რა არის რუსეთის მიერ აღიარებული ტერიტორიების განაღიარების ფასი და რატომ გაიხსენა ვლადიმირ პუტინმა „თბილისის გუბერნია“
თბილისი და მოსკოვი ერთმანეთთან უბრად აღარ არიან, თუმცა მათ ურთიერთობაში, მაინცდამაინც, არც ენაწყლიანობა შეინიშნება. ამის პარალელურად, რუსი და ქართველი პოლიტიკოსები სიტუაციის შეფასებისას ფრთხილობენ და ზედმეტი ინფორმაციის გაცემას ერიდებიან. მაგრამ მთავარი გზავნილი ვლადიმირ პუტინმა უკვე გამოუშვა (2012 წლის მიწურულს გამართულ თავის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე). ებრაელი პოლიტოლოგი აბრაამ შმულევიჩი, რომელიც მოვლენებს შორიდან აკვირდება, გაგვიზიარებს თავის მოსაზრებას იმ არცთუ იოლ პროცესზე, რასაც რუსულ-ქართული ურთიერთობები ეწოდება.
– როგორ აფასებთ მოსკოვსა და თბილისს შორის ბოლო დროს შემჩნეულ აქტივობებს?
– მოვიყვან ვლადიმირ პუტინის ციტატას: „მოქმედმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა შეიყვანა ვითარება ჩიხში და გულწრფელად რომ ვთქვა, მე არ ვიცი, როგორ გამოვიდეთ აქედან. რუსეთს არ შეუძლია თავისი აღიარების გადაწყვეტილების შეცვლა, საქართველოს არ შეუძლია, დაეთანხმოს მათ დამოუკიდებელ სტატუსს. წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ რეალურად გვინდა საქართველოსთან სიტუაციის ნორმალიზება, თუმცა, ეკონომიკური თვალსაზრისით, საქართველო უფრო მეტადაა დაინტერესებული, ვიდრე რუსეთი.“ შემდეგ მან ახსენა თბილისის გუბერნია.
– მისი ეს ხსენება აღმაშფოთებელი იყო, რადგან რუსეთის იმპერიამ, მას შემდეგ, რაც თავზე დაგვახია გეორგიევსკის ტრაქტატი, გააუქმა ქართული სახელმწიფოებრიობა და დაგვყო გუბერნიებად.
– რეალურად, ეს იყო სკანდალური განცხადება. წარმოიდგინეთ, პუტინს რომ ეთქვა, რუსეთს არ შეუძლია შეცვალოს თავისი შეხედულება და უარი თქვას კურილიის კუნძულებზე, არც იაპონიას შეუძლია ამასთან შეგუება, მაგრამ ჩვენ გვინდა იაპონიასთან ურთიერთობის ნორმალიზაცია და ვეძებთ გამოსავალსო. ამის საპასუხოდ დიპლომატიურ ენაზე ყველა იტყოდა, რომ რუსეთი მზადაა, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას, გადასცეს თუ არა კურილიის კუნძულები იაპონიასო. იგივე ხდება ამ შემთხვევაშიც. არავის უთხოვია პუტინისთვის, ეთქვა ის, რაც თქვა. მან თვითონ განაცხადა, რომ საქართველოს არ შეუძლია, აღიაროს ამ რეგიონების დამოუკიდებლობა. დიპლომატია კი იმდენად მოქნილი რამაა, რომ 20-მდე ვარიანტის მოძებნაა შესაძლებელი. ანუ პუტინს არ უთქვამს, რომ ეს საკითხი დახურულია.
– ვიფიქროთო.
