რისგან გადაარჩინა „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ“ ქართული პრესა და რა ისტორიებს ყვებიან წითელ უნიფორმებში გამოწყობილ პრესის რეალიზატორებზე
„თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია” ერთი წლის წინ, იმ დროს დაფუძნდა, როდესაც თავისუფალ პრესას გავრცელების საფრთხე დაემუქრა. მას შემდეგ, წითელ უნიფორმებში გამოწყობილი ადამიანები წარწერით: „მე მიყვარს თავისუფალი პრესა” თბილისის ყველა უბნის მოსახლეობას ურიკა-ველოსიპედებით სასურველ ჟურნალ-გაზეთებს სთავაზობენ. ერთი წელი ბევრი არაა, მაგრამ ახალი ყაიდის ფოსტალიონები თბილისისთვის უკვე ერთგვარ ხიბლადაც კი იქცა, უფრო მეტიც, „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციამ” პროექტის მასშტაბები გაზარდა და რეგიონებიც მოიცვა. რა გეგმები აქვს ორგანიზაციას სამომავლოდ, ამის შესახებ „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაციის” აღმასრულებელ დირექტორს, ლექსო ჯიქიას გავესაუბრეთ.
– ბატონო ლექსო, რატომ გახდა საჭირო ამ ორგანიზაციის დაფუძნება?
– „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია” არის არასამთავრობო და აპოლიტიკური ორგანიზაცია და დაფუძნდა 2011 წლის 13 დეკემბერს. ლოგიკურია, რომ ჩნდება შეკითხვა – იმ დროს, როცა საქართველოში პრესის გავრცელების 12 ორგანიზაცია არსებობდა, რატომ გახდა აუცილებელი, კიდევ ერთი ორგანიზაცია დაფუძნებულიყო. ყველას ახსოვს ის პერიოდი, როდესაც თბილისის მერიამ გამოაცხადა ტენდერი „1 000 ახალი ჯიხურის” შესახებ, რომელიც მოიცავდა თბილისის ფარგლებში მიწის ნაკვეთების იჯარით გაცემას. ეს პროექტი აღმოჩნდა გარკვეული საფრთხე თავისუფალი პრესის გავრცელებისთვის. მერიის მიერ სატენდეროდ გამოტანილი ლოტების უმეტესობა იმ ადგილებს დაემთხვა, სადაც მანამდე პრესის გავრცელების სხვადასხვა ორგანიზაციის კუთვნილი სარეალიზაციო ჯიხურები იდგა. ტენდერში მონაწილეობა მიიღეს არა მხოლოდ მედიაორგანიზაციებმა, ასევე ნებისმიერი მიმართულების როგორც ფიზიკურმა, ასევე იურიდიულმა პირებმა. მე მახსოვს, „თბილისი ცენტრალთან“ ტენდერში გაიმარჯვა ერთ-ერთმა პირმა, რომელსაც იმ ადგილზე წლიური საიჯარო გადასახადი – 51 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. პრესის გავრცელების არც ერთი სამსახური ნამდვილად არაა განებივრებული ისეთი შემოსავლებით, რომ ერთ ადგილზე ამდენი თანხა გადაიხადოს. მე მახსოვს ისიც, რომ ჩემი საცხოვრებელი კორპუსის ქვემოთ იყო პრესის გავრცელების ჯიხური და ყველა მიჩვეული ვიყავით, რომ ყოველ დილას იქ გვეყიდა ჩვენთვის სასურველი პრესა. ერთ დღესაც იმ ჯიხურის ადგილას, პრესა კვერცხმა და ბარკალმა ჩაანაცვლა. ისე არ გამიგოთ, რომ მე ამ პროდუქციის მოხმარების წინააღმდეგი ვიყო, არავითარ შემთხვევაში. უბრალოდ, ეს საკმაოდ არასასიამოვნო მომენტი იყო იმ ადამიანებისთვის, ვინც კონკრეტულად იმ ადგილას ჟურნალ-გაზეთებს ყიდულობდა და ინტელექტუალურ „საზრდოს” იღებდა.
– როგორ გადაარჩინა თქვენმა ორგანიზაციამ იმ რთულ პერიოდში ჟურნალ-გაზეთების გავრცელება?
