კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რის გამო უთხრა უარი მთავარ როლზე მელ გიბსონმა დენიელ დეი-ლუისს გახმაურებულ ფილმში „ქრისტეს ვნებანი” და რა აკავშირებდა მას სექს-სიმბოლო იზაბელ აჯანისთან

2013 წლის „ოსკარის” ნომინაციების გამოცხადებამდე ვარაუდობდნენ, რომ სტივენ სპილბერგის ახალ ეპიკურ ბლოკბასტერს – „ლინკოლნს” რამდენიმე ნომინაცია ერგებოდა, მათ შორის – მამაკაცის მთავარი როლის შემსრულებლისთვის. ამერიკელების რამდენიმე თაობისთვის უსაყვარლესი პრეზიდენტი აბრაამ ლინკოლნი დიდ ეკრანზე სახელოვანმა დენიელ დეი-ლუისმა გააცოცხლა და სწორედ მას უწინასწარმეტყველებენ ამერიკული კინოაკადემიის უმთავრესი ჯილდოს მიღებას „ოსკარების” ცერემონიალზე.

* დენიელ მაიკლ ბლეიკ დეი-ლუისი 1957 წლის 29 აპრილს დაიბადა ლონდონში. მისი მამა – სესილ დეი-ლუისი, ირლანდიელი იყო, ხოლო დედა – ჯილ ბელკონი – ბალტიისპირელი ებრაელი. ისინი ლონდონის მაღალი წრის საზოგადოებას განეკუთვნებოდნენ. მამა ნაციონალური პრემიის ლაურეატი პოეტი გახლდათ, დედა კი მსახიობი და მსოფლიოს უძველესი კინოსტუდიის მმართველის შვილი.

* დენიელ დეი-ლუისს მწვანე ფერის თვალები აქვს და მისი სიმაღლე 187 სანტიმეტრია.

* 13 წლის ასაკში დენიელი სკოლიდან გარიცხეს გაკვეთილების ხშირი გაცდენის გამო. იმ პერიოდში მას უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა მსახიობობა და შექსპირის სამეფო დასს შეუერთდა. 1975 წელს დენიელი ნაციონალური ახალგაზრდული თეატრის დასის წევრი გახდა, 1978 წელს კი მან ბრისტოლის თეატრალურ ინსტიტუტში დაიწყო სწავლა, სადაც მხოლოდ სამი კურსი დაასრულა.

* დენიელის უფროსი და – ტამასინ დეი-ლუისი – დოკუმენტური ფილმების რეჟისორია.

* 1980-იან წლების დასაწყისში დენიელ დეი-ლუისი „ბიბისიში” მუშაობდა და სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში იღებდა მონაწილეობას, მათ შორის პირველი მსოფლიო ომის თემატიკაზე გადაღებულ მრავალსერიან ფილმში. 1982 წელს კი, მისი სრულფასოვანი დებიუტი შედგა მხატვრულ ფილმში. ეს იყო სერ რიჩარდ ატენბოროს მიერ გადაღებული ოსკაროსანი დრამა – „განდი”, სადაც მან დასამახსოვრებელი პერსონაჟი განასახიერა. 

* 1989-1994 წლებში დენიელ დეი-ლუისი სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა სექს-სიმბოლო იზაბელ აჯანისთან. ამ კავშირიდან მას ჰყავს ვაჟი – გებრიელ კეინ დეი-ლუისი.

* 1990 წელს ჟურნალმა „ფიფლმა” დენიელ დეი-ლუისი პლანეტის 50 ყველაზე ლამაზ ადამიანს შორის მოიხსენია, ხოლო ჟურნალმა „ემფაირმა” 1995 წელს იგი მსოფლიო კინოისტორიის 100 ყველაზე სექსუალური ვარსკვლავის რეიტინგში შეიყვანა.

