ბორკილები ნებაყოფლობით
მოკრძალება და თავმდაბლობა ქალის მთავარი სამკაულია. ყოველ შემთხვევაში, ჩვენი წინა თაობა აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ამაში. პრინციპში, ქალებმა ბევრი წავაგეთ, როცა იმაზე მეტი პასუხისმგებლობა და ტვირთი ავიკიდეთ საკუთარ მხრებზე, ვიდრე ეს საჭირო იყო. რა გვრჯიდა? – გამოუვალი მდგომარეობა! ანუ, ჩვენ მერე ვიწყებთ მტკიცებას, რომ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, რომ საქმე ვიღაცამ უნდა გააკეთოს, თორემ, გაცილებით გვირჩევნია, ჩვენზე ზრუნავდნენ... შესაძლოა, ეს მართლაც ასეა, მაგრამ, რა გამოდის? – ბორკილები ნებაყოფლობით გავიკეთეთ მაჯებზე, მამაკაცების უმრავლესობა კი დიდი სიამოვნებით ნებივრდება. რატომაც არა, თუკი მათ გასაკეთებელს მათ გარეშეც და, თანაც, კარგად გააკეთებენ?!
ერთი სიტყვით, საქმე თითქოს მარტივადაა მაგრამ, ამავდროულად, სულაც არ არის მარტივად. ძნელია, იპოვო ოქროს შუალედი, მით უმეტეს, როცა ქალი ძლიერია, აქვს პასუხისმგებლობის გრძნობა და შეუძლია საქმის კეთება. იქნებ, მთავარი დამნაშავე ცხოვრებაა? იქნებ, მან ხელახლა გადაანაწილა როლები და ქალებს ცოტათი შეგვიცვალა ფუნქციები?! ნუ გაგიკვირდებათ, თუკი, ერთ დღესაც, მამაკაცი ფეხს ფეხზე გადაიდებს და გეტყვით: „ძვირფასო, ყველაფერში გენდობი, ასე განაგრძე. გააკეთე, რაც გინდა!“ სანამ აუყვირდებოდეთ, გაიხსენეთ, რომ ბორკილები საკუთარი ნებით დაიდეთ. რას იზამთ, ემანსიპაცია მსხვერპლად ჩვენს სისუსტეს ითხოვს!
ყველაზე მნიშვნელოვანი...
ოჯახური ურთიერთობები ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანია. ვიყოთ გულახდილები და ვაღიაროთ, რომ, სიყვარულის თუ არა, მარტოდ დარჩენის შიშის გამო მაინც ვდგამთ ამ ნაბიჯს. კარგი იქნებოდა, თუკი ოჯახური ცხოვრების ზოგიერთ ნიუანსს თავიდანვე კარგად გავიაზრებთ.
ქორწინება საკმაოდ გრძელვადიანი პროექტია, დამყარებული ირაციონალურ ოპტიმიზმსა და ბედნიერი მომავლის რწმენაზე. თუ ამ ყველაფერს კარგად არ გააცნობიერებთ, გაგიჭირდებათ ერთი კონკრეტული არსების გვერდით ხუთი, ათი, თხუთმეტი და მეტი წელი ცხოვრება. არ არის ეს ადვილი და გზა „ბედნიერი მომავლისკენ“ ია-ვარდით მოფენილი ნამდვილად არ იქნება. წარმოგიდგენიათ?! ზოგიერთი წყვილი მაინც ახერხებს და ერთად ორმოცდაათ წელსაც კი ცხოვრობს. რა იციან მათ ისეთი განსაკუთრებული, რა საიდუმლოს ფლობენ, რომ ასეთი სასწაული ხელეწიფებათ? ჩნდება კითხვა: რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ქორწინებაში – სიყვარული თუ კიდევ რაღაც, რასაც მხოლოდ ერთეულები აღწევენ? ყველა ქორწინებაში დგება მომენტი, როცა მეუღლეებიდან ორივეს ყველაფერი ყელში ამოსდის. სწორედ ამ დროს არის საშიში კონფლიქტები და კრიზისის გამწვავება. აჯობებს, იყოთ რეალისტები და დაკმაყოფილდეთ იმით, რაც გაქვთ.
