ვინ სცადა ორჯერ კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მოკვლა და რა ბედი ეწია მის ანტიკვარულ ოქროსა და ვერცხლის მონეტებს და კოლექციებს
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებს შორის ერთ-ერთი განსაკუთრებული ადგილი კირიონ მეორეს (ერისკაცობაში გიორგი საძაგლიშვილი) უჭირავს, რომლის ცხოვრება განსაკუთრებულად მძიმე იყო. ის მეცხრამეტე საუკუნის 80-90-წლების ქართული ინტელექტუალური საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენელი იყო. ის ხშირად აქვეყნებდა ქართული პერიოდიკის ფურცლებზე ივერიელის, ნიქოზელისა და ლიახველის ფსევდონიმებით საინტერესო წერილებს, გამოკვლევებს ძალიან ბევრ საკითხზე. აქტიურად ეწეოდა მეცნიერულ საქმიანობას. კირიონ მეორე დაუღალავად იბრძოდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად. ამიტომაც, არსებული ხელისუფლების მიერ მუდმივად დევნას განიცდიდა. 2002 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ კირიონ მეორე, სასულიერო და საზოგადოებრივი მოღვაწეობის გამო, წმიდანად შერაცხა. მისი მოღვაწეობის შესახებ არაერთხელ დაიწერა. ბევრი რამ უკვე ცნობილია‚ მაგრამ დღეს ჩვენ, მის შთამომავალს, ქალბატონ დოდო საძაგლიშვილს ვესაუბრებით და შევეცდებით‚ კათოლიკოს-პატრიარქი კირიონ მეორე სულ სხვა თვალით დაგანახვოთ.
კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის წინაპრები და შთამომავლები
დოდო საძაგლიშვილი: „ჩვენი გენეალოგიური შტო ასეთია: მღვდელი მოსე საძაგლიშვილი, მისიონერი მთიულეთში, დიდოელთა და ინგუშთა გამქრისტიანებელი. მისი შთამომავლები იყვნენ: იერონიმე და გიორგი, სწორედ იერონიმე იყო კირიონის მამა, რომელსაც ჰყავდა მეორე შვილი ნიკოლოზი. კირიონი დაიბადა ნიქოზში, 1855 წელს. ბავშვობის პირველი წლები მლეთა-ანანურში გაატარა. ანანურის სამრევლო სკოლაში მიიღო პირველდაწყებითი სასულიერო განათლება. 1862 წლიდან სწავლა გააგრძელა გორის სასულიერო სასწავლებელში. 1876 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია. ამის შემდეგ სახელმწიფოს ხარჯზე სასწავლებლად გაიგზავნა კიევის სასულიერო აკადემიაში, სადაც საღვთისმეტყველო საგნებთან ერთად, სათანადო ცოდნა მიიღო მსოფლიო ისტორიაში, გეოგრაფიაში, არქეოლოგიაში. ნიკოლოზმაც დაამთავრა სასულიერო სემინარია, სწავლობდა პეტერბურგში და შემდეგ ჩინოვნიკად გაამწესეს განჯაში, სადაც ქართველი ქალი შეირთო ცოლად. თუმცა, მალე მას მოუკვდა ცოლიც, შვილიც და მერე თავადაც მალე გარდაიცვალა. კირიონსაც ჰქონდა ოჯახი, მაგრამ ჯერ მისი ერთადერთი შვილი გარდაიცვალა და შემდეგ‚ სამ თვეში‚ ცოლიც მიჰყვა. ამდენად‚ კირიონს და კოლას, ანუ ნიკოლოზს‚ შთამომავალი არ დარჩენიათ. კირიონის ბიძას, გიორგის ჰყავდა ერთადერთი ვაჟი, შაქრო, რომელიც ასევე სასულიერო პირი გახლდათ და მისი შთამომავლები ვართ ჩვენ. კირიონმა მთელი თავისი სიყვარული შაქროსა და მის შვილებზე გადმოიტანა. შაქროს ჰყავდა: გიორგი, ვახტანგი, სარდიონი, კოლა, თამარი და ქეთო. მე და ჩემი და, თამარი ვახტანგის შთამომავლები ვართ. შემდეგ მოდის ჩემი შვილი გია და მისი შვილები: კობა და ვახტანგი. როდესაც კირიონი გადასახლებაში იმყოფებოდა, მან შაქროს ფული გამოუგზავნა და სთხოვა: ააშენე ორსართულიანი სახლი, ჩემთვის დატოვე