კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ინტიმური საუბრები

ძუნწი სტუმარი

ამას წინათ სტუმარი მყავდა უცხოეთიდან (ქვეყანას შეგნებულად არ ვასახელებ, რომ იმ ერის წარმომადგენლებს არ ვაწყენინო). ყველანაირად კარგი ადამიანი აღმოჩნდა – მშვიდი, წყნარი, მხიარული, იუმორით აღსავსე, განათლებული; გარეგნობითაც არ დაიწუნებოდა. ჰოდა, ამ ჩემს სტუმარს ჩემი და მოეწონა. ისე მოეწონა, რომ გადაირია და ძალიან დახვეწილად დაუწყო არშიყობა. ვატყობდი, ჩემს დასაც მოსწონდა, მაგრამ, ხმას არ ვიღებდი. ძალიან გაბრაზებული ვიყავი – ეს როგორ გამიბედა სტუმარმა-მეთქი და სწორედ იმიტომ არ ამოვუნაყე ცხვირ-პირი, რომ სტუმარი იყო. ერთ დღეს კი მითხრა, შენი და შემიყვარდა და თუ წინააღმდეგი არ იქნები, საღამოს რესტორანში დავპატიჟებო. სიხარულით არ გადავრეულვარ, მაგრამ მაინც დავთანხმდი. წავიდნენ და დაახლოებით ორ საათში უკან დაბრუნდნენ. სტუმარი ძალიან კმაყოფილი ჩანდა, ჩემი და კი მაინცდამაინც ვერ იყო ხასიათზე. ვკითხე, რამე ხომ არ გაწყენინა-მეთქი. ჩემმა დამ იუარა – რას ამბობ, სულ თვალებში შემომციცინებდა, მაგრამ ორი ყავა და ორი ნაჭერი ნამცხვარი მოატანინა ოფიციანტს და გადახდის დრო რომ დადგა, მარტო თავისი ყავისა და ნამცხვრის ფული დადო. ვიფიქრე, შევარცხვენ-მეთქი და ორივეს მაგივრად მე გადავუხადე ოფიციანტს. ამას კი ისე გაუხარდა, ის თავისი დადებული ფული სასწრაფოდ აიღო და შეინახაო. მე ავუხსენი ჩემს დას, რომ იმათ ქვეყანაში ასეა მიღებული-მეთქი. ჰოდა, წავიდეს და თავის ქვეყანაში ეარშიყოს გოგოებსო, – მიპასუხა.

მეორე დღეს რაღაც საქმეებზე გავედით ქალაქში მე და ჩემი სტუმარი. გზაში მითხრა, დოლარი უნდა გადავახურდავო და ისეთ ადგილას მიმიყვანე, სადაც უკეთესი კურსი იქნებაო. ერთი საათი ვიარეთ ჯიხურ-ჯიხურ და ყველგან 2 თეთრით მეტად ითხოვდნენ გადახურდავებას, არადა, სულ 100 დოლარის გადაცვლა უნდოდა. ისე გამაგიჟა, ერთ-ერთ ჯიხურთან რომ გავაჩერე მანქანა, ვუთხარი, შენ აქ მომიცადე-მეთქი და ჯერ მე გადავედი. მივედი „ვალუტჩიკთან“ და ვუთხარი: ახლა აქ ერთი უცხოელი მოვა 100 დოლარით და ვაჭრობას დაგიწყებს 2 თეთრზე. თუ ძმა ხარ, ერთი სამსახური გამიწიე – აჰა, შენ 2 ლარი და იმ კაცს დაუმატე თავის თანხაზე, თორემ, გამაწამა. ამ 2 ლარის გამო 10 ლარის ბენზინი დამაწვევინა და თან წუწუნით ტვინი ამხადა-მეთქი. „ვალუტჩიკს“ გაეცინა და დამთანხმდა. მერე გადავიყვანე ჩემი სტუმარი, გადაახურდავა თავისი 100 დოლარი სასურველი კურსით და ძალიან კმაყოფილი დაბრუნდა მანქანაში.

მეორე დღესაც დაპატიჟა ჩემი და სადღაც, მაგრამ, იმან პირდაპირ უთხრა, ძუნწ კაცებს ვერ ვიტან და შენისთანა ადამიანს ვერ შევეგუებიო.

წასვლის წინ ჩემმა სტუმარმა შემომჩივლა: განა არ ვიცი, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება, მაგრამ თავს ვერ ვერევი. დაგეგმილზე ერთი ცენტით მეტიც რომ დავხარჯო, ერთი კვირა ვნერვიულობ. ეს სიძუნწე კი არ არის, ავადმყოფობაა, რომელსაც ექიმები ვერაფერს შველიან. ამ ავადმყოფობის გამო რამდენიმე ქალი გამექცა და ბიზნესიც ჩამივარდა, მაგრამ, რა ვქნა, ვერაფერს ვუხერხებ თავსო.

საწყალი, ისე შემეცოდა, გასამგზავრებელი ბილეთის ფულიც გადავუხადე, რითაც ისე გავახარე, რომ აეროპორტში სულ კუნტრუშით გამომყვა. ტრაპზე ასვლის წინ მითხრა, ძალიან შემიყვარდა თქვენი ოჯახი და კიდევ ჩამოვალო. გულში ვიფიქრე, აბა, შენ იცი, არ დააგვიანო-მეთქი. კაცს თან გადავყევი, საკუთარ ოჯახში ვაცხოვრე, კაპიკიც არ დავახარჯვინე და იმის ნაცვლად, რომ თავისთან დავეპატიჟე, ზრდილობის გამო მაინც, კიდევ აქეთ შემპირდა ჩამოსვლას.

რამდენიმე დღის შემდეგ სკაიპით მომწერა: საქართველოში რა თანხის დახარჯვაც მქონდა დაგეგმილი, შენი წყალობით 500 დოლარამდე დამეზოგა (წესით, მეტი უნდა ყოფილიყო) და ძალიან ბედნიერი ვარო. რამდენიმე თვის შემდეგ კი ისევ მომწერა: ცოლს ვირთავ, როგორც იქნა, ჩემნაირი ქალი ვიპოვე და ერთმანეთს ძალიან კარგად ვუგებთო.

გულით მივულოცე ბედნიერება, თუ ამას ბედნიერება ჰქვია.

ზურა, 36 წლის.

скачать dle 11.3