ვინ აქეიფებდა გოგი თოფაძეს ჭორვილაში ჭურის თავთან და რაში არ უმტყუნა მან პრემიერ-მინისტრს
გოგი თოფაძე პარლამენტის დეპუტატი მესამედ გახდა. ნაციონალურ ხელისუფლებასთან დაპირისპირებული ბიზნესმენი ბოლო წლებში დიდ პოლიტიკას დროებით გაერიდა, თუმცა, იმ ადამიანის წყალობით, ვისთანაც უკვე წლებია, ახლობლობს, ისევ ძველ ამპლუას დაუბრუნდა. როგორ დაიწყო მისი და ბიძინა ივანიშვილის მეგობრობა, ვისთან ერთად „დაბანაკდა“ ქუთაისთან და რატომ არის ის მუდმივად „მობილიზაციაში“, ამის შესახებ თავად ბატონი გოგისგან შეიტყობთ.
– ბატონო გოგი, ხანგრძლივი ტაიმაუტის შემდეგ ისევ დაუბრუნდით პოლიტიკას და საქართველოს პარლამენტის მესამე მოწვევის დეპუტატი გახდით. რატომ „გითრევთ” ეს პოლიტიკა, მაშინ, როცა, მდიდარი კაცი ხართ და, შეგიძლიათ, მშვიდად იცხოვროთ.
– პოლიტიკა ძალიან ცუდი და ბინძური საქმეა. რატომ ვერ ველევი? მე გეტყვით ერთს: როგორ კარგადაც არ უნდა იცხოვრო, როცა შენ ირგვლივ ამდენი გაჭირვებულია – მეზობელი, ახლობელი თუ ნათესავი; როცა ზოგს წამალი სჭირდება, ზოგს – ფული, თუ ნორმალური კაცი ხარ, კარგად ვერ იგრძნობ თავს. გუშინდელი კლერკები, ხელისუფლების წყალობით რომ მილიონერები გახდნენ, ამას ვერ დაინახავენ, იმიტომ, რომ არ იციან ბევრი რამის ფასი. მათ ფული ხელისუფლების მხარდაჭერით იშოვეს, მერე კი ისევ წაართვეს ამათ. ასეთი ხალხი ჩემთან წუწუნს რომ იწყებს, ვეუბნები: კაცო, მე რატომ მედრები, შარშან ლაბორანტი რომ იყავი და უცებ მილიონერი გახდი ამდენი დათმობის გამო, ნუღარ წუწუნებ მაინც! ამათ მოგცეს ეს ფული და ამათვე უნდა წაგართვან, აბა, როგორ?! მე იმდენი რამე გავიარე წლების განმავლობაში, ამ ნომენკლატორულ ბიზნესმენებს არც კი დაესიზმრებათ. რაც შეეხება პოლიტიკაში დაბრუნებას, მე პოლიტიკისგან შორს არასდროს ვყოფილვარ. ჩვენი პარტია 1998 წლიდან აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ, ყოფილ ხელისუფლებასთან პოლიტიკურ აქტივობას აზრი აღარ ჰქონდა, განსაკუთრებით – საქმიანი წრეების წარმომადგენლებისთვის. ან მათთან ერთად უნდა ყოფილიყავი, ან იმ დღეში ჩავარდებოდი, რაშიც ჩვენ ვიყავით: თვრამეტი საწარმო შედიოდა ჩვენს ჰოლდინგში და ექვსი დარჩა – ზოგი წაგვართვეს, ზოგი კი დავხურეთ, იმდენი ზეწოლა იყო ამ ბოლო წლებში.
– თავიდან ხომ იყავით მათთან?
