მოძღვარი გვირჩევს
კითხვა: როგორ უნდა შევაფასოთ მცირედი ცოდვა, რომელიც ხშირად განმეორებადია?
პასუხი: ასეთი ცოდვა ახლოა სასიკვდინე ცოდვასთან. შევადაროთ დიდი ცოდვა დიდ ქვას, ხოლო პატარა – ქვიშის ნამცეცს. თუ ბევრია ქვიშა, შესაძლოა, მან დიდი ქვაც კი გადაწონოს. მაგალითად, ერთი შეხედვით სიცრუე არ არის სასიკვდინე ცოდვა, მაგრამ მისი ხშირი განმეორების შემთხვევაში ის უფლის მადლს განაქარვებს და სასჯელს მოიწევს: „წარსწყმიდნე შენ ყოველნი, რომელნი იტყვიან სიცრუვესა; კაცი მოსისხლე და მზაკუვარი სძაგს უფალსა“.
კითხვა: როგორ დავძლიოთ განკითხვის ცოდვა?
პასუხი: როდესაც ვინმეს განიკითხავთ, ასეთი წესი დაადგინეთ: იმ დღეს სულ მცირე, სამი მეტანია მაინც უნდა შეასრულოთ მისთვის, ვინც განიკითხეთ, შემდეგი ლოცვით: „შეიწყალე, უფალო, მონა ღვთისა (სახელი) და მისი წმიდითა ლოცვით შემიწყალე მეც ცოდვილი“. თუ ასე მოიქცევით, ღმერთი დაგეხმარებათ, რომ თანდათანობით განეშოროთ ამ ცოდვიან ჩვევას.
კითხვა: არის თუ არა ცოდვა, ადამიანს თავისი სიმართლის დასამტკიცებლად მოსთხოვოთ, რომ დაიფიცოს?
პასუხი: ეს უფრო დიდი ცოდვაა, ვიდრე თვითონ დაიფიცო. გახსოვდეთ, რომ მაცხოვარი მოგვიწოდებს: „არამედ იყოს თქვენი სიტყვა: ჰო – ჰო, არა – არა“...
კითხვა: გვცილდება თუ არა ჩვენი ანგელოზი, როდესაც ცოდვას ჩავდივართ?
პასუხი: ამ კითხვაზე ათონელი ღირსი მამა პაისი ასე პასუხობდა: „ანგელოზი რომ ასე იოლად გვტოვებდეს, სამყარო, ალბათ, დიდი ხნის წინ დაიღუპებოდა. ის არ გვტოვებს, რჩება ჩვენთან, ოღონდ იტანჯება და ცარიელი ხელებით ბრუნდება ღმერთთან“.