ერთი ოთახი, სადაც‚ რომ ჩამოვალ‚ ვიცხოვრებო. ის სახლი კი, სადაც თავად კირიონი დაიბადა, როდესაც მას ცოლ-შვილი გარდაეცვალა და ბერად აღიკვეცა, შაქროს დას ანას უმზითვა. შემდეგ მათ ეს სახლი გაყიდეს, ახალმა პატრონმა კი დაანგრია. სამაგიეროდ‚ კირიონმა ნიქოზში‚ შაქროს ნაყიდ სახლში მოიწყო ოთახი და გადასახლებაში ყოფნისას‚ ვენიდან გამოიწერა ყველაფერი: რბილი ავეჯი, საწოლები, მისაღების გარნიტური, ჭურჭელი. როდესაც 1924 წელს ჩვენი სახლი დაარბიეს, მეორე სართულიდან ყრიდნენ ჭურჭელს, ნივთებს. კირიონს ძალიან ბევრი წიგნი ჰქონდა – გამოიტანეს, ხვიმრაზე დაყარეს წიგნები, გრაგნილები, ხელნაწერები, გადაასხეს ნავთი და დაწვეს. ყველაფერი წაიღეს სახლიდან. მოგვიანებით‚ მამა გორის თეატრში იყო და იქიდან დამწუხრებული დაბრუნდა: გორის თეატრში ვნახე ჩვენი, კირიონისეული ფარდაგი, რომელიც ტახტზე ჰქონდა გადაფარებულიო. სახლის ჩხრეკისას ყავის საფქვავი იპოვეს, ვერ მიხვდნენ‚ რა იყო: წისქვილი ეგონათ: აი, ხალხო, ამ წურბელებს თურმე სახლში წისქვილი ჰქონიათო... როგორც მამაჩემისგან ვიცი, კირიონი არაჩვეულებრივი ადამიანი იყო: ძალიან თბილი, ქველმოქმედი, ყურადღებიანი. გადასახლებაში რომ იყო, იქიდან აგზავნიდა წერილებს, სადაც იხსენებდა ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეზობლებს. აგზავნიდა ამანათებს, ჩასაცმელს ბავშვებისთვის. წერილში ეწერა: შაქრო‚ ძალიან გთხოვ, ყველაზე მეტად ვისაც უჭირს ეს იმას მიეცი. ჩაიწერე მერე‚ ვის მისცემ. კიდევ რომ გამოვაგზავნი, ისევ მას არ მისცე და სხვა ამანათის გარშე არ დაგრჩეს. ყველას უნდა შეხვდესო. როდესაც საქართველოში დაბრუნდა, თავის ოთახში სულ მუშაობდა, მისი ჩამოსვლა მთელ რაიონს უხაროდა. ახლა ერთი საოცარი ამბავი მინდა, მოგიყვეთ: როდესაც კირიონი აკურთხეს კათოლიკოს-პატრიარქად, გორში დიდი დახვედრა მოუწყეს. ნიქოზში რომ ჩამოსულიყო‚ ცხინვალი უნდა გაევლო. ცხინავალის შემოსასვლელში კი უნდა გაევლო ცერაანთ უბანში, სადაც დედაჩემი, ნადია ცერაძე ცხოვრობდა. ერგნეთიდან ნიქოზამდე სულ ხალიჩები იყო დაგებული. ჩვენს უბანში‚ რუზე იყო ბოგირი, რომელზეც გააკეთეს ფანჩატურა და დადგეს პატარა მაგიდა. როდესაც კირიონი იმ ადგილას მივიდა, დედაჩემს, რომელიც პატარა იყო და თან, ძალიან ლამაზი – დღესაც კი „ცხინვალსკაია მადონას“ ეძახიან, ჭიქით უნდა მიერთმია მისთვის ღვინო. კირიონმა თავზე ხელი დაადო, ეამბორა, დალოცა და პირჯვარი გადაწერა. დედაჩემი რომ გაიზარდა, მისი რძალი გახდა... ჩვენს სახლში პატრიარქზე საუბარი დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული იყო. მამა 59 წლის ასაკში გარდაიცვალა და სიკვდილის წინა წლებში ცოტას უკვე მიყვებოდა კირიონსა და თავის მამაზე. შაქროც‚ ანუ მღვდელი ზაქარია‚ 1924 წელს დახვრიტეს. ნიქოზიდან ჩამოვიდა პაპა, მღვდელი ციცქიშვილი და ამილახვრის ოფიცერი, რომელიც გლეხის ტანსაცმელში იყო გადაცმული. როგორც ჩანს‚ ვიღაცამ გასცა ისინი. ფეხით წაიყვანეს ნიქოზიდან გორში და როგორც შემდეგ გავიგეთ, გზაში დახოცეს: ახლა ესენი ათრიე ფეხითო და რუისში მოკლეს სამივე. თავად კირიონს საოცრად ტრაგიკული ცხოვრება ჰქონდა. გარდა იმისა, რომ ცოლ-შვილი დაეხოცა, ხშირად განიცდიდა შევიწროებას, რადგან მუდმივად იბრძოდა ეკლესიის ავტოკეფალიის აღსადგენად“...
