რატომ ცხოვრობენ საქართველოში სირიიდან წამოსული სომხები და ქრისტიანი არაბები დევნილის სტატუსით
სირიის გამალებული კრიზისის დროს რფ-მ ხმელთაშუა ზღვაში სამხედრო-საზღვაო წვრთნები წამოიწყო, თავისი თითქმის ყველა ფლოტის მონაწილეობით, თანაც, სამხედრო წვრთნების სცენარი რფ-ის ტერიტორიის გარეთ ბრძოლებს ითვალისწინებს. ამის პარალელურად, თურქეთის ტერიტორიას ანტისარაკეტო სისტემების განსალაგებლად ამზადებენ (გადაწყვეტილება უკვე მიღებულია). იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყოველივე ჩვენგან მეტად ახლოს ხდება, სიტუაციის ანალიზს მამუკა არეშიძესთან ერთად შევეცდებით.
– რა კავშირი აქვთ ერთმანეთთან რუსეთის სამხედრო-საზღვაო წვრთნებსა და თურქეთში ანტისარაკეტო სისტემების განლაგებას?
– პროცესები, რომლებიც მიმდინარეობს წინა აზიაში, ერთმანეთთან კავშირშია. ამდენად, უნდა გავიხსენოთ, რა სიტუაციაა იქ: დღეს მიდის ბრძოლა სირიისთვის და, აქედან გამომდინარე, ყველა ის აქტივობა, რასაც ახორციელებენ ამ სივრცის მსხვილი მოთამაშეები, „ნატო“, ამერიკის შეერთებული შტატები, რუსეთი, თურქეთი, ირანი და ასე შემდეგ, ერთმანეთთანაა დაკავშირებული; ნუ დაგვავიწყდება ისიც, რომ სირიაშია განლაგებული რუსეთის ერთადერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა ტარტუსი რუსეთის საზღვრების გარეთ. სირიაში მიმდინარე პროცესები ამ ბაზის ყოფნა-არყოფნის საკითხს აყენებს დღის წესრიგში. ამიტომაც გადაწყვიტა რუსეთმა, ჩაეტარებინა მანევრები ხმელთაშუა ზღვაში თავისი ოთხი ფლოტიდან სამის მონაწილეობით. შავი ზღვის, ბალტიის ზღვისა და ჩრდილოეთის ფლოტების ერთიანი ძალებით მიმდინარეობს ეს ოპერაცია დოტაციური წესით. ერთადერთი მუდმივად მონაწილეობს ავიამზიდი „კუზნეცოვი“, რომელსაც ადრე „თბილისი“ ერქვა და მისი ავიაციის პირველი ლეგენდარული მეთაური იყო ოთარ აფაქიძე, საბჭოთა კავშირის გმირი, მსახიობ ირაკლი აფაქიძის ძმა.
მთავარი ის არის, რომ ეს მანევრები არის ძალის დემონსტრირების მანევრები. თუმცა, მაინცდამაინც, შთამბეჭდავი ვერ გამოდგა, რადგან რუსეთის გემები და ეკიპაჟი არ არის იმ მდგომარეობაში, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ამერიკის ფლოტებს, რომლებიც იმ ზონაში იმყოფებიან.
– აბა, რატომ ეფაფხურებიან?
– რაც უნდა დაცემული იყოს რუსული ფლოტი, იქ ისეთი ტიპის სარაკეტო კომპლექსებია განლაგებული, რომელთა გამოყენებასაც, სულაც არ სჭირდება ფლოტის განსაკუთრებული სამანევრო თვისებები. რაც შეეხება თურქეთში ანტისარაკეტო კომპლექსების განლაგებას, რასაც ახორციელებენ ამერიკის შეერთებული შტატები, გერმანია და ჰოლანდია, ანუ „ნატოში“ შემავალი ქვეყნები: ეს რაკეტები, ერთი შეხედვით, თავდაცვითია, მაგრამ მათ არა მხოლოდ თავდაცვითი ფუნქციის შესრულება შეუძლიათ. იქაც ძალის დემონსტრირება ხდება: სირიას ამ ბოლო დრომდე არ ჰქონდა სარაკეტო კომპლექსები, რომლებითაც შეეძლო განსაკუთრებული ზიანის მიყენება თურქეთისთვის, მაგრამ ეს იმის დემონსტირირებაა, რომ „ნატო“ თავის წევრ ქვეყანას ეხმარება. თურქეთმა მიმართა „ნატოს“ და ამუშავდა „ნატოს“ წესდების შესაბამისი მუხლი.