* დენიელ დეი-ლუისი იესო ქრისტეს როლზე განიხილებოდა მელ გიბსონის გახმაურებულ ფილმში – „ქრისტეს ვნებანი”, თუმცა, მელ გიბსონმა მისი სახე ზედმეტად ევროპულად მიიჩნია და საბოლოოდ როლი ჯეიმს კევიზელს არგუნა.

* დენიელ დეი-ლუისის ვარსკვლავური საათი 1989 წელს დადგა, როდესაც კინოეკრანებზე გამოვიდა დრამა – „ჩემი მარცხენა ფეხი”, სადაც მან ცერებრალური დამბლით დაავადებული პერსონაჟი განასახიერა. ამ როლისთვის ლუისმა მიიღო ბრიტანული და ამერიკული უმთავრესი კინოჯილდოები – „ბაფტა” და „ოსკარი”. აღსანიშნავია, რომ გადაღებების დროს დეი-ლუისი იმდენად იყო შესული თავის როლში, რომ მარცხენა ფეხის თითებით ისწავლა ხატვა და წერა. თავისი მეორე „ოსკარი” დეი-ლუისმა 2007 წელს პოლ ანდერსონის ფილმ „ნავთობში” შესრულებული როლისთვის მიიღო.

* დენიელ დეი-ლუისი  იმ რვა მსახიობიდან ერთ-ერთია, ვისაც ერთი როლის შესრულებისთვის მიღებული აქვს „ოსკარის,” „ბაფტას”, „ოქროს გლობუსისა” და ამერიკელი მსახიობების გილდიის მთავარი პრემიები. დანარჩენი შვიდი მსახიობია: ჯეფრი რაში, ბენისიო დელ ტორო, ჯეიმი ფოქსი, ფილიპ სეიმურ-ჰოფმანი, ფორესტ უიტაკერი, ხავიერ ბარდემი და ჰით ლეჯერი.

* თავდაპირველად რეჟისორი პიტერ ჯექსონი დენიელ დეი-ლუისს განიხილავდა არაგორნის როლზე „ბეჭდების მბრძანებლის” ტრილოგიაში.

* „ნიუ-იორკის ბანდების” გადაღებების დროს დენიელ დეი-ლუისი თავისი გმირის, უილიამ კატინგის როლიდან შესვენებების დროსაც კი არ გამოდიოდა და დანებს ლესავდა. იგი, ასევე, არ იხდიდა ტანსაცმელს და მსახიობ ჯონ სი რეილის თქმით, მაშინაც კი, როცა ძალიან ციოდა და წვიმდა, დენიელი არ იხდიდა მეცხრამეტე საუკუნის დროინდელ ლაბადას და უარს აცხადებდა ანტიბიოტიკების მიღებაზე გაციების დროს. ამ როლისთვის დენიელი საქონლის ხორცის დამუშავებას ლონდონელ ყასბებთან ორი თვის განმავლობაში სწავლობდა.

* დენიელ დეი-ლუისს მთავარი როლი უნდა ეთამაშა ჯონათან დემეს დრამაში „ფილადელფია”, თუმცა, მან სხვა ფილმზე გააკეთა არჩევანი. მის ნაცვლად მოყვანილი ტომ ჰენქსი კი შიდსით დაავადებული გეის – ენდრიუ ბეკეტის როლის შესრულებისთვის „ოსკარის” მფლობელი გახდა.

* 1992 წელს, „უკანასკნელი მოჰიკანის” გადაღებების დროს, დენიელ დეი-ლუისმა საკუთარი ხელით გააკეთა კანოე, შეისწავლა ცხოველების დაკვლისა და გასუფთავების ინდიელების მეთოდი, პროფესიულ დონეზე აითვისა მეცხრამეტე საუკუნის თოფების გამოყენება და გადაღებების დასრულების შემდეგაც კი არ იხსნიდა ზურგიდან ამ თოფს.