– თავიდან, როცა ეს ახალგაზრდები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მჯეროდა, რომ ახალი ძალა ახალი იდეებით საქართველოსთვის ბევრ სასიკეთო საქმეს გააკეთებდა. მეც ისევე შევცდი, როგორც სხვები. მე კარგად ვიცნობდი მიშა სააკაშვილის მამას, დედას, ბიძას, ბებია-ბაბუას. ნიკა სააკაშვილთან ახლო მეგობრული ურთიერთობა მქონდა. ვერელი კაცი იყო, კარგი ექიმი, ბევრი რამ გვქონდა საერთო. მიშა მაშინ არავინ არ იყო, როცა მე ნიკას დახმარებას ვუწევდი ჩვენი საქველმოქმედო ფონდიდან ბალნეოლოგიური კურორტის გადასარჩენად. მიშაზე ვფიქრობდი, ასეთი კაცის შვილია, თვითონაც კარგად წარუძღვება საქმეებს-მეთქი. თავიდან ბევრგან დავყვებოდი – რუსეთში, ბიზნესმენებთან შეხვედრებზე. როცა ნაზარბაევთან წავიდა, მთელი ოთხი საათი ერთად ვიყავით, თვითმფრინავში ათას რამეზე ვსაუბრობდით. 2006 წლის მერე ისე გარეკეს და აურიეს, მივხვდი, უკვე აღარაფერი გვქონდა საერთო – ღუპავდნენ სოფლის მეურნეობას, სოფელს, რომელიც სოციალური პრობლემაა. ამ ახალგაზრდებმა, შეიძლება, არ იცოდნენ რას ჩადიოდნენ, მაგრამ, ბენდუქიძემ ხომ იცოდა, რომ ამის გაკეთება ქვეყნის დაღუპვას ნიშნავდა?! ვხედავდი, როგორ კლავდნენ წარმოებას; ისე ასწიეს ენერგომატარებლების ფასი, კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანეს ყველა. მერე დაიწყო ის პროცესები ჩემთან დაკავშირებით, რომელიც ყველამ კარგად იცის. როცა გამოჩნდა პიროვნება, რომელზეც ნამდვილად ვიცოდი, რომ გულდამწვარი ქართველია; დაინახა თუ არა, რომ ქვეყანა იღუპებოდა, დათმო ბევრი თავისი ცხოვრებისეული პრიორიტეტი და, ჩვენი მეგობრული და პიროვნული ურთიერთობებიდან გამომდინარე, არ შემეძლო, ისევ არ ჩავრთულიყავი პოლიტიკაში. ბოლო ერთი წელიწადი მე და ჩემი პარტიის ყველა წევრი აქტიურად ვიყავით ჩართული საარჩევნო კამპანიაში. ამ არჩევნების შედეგებიდან ისიც კარგად დავინახე, რომ ნაციონალებმა ისეთი ჩახლართული საარჩევნო სისტემა შექმნეს, რომელსაც ვერავინ მოერეოდა. ყველაზე დიდი ქართველი, ილია ჭავჭავაძეც რომ ამდგარიყო საფლავიდან, ამათ არჩევნებს ვერ მოუგებდა. ბიძინა ივანიშვილმა ეს ყველაფერი კარგად იცოდა, გათვალა, სწორი ნაბიჯები გადადგა ამ პოლიტიკურ ხვეულებში და გადაარჩინა საქართველო იმ უბედურებას, რაც ემუქრებოდა ჩვენს ქვეყანას.
– თქვენი და ბატონი ბიძინას მეგობრობა სად და როგორ დაიწყო?
– ბიძინა წლების წინ გავიცანი, მის შესახებ ბევრი რამ ვიცოდი. ბიძინა რუსეთში ცხოვრობდა, მეც მოსკოვში მაქვს დამთავრებული ასპირანტურა, ბევრი საერთო ნაცნობი და მეგობარი გვყავდა. როცა ზამთრის კურორტების განვითარებაზე დავიწყეთ აქტიური საუბარი, მე, როგორც ზამთრის სპორტის სახეობების პრეზიდენტი, მივედი მასთან ჭორვილაში და ვთხოვე, რომ ბაკურიანის აღორძინების კარგ საქმეში დაგვხმარებოდა. ბიძინა იმ დროს უკვე ბევრ საქველმოქმედო პროგრამას ახორციელებდა. წავედით ბაკურიანში, ერთად ავედით იმ მთებზე, რომელიც აუთვისებელი იყო და სადაც დღეს შესანიშნავი საბაგირო გზებია. 25 მილიონი ჩაიდო ბაკურიანის განვითარებაში, რა აღარ ააშენა იქ. მაშინ დაიწყო ჩვენი ახლო ურთიერთობა, მერე და მერე კი უფრო ხშირად ვხვდებოდით ხოლმე ერთმანეთს. ჭორვილაშიც ხშირად დავდიოდი.
– როგორი მასპინძელი იყო ბიძინა ივანიშვილი ჭორვილაში?
– უფ, გადასარევი! ნეტავ იცოდეთ, როგორი კაცი იყო მამამისი – ნაღდი, იმერელი კაცი. მიმიყვანდა ხოლმე ჭურის თავთან, საკუთარი ხელით დაწურულ ღვინოს ამოიღებდა და ხან ერთს შემომთავაზებდა, ხან მეორეს – აბა, ეს გავსინჯოთ, აბა, ეს დავლიოთო. სანამ სუფრას გაშლიდნენ, ჭურის თავთან მიმასპინძლდებოდა ხოლმე.
– ბიძინა ივანიშვილსაც უყვარს ქეიფი?
