კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უნდა ფიქრობდეს ადამიანი მუდმივად საკუთარ აღსასრულზე და როდის არის საშიში სამი ექვსიანი

დღეს ბევრი გამოთქვამს შიშს მეორედ მოსვლის, ანტიქრისტეს ნიშნებისა და განსაკუთრებით სამი ექვსიანის მიმართ, რომელსაც ყველგან და ყველაფერში ეძებენ. რა უნდა ვიცოდეთ ამ საკითხთან დაკავშირებით და როგორია სწავლება სამი ექვსიანის შესახებ, ამაზე გვესაუბრება ვაკის წმიდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა საბა (ბიკაშვილი):

 

 

– დღეს‚ როცა ადამიანები სადმე, საკუთარ საბუთებში ან მაღაზიაში ნაყიდ ნივთებში პოულობენ ჩაწერილ სამ ექვსიანს, ეშინიათ – ფიქრობენ, რომ ანტიქრისტეს ნიშანი მიიღეს. არადა‚ სამი ექვსიანი იქნება ჩაწერილი სადმე თუ სხვა ციფრები, ამას არსებითი მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს მორწმუნე ადამიანისთვის. ქრისტიანი ყოველთვის განისჯება არა პასპორტით, საბუთში ჩაწერილი სამი ექვსიანით, არამედ, საკუთარი ცხოვრებით: როგორი ქრისტიანია, როგორ იცავდა მართლმადიდებლობას, ამით განიკითხება და არა იმით, რომ მის პასპორტში სამი ოთხიანი ან სამი ექვსიანი ეწერა. თუმცა‚ ნათქვამია, რომ, ბოლო ჟამს, როდესაც მოხდება სახელმწიფოების ერთი ადამიანის, ერთი სტრუქტურის ქვეშ დაქვემდებარება, რა თქმა უნდა, თუ ადამიანი არ იმუშავებს ღვთის წინააღმდეგ მებრძოლთა პარტიაში, მას გაუჭირდება დაპურება, თავის რჩენა და მოუწევს ტყეში, მთაში გასვლა, მწირი საკვების მიღება თავის გასატანად. ამ დროს დადგება ადამიანი არჩევნის წინაშე – თუ ის კეთილდღეობის გამო საკუთარ სულს დაკარგავს, დაიღუპება, მაგრამ, თუ მწირობას არჩევს, აუცილებლად ცხონდება. 

– დღეს იმასაც ფიქრობენ, რომ ჩაუდგამენ ჩიპებს, რაც დაუკარგავთ თავისუფალ ნებას, მოუწევთ სარწმუნოებაზე უარის თქმა. 

– რა თქმა უნდა‚ ეს წმინდა წყლის სისულელეა. აქ არ იგულისხმება პირდაპირი გაგებით ჩიპების ჩადგმა, აქ საუბარია იმაზე‚ თუ საით არის მიმართული ჩვენი გონება, ფიქრები: მიწისკენ თუ ღმერთისკენ. ხელი – ეს არის ადამიანის მოღვაწეობის, შრომის სიმბოლო, ამით აღასრულებს ის თავის საქმეებს და ამაზეა საუბარი. და არა იმაზე, რომ მე ჩამიდგამენ ჩიპს და ვეღარ ვიწამებ ქრისტეს – ეს აბსურდულია სულიერი თვალსაზრისით. ადამიანების დიდი ნაწილი გაუცხოებულია ეკლესიურ სწავლებასთან, ისინი მხოლოდ მატერიალურ საკითხებზე ფიქრობენ: უნდათ კარგი სამსახური, მაღალი ხელფასი, გართობა და არ ფიქრობენ მომავალ, ბედნიერ ცხოვრებაზე, რომელიც ქრისტეს გარეშე არ დადგება. ჩვენ არ გვაინტერესებს სულიერი საკითხები; არ ვფიქრობთ იმაზე, რომ ცხოვრების დასასრული ნებისმიერი ადამიანისთვის შეიძლება მოულოდნელად, ძალიან მალე დადგეს, ანუ, შესაძლოა, ყველაფერი გაცილებით ადრე დამთავრდეს. ამიტომ, უნდა ვფიქრობდეთ: „მე ოდესმე  აუცილებლად მოვკვდები, ჩემი პირადი სამსჯავრო, შეიძლება, 5 წუთში დადგეს.“ მაგრამ, ხშირად‚ რადგან მატერიალურ პრობლემებზე უფრო ბევრს ვფიქრობთ, ამიტომ სხვა რაღაცეებზე გადაგვაქვს ყურადღება და მთავარი – საკუთარ სულზე ზრუნვა, სულიერებაზე ფიქრი გვავიწყდება.

