როგორ იპოვეს დაკარგულმა დებმა ერთმანეთი საახალწლოდ და ვინ ეძებდა დედმამიშვილს რუსეთიდან საქართველოში
49 წლის ლარისა ივანეს ასული ვანიუკოვა ეძებდა: 45 წლის ირინა აზერაშვილს.
ისტორია: ვეძებ ჩემს დას, 45 წლის ირინა აზერაშვილს (მეუღლის გვარია, გვარის სისწორეში დარწმუნებული არ ვარ). მე და ირინას შორის კავშირი ბოლოს 1985 წელს შედგა, როდესაც მან წერილი გამოგვიგზავნა. ძალიან გთხოვთ, მაპოვნინოთ. ვგზავნი მის ფოტოს (უფრო გვიან გადაღებული სურათი არ გამაჩნია). თქვენი რუბრიკის დიდი იმედი გვაქვს.
ჟურნალისტის შენიშვნა: ეს ისტორია დაიბეჭდა რუბრიკა „დაკარგულებში,“ ჟურნალ „თბილისელების“ 47-ე ნომერში. დაკარგული ირინა სწორედ ახალი წლის წინა დღეს, 31 დეკემბერს დამიკავშირდა. ლარისა ირინას კოჯორში ეძებდა, ის კი თბილისში ცხოვრობს. საბედნიეროდ, დებს შორის 1985 წელს შეწყვეტილი კავშირი აღდგენილია.
– ქალბატონო ლარისა, რა რეაქცია გქონდათ, როდესაც შეგატყობინეთ, რომ ირინა ნაპოვნია?
– ძალიან გამიხარდა და ვერ ვიჯერებდი, რომ ჩემს დას დავუკავშირდებოდი. 1985 წლიდან ჩვენ შორის კავშირი არ ყოფილა. მე ირინა კოჯორში მეგონა, ის კი, როგორც თქვენ მითხარით, თბილისში ცხოვრობს. ტერიტორიული სიშორის გამო ჩვენ ერთმანეთი წლების განმავლობაში არ გვინახავს. იმედია, ახლა ყველაფერი გამოსწორდება. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს რედაქციას ასეთი სასწაულისთვის. ამ ახალ წელს ბედნიერი შევხვდები (ინტერვიუ ჩაწერილია 31 დეკემბერს – ავტორი). არც მეგონა, რომ საქართველოდან ვინმე ასეთ მოკლე დროში დამიკავშირდებოდა და ჩემს ისტორიას გულთან ახლოს მიიტანდა.
– თქვენს დასაც გაუხარდა თქვენი, ასე ვთქვათ, გამოჩენა. მაინც, რა იყო იმის მიზეზი, რომ თქვენ ერთმანეთს ამდენ ხანს არ დაკავშირებიხართ?
– მოგეხსენებათ, რა რთულია, იყო შორს შენი დედმამიშვილისგან; თანაც, მე ირინას სხვა მისამართი ვიცოდი. ის კი, თურმე, წლებია, თბილისში ცხოვრობს. თქვენი დახმარების გარეშე მას ვერ ვიპოვიდი. თავიდან მე განვათავსე განაცხადი სამძებრო საიტზე, მაგრამ, ვიცოდი, რომ ამ ყველაფერს დიდი დრო უნდოდა, რადგან, ამ საიტზე ჩემი ისტორიის გარდა ათასი ისტორიაა. ასე სწრაფად პოვნის იმედი, რა თქმა უნდა, არ მქონდა. ეს სასწაულია და მეც და ჩემი დაც თქვენი დიდი მადლობლები ვართ. მით უმეტეს, როგორც გავიგე, თქვენ მარტო მუშაობთ ამ საკითხზე, სამძებრო საიტს კი ასეთი ადამიანების მთელი ჯგუფი ჰყავს.
– აპირებთ თუ არა ერთმანეთის ნახვას, ანუ, შეხვედრას თუ გეგმავთ?
– დიახ, ძალიან მინდა, რომ 2013 წელს ვნახო ირინა, მანამდე კი ჩვენ ინტერნეტითაც გვექნება ერთმანეთის ნახვის საშუალება და ტელეფონითაც დავუკავშირდებით ხოლმე ერთმანეთს. ირინამ მითხრა, რომ მას ძალიან გაუკვირდა და გაუხარდა, როდესაც თქვენს რუბრიკაში თავისი ისტორია წაიკითხა. ეს მისთვის დიდი სასწაული იყო, თან, ყველაფერი საახალწლოდ დაემთხვა, მართლაც, სასწაულებით დაიწყო 2013 წელი. მინდა, თქვენც და თქვენს მკითხველსაც ასეთი სასწაული ვუსურვო ამ ახალ წელს.
თუ გსურთ, თქვენც გაგიწიოთ დახმარება დაკარგული ახლობლის მოძებნაში, დაგვიკავშირდით: 233-42-24; 593 22-04-31. დარეკეთ საღამოს, 6 საათის შემდეგ. E-mail: tbiliselebi2001@yahoo.com.