პოზა „ლაივში“
ანუ, იმედს პრეზიდენტი არ მოუკლავს
ჩვენ არ ვიცით, როდის დაიგეგმა ეს ვიზიტი (მანამდე, ვიდრე ბელორუსის პრეზიდენტი დსთ-ში დაბრუნებას გვთხოვდა თუ ამის შემდეგ), მაგრამ, თითქმის ოფიციალურად დადასტურდა, რომ ალექსანდრ ლუკაშენკო ქართველი კოლეგის – მიხეილ სააკაშვილის მოწვევით, უახლოეს მომავალში სტუმრად ჩამოგვიფრინდება.
სხვათა შორის, ეს ამბავი თავად ლუკაშენკომ გვამცნო გასულ კვირას უცხოური მედია-საშუალებებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე. იმავე შეკრებაზე არც ის დაუმალავს ჩვენს პოტენციურ სტუმარს, რომ, ჯერ ერთი, კვლავაც არ გადასწურვია საქართველოს დსთ-ში ხილვის იმედი და, რაც მთავარია, ამ თემაზე უშუალოდ აპირებს გასაუბრებას როგორც პრეზიდენტთან, ისე პრემიერთან.
თუ გავიხსენებთ, რომ ბ-ნი ლუკაშენკო ბ-ნ სააკაშვილს მოუწვევია, ეს უკანასკნელი დსთ-ში დაბრუნების წინააღმდეგია (სხვათა შორის, მეც!), სტუმარი კი, როგორც თავად ამბობს, მომენტის გამოყენების შანსს ხელიდან არ გაუშვებს (მომყავს ციტატა ლუკაშენკოს გამოსვლიდან: „ვფიქრობ, უახლოეს მომავალში დსთ-ში დაბრუნების შესახებ საქართველოს ხელმძღვანელობასთან – სააკაშვილთან და ივანიშვილთან საუბარს შევძლებ“) და მის იმ პირობასაც გავიხსენებთ, მუხლის ჩოქზეც დავუდგები, ოღონდ დსთ-ში დაბრუნდნენო, ვითომ, ჩვენმა პირველკაცმა კოლეგა ამ პოზის „ლაივში“ სანახავად მოიწვია?!