კვერცხის ამღები
„აბა, უმრავლესობაში მნახე, ვინა ვარ!“
სულ პირველად თავი ფართო საზოგადოებას ჟურნალისტის ცემით დაამახსოვრა, თუმცა, ტრადიციას არც გარჩეულების შემდეგ უღალატა და გასული მოწვევის პარლამენტში თავის კოლეგა პეტრე მამრაძეს არათუ კამერების თვალწინ გაარტყა, არამედ, მოგვიანებით კამერებთანვე დაგვემუქრა, რომ ყველას, ვისი პოლიტორიენტაციაც არ მოეწონებოდა, თავ-პირს დაუსისხლიანებდა (იმაზე აღარაფერს ვიტყვი, მეშვიდე მოწვევის პარლამენტის სხდომებზე მუდამ რომ კუნთებს ათამაშებდა).
თუმცა, ხანი გამოხდა და, თუკი აქამდე უმრავლესოელ ბ-ნ ბობოხიძეს ერიდებოდნენ, აწ უკვე უმცირესოელ ბ-ნ ბობოხიძეს სჭირდება პოლიციის კორდონი, რომ სხვებს მოერიდოს.
ერთი სიტყვით, გასულ კვირას ზუგდიდში, სადაც, წესით, ხალხის როგორც უმრავლესოელ, ისე უმცირესოელ რჩეულთ დაინტერესებულ არასამთავობოელებთან ერთად საკონსტიტუციო ცვლილებებზე უნდა ემსჯელა, ბ-ნი ბობოხიძის თავს ახალი აღთქმისეული ჭეშმარიტება გაცხადდა: მახვილის ამღები (ანუ კუნთების მომღერებელი) მახვილითვე (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, რასაკვირველია, კვერცხით) დაიღუპება.
იმის მიუხედავადაც, რომ კვერცხი არც ცივი იარაღია და არც ცხელი, მისი დეპუტატის მიმართულებით მსროლელები პოლიციამ დააკავა, სასამართლომ კი 100-100-ლარიანი ჯარიმა დააკისრა, თუმცა, თავად დაზარალებულმა (ანუ აკაკი ბობოხიძე) მეტად დარდიმანდულად ბრძანა, რომ კვერცხის მსროლელთა დასჯას არ მიესალმება.
ხოლო, თუ გავიხსენებთ, რა შემართებით იწევდა ხოლმე წინა მოწვევის პარლამენტში ბ-ნი ბობოხიძე კოლეგა უმცირესოელების მიმართულებით, „მუხამბაზის“ მისებური პერიფრაზი ასეთია: განა ორთაჭალის ბაღში, „აბა, უმრავლესობაში მნახე, ვინა ვარ!“