კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

თბილისის რომელ ქუჩაზე გადაიხადა ქორწილი იოსებ ჯუღაშვილმა და რომელ თბილისელ გამომცემელთან ჩერდებოდა სახლში აკაკი წერეთელი

რუსთაველის გამზირზე არაერთი ისტორიული ნაგებობა არსებობდა, რომელთა კვალი ამჟამად გამქრალია, თუმცა, მათი უმეტესობა ძველ ფოტოებზეა შემონახული. დღევანდელ ნომერში გაგაცნობთ ბევრისთვის ნაცნობი მუხრან-ბატონის სასახლის, სოსიკო მერკვილაძის წიგნების მაღაზიისა და კრუზენშტერნის ქუჩის ისტორიებს ფოტომასალის თანხლებით.

 

მუხრან-ბატონის სასახლე

რუსთაველის გამზირზე, იქ, სადაც ახლა ყოფილი კავშირგაბმულობის სახლია, მეცხრამეტე საუკუნეში ივანე მუხრან-ბატონის სამსართულიანი სახლი იდგა. შენობა 1853-1854 წლებში იყო აგებული მაშინდელი გოლოვინის პროსპექტის და გიმნაზიის (ამჟამინდელი ლესია უკრაინკას) ქუჩის კუთხეში. მეცხრამეტე საუკუნის თბილისში ეს შენობა პოპულარობით სარგებლობდა: აქ იყო განთავსებული თბილისის თავადაზნაურობის საკრებულო („დომ დვორიანსკოგო სობრანია”); შენობის ნაწილი, ასევე, ეკავა სასტუმროს – „მუხრანსკიე ნომერა”, 1863 წლიდან კი მუხრან-ბატონის სახლში გაიხსნა პირველი ქართული ჟურნალის – „საქართველოს მოამბის” რედაქცია, რომელსაც ილია ჭავჭავაძე ხელმძღვანელობდა. 1877 წელს მუხრან-ბატონის ინიციატივით არქიტექტორმა ა. ფონ სკოიანმა  შენობის რეკონსტრუქცია განახორციელა და გოლოვინის პროსპექტზე სხვა შენობებისგან გამორჩეული ნაგებობა კიდევ უფრო გაალამაზა მდიდრული ფასადითა და მუხრანბატონთა საგვარეულო გერბით, რომელიც მესამე სართულზე ცენტრალური ფანჯრის თავზე იყო გამოსახული. ივანე მუხრან-ბატონის გარდაცვალების შემდეგ 1895 წელს შენობა მისი შვილის, კონსტანტინე მუხრან-ბატონის საკუთრებაში გადავიდა, თუმცა, ამ უკანასკნელმა მამის დატოვებული ქონების განიავება დაიწყო და 1900 წელს შენობა თბილისში მცხოვრებ ცნობილ მეწარმეს, ალექსანდრე მანთაშევს, გავრცელებული ვერსიის თანახმად, 240 ათას მანეთად მიჰყიდა. მანთაშევს არ შეუცვლია შენობის პროფილი და სასტუმროს ამუშავებდა, რომელსაც რამდენჯერმე შეეცვალა სახელწოდება („მუხრანი,” „უნივერსალი” და სხვა). 1921 წლის ზაფხულში ხანძრის შედეგად, მუხრან-ბატონის სახლი მთლიანად დაიწვა და მის ადგილზე, 1928 წელს, საქალაქო საბჭომ კავშირგაბმულობის დაწესებულების შენობის ასაგებად თანხა გამოყო. მოსკოვში, არქიტექტორ კონსტანტინე სოლომონოვის მიერ, შემუშავდა ხუთსართულიანი შენობის პროექტი, რომლის დამტკიცების შემდეგ, 1930 წელს, დაიწყო მშენებლობა, რომელიც 1934 წელს დასრულდა, თუმცა, შენობა ვერ აკმაყოფილებდა რუსთაველის გამზირზე არსებული შენობისადმი წაყენებულ მოთხოვნებს და მთლიანად ამახინჯებდა თბილისის მთავარი გამზირის ჰარმონიულ ხედს. 1934 წლის ნოემბერში საქალაქო საბჭომ კავშირგაბმულობის შენობის ფასადის საფუძვლიანი რეკონსტრუქციის დაწყების დადგენილება მიიღო, მაგრამ, სამუშაოების დაწყება ხანგრძლივი ვადით გაჭიანურდა.  ფასადის რეკონსტრუქცია ცნობილი არქიტექტორის, ივანე ჩხენკელის პროექტით განხორციელდა და 1954 წლის ნოემბერში დასრულდა. ფასადის მოპირკეთებისას გამოყენებული იყო მეთორმეტე საუკუნის ცნობილი ქართველი ხუროთმოძღვრის ბექა ოპიზრის ორნამენტების ელემენტები. ამჟამად ამ შენობაში რამდენიმე ორგანიზაციაა განთავსებული.