– ზომიერად სვამს, მე უფრო მიყვარს ქეიფი. ხომ ასეთი ოჯახი აქვთ, დიდებული სახლ-კარი და, ღვინოს მაინც თავისი ხელით წურავდნენ ოჯახში. დედამისი თავისი ხელით მოწველილ ძროხის რძეს მოგვიტანდა ხოლმე. ბიძინას მეუღლე საოცარი დიასახლისია, კარგი, ქართული, ტრადიციული ოჯახი აქვთ, ხაჭაპურსაც აცხობენ და ღვინოსაც წურავენ. მილიარდერებივით კი არ ცხოვრობდნენ, ცხოვრების ისეთი წესი ჰქონდათ, ჩვეულებრივ ჭორვილელებს რომ აქვთ.
– თქვენ არ ჩაგქონდათ მასპინძლებთან თბილისიდან თქვენი ლუდი?
– ბიძინას მამასთან ჩამოჰქონდა ლუდი. ტრადიციების დამცველი კაცი იყო, ყველაფრის ფასი იცოდა. თვითონ ბიძინაც ასეთია: ნულიდან დაიწყო ყველაფერი, ბევრი იშრომა და დღეს ერთ-ერთი უმდიდრესი კაცია მსოფლიოში. მე ძალიან ბევრ ოლიგარქს ვიცნობ, მაგრამ, ბიძინას კიდევ სხვა თვისებები აქვს.
– როგორც ჩანს, ახლო მეგობრობა გაკავშირებთ ერთმანეთთან.
– ვერ ვიტყვი, რომ გადაბმული მეგობრები ვართ, ის გაცილებით დიდი მასშტაბის ბიზნესმენია ჩემთან შედარებით, მაგრამ, მის მიმართ დიდი პატივისცემა მაქვს. მეც ძალიან სუფთა ვიყავი მასთან, ძალიან დიდ თანხებს მანდობდა ბაკურიანში. ბევრმა უმტყუნა, მე არ მიმტყუნია მისთვის. ახალ წელს, შობას, სხვა დღესასწაულებს ვულოცავთ ხოლმე ერთმანეთს.
– ბატონო გოგი, კიდევ დადიხართ სანადიროდ?
– როგორ არა. ცოტა საარჩევნო კამპანიის დროს ვერ მოვიცალე ამისთვის. ახლა ისევ ვივლი სანადიროდ – სანადირო ატრიბუტიკა სულ გამზადებული მაქვს. დავურეკავ ჩემს პარტნიორებს, ორ საათში ჩამოვლენ ქუთაისში და წავალთ ფოთში სანადიროდ.
– ბიძინა ივანიშვილიც ხომ არ აიყოლიეთ ნადირობაში?
– არა, ვერ ავიყოლიე. ვცადე, მაგრამ, არაა ბუნებით მონადირე. სამაგიეროდ, კარგი მოსიარულეა მთაში. ბაკურიანში რომ ვიყავით ერთად, კალიასავით არბოდა მაღლა, ვერ დავეწიე. ნავარჯიშები ბიჭია, ჯანმრთელი წესით ცხოვრობს.
– ახალმა პარლამენტმა ქუთაისში გადაგაბარგათ. თქვენ სად და ვისთან ერთად „დაბანაკდით”?
– თითქმის სულ ქუთაისში ვარ. შეიძლება, ვიღაცეები მაღალმთიანი რეგიონებიდან ვერ ჩამოვიდნენ სხვადასხვა მიზეზის გამო და, შესაძლოა გაგვიჭირდეს კანონის მიღება, სრულ მობილიზაციაში ვართ. ამას ისიც ემატება, რომ უმცირესობა ხშირად იქცევა გამომწვევად – დემონსტრაციულად ტოვებენ ხოლმე სხდომებს, აშკარად გვიწვევენ, ერთი-ორ ინციდენტსაც გადავურჩით, მაგრამ, ჩვენ მაქსიმალურად მშვიდად ვხვდებით მათ „გამოწვევებს”. ახლა კი ლაპარაკობენ რაღაცეებს თავიანთ უფლებებზე, მაგრამ, მესამე მოწვევის პარლამენტის წევრი ვარ და მე მაინც ვიცი, რომ ამათ არაფერი აქვთ სათქმელი. მე ვარ და ჩემი ნაბადიო – ასე ჰქონდათ საქმე. მე, ზურაბ ტყემალაძემ და თამაზ ყაჭეიშვილმა წყალტუბოში ერთი კარგი სახლი ვიქირავეთ – პარლამენტიდან ათი წუთის სავალზეა. საკუთარი ეზო გვაქვს, დიასახლისი გვყავს და გვეხმარება, სტუმრებსაც ვიღებთ და სუფრებსაც ვშლით.
– ნაბახუსევზე ლუდის შოვნა არ გაგიჭირდებათ.
– ნაბახუსევზე ლუდიც კარგია და ხაშიც, ჩვენ არც ხაშზე ვამბობთ უარს. იმერეთში ხომ ისეთი პურმარილი იციან, ტრადიციული, ქართული, ჩიტის რძე რომ მოინდომო, იმასაც იშოვი.