– ყველა ერთისთვის!
– დიახ. ეს მუხლი გამოიყენეს და იმიტომაც განლაგდება ეს სარაკეტო კომპლექსები თურქეთის ტერიტორიაზე. თუმცა ობიექტურობისთვის უნდა ითქვას, რომ რამდენჯერმე სირიამ, ნებსით თუ უნებლიეთ, დაბომბა თურქეთის ტერიტორია: ერთხელ, მართლაც, შემთხვევით, მეორედ – შეგნებულად. ასეთი პროცესია: არის კუნთების თამაშიც და რეალური ბრძოლაც. რეალურ ბრძოლებში სირიის ამბოხებულთა მხარეს მონაწილეობას იღებს სხვადასხვა ისლამური შენაერთი. წინა აზიაში სამხედრო-პოლიტიკური ძალების სერიოზული ჯახია და შედეგად ვიღებთ იმ სურათს, რასაც ვიღებთ. დღეს პარიტეტული ვითარებაა სირიაში: ვერც იმას ვიტყვით, რომ ამბოხებულები იმარჯვებენ და ვერც იმას, რომ სამთავრობო ჯარები აკონტროლებენ მთელ სირიას.
– ამ ძალის დემონსტრირების პარალელურად, მსხვილ მოთამაშეებს შორის, ალბათ, პოლიტიკური პროცესიც მიმდინარეობს?
– ორივე მხარე ცდილობს, დასავლელი შუამავლების მეშვეობით ერთმანეთს თავს მოახვიონ ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების თავისი ვარიანტი. დასავლეთის მედიამ, ეს, ბუნებრივია, ინსპირირებული იყო ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ, წამოიწყო ფიარკამპანია, რომ თითქოს ასადი აპირებს ქიმიური იარაღის გამოყენებას ამბოხებულთა წინააღმდეგ, მაგრამ დასავლურმა საზოგადოებამ ეს ამბავი არ აიტაცა.
– ახსოვთ სადამ ჰუსეინის ისტორია?
– დიახ, სადამ ჰუსეინის ბიოლოგიური იარაღი, სხვა ფაქტებიც. ამიტომ ამ ინფორმაციას დიდი აჟიოტაჟი არ გამოუწვევია და თავი დაანებეს. ასადს თავისი დანაშაული აქვს, მაგრამ უნდა ითქვას, რომ ევროპაში სულ უფრო და უფრო იზრდება იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ეჭვის თვალით უყურებენ ამბოხებულთა შემადგენლობას, იმიტომ რომ პროცესებში სერიოზული ისლამისტური ძალებია ჩართული. სირიაში ალავიტების მცირერიცხოვან ჯგუფს აქვს ძალაუფლება. ალავიტები არიან შიიტური მიმართულების ერთი ჯგუფი, მოგეხსენებათ, ირანელები შიიტები არიან და ამიტომაც ირანი ყველანაირად ეხმარება ასადს. რუსეთმაც მიაწოდა შესაბამისი რაკეტები სირიის ხელისუფლებას. მაგრამ სირიის მოსახლეობის უმრავლესობა სუნიტია, რომლებიც თურქეთზე არიან ორიენტირებულნი. ამდენად, არა მხოლოდ სამხედრო-პოლიტიკური, არამედ სერიოზული რელიგიური ჯახიცაა.
– გასაგებია, რომ არათუ მხოლოდ ჩვენ, მთლიანად სამხრეთ კავკასია ვერ გამოდგება სირიის საპირწონედ. მომგებიანია ჩვენთვის, რომ ამ პროცესში მონაწილეებს არ ეცლებათ ჩვენთვის თუ როგორ შეგვიძლია ვითარების საჩვენოდ გამოყენება, თუ, რა თქმა უნდა, შეგვიძლია?
– საქართველოს წინა ხელისუფლება შეეცადა, ჩართულიყო ამ პროცესში. დაუდასტურებელი ინფორმაციით, კოპიტნარის აეროპორტიდან რამდენჯერმე აფრინდა თვითმფრინავი, რომელმაც იარაღი ჩაიტანა ამბოხებულებისთვის. გარდა ამისა, არის ინფორმაცია, რომ ამბოხებულთა ხელმძღვანელობის წარმომადგენლებიც იყვნენ საქართველოში. ეს მცდელობები დამთავრდა პირველი ოქტომბრის არჩევნების შემდეგ. თუმცა უნდა ითქვას, რომ სამხრეთ კავკასია ამ პროცესში ირიბად ჩართულია, იმიტომ რომ სირიაში ძალიან ბევრი კავკასიური წარმოშობის ადამიანი ცხოვრობს: აფხაზები, ჩერქეზები, რაც ყველაზე მთავარია, 200 000-მდე სომეხი. ამ სომხების ერთი ნაწილი უკვე იმყოფება სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სომხეთისა და საქართველოს ტერიტორიებზე. ასევე, საქართველოს ტერიტორიაზე არიან საკმაოდ დიდი რაოდენობით ქრისტიანი არაბები.
– როგორც დევნილები?
– დევნილობის საბაბით არიან. ამას გარდა, სირიელი აფხაზების 103 ოჯახია ჩასული აფხაზეთში. რაც შეეხება თქვენს კითხვას: როგორ შეიძლება, გამოვიყენოთ შექმნილი პოლიტიკური ვითარება: დღეს საქართველოში სხვაგვარი სიტუაციაა. საქართველოს საგარეო პოლიტიკა სხვა ტიპის ხდება: ნაკლებად კონფრონტაციული და, აქედან გამომდინარე, დღევანდელი ხელისუფლება მაქსიმალურად ცდილობს, რომ რეგიონული პოლიტიკა აწარმოოს და მოერიდოს საერთაშორისო ამბებში აქტიურ ჩართულობას. სხვანაირად რომ ვთქვათ, დღეს საგარეო პოლიტიკის დალაგების პროცესია და, ამდენად, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლებისთვის არაკომფორტულია საგარეო პოლიტიკურ პროცესებში ჩართვა.
– ერთია, რომ არაკომფორტულია საქართველოს ხელისუფლებისთვის, მაგრამ რამდენად კომფორტული იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის ეს ჩვენი პასიურობა?
– გარკვეულ ეტაპზე მათთვის ბევრად უფრო არაკომფორტული იყო ჩვენი განსაკუთრებული გეოპოლიტიკური აქტივობა, იმიტომ რომ პრობლემას ქმნიდა. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთში იყო წრეები, რომლებიც მხარს უჭერდნენ ჩვენს გეოპოლიტიკურ აქტივობას, მაგალითად, მაკკეინის ჯგუფი ამერიკის შეერთებულ შტატებში და ასეთი ხალხი იყო ევროპაშიც. მათ ხელისუფლებებს დისკომფორტს უქმნიდა საქართველოს წინა ხელისუფლების განსაკუთრებული აქტივობა. ასე რომ, თუმცა საქართველოს წინა ხელისუფლების აგრესიულ პოლიტიკას ჰყავდა მხარდამჭერები, ჰყავდა მოწინააღმდეგეებიც. ასე რომ, საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მომგებიანია დასავლეთისთვის.
– უცხოელი პოლიტოლოგების ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ახალი ხელისუფლების საგარეო პოლიტიკის პასიურობის შედეგად საქართველოს ნაკლები მხარდამჭერი ეყოლება რუსეთთან დაპირისპირებაში. ეთანხმებით?