იქორწინო, ნიშნავს, მთლიანად შეცვალო შენი ცხოვრების წესი. ეს ახალი სარწმუნოების მიღებასავით არის. მაგრამ, თუ გულს გაუხსნი ამ „რწმენას“ და მზადყოფნაში შეხვდები, სიხარული და ბედნიერება არ დააყოვნებს... ანუ, ყველაზე მნიშვნელოვანი სურვილია – იცხოვრო იმ ადამიანის გვერდით, რომელიც შენს ყოფას გაცილებით ასატანსა და სასიამოვნოს ხდის.
შშეგიძლიათ, არც დაიჯეროთ!
თუმცა, ცდად, ალბათ, მაინც ღირს. ვინ-ვინ და, ამერიკელებმა ოჯახური ურთიერთობის ფასი ნამდვილად იციან. ამერიკელმა ფსიქოლოგმა ოტმანმა წარმატებული ქორწინების „სიმპტომები“ დაასახელა. თუ 60 პროცენტს მაინც ეთანხმებით, ესე იგი, გაგიმართლათ:
1. არასდროს გიფიქრიათ, რომ თქვენი მეუღლის ცუდი გუნება-განწყობის მიზეზი თავად ხართ.
2. დარწმუნებული ხართ, რომ სავსებით იმსახურებთ იმ ყურადღებას, რომლითაც მეუღლე განებივრებთ.
3. ჩხუბის დროს ორივე აღიარებთ თქვენს წილ დანაშაულს და პასუხისმგებლობასაც თანაბრად ინაწილებთ.
4. მიგაჩნიათ, რომ ოჯახში მოვალეობა-ვალდებულებები სამართლიანად არის გადანაწილებული.
5. მშვიდად შეგიძლიათ ერთმანეთთან საუბარი ნებისმიერ თემაზე (მათ შორის ინტიმურზეც).
6. თქვენს თავს სხვა წყვილებს არ ადარებთ და მათი ურთიერთობების არ გშურთ.
7. ისევ ერთად გეგმავთ „უიქენდებს“ და თავისუფალ დროს. არ გაღიზიანებთ ერთმანეთის ჰობი.
ენდეთ ჭეშმარიტებას!
ნათქვამია – ოჯახი ცვლის ყველაფერს. ამიტომ, სანამ ოჯახს მოეკიდებით, კარგად დაფიქრდით, რა უფრო მნიშვნელოვანია თქვენთვის – ოჯახი თუ ყველაფერი. ეს უბრალო სიტყვები და ფრაზები კი არ გახლავთ, არამედ, განსაზღვრავს თქვენი ცხოვრების ბედნიერების ხარისხს. არ არის ადვილი, ყოველი დღე ერთი ადამიანის გვერდით გაატარო, მაგრამ, სწორედ ეს არის ნორმალური და ბუნებრივი. ანდო შენი ცხოვრება საიმედო ხელს – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი! რამ უნდა მოგგვაროს სიმშვიდის განცდა, თუ არა სიყვარულმა, რომელსაც მისგან მიიღებ?! სიმშვიდის გარეშე კი შეუძლებელია სრულფასოვანი სიხარული, მით უმეტეს – ბედნიერება.
გაცნობიერება იმისა, რომ ვიღაცაზე ხარ დამოკიდებული, ყველაფერს აფუჭებს, თუკი მაშინვე არ „გაგახსენდება“, რომ ის „ვიღაც“ კი არა, საყვარელი და ახლობელი ადამიანია, რომელსაც, შეგიძლია, ნებისმიერ დროს, ყველაზე მძიმე და ყველაზე სასიხარულო წუთებში დაეყრდნო. ბედნიერია ის, ვისი სახლის ფანჯრებშიც შუქი ანთია მაშინ, როცა თავად სახლში არ არის და იცის, რომ იქ ელოდებიან. უბრალოდ, უნდა მიხვდეთ, რა გირჩევნიათ: ის, რომ ვერასოდეს იპოვით ბედნიერებას მარტოობაში თუ ეს – არ გყავდეთ წყლის მომწოდებელიც კი, სამაგიეროდ, არ დათმოთ პირადი თავისუფლება. არჩევანი თქვენზეა, მაგრამ, ფრთხილად იყავით, ბოლოს „პირადი თავისუფლების“ პირისპირ მარტოდ დარჩენილმა არ ინანოთ!