* „ნიუ-იორკის ბანდების” გადაღებების დაწყებამდე დენიელ დეი-ლუისი ხუთი წლის განმავლობაში ჩამოშორებული იყო კინემატოგრაფს, იტალიაში ცხოვრობდა და მეწაღედ მუშაობდა. ამბობენ, რომ მასთან მოსალაპარაკებლად იტალიაში ჩასულები იყვნენ ფილმის რეჟისორი მარტინ სკორსეზე, პროდიუსერი ჰარვი ვაინშტაინი და ლეონარდო დიკაპრიო. ვაინშტაინის თქმით, ხუთი წელი დეი-ლუისის გარეშე კინოეკრანისთვის მეტისმეტი იყო.

* სხვადასხვა მიზეზის გამო, დენიელ დეი-ლუისს უარი აქვს ნათქვამი მთავარი როლების შესრულებაზე შემდეგ ფილმებში: „სოლარისი”, „წმინდანი”, „ტერმინატორი 4”, „თავზეხელაღებულთა კუნძული”, „ინგლისელი პაციენტი”.

* კარიერის დასაწყისში დენიელ დეი-ლუისს „ინგლისელ რობერტ დე ნიროს” უწოდებდნენ.

* დენიელ დეი-ლუისი ერთადერთი მსახიობია კინემატოგრაფის ისტორიაში, რომელსაც „ოსკარი” მამაკაცის საუკეთესო როლისთვის ორ სხვადასხვა საუკუნეში აქვს აღებული.

* თავისი მეუღლის, რებეკა მილერის ფილმის – „ბალადა ჯეკზე და როუზზე” გადაღებების დროს, დენიელი განცალკავებით ცხოვრობდა კანადაში, პრინც ედუარდის კუნძულზე, სანაპიროზე აგებულ ხის ბარაკში.

* დენიელის მეუღლე, რებეკა მილერი, არტურ მილერის შვილია. მათ ორი შვილი ჰყავთ: რონან კელ დეი-ლუისი და კესელ ბლეიკ დეი-ლუისი.

* 1993 წლიდან დენიელ დეი-ლუისი ირლანდიის მოქალაქეა, დროის უმეტეს ნაწილს ის კაუნტი უიკლოუში ატარებს ოჯახთან ერთად.

* თავის საყვარელ რეჟისორებად დენიელ დეი-ლუისი მარტინ სკორსეზესა და ჯიმ შერიდანს ასახელებს.

* დენიელ დეი-ლუისის თქმით, ბავშვობაში მას  თანაკლასელები ხშირად იგდებდნენ მასხრად იმის გამო, რომ ებრაელი დედა ჰყავდა.

* დენიელ დეი-ლუისს დიდი სურვილი ჰქონდა, ვინსენტ ვეგას როლი შეესრულებინა კვენტინ ტარანტინოს ფილმში „კრიმინალური საკითხავი”, თუმცა, რეჟისორმა მას ჯონ ტრავოლტა ამჯობინა. 

* დენიელ დეი-ლუისი საფეხბურთო კლუბ „მილუოლის” ქომაგია. ეს კლუბი ინგლისის საფეხბურთო ჩემპიონატის დაბალი რანგის ლიგებში ასპარეზობს.

* სტივენ სპილბერგმა აღიარა, რომ ათი წელი დასჭირდა, რათა დენიელი აბრაამ ლინკოლნის როლის შესრულებაზე დაეთანხმებინა. რამდენიმე უარის შემდგომ სპილბერგს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ როლი ლაიამ ნისონისთვის გადაეცა, თუმცა, ამ უკანასკნელმა ასაკის გამო თქვა უარი. საბოლოოდ, დენიელ დეი-ლუისის დათანხმება მაინც სპილბერგმა მოახერხა, როდესაც ფილმის სცენარის საბოლოო ვარიანტი მსახიობს პირადად გააცნო. 

უშანგი რუხაძე

скачать dle 11.3