი. ექიმ ელიავას დათვალიერების შემდეგ ოქმში ისიც ჩაუწერია, რომ სტალინს ქვედა ყბაზე ერთი წინა კბილი აკლდა. 

ჟანდარმერიაში არსებული წესის მიხედვით, დაფიქსირებულია ისიც, თუ როგორი ხმა და ტემბრი ჰქონდა პატიმარს. ელიავა აღნიშნავს, რომ სტალინი ლაპარაკობდა დაბალ ხმაზე, მეტყველებდა დახვეწილად და საუბრისას არანაირ განსაკუთრებულ ნიშნებს არ ამჟღავნებდა.

მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ხელმოკლე ოჯახში იზრდებოდა, არ ჰქონდა ნორმალური კვება, არც ბავშვობაში და არც თბილისში სწავლის პერიოდში, იგი ფიზიკურად მაინც ძლიერი გახლდათ. ბათუმში მის დაპატიმრებას (1902) მოჰყვა ხუთი გადასახლება. ბოლო გადასახლებიდან იგი 1917 წლის მარტში გათავისუფლდა. სტალინი რამდენჯერმე გაიქცა ციმბირის გადასახლებიდან, რაც ფიზიკურად სუსტი ადამიანისთვის შეუძლებელი იქნებოდა. ციხეებმა და გადასახლებებმა მის ჯანმრთელობას მაინც დაასვა დაღი. კერძოდ, ცემის დროს ჯანდარმებმა მას მკლავზე ნერვი დაუზიანეს, რის შემდეგაც სტალინი მთელი სიცოცხლის განმავლობაში ამ ხელს ნორმალურად ვეღარ ხმარობდა.

  სტალინს განსაკუთრებული მეხსიერება ჰქონდა, რაც თბილისში სწავლის დროსაც არაერთხელ გამოავლინა. იმ პერიოდში მას წიგნის შესაძენი ფული არ გააჩნდა, თუმცა, სასურველი წიგნების წაკითხვას მაინც ახერხებდა: წიგნების მაღაზიაში შესული სტალინი დახლზე დადებულ წიგნს აიღებდა და ვითომ ათვალიერებდა, სინამდვილეში კი კითხულობდა. წიგნის ერთი ფურცლის წასაკითხად სტალინს სულ რამდენიმე წამი ჰქონდა, რადგან, მაღაზიაში დიდხანს შეყოვნების შემთხვევაში ნოქრები მას ეშმაკობას მიუხვდებოდნენ. კარგა ხნის განმავლობაში ის ასე კითხულობდა ახალ წიგნებს. ბოლოს ნოქრებმა შენიშნეს, რომ გადათვალიერებულ წიგნს სტალინი აღარ ყიდულობდა და უკანვე აბრუნებდა. მას ეშმაკობას მიუხვდნენ და ამის შემდეგ სტალინს მაღაზიაში აღარ უშვებდნენ.

აქედან უნდა იღებდეს სათავეს გადმოცემა იმის შესახებ, თითქოს დიდი ბელადი დღეში 300 გვერდს კითხულობდა.

უნდა ითქვას, რომ სტალინის განსაკუთრებული მეხსიერება ბევრს დაუჯდა სიცოცხლის ფასად. თავისი მოღვაწეობის განმავლობაში ბელადს არაერთ პოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან ჰქონდა პოლემიკა. ამ ადამიანების ნაწილი 1937 წლისთვის უკვე დახოცილი იყო, ხოლო, ვინც ცოცხალი გადარჩა, ისინი საგანგებოდ მოაძებნინა სტალინმა შესაბამის სამსახურებს. საქმე ეხებოდა არა ერთ და ორ, არამედ, რამდენიმე ასეულ ადამიანს, რომელთა სახელები და გვარები საბჭოთა იმპერიის ერთპიროვნულ გამგებელს ზეპირად ახსოვდა, ყოველგვარი ჩანაწერების გარეშე. ცხადია, სტალინის გონებამ შემოინახა თავისი თანამებრძოლების სახელები და გვარებიც. მათი ნაწილი დიდმა ბელადმა 20-30 წლის შემდეგ მოაძებნინა და სათანადო პატივიც მიაგო. თანამებრძოლები აღნიშნავენ, რომ მეორე მსოფლიო ომის წლებში ბელადი გვარ-სახელით იხსენიებდა არა მარტო ფრონტების სარდლებს, არამედ, არმიების სარდლებსა და დივიზიების მეთაურებსაც კი, რომელთა რიცხვი რამდენიმე ასეულს შეადგენდა.

