რა შემთხვევაში აირჩევდა მომღერლის კარიერას ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი და რამდენი მკითხველი ჰყავს მის ბლოგს „ტვიტერზე”
ამბობენ, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია და კომაში იმყოფება, არაოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით კი ვრცელდება ინფორმაცია, რომ იგი სულ მალე გააკეთებს განცხადებას და ქვეყნის მართვის სადავეებს თავის თანაგუნდელებს გადასცემს. საუბარია ვენესუელის პრეზიდენტ უგო ჩავესზე, რომელიც უკანასკნელი რამდენიმე წელია, ონკოლოგიურ დაავადებას ებრძვის. სამხრეთ ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე ქარიზმატული პრეზიდენტის, დასავლურ მედიაში დიქტატორად წოდებული უგო ჩავესის მიმართ ინტერესი მსოფლიო საზოგადოების მხრიდან მუდამ არსებობს და გთავაზობთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ამ ოდიოზური პოლიტიკური ლიდერის ცხოვრებიდან.
* უგო რაფაელ ჩავეს ფრიასი დაიბადა 1954 წლის 28 ივლისს, ქალაქ საბანეტაში. მამა – უგო დე ლოს რეიეს ჩავესი, აფრო-ინდურ-ესპანური წარმომავლობის იყო; დედა – ელენა ფრიას დე ჩავესი – კრეოლი. მისი ერთ-ერთი წინაპარი დედის მხრიდან 1859-1863 წლების ვენესუელის სამოქალაქო ომის აქტიური მონაწილე გახლდათ ლიბერალების მხრიდან და პირადად იცნობდა სახალხო ბელად იზეკილ სამორას. უგოს დედის ოცნება იყო, მისი შვილი მღვდელი გამოსულიყო, თავად უგო კი ბეისბოლისტის პროფესიულ კარიერაზე ოცნებობდა. ბეისბოლით უგო ჩავესი დღემდეა გატაცებული.
* უგო ჩავესი საჰაერო-სადესანტო სამხედრო დანაყოფში მსახურობდა და მისი ცნობილი წითელი ბერეტი მას სამხედრო სამსახურის გავლის შემდეგ მუდამ თან აქვს.
* უგო ჩავესი ცნობილია საზოგადოებაში სკანდალური ქცევებით. კარაკასში მიმდინარე ლათინურ-ამერიკული ქვეყნების ლიდერების სამიტზე ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა სახალხოდ განაცხადა, რომ აპირებს კოკაინის ხის ფოთლების გაყიდვის ლეგალიზებას. ცნობილია, რომ კოკაინის ხის ფოთლებიდან ნარკოტიკული საშუალება კოკაინი მზადდება. ამასთან დაკავშირებით, ჩავესმა განაცხადა, რომ მხარს უჭერს მორალესის ინიციატივას, სახალხოდ ჩაიდო პირში კოკაინის ფოთლები და ღეჭვა დაიწყო. ვენესუელურმა ოპოზიციამ დაუყოვნებლივ მოითხოვა, პრეზიდენტს ტესტი გაევლო ნარკოტიკებზე, რაზეც ჩავესმა უპასუხა, რომ კოკაინის ფოთლებს ყოველ დილით ღეჭავს ტონუსის მომატების მიზნით და მის ამ ჩვევას არანაირი კავშირი არ აქვს ნარკომანიასთან. ცნობისთვის, კოკაინის ხის ფოთლებს ანდებში მცხოვრები ერები ტონუსის მომატების მიზნით გამოიყენებენ, ვინაიდან ის კლავს შიმშილის გრძნობას და ხსნის დაღლილობას.
* 1992 წელს, ციხეში ყოფნის პერიოდში, უგო ჩავესის მიერ დახატული ფერწერული ტილო „იარეს მთვარე” კარაკასში გამართულ საქველმოქმედო აუქციონზე 255 ათას დოლარად გაიყიდა. ტილო შეიძინა ჩავესის თანამებრძოლმა ვენესუელის გაერთიანებული სოციალისტური პარტიიდან, იროსიმა ბრავომ. შეგახსენებთ, რომ 1990-იანი წლების დასაწყისში უგო ჩავესი ვენესუელაში სამხედრო გადატრიალების ორგანიზების გამო იყო დაპატიმრებული.
* წიგნი, რომელიც ვენესუელის ლიდერმა ამერიკის პრეზიდენტ ბარაკ ობამას აჩუქა, სულ რაღაც, ორ დღეში მსოფლიო დონის ბესთსელერად იქცა. ურუგვაელი ავტორის ედუარდო გალეანოს „ლათინური ამერიკის ვენების გადახსნა: ხუთასწლიანი მოროდიორობა” ინტერნეტმაღაზია amazon.com 54 295-ე ადგილზე იმყოფებოდა, ხოლო ობამასთვის ჩუქების შემდეგ მე-2 პოზიციაზე დამკვიდრდა და მასზე მოთხოვნა მსოფლიოს ხუთივე კონტინენტიდან გაიზარდა. რამდენიმე დღის შემდეგ ჩავესმა კიდევ ერთი საჩუქარი გაუკეთა ობამას და ვენესუელის მთავრობის საკუთრებაში მყოფი, ნიუ-ჯერსის შტატში მდებარე 214 ჰექტარი მიწის ფართობის მქონე კუნძული ამერიკის შეერთებულ შტატებს გადასცა.
