ნახევრად სიმართლე
ანუ, ყასიდად შემომწყრალნი
მართალია, აქამომდე ისეთი სიამტკბილობა ჰქონდათ, ერთმანეთს თვალში რომ ჩაცვენოდნენ, წყლითაც არ ამოიბანდნენ, მაგრამ, გასულ კვირას თბილისის მერიამ კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ თითი დაუქნია. კერძოდ, წერილი აფრინა, რომელშიც დედაქალაქის 24-საათიანი წყალმომარაგების ვალდებულების შესრულებას სთხოვს. მერიის ვებ-გვერდი გვამცნობს, რომ „ნასყიდობის ხელშეკრულების 11.6.1 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვალდებული იყო, 2013 წლის 1 იანვრისათვის ქალაქის ძველი საზღვრების ფარგლებში, წყლის შეუწყვეტლად, 24-საათიანი მიწოდების ვალდებულების შესრულება უზრუნველეყო (აქვე გეტყვით, რომ ნასყიდობის ეს ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია და მომხმარებელმა ჯერაც არაფერი უწყის, თუ რა პირობებით ანდეს ეს ჩვენი წყალი უცხოურ კომპანიას).“
მოკლედ, თუკი GWP დედაქალაქს წყლით 24-საათიანად არ მოამარაგებს, დედაქალაქისვე მერია იმუქრება, რომ კომპანიას, მთლად დედა თუ არა, ინვესტორი აღარ ეყოლება. ციტატას მოვიხმობ: „კომპანიის წინააღმდეგ ხელშეკრულებითა და კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ ყველა საშუალებას გამოიყენებს, რათა დაცული იყოს თბილისის მოსახლეობის ინტერესები (ანუ, თავი და თავი აბონენტების ბედნიერებაა).“
იმ მარტივი მიზეზით, „მე შაირი არ მინდოდა, შენ ამტეხე ძალადაო“, მოგახსენებთ, რომ, მართალია, ხელშეკრულება გასაიდუმლოებულია, მაგრამ, სამაგიეროდ, ხელმისაწვდომია პრეზიდენტის 245-ე ბრძანებულება (2008 წლის 10 აპრილს გამოცემული), რის მიხედვითაც, 24-საათიანი წყალმომარაგება რუსთავშიც, თბილისშიც და მცხეთაშიც 2011 წლიდან უნდა დაწყებულიყო. უფრო მეტიც, ამავე ბრძანებულებითაა განსაზღვრული წყლის ტარიფიც, რომელიც „გაუმრიცხველიანებელი მოსახლეობისთვის მოსახლეობის ერთ სულზე განისაზღვროს არა უმეტეს შემდეგი ოდენობისა: 2011-2013 წლები – 2,95 ლარი (არადა, მოგეხსენებათ, 3 ლარსა და 15 თეთრს ვიხდით), 2014 წელს – 3,3 ლარი; 2015 წელს – 3,5 ლარი; 2016 წელს – 3,7 ლარი, 2017 წელს – 3,9 ლარი, 2018 წელს – 4,1 ლარი.“ ანუ, გაუმრიცხველიანებისთვის წყლის ტარიფის გაძვირების გარდაუვლობა აშკარა 2008 წელსვე იყო.
რთული წარმოსადგენია, რომ დედაქალაქის მესვეურებმა პრეზიდენტის ბრძანებულების არსებობა არ იცოდნენ, ხოლო, თუკი თბილისელთა ბედნიერება მათთვის პირველხარისხოვანია, უპრიანი არ იქნებოდა, ხელშეკრულებისთვის გრიფი „საიდუმლოდ“ მოეხსნათ და აბონენტებს საკუთარი რუხი ნივთიერების დახმარებით გაერკვიათ, ვინ ატყუებს: GWP, მერია თუ ორივე ერთად?!