კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ გახდა მარიამ ალექსიძე პირველი ქართველი ქალი ქორეოგრაფი და რა ინციდენტი შეემთხვა მამამისს ცნობილ ქორეოგრაფ გიორგი ალექსიძეს მოსკოვში

 

მარიამ ალექსიძე პირველი ქართველი ქალი-ქორეოგრაფია... იგი განაგრძობს სახელგანთქმული მამის, გოგი ალექსიძის შემოქმედებით გზას, რომელმაც ბევრი შედევრი შექმნა და სპექტაკლები დაუდგა ისეთ სახელგანთქმულ ბალეტის ვარსკვლავებს, როგორებიც იყვნენ: მიხეილ ბარიშნიკოვი, ნატალია მაკაროვა (რომელიც წელს ბარაკ ობამამ დააჯილდოვა ხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის)... 

მარიამ ალექსიძე: ირმა ნიორაძემ მამას შესთავაზა, ჯორჯ ბალანჩინის 100 წლის საიუბილეო თარიღისთვის „საფირონი” დაედგა (რომლის დადგმაც ჯორჯ ბალანჩინს ჰქონდა ჩაფიქრებული, მაგრამ, ვერ განახორციელა)... მამამ მენდელსონის „სავიოლინო კონცერტი” აარჩია და ბალანჩინის სტილში,  ნეოკლასიკური, თეთრი ბალეტი დადგა – საფირონისფერი კოსტიუმებით... ირმა ნიორაძე მთავარ პარტიას ასრულებდა. პრემიერა  მოსკოვში დაიგეგმა, ახალ თეატრში... მაგრამ, გენერალური რეპეტიციის შემდეგ მოსკოვში ინციდენტი მოხდა და მამა პრემიერას ვერ დაესწრო. დეტალები არ ვიცით, მაგრამ, ქუჩაში მას თავს დაესხნენ, რის შემდეგაც ჯამრთელობა ძალიან შეერყა და მხოლოდ ოთხი წელი იცოცხლა. მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად ოპერაციები სჭირდებოდა, შემოქმედებით  მოღვაწეობას მაინც განაგრძობდა. ინციდენტის შემდეგ პირველი სპექტაკლი ტაშკენტში დადგა.  ეს სპექტაკლი მისთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი იყო... სარეპეტიციო დარბაზში,  თურმე, მოხუცი ადამიანივით  ჯოხზე დაყრდნობილი შედიოდა, მაგრამ, მუშაობას რომ იწყებდა, ჯოხს მოისროდა, ყველაფერი ავიწყდებოდა და ენერგიით  ივსებოდა... სწორედ ამ პერიოდში, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში ცვლილებები მოხდა და მამა სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან  გაათავისუფლეს.  ამ დროს კი შემოთავაზება მიიღო პეტერბურგიდან, იაკობსონის სახელობის დასიდან – ის დასის მთავარი ბალეტმაისტერის თანამდებობაზე მიიწვიეს... ძალიან სერიოზული, დიდი პროგრამა გააკეთა და, ვფიქრობ, მისი  შემოქმედებითი მოღვაწეობის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პროგრამა სწორედ ბოლო პერიოდის იყო. 

– როგორ შეხვდა გოგი ალექსიძე თქვენს გადაწყვეტილებას? თუ არ ვცდები, ქორეოგრაფობა მის სიცოცხლეშივე დაიწყეთ...

– დიახ, საბედნიეროდ, მოესწრო... მამა ძალიან ბედნიერი იყო, ახალ პროფესიაში რომ ვიპოვე ჩემი თავი. მის სიცოცხლეში დავდგი მინიატურები სტრავინსკისა და შტოკჰაუზენის მუსიკაზე. ეს დადგმები არ უნახავს, მაგრამ, იმ ფაქტმა, რომ ვდგამდი, ძალიან გაახარა.  მან გზა დამილოცა, დამიტოვა თავის დადგმები და ჩანაწერები. რომ აღვადგინო და გავაცოცხლო. მისი სახელობის ფონდი დავაარსეთ მე და ჩემი ოჯახის წევრებმა. 

 – ცნობილი ხელოვანების ოჯახში აღიზარდეთ... როგორი იყო თქვენი ბავშვობა?