– მაგრამ წინასწარვე თქვა, რომ საქართველო ამას არასდროს აღიარებსო. ესე იგი, რუსეთი დაიწყებს ფიქრს, გადახედოს თავის აღიარებას და რაღაც სტატუსი მოუფიქროს ამ რეგიონებს. პუტინმა ძალიან მკაფიო სიგნალი მისცა საქართველოს, რომ ის მზადაა კომპრომისისთვის და მისი ეს სიტყვები არ იყო პირველი. 2009 წელს პრიმაკოვის დაბადების დღეზეც თქვა დაახლოებით იგივე რამ: ჩვენ შეგვიძლია ამ თემაზე ლაპარაკიო. ანუ ეს სიგნალები რამდენიმე წელია, მოდის, მაგრამ ამჯერად პუტინმა მკაფიოდ თქვა, რის მიღება უნდა სანაცვლოდ საქართველოსგან: თბილისის გუბერნია. მე არაერთხელ მომისმენია ეს აზრი კრემლის ანალიტიკოსებისგან არაფორმალური შეხვედრებისას: თუ ჩვენ მთლიან საქართველოს მივიღებთ, მაშინ გვექნება აფხაზეთიც და „იუჟნაია ოსეტიაც“. ანუ ტერიტორიების ფასი არის თბილისის გუბერნია. პუტინმა თქვა: არანაირი საქართველო არ არსებობდა, იყო თბილისის გუბერნია და ეს იყო კარგიო. ვერ წარმომიდგენია, პუტინს ეთქვა, არ არსებობდა არანაირი უკრაინა და ეს იყო კარგი; არ ყოფილა არანაირი ყაზახეთი და ეს იყო კარგი. ეს გამოიწვევდა დიპლომატიურ სკანდალს და, შესაძლოა, გაერომდეც მისულიყო საქმე. მაგრამ ამ შემთხვევაში ამან ჩაიარა, თითქოს არაფერიაო. საქართველოს მთავრობამ არ შეიმჩნია.
– არც საქართველოს ოპოზიციამ.
– თუ ოპოზიციასაც არაფერი უთქვამს, ეს უფრო ამძიმებს ვითარებას. მკაფიო განკარგულება გაიცა, თუ რა უნდა პუტინს საქართველოსგან ოკუპირებული ტერიტორიების ამ თუ სხვა სახით დაბრუნების სანაცვლოდ. ეს არის საქართველოს სახელმწიფოს ბოლომდე დამორჩილება.
– უფრო მეტად, ვიდრე სომხეთი ჰყავს?
– რა თქმა უნდა, თუმცა სომხეთიც მთლიანადაა შესყიდული რუსული კაპიტალის მიერ, მაგრამ საქართველოს უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს. პუტინის კურსი არის საბჭოთა კავშირის დაბრუნება და საქართველო შეიძლება, გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც დაბრუნდება მოსკოვის სკიპტრის ქვეშ. თქვენ სწორად შენიშნეთ, მათ თვითონ შექმნეს თბილისის გუბერნია, დაარღვიეს რა ყველა შეთანხმება. მით უმეტეს, რომ პუტინის ეს მინიშნება საქართველოს საზოგადოებამ გადაყლაპა.
რაც შეეხება აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიას“: აფხაზეთის ბიუჯეტის 75 პროცენტი დოტაციაზეა და მიიჩნევენ, რომ რუსეთს აფხაზეთი ჯიბეში ჰყავთ, თუმცა ყველა აფხაზი ამ მოსაზრებას არ ეთანხმება. მაგრამ, ჩემი დაკვირვებით, რუსები ფიქრობენ, რომ აფხაზებთან პრობლემა არ ექნებათ და შეძლებენ, გაიმეორონ 1921 წლის სიტუაცია, როდესაც ჯერ ცნეს აფხაზეთის დამოუკიდებლობა და ასე ჩართეს საბჭოთა კავშირში, შემდეგ ისევ დაუბრუნეს საქართველოს ავტონომიის სახით. იმავეს გაკეთებას უნდა ფიქრობდნენ ევრაზიული კავშირით. მაგრამ პუტინმა წამოაყენა პირობები: რადგან ხაზი გაუსვა, რომ ყველაფერში დამნაშავეა მოქმედი პრეზიდენტი, ეს საკითხი არ გადაწყდება, სანამ საქართველოში ორხელისუფლებიანობა არ დასრულდება.