– ჩვენი ორგანიზაციის ორი ძირითადი ბენეფიციარია გამომცემელი და მომხმარებელი. პროექტის მისია იყო, ეს ორი „მხარე” ერთმანეთს შეხვედროდა გონივრულად, დროისა და სივრცის ფარგლებში. ჩვენ პრესის გავრცელების თორმეტივე ორგანიზაციას – პარტნიორობა, საზოგადოებას კი ნოვატორული იდეა შევთავაზეთ. ასეთი სერვისი არა მხოლოდ ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, დსთ-ის სივრცის არც ერთ ქვეყანაში არ არის. პრესის გაუქმებული ჯიხურების ნაცვლად, მოსახლეობაში ჟურნალ-გაზეთების გავრცელებისთვის შევიძინეთ მოძრავი ურიკა-სტელაჟები და ველოსიპედი-სტელაჟები, რომლებიდანაც მოხდებოდა პრესის რეალიზაცია. თავიდან მოვახერხეთ ქალაქის ცენტრალური რაიონების ათვისება. დღეს ურიკა-სტელაჟები და ველოსიპედი-სტელაჟები მოძრაობს თბილისის პერიფერიულ უბნებში, წყნეთში, ლილოში, ორხევში, მუხიანში, აღმაშენებლის ხეივანში ასე რომ, თუ მანამდე მომხმარებელს პრესის შესაძენად სახლიდან საკმაოდ შორს უწევდა წასვლა, ახლა უკვე მისთვის ძალიან მოსახერხებელ და კომფორტულ პირობებში შეუძლია სასურველი ჟურნალ-გაზეთების ყიდვა.
– როგორც ამბობენ, წითელ უნიფორმებში გამოწყობილმა ადამიანებმა, რომლებიც პრესას ყიდიან მომხმარებლებთან ახლო კონტაქტით, ზოგიერთ უბნებში ძველი ფოსტალიონების როლიც კი მოირგეს.
– კი, მართლაც ასეა. ძალიან ბევრ უბანში, კორპუსების მცხოვრებლებმა უკვე იციან რეალიზატორების ტელეფონის ნომრები, ურეკავენ და ეუბნებიან, რომელი გაზეთისა თუ ჟურნალის ყიდვა სურთ. ძალიან საინტერესო ისტორია მოხდა ვერცხლის ქუჩაზე. ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელმაც ჩვენი ურიკიდან შეიძინა გაზეთები, რეალიზატორს უთხრა, რომ ზედა სართულზე ცხოვრობდა ინვალიდი ქალბატონი, რომელსაც სიარული უჭირდა, ქვემოთ ვერ ჩამოდიოდა და ახლობლებსა და ნათესავებს აბარებდა ჟურნალ-გაზეთებს. ჩვენმა რეალიზატორმა ის ქალბატონი პირადად გაიცნო და მათი ურთიერთობა დღემდე გრძელდება ძალიან უშუალო ფორმით – როგორც კი ურიკა მის სახლთან გაჩერდება, ქალბატონი ჩამოუშვებს თოკს, რომელზეც რეალიზატორი მოაბამს მისთვის სასურველ პრესას და ასე აწვდის მას მეორე სართულზე.
– რეგიონებში როდის გამოჩნდებიან თქვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები? რაიონებსა და სოფლებში ჟურნალ-გაზეთების შეძენა ტექნიკურად ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული.
– თავიდან, როცა თბილისში პირველი ველოსიპედები გამოჩნდა, მაშინვე დამისვეს შეკითხვა, შედიოდა თუ არა ჩვენს პრიორიტეტში რეგიონებში. იმ პერიოდში პრობლემის გადაჭრა თბილისში უფრო აქტუალური იყო. მას შემდეგ, რაც დავიწყეთ კვლევა, თუ რა ხდებოდა საქართველოს მასშტაბით პრესის გავრცელების და ხელმისაწვდომობის თვალსაზრისით, აღმოჩნდა, რომ ბეჭდური პროდუქცია ძირითადად რეგიონულ ცენტრებში იყიდებოდა, სოფლის მოსახლეობამდე კი პრესა ვერ აღწევდა. საყოველთაოდ ცნობილია, რომ გაზეთის კითხვა ქართველი კაცისთვის ტრადიციულ კულტურად ითვლებოდა და მას ინფორმაციის ვერც ერთი მასობრივი საშუალება ვერ უცვლის. პროექტის მეორე ნაბიჯი იყო, გავსულიყავით თბილისიდან და ამ ერთი წლის განმავლობაში, პრესის გავრცელების სპეციალური ურიკები და ველოსიპედები უკვე ბევრ რეგიონში გამოჩნდა. პირველი რეგიონი, სადაც ჩვენი ურიკები გამოჩნდა არის რაჭა. ნიკორწმინდაში ჩვენს მისვლამდე პრესა არ გაყიდულა. იქ ჟურნალ-გაზეთები პირველად ჩვენ შევიტანეთ. დღეს უკვე 12 სოფელში იყიდება პრესა. ჩვენი გამოჩენა დაემთხვა ზაფხულის პერიოდს რაჭაში, როცა იქ ბევრი თბილისელი ისვენებს, მაგრამ ჟურნალ-გაზეთების გაყიდვა ინტენსიურად გაგრძელდა მას შემდეგაც, რაც საზაფხულო სეზონი დასრულდა. ჩვენი სპეციალური ურიკები უკვე საკმაოდ დიდი რაოდენობითაა აჭარაში, ბათუმის გარდა პრესა რეგულარულად მიეწოდება მახინჯაურს, ჩაქვს, ხელვაჩაურს. მოსახლეობას პრესის მიღება ყოველგვარი ფასნამატის გარეშე შეუძლია მაღალმთიან აჭარაში, ხულოსა და შუახევში. ამას წინათ სოფელ დიდ აჭარაში ვიყავი, იმის იქით გოდერძის უღელტეხილი იწყება. თქვენ წარმოიდგინეთ, რომ ამ სოფელში იდგა ჩვენი წარმომადგენელი – ადგილობრივი მცხოვრები, რომელსაც პრეისკურანტი ჰქონდა დადებული ჟურნალ-გაზეთებზე. მათ შორის იყო თქვენი ჟურნალიც, რომელიც იმ სოფელშიც იმ ფასად იყიდება, როგორც თბილისში. ჟურნალ-გაზეთების რეალიზაცია დაიწყო ქვემო ქართლსა და სამცხე-ჯავახეთში, პრესა რეგულარულად მიეწოდება მცხეთა-მთიანეთის სოფლებს, ასევე ლეჩხუმს, ცაგერის რაიონს.
– დღეს რამდენი ურიკაა თბილისში და რამდენი ადამიანია დასაქმებული თქვენი პროექტის ფარგლებში?
– თავიდან თბილისში დადიოდა 180-მდე ურიკა. დღეს, რაც უკვე სიტუაცია დასტაბილურდა, მათი რაოდენობა 120-ია. ურიკების ერთი ნაწილი გადანაწილდა რეგიონებში. როცა პროექტი უკვე დამტკიცებული იყო, ჩვენ რეგულარულად ვაქვეყნებდით განცხადებას, რომლის მიხედვითაც სამუშაოდ ვიწვევდით რეალიზატორებს. პროექტის ფარგლებში დაახლოებით 225 პიროვნებაა დასაქმებული, რომელთა საშუალო ხელფასი 500 ლარია – მოჭრილ, სტაბილურ ხალფასზე დამატებული რეალიზებული პროდუქციის 7%. ეს ისეთ თანხასაც აღწევს, რომ მე ვიცი რეალიზატორი, რომელმაც ათი დღით ბათუმშიც კი დაისვენა. ეს კი, როგორც იცით, ცოტა თანხებთან არ არის დაკავშირებული.
– რა გეგმები აქვს თქვენს ორგანიზაციას სამომავლოდ?
– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ ჩვენი ორგანიზაცია არის არაკომერციული და არასამეწარმეო იურიდიული პირი. ჩვენი დამფუძნებელია პრესის ასოციაცია და არა ინდივიდები, ვინც შემდეგ დივიდენდებს ითხოვს. პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, ფაქტობრივად, საქველმოქმედოა – ამონაგები, ისევ პროექტის განვითარებას უბრუნდება.
ჩვენ გვყავს ერთი დონორი – საერთაშორისო, საქველმოქმედო ფონდი „ქართუ”. პროექტი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ იმდენად საჭიროა საზოგადოებისთვის და იმდენ ტექნიკურ და ფინანსურ ხარჯს უკავშირდება, რომ მისი განხორციელება ერთი დონორის პირობებში, რთულია. ორგანიზაციისა და პროექტის სიცოცხლისუნარიანობისთვის, ჩვენ გადავწყვიტეთ, მოვახდინოთ დაფინანსების წყაროს დივერსიფიკაცია. მივმართოთ სხვა ადგილობრივ თუ საერთაშორისო ორგანიზაციებს. ახლახან, პრეზიდენტის ფონდიდან გამოიყო ერთი მილიონი ლარი, რაც თავისუფალი მედიის განვითარებისთვის არის გამიზნული. პრესა თავისუფალი მედიის მნიშვნელოვანი ნაწილია. მოგეხსენებათ, ეს თანხა ორმა სუბიექტმა მიიღო, რომლებიც გრანტის სახით გასცემენ თანხას. „თავისუფალი პრესის მხარდაჭერის ორგანიზაცია” აპირებს მონაწილეობის მიღებას ამ პროექტში. ერთმა წელიწადმა დაადასტურა, რომ საქმიანობა, რომელსაც ჩვენი ორგანიზაცია ახორციელებს, ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან საჭირო და სასარგებლო საქმეა და მას მეტი განვითარება სჭირდება.