მამათა შეგონებანი
პაისი მთაწმინდელი: ადამიანი, რომელიც აკვირდება საღვთო ქველმოქმედებას, საღვთო განგებულების მიმართ თავის დამოკიდებულებას სწავლობს. შემდეგ იგი უკვე თავს ისე გრძნობს, როგორც ჩვილი აკვანში, რომელიც, როგორც კი დედა დატოვებს, ტირილს იწყებს და არ ჩუმდება, ვიდრე იგი ისევ არ მიირბენს მასთან. უდიდესი საქმეა – საკუთარი თავის უფლისადმი მინდობა!
მიტროპოლიტი ანტონი: თუ გვინდა, შევხედოთ ადამიანს და დავინახოთ ისეთი, როგორიც არის, უნდა მივუახლოვდეთ მას ღია გულით, ღია გონებით, მისი ისეთის მიღების მზაობით, როგორიც არის, ისე რომ, არც საკუთარ თავს ვშიშობდეთ და არც გამორჩენისა და სარგებლის თვალით ვუცქერდეთ ადამიანებს. უბრალოდ შევხედოთ მას, როგორც შევხედავდით ხელოვნების ნიმუშს, ან ისე, როგორც შეიძლება, უსმინო მუსიკას და აღიქვა ის მთელი შენი არსებით, არა მხოლოდ იმისთვის, რომ ამ ბგერის მიღმა დაიჭირო იმის გამოცდილება, ვინც ეს მუსიკა დაწერა, არამედ შეიძლება დაიჭირო კომპოზიტორის სული და გაიგო ის, რაც ადრე ჩვენ არანაირად არ გვესმოდა.
ეპისკოპოსი პეტრე: ადამიანს ბუნებით თან დაჰყვება სურვილი, ანუ მისწრაფება განავითაროს, სრულყოს თავისი ძალები, გაუთანაბრდეს სხვებს, მოიპოვოს კეთილი სახელი, პატივისცემა, დიდება, სხვათა კეთილგანწყობა. ეს მისწრაფება სასარგებლოა მაშინ, თუ იგი საკუთარი გონებრივი და ზნეობრივი სრულყოფისთვის აღძრავს ადამიანს, ასევე კეთილი სახელიც სასარგებლოა ჩვენი და სხვათა სრულყოფისა და ბედნიერებისთვის, როდესაც ის პატიოსანი გზით მოიპოვება და სწორედ გამოიყენება. მაგრამ პირველქმნილი ცოდვით დაზიანებული ჩვენი ბუნება, ჩვენი თავმოყვარეობა ბოროტად იყენებს ამ მისწრაფებას, რის შედეგადაც საკუთარი უპირატესობისა და პატივისადმი არასწორი სიყვარული შობს ამპარტავნებას, რაც სხვადასხვა სახით და ქმედებით ვლინდება.
სახარება მათესი: ხოლო, როცა შენ გასცემ მოწყალებას, დაე, ნუ ეცოდინება შენს მარცხენა ხელს, რას აკეთებს მარჯვენა, რათა შენი მოწყალება დაფარული დარჩეს და მამამ შენმა, რომელიც ხედავს დაფარულს, მოგაგოს შენ ცხადად.
გაბრიელ ეპისკოპოსი: უკეთუ ვინმე გულში ამგვარ მწუხარებას იგრძნობს და თავისი მდგომარეობის გარკვევას არ შეეცდება, საფრთხეში აღმოჩნდება და ქრისტეს მადლს სრულიად დაკარგავს, რადგან შური და მადლი ქრისტესი, შური და სიყვარული ერთ გულში ერთად ვერ გაჩერდებიან. ესაა პირველი მიზეზი, რომლის გამოც ამ საშინელ ვნებას უნდა ვუფრთხოდეთ. მეორე მიზეზი, რომელიც ამ ცოდვას ჩვენი სულის უსაშინლეს მტრად აქცევს, ისაა, რომ შურს სხვა მრავალნი ცოდვანიც მოჰყვებიან.