– მოდი, ასე ვთქვათ: ჩვენ დღეს რუსეთთან დაპირისპირება გვაძლევს ხელს თუ დიალოგი?! დაპირისპირება შეიძლება, იყოს კონფრონტაციული ხასიათის, რომელსაც სამხედრო დაპირისპირებამდე მივყავართ და დაპირისპირება შეიძლება, იყოს დიალოგის სახით. ჩვენ დღეს დიალოგის ფორმატის შექმნას ვცდილობთ, რომლის დროსაც დაპირისპირება, რასაკვირველია, იქნება, მაგრამ დიალოგისას დაპირისპირება უფრო ნაკლებად სახიფათოა ჩვენი ქვეყნისთვის, ვიდრე ღია კონფრონტაციული დაპირისპირება. მე შევხვდი რუს და დასავლელ ექსპერტებს, რომლებიც იმავეს ამბობენ, რაც თქვენ იკითხეთ, მაგრამ მე მათ წინ დავუდე საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ შექმნილი დოკუმენტები, რომლებშიც ისინი კატეგორიულად ითხოვენ საქართველოს ხელისუფლებისგან რუსეთთან მდგომარეობის განმუხტვას. რადგან არსებობს ასეთი ტიპის რეკომენდაციები, ჩვენ იძულებულნი ვართ, ამ რეკომენდაციებს მივდიოთ, იმას გარდა, რომ ეს ჩვენი დღევანდელი აუცილებლობაა.
– მაგალითად, აბრაამ შმულევიჩი აცხადებს, რომ ასეთი რბილი საგარეო კურსის შედეგად შესაძლოა, გაიზარდოს იმ სახელმწიფოების რიცხვი, რომლებიც აღიარებენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას. არის ეს საფრთხე?
– არა, თუ ჩვენ მოვახერხეთ რუსეთთან დიალოგის რეჟიმში შესვლა და ამ დიალოგს მიეცა პერმანენტული და ნაკლებად მძაფრი სახე, რუსეთისთვის წამგებიანიც შეიძლება, იყოს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების პოლიტიკა, რადგან, რომ არა რუსეთი, არც ერთი ქვეყანა, რომელმაც ისინი აღიარა, ამ რეგიონების ამღიარებელი არ იყო. თუ ჩვენ მოვახერხეთ რუსეთთან მოლაპარაკება, რომ აღიარების ფორსირება აღარ მოახდინოს, მაშინ უცხოელი ექსპერტების ეს ნააზრევიც საფუძველმოკლებული იქნება.
– ოკუპანტი ქვეყნის სტატუსი დიდ და სამართლიან დისკომფორტს უქმნის რუსეთს და, თუ საქართველო შეძლებს კონსტრუქციულ რეჟიმში რუსეთთან მოლაპარაკების წარმართვას, მაშინ სხვა ქვეყნებმა რატომ უნდა გააღიზიანონ რუსეთი ოკუპანტად მისი მოხსენიებით?
– მე საქართველოს ხელისუფლებას ვურჩევდი, რომ რუსეთისთვის ოკუპანტის სტატუსის მოხსნისგან თავი შეიკავოს, თუკი არ გამოჩნდება ხვალინდელი დღის კონტურები, ვიდრე არ გამოჩნდება ურთიერთობის დათბობის ტენდენცია. გეოპოლიტიკაში, ისევე, როგორც ბაზარში, მოსულა ვაჭრობა: მე გიკეთებ ამას, შენ მიკეთებ – ამას. თუ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პერსპექტივა არ გამოჩნდა, ოკუპანტის სტატუსის მოხსნაზე არანაირი ლაპარაკი არც შეიძლება იყოს. ხოლო, თუ რაღაც ეტაპზე დავინახავთ, რომ შეგვიძლია მოლაპარაკება, ტერმინი „ოკუპირებული“ შეიძლება, შევცვალოთ „დაკავებული ტერიტორიებით“ ან სხვა ამგვარი ტერმინით, რომელსაც ასეთ შემთხვევაში იყენებენ ხოლმე. შევცვალოთ, მაგალითად, იმ ტერმინით, რასაც იყენებს სამხრეთ კვიპროსი ჩრდილოეთ კვიპროსთან მიმართებაში.