– ისინი არ მალავენ, რომ ელოდებიან, როდის დასრულდება ხელისუფლების გადანაწილების პროცესი, რომ გაირკვეს, ბოლოს და ბოლოს, რომელ მხარეს აქვს რეალური ძალაუფლება.
– სანამ სააკაშვილი ბოლომდე არ ჩამოშორდება ხელისუფლებას, რუსეთი არ გადადგამს მკვეთრ ნაბიჯებს, თუმცა უმაღლეს დონეზე მან თავისი პოზიცია უკვე მონიშნა. ახლა ჯერი საქართველოზეა. ამასთან, ძალიან მკაფიოდ ჩამოაყალიბა თავისი პოზიცია მიხაილ ლეონტიევმა. ის არის ყველაზე გავლენიანი რუსი პოლიტოლოგი. რასაც ახლა ამბობს პუტინი, ის ლეონტიევმა თქვა წელიწად-ნახევრის წინათ. ახალ წლამდე პუტინის პრესკონფერენციამდე, ლეონტიევმა ინტერვიუ მისცა „კომსომოლსკაია პრავდას“ და თქვა: საქართველოს ხელისუფლებაში მოვიდა ადამიანი, რომელიც გაიზარდა რუსეთში, რუსეთის გარეშე არაფერი შეუძლია და ხაზგამით უწოდა ბორის ივანიშვილი. ამით ხაზი გაუსვა, რომ რუსეთი ივანიშვილს აღიქვამს, არ ვიცი, სამართლიანად თუ უსამართლოდ, ადამიანად, რომელიც მას სრულად დაემორჩილება. ასევე, ლეონტიევი ფიქრობს, რომ რუსეთს თავიდან ბოლომდე დაემორჩილებიან სეპარატისტული რეგიონები. ერთადერთი პირობაა წინაღობების მოსპობა: პირველია ორხელისუფლებიანობის გაუქმება, იმიტომ რომ, ვთქვათ, რუსეთმა გადადგა რაღაც ნაბიჯები და ამ დროს სააკაშვილი ისევ მობრუნდა?! მეორე წინაღობაა დასავლეთის პოზიცია.
– ჩვენი, საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლის პოზიცია? თუ ჩვენ ანგარიშგასაწევნი არ ვართ?
– მოსკოვისთვის თქვენ ანგრიშგასაწევი არ ხართ.
– და დასავლეთისთვის ვართ?
– დასავლეთისთვის ხართ. დასავლელი დიპლომატებისგან მომისმენია, ჩვენ ვაფასებთ, რომ საქართველო აშენებს დემოკრატიას. ანუ ანგარიშს გიწევენ, მაგრამ რუსეთს აქვს წონიანი არგუმენტები: რაც უფრო გაუარესდება ივანიშვილის ურთიერთობები დასავლეთთან, მით უფრო ცოტას გაუწევენ ანგარიშს ქართველ ამომრჩეველს. რუსეთი მკაფიოდ თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლება ჯიბეში ჰყავს, რუსეთი კი მიჩვეულია, ანგარიში არ გაუწიოს თავის ამომრჩეველს, არათუ ქართველ ამომრჩეველს. რუსეთი ძლიერ პროპაგანდისტულ კამპანიას გააჩაღებს, მათ შორის, რუსეთში მცხოვრები ქართველების ორგანიზაციების მიერ.
– მაგრამ იმ ორგანიზაციებს არ აქვთ ავტორიტეტი და მხარდაჭერა საქართველოში და, რაც მთავარია, ის ამომრჩეველი, რომელმაც ბიძინა ივანიშვილის კოალიციას მისცა ხმა, მხარს უჭერს საქართველოს ინტეგრაციას დასავლურ სტრუქტურებში.
– რუსეთის პოზიცია მკაფიოდ გამოხატა მიხაილ ლეონტიევმა, ეს არის ის, რასაც იტყვის პუტინი მომავალში. მე სხვა ადამიანებისგანაც მომისმენია, რომ ის ახმოვანებს რუსეთის პოზიციას საქართველოს მომავლის შესახებ. მათ შორის, „იუჟნაია ოსეტიას“ და აფხაზეთის მომავალზე.