სოსიკო მერკვილაძის წიგნის მაღაზია

სოსიკო მერკვილაძეს  რევოლუციამდელ თბილისში საკუთარი ფართლეულის მაღაზია ჰქონდა გახსნილი ალექსანდრეს ბაღთან, წმინდა გიორგის (საბჭოთა დროს ჯორჯიაშვილის, ამჟამად – ჭანტურიას) ქუჩაზე. სოსიკო ძმასთან ერთად იყო ჩართული მაღაზიის საქმეებში. ისინი იაპონური ქსოვილებით ვაჭრობდნენ, ხოლო სოსიკოს მეუღლე ტფილისელ გოგონებს ჭრა-კერვას ასწავლიდა. ცნობილია, რომ 1897 წელს აკაკი წერეთელმა დააარსა ჟურნალი „აკაკის ყოველთვიური კრებული”, რომლის მიზანი და დანიშნულება იყო, საკუთარი ნაწერების  დაბეჭდვასთან ერთად, ხალხური ზეპირსიტყვიერების ნიმუშების მოძიება, შეკრება და გამოქვეყნება. აკაკის უამრავი ადამიანი ჰყავდა ჩართული ამ საქმეში და მათ შორის იყო სოსიკო მერკვილაძეც. ის აგროვებდა სხვადასხვა თემატიკის მასალას და ჟურნალში აქვეყნებდა. ამის შემდეგ იგი დაუახლოვდა აკაკის, ფართლეულის მაღაზია წიგნების მაღაზიად გადააკეთა და გამომცემელი გახდა. თავის მაღაზიას სოსიკომ „ცოდნა” უწოდა და ეს იყო იმ პერიოდის თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის მაღაზია. სოსიკო მერკვილაძის გამომცემლობამ უდიდესი წვლილი შეიტანა ქართული ლიტერატურის ისტორიაში: მასთან იბეჭდებოდა და იყიდებოდა აკაკის, ილიას, ნიკოლოზ ბარათაშვილის, გრიგოლ ორბელიანის, ნიკო ლომოურისა და სხვათა ნაწარმოებები. გარდა ამისა, სოსიკო აკაკისთან ახლობლობდა და თბილისში ყოფნის დროს მწერალი  მერკვილაძეებთან ჩერდებოდა, სადაც მას საკუთარი ოთახი ჰქონდა გამოყოფილი. 

კრუზენშტერნის ქუჩა – გაზეთი „ტიფლისსკი ლისტოკ”

„ტიფლისსკი ლისტოკი” ყოველდღიური ილუსტრირებული რუსულენოვანი გაზეთი იყო, რომელიც ლიტერატურულ-პოლიტიკურ თემატიკაზე ბეჭდავდა სტატიებს. ასევე, გაზეთში იბეჭდებოდა სარეკლამო სახის მასალები, ქრონიკა და ახალი ამბები. ამ გაზეთის საშუალებით არაერთი ცნობილი ფაქტი თუ მოვლენა გაშუქებულა. „ტიფლისსკი ლისტოკი” 1886-1919 წლებში გამოდიოდა და გაზეთის რედაქცია კრუზენშტერნის ქუჩა ¹4-ში მდებარეობდა (ამჟამინდელ ლაღიძის ქუჩაზე). გაზეთის ერთ-ერთი პირველი გამომცემელი და რედაქტორი ხ. ხაჩატუროვი იყო. სწორედ „ტიფლისსკი ლისტოკში” დაიბეჭდა პირველად, 1902 წელს, ცნობილი რუსი პოეტის, ნიკოლაი გუმილიოვის ლექსები. კრუზენშტერნის ქუჩა იმ ფაქტითაც არის ცნობილი, რომ სწორედ ამ ქუჩაზე, 1906 წლის ივლისში, გადაიხადა ქორწილი იოსებ ჯუღაშვილმა, მისი რჩეული ეკატერინე (კატო) სვანიძე გახლდათ. წყვილმა ჯვარი მამადავითზე დაიწერა, ხოლო საქორწილო სუფრა კრუზენშტერნის ქუჩაზე, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში გადაუხდიათ. ქორწილს რამდენიმე სტუმართან ერთად სიმონ ტერ-პეტროსიანი, იგივე კამო ესწრებოდა. 

 

მასალაში გამოყენებულია ფრაგმენტები წიგნიდან: გ. ბეჟანიშვილი „რუსთაველის პროსპექტი” (თბილისი, 1956 წ.)

скачать dle 11.3