ექიმის რჩევები
კითხვა: შარშან შემოდგომაზე მკვეთრად მოვიმატე წონაში – 8 კილოგრამი. იანვრიდან ვცდილობ გახდომას, ვარ დიეტაზე, მაგრამ, არაფერი გამომდის. დაემატა სისუსტე, ადვილად დაღლა. მაქვს მომატებული ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონი TSH (7.3), T4 – ნორმაა (15.4). შეიძლება თუ არა ეს დარღვევები დიეტებს გამოეწვია?
პასუხი: დიეტა არ მოქმედებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებზე. თქვენი ანალიზები მეტყველებს ჰიპოთირეოზზე (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება), რომელსაც ახასიათებს წონის მატება. თქვენს შემთხვევაში, უმჯობესია, გაიმეოროთ ანალიზები ორი თვის შემდეგ და მიმართოთ ენდოკრინოლოგს. ის დაგინიშნავთ შესაბამის მკურნალობას.
კითხვა: ვარ 1 თვის ორსული. შეიძლება თუ არა პირველ ტრიმესტრში პრესის ვარჯიშები და თბილი აბაზანები რელაქსაციისთვის?
პასუხი: ვარჯიში შეიძლება, აბაზანებისგან კი თავი შეიკავეთ.
კითხვა: ვარ 25 წლის, ფარისებრ ჯირკვალში 1-სანტიმეტრიანი კვანძი მაქვს. მითხრეს, რომ კლიმატის გამოცვლა და მზეზე ყოფნა ჩემთვის აკრძალულია. მართალია?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის კვანძოვანი წარმონაქმნები მოითხოვს სრულ გამოკვლევას (სისხლის ანალიზი ჰორმონებზე, კვანძის ბიოფსია) და აქტიურ დაკვირვებას (ექოსკოპია და ჰორმონების ანალიზი 6 თვეში ერთხელ). თუ ჰორმონები ნორმაშია და კვანძი არ იზრდება, შეზღუდვები საჭირო არ არის.
კითხვა: მოქმედებს თუ არა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები სარძევე ჯირკვლების ზომებზე?
პასუხი: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, შეიძლება, მასტოპათიის მიზეზი გახდეს, მაგრამ, ჯირკვლების ზომებზე არ მოქმედებს.
კითხვა: გასტროსკოპიის დროს აღმოჩნდა, რომ საყლაპავის ვენები 3 მილიმეტრამდე მაქვს გაგანიერებული. ბიოქიმია კარგია, ღვიძლის ექო – ნორმალური. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი? იქნებ ეს დროებითი მოვლენაა?
პასუხი: საყლაპავის ვენების გაგანიერებას უფრო ხშირად იწვევს ღვიძლის დაავადებები. თუ ეს არ დასტურდება, შეიძლება, კონსტიტუციონალური თავისებურება ვივარაუდოთ. ყველა შემთხვევაში საჭიროა 6 თვეში ერთხელ ენდოსკოპიური კონტროლი, შემდგომში – წელიწადში ერთხელ.
კითხვა: ორი კვირის წინ გავიკეთე ლაპაროსკოპიული ქოლეცისტექტომია. ამჟამად მაქვს გულძმარვა და კუჭის შეკრულობა. წამლებს არ ვიღებ, მხოლოდ დიეტაზე ვარ. რისი ბრალი უნდა იყოს?
პასუხი: ქოლეცისტექტომიის შემდეგ პირველ ხანებში კუჭ-ნაწლავის მხრივ დარღვევები საკმაოდ ხშირი მოვლენაა: ორგანიზმი უნდა მიეჩვიოს ახალ პირობებში არსებობას. უნდა დაიცვათ მკაცრი დიეტა, კვება – დღეში 4-5-ჯერ, მცირე რაოდენობით. რაც ეხება პრეპარატებს, გირჩევთ, ექიმის დანიშნულებით, მიიღოთ პროკინეტიკები კუჭ-ნაწლავის მოტორიკის აღსადგენად (მაგალითად, მოტილიუმი) ჭამის წინ, გეპაბენე-ნაღვლის გადინების გასაუმჯობესებლად, 1 თვის განმავლობაში. დიეტის გაფართოებისას და დიდ კვებით დატვირთვებზე რეკომენდებულია ფერმენტების მიღება (მეზიმ-ფორტე). ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, უნდა მიმართოთ გასტროენტეროლოგს.
კითხვა: ფილტვების ანთების გამო 3 კვირაა, ვმკურნალობ. ექიმები ამბობენ, რომ გაუმჯობესება არის, მაგრამ, სულ გულ-მკერდის რენტგენზე მგზავნიან. მაინტერესებს, რამდენად ავნებს ეს ჩემს ორგანიზმს?
პასუხი: რენტგენოგრაფია თქვენს ჯანმრთელობას არ ავნებს, რადგან, ყოველი კვლევისას რენტგენოლოგი ითვლის რადიაციულ დატვირთვას.