– თუ არ აღმოჩნდება ივანიშვილი ადამიანი, რომელიც კრემლს ჯიბეში არ ჰყავს, შემდეგ რა ხდება?
– ასეთი ვარიანტი იყო სააკაშვილთან და, სხვათა შორის, შევარდნაძესთანაც.
– გამსახურდია საერთოდაც ჩამოაგდეს.
– მე არ ვთვლი, რომ ივანიშვილი აბსოლუტური მარიონეტია. მას აქვს თავისი ხედვა და მე არ ვიცი, რამდენად არის მზად წინააღმდეგობა გაუწიოს მოსკოვს და რამდენად შეძლებს საქართველოს საზოგადოება წინააღმდეგობა გაუწიოს იმ ბერკეტებს, რაც რუსეთს აქვს.
– რამე ახალი ბერკეტი გაუჩნდა, რაც აქამდე არ ჰქონია?
– როდესაც რუსეთმა დაკეტა თავისი ბაზარი ქართული პროდუქციისთვის.
– ჩვენ ეს ვიცით და ჩვენმა მეწარმეებმაც იციან, რომ სიბრიყვეა იყო მხოლოდ რუსეთის ბაზრის იმედად.
– მიუხედავად ამისა, იმედები არის. ასევე, როდესაც ივანიშვილმა ეჭვქვეშ დააყენა ახალქალაქი-ყარსის რკინიგზის მშენებლობა.
– მე, როგორც მივხვდი, აქ ლაპარაკია ქართულ ინტერესზე, ეს გზა კონკურენციას გაუწევს ჩვენსავე სატრანზიტო ფუნქციას, ჩვენს პორტებს და ამ პროექტით ყველაზე ნაკლებ მატერიალურ მოგებას ვიღებთ.
– ღმერთმა ქნას, ეს ასე იყოს, იმიტომ რომ ეს გზა საშუალებას მისცემდა საქართველოს, რომ ეკონომიკურად დამოუკიდებელი გახდეს, ისევე, როგორც აზერბაიჯანს გახდიდა რუსეთისგან დამოუკიდებელს და ივანიშვილმა ეს საკითხი სახალხოდ დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ, ესეც რუსული პოლიტიკაა.
– მთავარი ხომ მაინც ისაა, გაიხსნება თუ არა საბოლოოდ ეს რკინიგზა? და რა არის ცუდი იმაში, თუ საქართველოს ეკონომიკური ინტერესიც იქნება გათვალისწინებული?
– რა თქმა უნდა, მაგრამ ჯერჯერობით გადაიდგა ნაბიჯები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს, აშენდეს თუ არა რკინიგზის ეს ხაზი. თავის მხრივ, პუტინმა მკაფიოდ დაასახელა, რაზეა თამაში. საკითხის ფასია თბილისის გუბერნია და, თუ საქართველო დათანხმდება რუსეთის პროტექტორატს, შესაბამისად, სეპარატისტული რეგიონების საკითხიც გადაიჭრება. ისმის კითხვა: შეძლებს თუ არა ქართველი ამომრჩეველი, რომელმაც ხმა მისცა „ნატოში“ შესვლას, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას გაუწიოს წინააღმდეგობა?! რუსეთმა დაიწყო საბჭოთა კავშირის აღდგენა და მათთვის ძალიან ხელსაყრელი იქნებოდა ამის საქართველოსგან დაწყება.
მე ვფიქრობ, მოსკოვი ელის, რომ საქართველოში დამთავრდეს ორხელისუფლებიანობა. ამის შემდეგ გადაიდგმება რაღაც ნაბიჯები: რუსეთი რბილად მოიქცევა ეკონომიკური მიმართულებით და შეეცდება, მოამზადოს ნიადაგი აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“, რომ, თუ ამის საჭიროება დადგება, გატეხოს იქ მოსახლეობის წინააღმდეგობა. უკეთეს შემთხვევაში, როგორც გითხარით, გათამაშდება 1921 წლის სცენარი: საქართველო – მთლიანად შევა ევრაზიის კავშირში.
