ფლორის სამყაროში
კითხვა: როგორ მოვუარო ზრდის პერიოდში კტენანტას?
პასუხი: ზრდის დროს კტენანტას ნიადაგი ორ კვირაში ერთხელ სასუქით გაანოყიერეთ. მისთვის კარგია მაღალი ტენიანობა, ამიტომ, ზაფხულში ხშირად დანამეთ ან დადგით სველკენჭებიან ლანგარზე, სიცხეში ფოთლები რომ არ დაეწვას, ზამთარში დამატებითი კვება არ სჭირდება.
კითხვა: რა ტემპერატურაა საჭირო დენდრობიუმისთვის?
პასუხი: ეს ორქიდეა დაბალ ტემპერატურასაც იტანს და, სხვა ორქიდეებისგან განხვავებით, ტროპიკული სიცხე აუცილებელი არ არის, თუმცა ტენი არ უნდა მოაკლდეს. ზაფხულობით მას 20-24 გრადუსი ტემპერატურა სჭირდება, ზამთრობით კი 10 – გრადუსი.
კითხვა: როგორი რეჟიმით მოვრწყა ეპიპრემნუმი?
პასუხი: ეს მცენარე გაზაფხულსა და ზაფხულში რეგულარულად მორწყეთ, მაგრამ, მორწყვიდან მორწყვამდე, ნიადაგს შეშრობა უნდა აცადოთ. ზრდის პერიოდში მისი მიწა სასუქით გაანოყიერეთ. ზამთარში შედარებით იშვიათად მორწყეთ. ამ დროს არც დამატებითი საკვები არ სჭირდება.
კითხვა: ბეგონიას გახარება მინდა. ხომ ვერ მირჩევთ, როგორ მოვიქცე, რომ იოლად გავზარდო?
პასუხი: 2,5-სანტიმეტრიანი ღეროს ფოთოლი მიწაში ისე ჩარგეთ, რომ ფოთოლი მიწის ზემოთ დარჩეს და ორ თვეში თქვენ ახალი მცენარე გექნებათ. საერთოდ, გამჭვირვალე ხუფი ხელს უწყობს ტენიანობის შენარჩუნებას, რაც ხელსაყრელია მცენარისთვის.
კითხვა: როგორი განათება მოსწონს რეოს?
პასუხი: რეოს უყვარს კაშკაშა სინათლე, მაგრამ, თუ თქვენს მცენარეს მზის გულზე დადგამთ, ფოთლები გაუხუნდება და ძველებურ ეფექტს დაკარგავს. ნათელი სასტუმრო ოთახი ამისთვის საუკეთესო ადგილია.
კითხვა: რთულია თუ არა იზოლეპისის გაზრდა?
პასუხი: მართალია, იზოლეპისი ბუნებაში წყლის პირას იზრდება, მაგრამ მას ოთახის პირობებშიც მშვენივრად გაახარებთ. ის ნესტის მოყვარული მცენარეა, ამიტომ, მიწა მუდამ სველი უნდა ჰქონდეს. მაღალი ტენიანობის შესანარჩუნებლად ქოთანი წყლიან ჭურჭელში ჩადგით. ეცადეთ, რბილი წყლით მორწყათ.
კითხვა: მინდა, ჩინური ვარდი დავაბუჩქო. როგორ მოვიქცე?
პასუხი: დიდ ქოთანში ის, შეიძლება, ორ მეტრამდე ან უფრო მაღალიც კი გაიზარდოს, მაგრამ, თუ თქვენ გსურთ, რომ მცენარემ ბუჩქის ფორმა მიიღოს, გაზაფხულზე კარგად უნდა გასხლათ და მცენარე სიმაღლეში ზრდას აუცილებლად შეწყვეტს. გასხვლა ყვავილობას არ ვნებს.
კითხვა: ბინაში მადაგასკარული ჟასმინი მაქვს, რომელმაც ამ ბოლო დროს მოიწყინა. რის ბრალი შეიძლება იყოს ეს?
პასუხი: ეს მცენარე ვერ იტანს ტემპერატურის ცვლილებას და დაბალ ტენიანობას. შეეცადეთ, რომ მუდმივად ერთნაირ პირობებში ამყოფოთ და შეამოწმეთ მისი ნიადაგი – შესაძლოა, უკვე გამომშრალია და მორწყვა სჭირდება.