– ხშირად ცრუ სწავლებასაც ავრცელებენ, რომ თითქოს მეორედ მოსვლის ჟამს ივერია გაბრწყინდება; სხვა ქვეყნები დაიღუპებიან და მხოლოდ საქართველო გადარჩება. 

 – ეს ცრუ წინასწარმეტყველება დიდი ხანია გავრცელებულია და, სამწუხაროდ‚ ყველას ილუზიური, ცრუ წინასწარმეტყველება გვაწუხებს, რომელიც არსად წერია, არავის უთქვამს და, არ ვიცი‚ სად წაიკითხეს, თითქოს საქართველო უნდა გაბრწყინდეს, დაიღუპებიან სხვა ქვეყნები, ჩაიძირება ათონის მთა და მხოლოდ  ჩვენ, ქართველები დავრჩებით – ასეთი რამ არსად წერია. მაგრამ‚ სამწუხაროდ‚ ქართველებმა ავიტაცეთ, რადგან ეს ყველაფერი გულს, ყურს ესალბუნება, არადა, ქრისტიანულ სწავლებასთან კავშირში საერთოდ არ არის. ის, რომ ჩვენ გავბრწყინდებით და სხვები დაიჩრდილებიან – ეს არასწორია. რუსები ფიქრობენ, რომ რუსეთი გაბრწყინდება, ბულგარელები – ბულგარეთი გაბრწყინდებაო და ასე შემდეგ. ადამიანი არ უნდა ფიქრობდეს იმაზე, რომ გარეგნულად მოხდება გაბრწყინება, მეფეების დანიშვნა, მირონცხებული მეფე ჩვენ წინ წაგვიყვანს. წმიდა მამების აზრი ამ საკითხთან დაკავშირებით ერთსულოვანია: არ გვეყოლება მეფე და თუ მეფე იქნება‚ ის იქნება ანტიქრისტე  და არა ის მეფე, რომელიც ხალხს სწორ სარწმუნოებას მისცემს, მართლმადიდებლობის‚ ქრისტიანობის დამცველი იქნება. გამორიცხული არ არის, რომ პირველი უკვდავი ადამიანი სწორედ ანტიქრისტე იყოს, ჩაისახოს უბიწოდ, არა წმიდა ქალწულისგან, არამედ, გარყვნილი ქალწულისგან. არც ის არის პრობლემა, რომ ბეთლემში დაიბადოს და არც ის, რომ უკვდავი იქნება: მაგრამ, იქნება ცრუ მესია, ანტიპოდი ქრისტესი; იქნება უსიყვარულობის, ამპარტავნების მაგალითი, მაგრამ, მოჩვენებითად და ის ყველაფერს გააკეთებს ხალხისთვის. 