– ფაქტობრივად, დედაჩემის საგრიმიოროში ვიზრდებოდი. დედა, მარინა ალექსიძე, წამყვანი ბალერინა იყო. 9 წლის ასაკში ქორეოგრაფიულ სასწავლებელში შემიყვანეს, სადაც მამამ ორი ძალიან კარგი მეთოდისტი მოიწვია:  მოსკოვიდან – ნატალია ზოლოტოვა, რომელიც ნინო ანანიაშვილის პედაგოგი იყო და პერმის ქორეოგრაფიული სასწავლებლიდან – ნინელ სილვანოვიჩი, რომელმაც თაობები აღზარდა და რომლის კლასშიც მე მოვხვდი. თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლისას ძალიან მაღალი დონის კლასიკური განათლება მივიღე. 16 წლის ასაკში ლოზანას საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობის შემდეგ, ციურიჰის საბალეტო სკოლის დირექტორებმა მიმიწვიეს სწავლის გასაგრძელებლად. ციურიჰის საბალეტო სკოლაში მაღალი დონის განათლება მივიღე, უმეტესწილად, თანამედროვე ცეკვის განხრით. ვისწავლე მოდერნ-ბალეტი, ჯაზ-ბალეტი, კონტემპორეინ-ბალეტის სხვადასხვა მიმდინარეობა, ასევე, ნეოკლასიკური სტილი – ჯორჯ ბალანჩინის სკოლა, გავიარე „ფლამენკოს“ მასტერ კლასები ცნობილ მოცეკვავესთან – ნინა კორტისთან. საბალეტო სკოლა რომ დავამთავრე, ციურიჰის  ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმიწვიეს, სადაც ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დასი იყო. 

– საქართველოში როდის დაბრუნდით?

– 1900-იან წლებში საქართველოში დავბრუნდი. ოპერისა და ბალეტის თეატრში ათი წელი ვიყავი სოლისტი.  თითქმის ყველა სპექტაკლში სოლო პარტიები მაქვს შესრულებული. პარალელურად, სხვა პროექტებშიც დავიწყე მონაწილეობა. ჩემი და, ანა ალექსიძე, მოსკოვში „რუსული ბალეტის გვირგვინის” საბალეტო დასის სამხატრო ხელმძღვანელია.  მათ პერიოდულად აქვთ პროექტები, რომლის ფარგლებშიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოგზაურობენ. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მუშაობის პერიოდში ამ დასთან ვთანამშრომლობდი როგორც მოცეკვავე... მერე დადგმებზე გადავერთე და ცეკვა და დადგმა ერთდროულად მიხდებოდა. წელს ერთ-ერთ პროექტს დამოუკიდებლად ვუძღვები ესპანეთსა და პორტუგალიაში  და 40 კაციან დასს მე ვხელმძღვანელობ, რაც ძალიან კარგი გამოცდილება იქნება ჩემთვის. ცეკვის მხრივ ყველაზე ნაყოფიერი პერიოდი მაშინ მქონდა, როცა დადგმა დავიწყე. ძალიან შემართებით ვიყავი. 

– გვიამბეთ თქვენს მიღწევებზე ქორეოგრაფიაში...  

– თავიდან ათამდე მინიატურა დავდგი, მცირე ზომის ნომრები განვახორციელე „რუსეთის გვირგვინის დასისთვის”, სხვადასხვა გალა-კონცერტისა და საერთაშორისო კონკურსებისთვის, თავადაც ვასრულებდი ჩემს ნომრებს... პირველი სრულფასოვანი დადგმა ერთმოქმედებიანი სპექტაკლი იყო გალაკტიონის ლექსებზე, რომელსაც ერქვა „დოვინ-დოვენ-დოვლი”...