შეიძლება, ოპონენტმა მითხრას, რომ ამდენი წელია, ჩრდილოეთ კვიპროსის სტატუსი არ შეცვლილაო და, რა თქმა უნდა, ჩრდილოეთ კვიპროსი ჩვენთვის მაგალითია, მაგრამ, იმავდროულად, არსებობს ჩრდილოეთ ირლანდიაც, სადაც კონფლიქტი ფრაგმენტულ ხასიათს ატარებს. ოფიციალური ლონდონი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ კონფრონტაცია შემცირდეს და თავისი გავლენების წყალობით გააერთიანოს ირლანდია. დღეს ოფიციალური ლონდონი ძალიან დიდი საფრთხის წინაშე დგას: ხვალ თუ ზეგ შოტლანდიამ შეიძლება, გამოაცხადოს დამოუკიდებლობა, ამიტომ ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანება დანარჩენ ირლანდიასთან, შოტლანდიელი სეპარატისტებისთვის იქნება საკადრისი პასუხი. ასე რომ, დღეს, რაც უნდა პარადოქსული იყოს, ლონდონისთვის ერთადერთი გამოსავალია ჩრდილოეთ ირლანდიის მიერთება დანარჩენ ირლანდიასთან, თუმცა ამას წინააღმდეგობას უწევს ჩრდილოეთირლანდიური პროტესტანტული პარტიების ერთი ნაწილი.
– პუტინის გამონათქვამი, რომ არ არსებობდა არანაირი საქართველო, იყო თბილისის გუბერნია და ეს იყო კარგიო, როგორ გაიგეთ?
– ეს ძალიან გამაღიზიანებელი ფრაზა იყო და წინა ნათქვამი გადაფარა, ვიფიქროთ აღიარებული ტერიტორიების სტატუსზეო. მაგრამ, მოდი, მივუდგეთ ამას ფსიქოლოგიურად: ტუინმა საშინელი დარტყმა მიაყენა თავის მოკავშირეებს ცხინვალსა და სოხუმში, რაღაცით ხომ უნდა გადაეფარა ეს და ამიტომ თქვა, ის, რაც თქვა. გარდა ამისა, რამდენიმე დღის წინათ გამოვიდა მილიარდერი პროხოროვი და თქვა: რუსეთი უნდა გახდეს უნიტარული სახელმწიფო. უნდა მოიშალოს რესპუბლიკები და ნაციონალური წარმონაქმნები. პროხოროვს გაახმოვანებინეს ის, რასაც ფიქრობს კრემლი. იგივე გამოიხატა პუტინის ფრაზაშიც: დარწმუნებული ვარ, თბილისის გუბერნიის ხსენება ეხება არა თბილისს, არამედ რუსეთის ფედერაციის ნაციონალურ წარმონაქმნებს. მშვიდად უნდა შევხედოთ პროცესებს, რადგან არ გვჭირდება ზედმეტი ნერვიულობა, მაგრამ გვჭირდება ზედმეტი პროფესიონალიზმი. ზურაბ აბაშიძე გამოცდილი დიპლომატია, მაგრამ ის არის მარტო. უნდა შეიქმნას ძალიან სერიოზული ჯგუფი, რომელიც მრავალპლანიან მუშაობას აწარმოებს რუსეთთან. ყოველთვის ვამბობდი, რომ რუსეთის „დუმაში“ უნდა შეგვექმნა ლობისტური ჯგუფი, რომელიც საქართველოსთვის იმუშავებდა. მით უფრო, რომ ამის გაკეთების საშუალებას კანონიც გვაძლევს. ლობისტური ჯგუფების გარეშე შედეგს ვერ მივაღწევთ, იმიტომ რომ ლობისტური ჯგუფები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ პოლიტიკური ამინდის შექმნაში.