* უგო ჩავესი ყველაზე ცნობილი ლათინოამერიკელი ტელეწამყვანია. მისი საავტორო გადაცემა „ალო, პრეზიდენტო!” 1999 წლიდან გადის ეთერში და მილიონობით მაყურებელი ჰყავს. 2007 წლიდან გადაცემა ყოველდღიური გახდა და მისი სტუმრები მინისტრები და ვენესუელის უბრალო მოქალაქეები არიან, რომლებთან ერთადაც ჩავესი მიმდინარე პრობლემებს იხილავს. გადაცემა ნახევარსაათიანი ფორმატისაა, მაგრამ, ყოფილა შემთხვევა, რომ ჩავესს 7 საათის განმავლობაში უსაუბრია პირდაპირ ეთერში, შესვენების გარეშე. თუმცა, არც ეს არის რეკორდი. ყველაზე მეტხანს პირდაპირ ეთერში უგო ჩავესმა 2007 წლის სექტემბერში ილაპარაკა – იგი შეუჩერებლად, 8 საათისა და 6 წუთის განმავლობაში მიმართავდა თავის მოსახლეობას. ჩავესი მხოლოდ ყავის დალევის დროს ჩერდებოდა, ისიც რამდენიმე წუთით და კვლავ განაგრძობდა საუბარს.
* ლეგენდარულ არგენტინელ ფეხბურთელს, დიეგო მარადონას, არაერთხელ აქვს აღნიშნული, რომ დიდი სიამოვნებით გაიკეთებდა ტატუირებას უგო ჩავესის გამოსახულებით. მარადონა ცნობილია, როგორც მემარცხენე პოლიტიკოსების მხარდამჭერი და ის დიდი ხანია, მეგობრობს ფიდელ კასტროსთან, რომლის ტატუ მარცხენა ფეხზე აქვს გაკეთებული. სხვათა შორის, უგო ჩავესის ნახვა შეიძლება ემირ კუსტურიცას მიერ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში – „მარადონა”.
* სუპერმოდელი ნაომი ქემპბელი, ჟურნალ GQ-ს დაკვეთით, ცნობილ სპორტსმენებთან, კულტურის მოღვაწეებთან და პოლიტიკოსებთან ამზადებდა ინტერვიუებს და მისი რესპონდენტების რიცხვში უგო ჩავესიც მოხვდა. ინტერვიუმ საინტერესო ვითარებაში ჩაიარა, რომლის განმავლობაშიც ჩავესი ბევრს ხუმრობდა. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ჩავესი ბრიტანული პოპ-ჯგუფის – „სფაის გერლზის” მსმენელი იყო, ის, ასევე, პირადად იცნობს ბრიტანულ სამეფო ოჯახს და, მიუხედავად იმისა, რომ კამილა პარკერი მასში გაცილებით ნაკლებ სიმპათიას იწვევს, ვიდრე პრინცესა დაიანა, მას პრინცი ჩარლზი გაწონასწორებულ და სიმპათიურ ადამიანად მიაჩნია. ნაომიმ ჰკითხა ჩავესს, თუ გარისკავდა ის, ვლადიმირ პუტინის მსგავსად, წელზემოთ შიშველს გადაეღო ფოტოსურათები, რაზეც პოლიტიკოსმა უპასუხა: „სიამოვნებით, რატომაც არა”. ინტერვიუს ბოლოს ჩავესმა აღნიშნა, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ის არ იქნებოდა ქვეყნის პრეზიდენტი, მომღერლის კარიერას აირჩევდა და ცნობილი ლათინოამერიკელი შემსრულებელი გახდებოდა.
* უგო ჩავესი, გარდა იმისა, რომ ვენესუელის პრეზიდენტი და ლიდერია, არის, ასევე, ნაციონალური ვენესუელური სიმღერების პოპულარული შემსრულებელი. პრეზიდენტს რამდენიმე ალბომი აქვს ჩაწერილი და დისკები სრულიად უფასოდ ვრცელდება მოსახლეობაში. ჯერჯერობით მისი უკანასკნელი ალბომი – „კანსიონეს დე სიემპრე” – 50-ათასიანი ტირაჟით გამოვიდა და მასში შესულია 18 სიმღერა. საინტერესოა, რომ ბოლო ალბომში ჩავესმა ტრადიციულ ლათინურ-ამერიკულ სტილს უღალატა და სიმღერები რეპის, როკის, სალსასა და მერენგას სტილში ჩაწერა.
* უგო ჩავესი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველ მეუღლეს, ნენსი კოლმანერესს, ის 1992 წელს გაშორდა, მეორე მეუღლეს – მარისაბელ როდრიგეს ოროლესას კი – 2002 წელს. ორი ქორწინებიდან უგო ჩავესს ხუთი შვილი ჰყავს: როსა ვირჰინია, მარია გაბრიელი, უგო რაფაელი, რაულ ალფონსო და როსინესი.
* უგო ჩავესი „ტვიტერის” მიკრობლოგის მომხმარებელია და სტატიის დაწერის მომენტისთვის მას 3,87 მილიონი ადამიანი კითხულობს. სწორედ უგო ჩავესის რჩევით, საკუთარი ბლოგები „ტვიტერზე” ფიდელ კასტრომ და ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა გახსნეს.
* ცნობილი ფაქტია, რომ უგო ჩავესის კერპია სიმონ ბოლივარი. მის პატივსაცემად ჩავესმა ოფიციალური სახელწოდება შეუცვალა ვენესუელას და „ვენესუელის ბოლივარიული რესპუბლიკა” უწოდა. ჩავესის ინიციატივით, 2007 წელს სიმონ ბოლივარის სიკვდილის მიზეზის დადგენა დაიწყო და საბოლოოდ გაირკვა, რომ 1830 წელს გარდაცვლილი ბოლივარის სიკვდილის მიზეზი მკვლელობა იყო. სიმონ ბოლივარი კარაკასში მდებარე ნაციონალურ პანთეონშია დაკრძალული და მისთვის მავზოლეუმის აგება ჩავესის მთავრობას 28 მილიონამდე დოლარი დაუჯდა.