ვეტერინარის რჩევები
კითხვა: თუ შეიძლება, მირჩიეთ, როგორ გამოვაზამთროთ 3 თვის კანე კორსო?
პასუხი: 3 თვის კანე კორსო ზამთრის პერიოდში აუცილებლად სახლის პირობებში უნდა იყოს, რადგან, ამ ასაკში ძაღლი კბილების ცვლას იწყებს, ასევე, აცრების პერიოდი აქვს და ასე შემდეგ. ამიტომ ჯობს, რომ ის სახლის პირობებში იყოს. განსაკუთრებული სიცხე ოთახში არ სჭირდება, მაგრამ, რა ტემპერატურაც ქუჩაშია, იმაზე გაცილებით მაღალი ტემპერატურა აუცილებლად უნდა იყოს. გაზაფხულიდან შემოდგომამდე კი აკლიმატიზაციას გაივლის და მზად იქნება ზამთრისთვის.
კითხვა: მაინტერესებს, ძაღლი აბაზანაში უნდა ვაბანაოთ თუ მისთვის სპეციალურად განკუთვნილ ადგილას?
პასუხი: მაინცდამაინც თქვენს აბაზანაში და ჯაკუზში ნუ ჩასვამთ, რადგან, ეს არაჰიგიენურია. თუ სააბაზანოში ტრაპი გაქვთ, იქ აბანავეთ. როგორც ასეთი, ძაღლისთვის განკუთვნილი სპეციალური აბაზანები არ იყიდება, თუ თავად მოუწყობთ, ეს სხვაა. ყველაზე კარგი საშუალება ძაღლის დასაბანად მაინც ტრაპის ვარიანტია.
კითხვა: ჩემმა ძაღლმა ახალი წლის დღეებში ბევრი ნიგვზიანი კერძი მიირთვა. მაინტერესებს, ხომ არ გაუღიზიანებს ნიგოზი რომელიმე ორგანოს?
პასუხი: გამოდის, რომ თქვენს ძაღლს ცუდი ვეტექიმი ჰყავს, რადგან, საახალწლოდ არ გაგაფრთხილათ, რა ეჭმევა ძაღლს და რა – არა. ნიგოზი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის სისტემას, ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლს. გარდა ამისა, საერთოდ არ უნდა აჭამოთ ძაღლს არც ნიგვზიანი, არც შოკოლადი და არც გოჭის ხორცი.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა თბილისში ძაღლის დაჩიპვა და რისთვის არის ეს საჭირო?
პასუხი: ჩიპირება ხდება. ეს არის საიდენტიფიკაციო კოდი, ნომერი, რომლის საშუალებითაც კანქვეშ შედის ჩიპის ნომერი და იწერება პასპორტში, მაგრამ როგორც ვიცი თანამგზავრზე ჯერ კიდევ არ არის შეერთებული, ზუსტად არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, როცა თანამგზავრშია ჩართული, მაშინ დაკარგული ძაღლის ადგილმდებარეობა იოლად დგინდება და ეს პატრონისთვისაც ხელსაყრელია.
კითხვა: შეიძლება თუ არა ძაღლს ქათმის ხორცი და ძვლები ვაჭამო?
პასუხი: ქათმის ხორცი შეიძლება, ძვლები კი – არა. არ შეიძლება, ასევე, კანის ჭამა, რადგან ქათმის კანში დიდი რაოდენობით არის ქოლესტერინი, რაც არც ცხოველისთვის და არც ადამიანისთვის არ არის სასურველი. თუ მაინცდამაინც ქათმის ხორცის მიცემა გინდათ ძაღლისთვის, თეთრი ხორცი აჭამეთ.