 სტალინი ერთნაირად გამართულად მეტყველებდა და წერდა ქართულ და რუსულ ენებზე. რუსულ ენას ჯუღაშვილი საფუძვლიანად გორის სასულიერო სასწავლებელსა და თბილისის სასულიერო სემინარიაში  სწავლის პერიოდში დაეუფლა. სასულიერო სემინარიაში არსებობდა უმკაცრესი მოთხოვნა – ძველი და ახალი აღთქმა მოწაფეს ძველ სლავურ ენაზე უნდა წაეკითხა და გადმოეცა. დიდი ბელადი, რუსულის ბრწყინვალედ ცოდნის მიუხედავად, მაინც ქართული აქცენტით ლაპარაკობდა. ჭორი დადიოდა, რომ საბჭოთა კავშირის ხელისუფლების უმაღლესი ეშელონების წარმომადგენლებიც ჰბაძავდნენ მას და ცდილობდნენ რუსულად ქართული აქცენტით ელაპარაკათ. ეს მთლად ჭორიც არ უნდა ყოფილიყო, რადგან, ცნობილია, რომ 1941 წლის 22 ივნისს, საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ, 12 საათზე, გადაიცა საბჭოთა მთავრობის მიმართვის ტექსტი მოსახლეობისადმი. ტექსტი წაიკითხა ვიაჩესლავ მოლოტოვმა, მაგრამ მისი დიქცია და აქცენტი იმდენად ჰგავდა სტალინისას, რომ თანამედროვენი იხსენებენ, გვეგონა, სტალინს ვუსმენდითო. გარდა ქართულისა და რუსულისა, სტალინმა კარგად იცოდა ძველი ბერძნული და, როგორც ამბობდნენ, ფლობდა გერმანულსაცო. 

თბილისის სასულიერო სემინარიაში სავალდებულო იყო რუსული და ქართული საეკლესიო გალობის შესწავლა. სტალინი შესანიშნავად გალობდა როგორც ქართულად, ასევე რუსულად და ამ ორ საგანში ყოველთვის მაღალ შეფასებას იმსახურებდა. სემინარიის მგალობელთა გუნდის შედგენისას, მასწავლებლებმა საგანგებოდ შეამოწმეს მოწაფეების სმენა და ხმა, რის შემდეგაც გადაწყდა, რომ  სტალინს სემინარიის მგალობელთა გუნდში მეორე ხმა უნდა ემღერა. 

ბელადი სიცოცხლის ბოლო წლებამდე შესანიშნავად მღეროდა, განსაკუთრებით კი ორი სიმღერა უყვარდა: „ჰასანბეგურა” და „გაფრინდი, შავო მერცხალო”.

სტალინი წერდა გაკრული, მაგრამ ადვილად წასაკითხი კალიგრაფიით. დღემდე შემორჩენილ მის ხელნაწერებში ვერ პოულობენ ვერც ერთ კორექტურას, სასვენი ნიშნებიც კი უშეცდომოდაა დასმული; უფრო მეტიც: იმ გაზეთებისთვის, რომლებიც არალეგალურად გამოდიოდა, ბელადი  თავის საავტორო მასალას თვითონ აწყობდა სტამბაში; ასევე, საკუთარი ხელით აწყობდა პროკლამაციებისა და მოწოდებების ტექსტსაც. საგულისხმოა, რომ მის მიერ ანაწყობ ტექსტშიც ვერ ვხვდებით ვერც ერთ კორექტურულ შეცდომას. მაშინ, როცა არალეგალურად დაბეჭდილი გაზეთები და პროკლამაციები სავსეა შეცდომებით. რუსეთის ჟანდარმერია სტალინის პროკლამაციებს სწორედ ამით ცნობდა. 

(ვახტანგ გურულის  მასალების მიხედვით)

скачать dle 11.3