კათოლიკოს-პატრიარქი 1896 წელს ცოლ-შვილის სიკვდილის შემდეგ ბერად აღიკვეცა, 1898 წლის აგვისტოში კი ალავერდის ეპისკოპოსად აკურთხეს. წმიდა კირიონმა საკუთარი ხარჯებით დაიწყო განადგურების პირას მისული ალავერდის ტაძრის შეკეთება, ხელი მიჰყო კახეთის ეკლესია-მონასტრებში დაცული სიძველეების შესწავლას. მან საქართველოს საეკლესიო მუზეუმს, სხვა ხელნაწერებთან ერთად, გადასცა ბაგრატ მეოთხის დროინდელი, 1089 წელს გადაწერილი სახარება, რომლის შესახებაც ქართულმა მეცნიერებამ მანამდე არაფერი იცოდა. ამავე დროს კირიონმა ხმა აღიმაღლა სომხების მიერ ქართული ტაძრების მიტაცების წინააღმდეგ. მან ვრცელი დასაბუთებული ბარათით მიმართა საქართველოს ეგზარქოსს და მოითხოვა ამ ტაძრების საქართველოს ეკლესიისთვის დაბრუნება. 1901 წლიდან კირიონი გორის ეპისკოპოსი გახდა. ამ დროისთვის საქართველოს ეგზარქოსმა შენიშნა, რომ წმიდა მღვდელმთავრის ირგვლივ თავს იყრიდა განათლებული სამღვდელოება, რომელიც აშკარად გამოხატავდა უკმაყოფილებას საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმების გამო. ამიტომაც მთავრობა ეპისკოპოსს ხშირად უცვლიდა ეპარქიებს: 1903 წელს ის გაამწესეს ხერსონში, 1904 წელს – ორიოლში, 1906 წელს – სოხუმში, 1907 წელს კოფნოს ეპარქიაში გადაიყვანეს, სექტემბერში კი წმიდანს უფლება არ მისცეს, საქართველოში ჩამოსულიყო და უკანასკნელი პატივი მიეგო წმიდა ილია მართლის ცხედრისთვის. 1908 წელს‚ მთავრობის დადგენილებით‚ კირიონს ჩამოერთვა ეპისკოპოსის წოდება და დააპატიმრეს. მთავრობის ამგვარი სიმკაცრის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო კირიონის დაუცხრომელი ბრძოლა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიისთვის. კირიონის დევნა-შევიწროება სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა. 1908 წლის 28 მაისს თბილისში მოკლეს ეგზარქოსი ნიკონი და მისი მკვლელობის ორგანიზება დევნილ მღვდელმთავარს დააბრალეს. ამგვარმა ცილისწამებამ აღაშფოთა როგორც საქართველო, ისე რუსეთის საზოგადოების მოწინავე ნაწილი. ევროპაში კირიონის დაცვის საზოგადოებაც კი შექმნეს და დაიწყეს ხელმოწერების შეგროვება მისი გათავისუფლების მოთხოვნით. ცნობილია, რომ ბელგიიდან ადამიანის უფლებათა დაცვის თავმჯდომარემ‚ ჯორჯ ლორანმა სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარეს‚ ხომიაკოვს სთხოვა კირიონის უფლებების დაცვა. მართალია, გამოძიებამ არ დაადასტურა კირიონის მონაწილეობა ეგზარქოს ნიკონის მკვლელობაში, მაგრამ მას საქართველოში დაბრუნების ნება არ დართეს და ფართო მასშტაბით დაიწყეს მისი დევნა-შევიწროება. ხელისუფლებისგან დევნილ კირიონ მეორეს მღვდელმთავრის მოვალეობის აღსრულების უფლება ჩამოერთვა და ერთხანს შორეულ სანაქსარის მონასტერში იყო გამოკეტილი. 