 გალაკტიონის „მთაწმინდის მთვარე” მამას ჰქონდა მინიატურის სახით დადგმული, რომელსაც მე თვითონ ვასრულებდი. რეჟისორ გელა კანდელაკს სურდა ამ მინიატურის თავის გადაღებულ ფილმში შეტანა. საგანგებოდ იყო ეს მინიატურა გადაღებული, სადაც მამაც მონაწილეობდა. მამას სურდა, მთლიანად სპექტაკლი დაედგა გალაკტიონის ლექსებზე. ლექსები ცოცხლად უნდა შესრულებულიყო, მუსიკის გარეშე, რადგან  გალაკტიონის ლექსები ძალიან მუსიკალურია. სამწუხაროდ, ვერ მოასწრო... რადგან მამას უკანასკნელი დადგმა სწორედ ეს მინიატურა იყო, გადავწყვიტე, ჩემი პირველი დადგმა მისი სწორედ ამ იდეის განხორციელება ყოფილიყო. სპექტაკლს ბოლოს ვამთავრებდი მამას ქორეოგრაფიით – „მთაწმინდის მთვარე”, რომელსაც მე თვითონ ვასრულებდი სცენაზე, უკანა ფონზე კი – მამას ცეკვების კადრები გადიოდა. ეს სპექტაკლი მისი გარდაცვალების ერთი წლისთავს მივუძღვენი.  ბედნიერი ვარ, რომ მამას მეგობრები – გელა კანდელაკი, გოგი ალექსი-მესხიშვილი, გია ყანჩელი და სხვები ახლა ჩემ გვერდით დგანან. 

– ძალიან ახალგაზრდა ხართ... აღარ გიხილავთ სცენაზე, როგორც მოცეკვავეს?

– რა თქმა უნდა, ჯერ ადრეა სცენიდან წასვლა, რადგან, 34 წლის ვარ; მაგრამ, იმდენად ვიპოვე ჩემი თავი ქორეოგრაფიაში, რომ, ეს ჩემი ძირითადი დღევანდელი და სამომავალო საქმეა. სულ მეკითხებიან, შენს დადგმებში რატომ არ ცეკვავო, მაგრამ, ამისთვის ძალა აღარ მყოფნის. პროექტებისთვის ჯერჯერობით ყველა საორგანიზაციო და შემოქმედებით საკითხს მე თვითონ ვაგვარებ.

–  ახლახან პოლონეთში იმყოფებოდით... გვიამბეთ ამის შესახებ. 

– პოლონეთში ძალიან მოულოდნელად აღმოვჩნდი. ინტერნეტში „იუთუბიზე“ „აჭარპანის” ნაწყვეტები ნახეს და, მთხოვეს, გამეგზავნა ის მასალა, რითაც მივიღებდი კონკურსში მონაწილეობას. გავგზავნე ფრაგმენტი – არაჩვეულებრივი დუეტი იოსებ ბარდანაშვილის მუსიკაზე, რომელსაც ნინო გოგუა და ლაშა ხოზაშვილი ასრულებდნენ...  მომწერეს, ფინალისტები ხართო და მიგვიწვიეს  გალა-კონცერტზე ამ ფრაგმენტის შესასრულებლად. სამწუხაროდ, ლაშა ხოზაშვილი ვერ წავიდა, რადგან, ბოსტონში ცეკვავს და ნინო გოგუას პარტნიორობა დავით ანანიაშვილმა გაუწია (თბილისის საბალეტო დასის სოლისტმა)... ფინალში სულ 13 მონაწილე გავედით საერთაშორისო მასშტაბით და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ყველაფერს ახალი თაობა ერთად ვქმნით და, ძალიან ბედნიერები ვიყავით, რომ მოხდა  ჩვენი გასვლა  ევროპულ სივრცეში.

– საქართველოში  პირველი ქალი ქორეოგრაფი ხართ?

– დიახ, საქართველოში, მგონი, ბალეტის ქალი ქორეოგრაფი არ გვყოლია.  მარტა გრეჰემი, პინა ბაუში და ტრიშა ბრაუნი ლეგენდარული ქალი ქორეოგრაფები იყვნენ. დღეს უცხოეთში ბევრი ქალი ქორეოგრაფია. 

– თქვენს შვილზეც გვიამბეთ. ალბათ, ხელოვნებას გაჰყვება...

– ჩემი შვილი, სანდრო ჯაფარიძე, 13 წლის ხდება. არტისტული ბავშვია, მაგრამ, რა პროფესიას აირჩევს, ჯერ არ ვიცით. მამის მხრიდან ბაბუა დირიჟორი ჰყავს – თამაზ ჯაფარიძე, ბებია ოპერის მომღერალია – თამარ გურგენიძე. სანდრო სამუსიკო სკოლაში სწვლობს – კლარნეტზე უკრავს; ცეკვავს, სპორტსაც მისდევს... 

მოამზადა

კატო ჟღენტმა

 

скачать dle 11.3