 რაში მდგომარეობს ცოდვა: როცა ადამიანი შეგნებულად სცოდავს თავისუფალი ნებით, გაცნობიერებულად ირჩევს ცოდვას, აი, ეს არის ცოდვა. მაგრამ თუ ადამიანი შეუგნებლად, გაუცნობიერებლად სცოდავს, ეს არ არის ცოდვა. სამი ექვსიანი – ეს არის სიმბოლო მამონისა, სიმდიდრისა, ამქვეყნიური კეთილდღეობისა. თუ ადამიანს მისგან დამოუკიდებლად ვიღაცამ პირადობის მოწმობაში ან პასპორტში ჩაუწერა სამი ექვსიანი, ან, რაღაც პროდუქტი იყიდა და იქაც წერია ეს ციფრები, მაგრამ, არ იცის და იღებს, ხმარობს, ჩვენ ვამბობთ, რომ ის უკვე ეშმაკსაა დამონებული, მის მსახურებაშია – რა თქმა უნდა‚ ეს არ არის სიმართლე. ცოდვის აქტი ის არის, როდესაც ადამიანი თავისი ნებით ირჩევს ცუდს, ცოდვას. ანუ თუ ჩვენი ნებით ვირჩევთ ცოდვას, ცოდვილ ცხოვრებას, ანტიქრისტეს, ჩვენ 666-იანის კი არ უნდა გვეშინოდეს, არამედ, მისი დატვირთვის, – მე რას ვირჩევ ასეთ დროს: ამქვეყნიურ ავლადიდებას, მატერიალურ სიმდიდრეს, კეთილდღეობას, ჩემი გული, გონება მიჯაჭვულია ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე, არ მაინტერესებს ცხონება: რა უნდა გავაკეთო ხვალ, როგორ უნდა წარვდგე შემოქმედის წინაშე. პროტესტანტული დოქტრინა  ასეთია: ქრისტე იწამე და ახლანდელი, წარსული და მომავალი ცოდვები გეპატიებაო. ასე რომ‚ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიურ კეთილდღეობაზე ვფიქრობთ, სულიერზე კი – არა. ამიტომაც, ჩვენი  ზედაპირული ყურადღება გამახვილებულია მხოლოდ ნიშნებზე. სოლომონი ბეგრის სახით ხალხისგან წელიწადში იღებდა 666 ტალანტ ოქროს. ერთ ტალანტში შედიოდა 42 კილოგრამზე მეტი, შესაბამისად‚ ეს კოლოსალური თანხა იყო და ებრაელი მოსახლეობისთვის ძალიან მძიმე გადასახდელი. ანუ, ებრაელისთვის რიცხვი 666 ყოველთვის იყო განსახიერება ამქვეყნიური დოვლათის, სიმდიდრის, ძლევამოსილების და მათთვის დღესაც ასეა. ძველი არამეული დამწერლობით, ზოგჯერ ციფრს ანაცვლებდა ასო, ან – პირიქით. ასე რომ‚ რაღაც ციფრებით ჩვენ ვიღებდით გარკვეულ აზრს. ამის მიხედვით, თუ სიტყვასიტყვით გადავთარგმნით, 666 ქართულად ნიშნავს: „მეფე ისრაელისა“. ანუ, იმ მეფეზე, ცრუ მესიაზეა საუბარი, რომელიც მოვა ანტიქრისტეს სახით. აპოკალიფსის განმარტებისას წმიდა მამები წერენ: ბეჭედი შუბლზე‚ ეს არის ჩვენი აზრი, გონება, სულიერება, ყველაფერი‚ რითაც ჩვენ ვხელმძღვანელობთ, და არა ის, რომ ვიღაც მოვა და 666-ს დაგვაწერს შუბლზე. ასევე‚ სახარებაში მარჯვენა ხელზეა ყურადღება გამახვილებული, რომელიც ყოველთვის შრომის, წვალების სიმბოლოა. როდესაც ადამიანის მარჯვენა დატვირთულია, შრომობს, ცდილობს, დააგროვოს დოვლათი ამქვეყნად, წუთისოფელში იყოს კარგად, რასაც საბოლოოდ მამონასკენ მივყევართ. ასე რომ‚ თუ ადამიანი ამ ყველაფერს დღესვე, აქვე აკეთებს, ეს ნიშნავს იმას, რომ მან უკვე მიიღო ეს ნიშანი. ასე რომ‚ თუ ადამიანი სამ ექვსიანს მიიღებს არა თავისი სინდისით, არამედ, მისგან დამოუკიდებლად, მერე კი შეუგნებლად გამოიყენებს და ჩვენ ვამბობთ მან უკვე სული მიჰყიდა ეშმაკს – ეს არის საშინელება. მაგრამ, თუ ადამიანი შეგნებულად იღებს 666-ს, რა თქმა უნდა‚ ის ქრისტეს უარყოფს. მაგრამ, ყოველივე ეს სხვა არაფერია‚ თუ არა ადამიანის ცხოვრების წესი: ყურადღება უნდა მიექცეს იმას, როგორც ცხოვრობს, რით არის დაკავებული, რა უნდა მას და არა ციფრებს. სწორედ ის არის ცოდვის არსი, თუ როგორ ჩაიდენს მას ადამიანი: საკუთარი ნებით თუ გაუაზრებლად, ანუ, ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს არჩევანზე. ამიტომ, ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენი ცხოვრების წესს და არა ნიშნებს. 

ნათია უტიაშვილი 

 

скачать dle 11.3