– როდის ელით ამ სცენარის ამოქმედებას, როგორც კი ორხელისუფლებიანობა დასრულდება?
– ეს არ მოხდება 2014 წლის ოლიმპიადამდე. თუმცა, თუ ისინი ჩათვლიან, რომ აფხაზეთში არაფერი მოხდება, შესაძლოა, მანამდეც გაკეთდეს, მაგრამ, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ ამ პოზიციას აფხაზეთში მკაცრი წინააღმდეგობა შეხვდება, ისინი ამას ოლიმპიადამდე არ გააკეთებენ. მე არ ვამბობ, რომ ეს გადაწყვეტილება სამართლიანია ან უსამართლო. რადგან რუსეთის პოლიტიკა ძალიან მოუქნელია და შესაძლოა, მათ დაასკვნან, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა არ იქნება აფხაზეთში, ისინი ამ მიმართულებით მოძრაობას ოლიმპიადამდეც დაიწყებენ. პუტინმა მკაფიოდ განსაზღვრა თამაშის წესები: აფხაზეთისა და „იუჟნაია ოსეტიას“ სტატუსის გადახედვა შესაძლებელია. თავის მხრივ, შემხვედრი ნაბიჯი გადაიდგა საქართველოს ხელისუფლების მიერ: ივანიშვილის განცხადება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზაზე. თუ რკინიგზის მშენებლობის გადაწყვეტილება გადაიხედება, ბაქოსთან და თურქეთთან სრულად გაწყდება ურთიერთობა.
– მგონი, მოილაპარაკეს, რომ პროექტი გაგრძელდება.
– ვნახოთ, ეს დიპლომატიური შემხვედრი ნაბიჯი იყო პუტინის განცხადებაზე. თუმცა ჯერჯერობით ეს ყველაფერი ხდება განცხადებების დონეზე.
– სოციალურ ქსელში მყავს აფხაზი მეგობრები და ერთი კვირის წინათ მსჯელობდნენ თემაზე, თუ რატომ აჩვენებდა აფხაზეთის ტელევიზია პროპაგანდისტულ ფილმს საქართველოზე – „სიყვარული აქცენტით“.
– ეს საინტერესო ფაქტია. საზოგადოებრივი აზრის მომზადება იწყება.
– თუმცა აქვე უნდა გითხრათ, რომ ეს ფილმი გადაიღეს წინა ხელისუფლების დროს და, როგორც ვიცი, იდეის ავტორი მიხეილ სააკაშვილია. არის კიდევ ერთი საკითხი: თუ საქართველო უარს იტყვის თავის ტერიტორიებზე, ბერკეტიც აღარ ექნება რუსეთს?
– ეკონომიკური ბერკეტი რჩება.
– 6 წელი იყო დაკეტილი რუსეთის ბაზარი, მაგრამ არ დავხოცილვართ.
– სეპარატისტული რეგიონების დაბრუნება ძალიან მძლავრი ბერკეტია. რამდენიმე ქართველი ნაცნობისგან, რომლებსაც მკვეთრად ანტირუსული პოზიცია აქვთ, მომისმენია, თუ საქართველო მიიღებს ამ რეგიონებს, მაშინ შეიძლება, განვიხილოთ ევრაზიულ კავშირში შესვლის საკითხი. თან, რუსული პროპაგანდა აფხაზეთსა და „იუჟნაია ოსეტიაში“ იმუშავებს შემრიგებლური პოზიციის შესაქმნელად, საქართველოში კი, პირიქით, რევანშისტული განწყობების გაღვივებას შეუწყობს ხელს, რომ უნდა დავიბრუნოთ ტერიტორიები ნებისმიერ ფასად. ამ დროს რუსეთი გამოვა ასპარეზზე და იტყვის, ჩვენ მზად ვართ, დაგიბრუნოთ ეს ტერიტორიებიო. მათი აზრით, მთავარია, აფხაზეთის საზოგადოებრივი აზრის გატეხა.