1912 წლიდან კი ხერსონში გადაიყვანეს. 1914 წელს კირიონ მეორემ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ მეორეს მიმართვა გაუგზავნა და სთხოვა‚ მკაცრი მეთვალყურეობისგან გაეთავისუფლებინათ და სამშობლოში დაბრუნების ნებართვა მიეცათ. ამ თხოვნის საფუძველზე მას მხოლოდ მკაცრი მეთვალყურეობა მოუხსნეს, მაგრამ სამშობლოში დაბრუნების უფლება არ მისცეს. თუმცა, დააბრუნეს ისევ მღვდელმთავრის პატივში და პოლოცკისა და ვიტებსკის ეპარქიის მმართველობა ჩააბარეს, სადაც 1917 წლის შუა რიცხვებამდე მოღვაწეობდა.
დოდო საძაგლიშვილი: „კირიონი დიდხანს იყო გადასახლებაში, მუდმივად უცვლიდნენ ადგილს. ბოლოს ხერსონის უდაბნოში გადაასახლეს, სადაც ჭაობიანი ადგილი იყო. ის ხის სახლის პატარა ოთახში მოათავსეს, ზამთარსა და სიცივეში. როდესაც ოთახში შეიყვანეს, იმ ტახტს‚ სადაც კირიონი უნდა დაწოლილიყო, წყალი ჰქონდა გადასხმული. ამან‚ რა თქმა უნდა‚ მის ჯანმრთელობაზე იმოქმედა. კირიონი საშინელ დევნა-შევიწროებას განიცდიდა, მაგრამ ბრძოლის ჟინი არასდროს დაუკარგავს. პირიქით‚ გადასახლებაში ყოფნისას, რუსეთში მოღვაწეობის დროსაც სულ მუშაობდა. როგორც ჩვენ ვიცით და მამამ მათი გვარებიც იცოდა, კირიონს 67 საკუთარი სტიპენდიანტი ჰყავდა, რომლებიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში სწავლობდნენ. კირიონი მათ ფულს უხდიდა. თავად კორნელი კეკელიძე პაპას სტიპენდიანტი იყო, მისი პირველი ნამუშევარი სწორედ მან დააფინანსა. ნუმიზმატიკითაც იყო დაინტერესებული. კირიონმა გადაწყვიტა, თავისი კოლექციები თბილისში არსებული საეკლესიო მუზეუმისთვის გადაეცა. ამისთვის კი დახმარება სთხოვა საქართველოში დარჩენილ მეგობრებს. მათ გადაწყვიტეს, კოლექციები საზოგადოებრივი მუზეუმისთვის შეეწირათ და არა საეკლესიო მუზეუმისთვის, რადგანაც არსებობდა საშიშროება, ნივთები საეკლესიო მუზეუმიდან პეტრეს ქალაქში აღმოჩენილიყო. კირიონის შინაური მუზეუმი და მის კოლექციაში არსებული მასალები 1911 წელს‚ 20 ენკენისთვეს თბილისში ჩამოვიდა და მუზეუმში დააბინავეს. კირიონის ნუმიზმატიკური კოლექცია კი მოგვიანებით, პახამოვმა მოაწესრიგა. 1914 წელს ის ტარასი კანდელაკს სთხოვდა: ჩემი ვერცხლის ფულების სია გამომიგზავნეთ, ერთნაირი ფული, რომ აღარ ვიყიდოო: „დღეს პროსპექტზე შემხვდა რუსული კაპიკიანი, რომელიც 800 მანეთი ფასობს. იქვე იყო ოქროს მანეთიანი თითო 1 200 მანეთი ღირდა. ჩემს კოლექციაში უკვე არის 2 ოქროს მანეთიანი და ეს აღარ ვიყიდე“. კირიონის კოლექციაში რუსული ფულის გარდა, იყო ოქროს სხვა მონეტები, ბიზანტიური ფულები, ბევრი ჩვენს წელთაღრიცხვამდე იყო გამოშვებული“.
