ადვოკატი გირჩევთ
კითხვა: მაინტერესებს, ეხება თუ არა ამნისტია განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონი მეტ-ნაკლებად ეხება ყველა მსჯავრდებულს, კერძოდ: ერთი მეოთხედით შეუმცირდებათ სასჯელი პირებს, რომლებზეც არ ვრცელდება ამნისტიის კანონის 1-15 მუხლების მოქმედება.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ შეეხებათ ამნისტია იმ პირებს, რომლებიც სასჯელს იხდიან დანაშაულთა ერთობლიობით, ანუ, რამდენიმე სხვადასხვა მუხლით არიან პასუხისგებაში მიცემული და სასჯელები აქვთ მთლიანად შეკრებილი?
პასუხი: გაცნობებთ, რომ პირებს, რომლებსაც, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელი აქვთ დანიშნული დანაშაულთა ან/და განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელთა შეკრების წესის გამოყენებით, ამნისტიის კანონი შეეხება თითოეული დანაშაულისა და სასჯელისთვის ცალ-ცალკე. მაგალითად, თუ პირს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილით სასჯელად აქვს შეფარდებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მესამე ნაწილით 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და დანაშაულთა ერთობლიობით შეფარდებული აქვს საბოლოო სასჯელად 18 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამ შემთხვევაში, ამნისტიის კანონით, 179-ე მუხლით დანიშნული სასჯელი შემცირდება ერთი მეოთხედით ანუ 2 წლით, ხოლო 260-ე მუხლის მესამე ნაწილით დანიშნული სასჯელი განახევრდება და შემდეგ მოხდება მათი შეკრება, ანუ, მთლიანობაში, ამნისტიის კანონის გამოყენებით, განესაზღვრება 11 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, როგორ მოხდება ამნისტიის კანონის გამოყენება იმ პირთა მიმართ, რომლებსაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთასთან ერთად შეფარდებული აქვთ ასევე პირობითი მსჯავრი და ჯარიმა?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან გათავისუფლება ან/და სასჯელის შემცირება ერთნაირად და პროპორციულად ვრცელდება თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნულ როგორც რეალურ სასჯელზე, ისე პირობით მსჯავრზე და გამოსაცდელ ვადაზე, როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელზე, გარდა ჯარიმისა და ქონების ჩამორთმევისა. შესაბამისად, ამნისტია შეეხება ყველაფერს, გარდა უკვე გადახდილი ჯარიმისა და უკვე ჩამორთმეული ქონებისა.
კითხვა: მაინტერესებს შეეხება თუ არა ამნისტიის კანონი იმ პირს, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა 2012 წლის 5 ოქტომბერს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონის მოქმედება ვრცელდება მხოლოდ იმ პირებზე, რომლებსაც დანაშაული ჩადენილი აქვთ 2012 წლის 2 ოქტომბრამდე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ეხება თუ არა ამნისტიის კანონი იმ პირებს, რომლებსაც შეფარდებული აქვთ სასჯელის სახით მხოლოდ ჯარიმა, რომელიც არ არის გადახდილი; ასევე, იმ პირებს, რომლებსაც ჯარიმა დაეკისრათ პრობაციის რეჟიმის დარღვევისთვის?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონის მოქმედება არ ვრცელდება სასჯელის სახით შეფარდებულ ან უკვე აღსრულებულ ჯარიმაზე ან/და ქონების ჩამორთმევაზე; ასევე „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი რეჟიმის დარღვევისთვის დაკისრებულ ან უკვე გადახდილ ჯარიმებზე.
კითხვა: გთხოვთ, მაცნობოთ, ვინ განსაზღვრავს და ანიჭებს მსჯავრდებულ პირებს საქართველოში პოლიტიკური პატიმრის სტატუსს?
პასუხი: გაცნობებთ, რომ, შექმნილი პოლიტიკურ-სამართლებრივი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტი, ხელმძღვანელობს რა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ¹1900 (2012) რეზოლუციით განსაზღვრული კრიტერიუმებით და, მიიჩნევს რა, რომ საქართველოში დღეისთვის არსებობენ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირები, ამნისტიის კანონით აცხადებს პოლიტიკურ ამნისტიას. შესაბამისად, უნდა გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისგან ის პირები, რომლებსაც საქართველოს პარლამენტის დადგენილებით მინიჭებული აქვთ პოლიტიკური მოტივით დაპატიმრებული ან პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი პირის სტატუსი.
კითხვა: გთხოვთ, განმიმარტოთ, ვინ აღასრულებს ამნისტიის კანონს იმ პირთა მიმართ, რომლებსაც მინიჭებული აქვთ პოლიტიკური პატიმრის ან პოლიტიკური ნიშნით დევნილი პირის სტატუსი?
პასუხი: განგიმარტავთ, რომ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული პოლიტიკური ამნისტია, პოლიტიკური ნიშნით პატიმრობაში მყოფ პირთა მიმართ, უნდა აღასრულოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მთავარმა პროკურატურამ და საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრომ, კანონის ძალაში შესვლიდან ერთი კვირის ვადაში. ამავე ვადაში უნდა მოხდეს ასევე ამნისტიის კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ, პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილ პირთა მიმართ აღკვეთის ღონისძიების გაუქმება ან მათი სასჯელისგან გათავისუფლება. მთავარი პროკურატურა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივად დევნილი ბრალდებული პირის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შესახებ, ამნისტიის კანონის საფუძველზე, შუამდგომლობით მიმართავს უფლებამოსილ სასამართლოს ან ბრალდებულის თანხმობით წყვეტს სისხლისსამართლებრივ დევნას, ხოლო მსჯავრდებულის სასჯელისგან გათავისუფლების შესახებ მიმართავს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტან რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.
კითხვა: მაინტერესებს როგორია ამნისტიის კანონის აღსრულების პროცედურა და როგორ მოხდება, ვის მიერ განხორციელდება გამოძიების სტადიაზე ამნისტიის კანონი და ვის მიერ აღსრულდება ამნისტიის კანონის მოთხოვნები უკვე მსჯავრდებული პირების მიმართ?
პასუხი: გაცნობებთ, რომ ამნისტიის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ბრალდებულის მიმართ, გამოძიების სტადიაზე, იღებს შესაბამისი პროკურორი. ამნისტიის კანონის გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას ბრალდებულის ან/და მსჯავრდებულის მიმართ, საქმის სასამართლო განხილვის სტადიაზე, იღებს შესაბამისი სასამართლო.
ამნისტიის კანონით გათვალისწინებული ამნისტიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის მიმართ, დასრულებული სამართალწარმოების საქმეზე, იღებს თავდაპირველი გადაწყვეტილების გამომტანი რაიონული (საქალაქო) სასამართლო, რომელსაც პატიმრობაში ან პრობაციის რეჟიმში მყოფი მსჯავრდებულის პირად საქმეს, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ორი კვირის ვადაში, მიაწვდის შესაბამისი სასჯელაღსრულების დაწესებულება ან პრობაციის სამსახური, ხოლო ძებნილი მსჯავრდებულის მიმართ ამ კანონის გამოყენების შესახებ მიმართავს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, იმავე ვადაში. სასამართლო უფლებამოსილია, ამნისტიის გამოყენების საკითხი განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.