ეკლესიის ავტოკეფალია და პატრიარქის იდუმალებით მოცული სიკვდილი
ავტოკეფალიის გამოცხადების შემდეგ‚ ქართველ საერო და სასულიერო პირთა დიდი ნაწილი მოითხოვდა, რომ რუსეთიდან ჩამოეყვანათ საქართველოს ეკლესიის თავისუფლებისთვის თავდადებული მებრძოლი კირიონ მეორე და ის აერჩიათ მწყემსმთავრად. თავის მხრივ, რუსეთის სინოდშიც კარგად იცოდნენ კირიონის ფასი და ამიტომ გადაწყვიტეს‚ დაეწინაურებინათ და დაენიშნათ პეტერბურგისა და ლადოგის მიტროპოლიტად, რაზეც თვით კირიონმა განაცხადა სასტიკი უარი. მრავალტანჯული ქართველი მღვდელთმთავარი 1917 წლის ზაფხულში საქართველოში დაბრუნდა, ხოლო იმავე წლის 17 სექტემბერს ხმათა უმრავლესობით, ავტოკეფალიააღდგენილი საქართველოს ეკლესიის კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. გარეშე თუ შინაური მტრები ათას ინტრიგას აწყობდნენ ახლად დადგენილი მწყემსმთავრის წინააღმდეგ. მიუხედავად ამისა, მან ბევრი რამ მოასწრო. საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობის მიზნით, მიმართვები დაუგზავნა მსოფლიოს სხვადასხვა მართლმადიდებლურ და არამართლმადიდებლურ ეკლესიის მეთაურებს. სხვა ბევრი რამის გაკეთებაც სურდა, მაგრამ არ დასცალდა. 1918 წლის 27 ივნისს ის თბილისთან ახლომდებარე‚ მარტყოფის საპატრიარქო რეზიდენციაში დღემდე უცნობმა პიროვნებამ მოკლა.
დეკანოზი თალაკვაძე იგონებს: „ხმა დაუყარეს‚ რომ „თავი მოიკლაო!“ 68 წლის მოხუცმა, რომელსაც დამბლის გამო პირამდე ჭიქა ვერ მიჰქონდა დასალევად, ასეთი ხელით‚ მწოლიარემ რევოლვერი დაირტყა და თავი მოიკლაო! რევოლვერი იქვე ეგდო‚ ცხედართან. რევოლვერი დაკეტილი იყო. როგორ, თავი მოიკლა და რევოლვერი დაკეტა? გვერდზე დაიგდო?!“ ასეთი დასკვნა გამოუტანა „გამოძიებამ“. კათოლიკოს-პატრიარქ კირიონ მეორის მკვლელობის შემდეგ მოკლეს მირიან ბერი (კირიონის დამცველი) და ქუთათელი ეპისკოპოსი ანტონ გიორგაძე.
დოდო საძაგლიშვილი: „ლუციფერის მოციქულები ისევ დავლურს უვლიდნენ. კირიონის მოკვლა მის შინა კაცს არქიმანდრიტ ტარასის დაავალეს“. ტარასი კანდელაკი 20 წელი ემსახურებოდა კირიონ მეორეს. როგორც მერე თქვეს‚ დავიდოვმა მოისყიდა – 500 თუმანი მისცაო. „იმასაც იტყვიან ამ 500 თუმნით ტარასიმ კავკაზში ძროხები იყიდა და თბილისში ფერმა ააშენაო. მოკლული კათალიკოზის მიერ შეკრებული ხალხური ლექსებიც ტარასიმ მიითვისა, რომელიც მერე ლიტერატურულ მუზეუმს შესწირა და თავმომწონეთ იტყვის: „ჩემი შეკრებილია“. დავიდოვი, (დავით დავითაშვილი) ეგზარქოსის ჯაშუში იყო და ყოველივე ქართულის მტერი. მან ორჯერ სცადა პატრიარქის მოკვლა და ამიტომაც მიიტანეს ეჭვი, თუმცა გადაჭრით არაფრის თქმა არ შეიძლება“...
ნათია უტიაშვილი