„თხა და გიგო“
დამთხვეულები
მართალია, მაგალითად, გერმანიის ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი საქართველოში გამოცხადებულ ამნისტიას მიესალმება (მათ შორის, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასაც, უფრო მეტიც, რეგიონის მთავრობებსაც მოუწოდებს პოლიტპატიმრების შეწყალებისკენ), მაგრამ, სამაგიეროდ, მაგალითად, ყოფილი პოლიციელი კარინა გრიგორიანი – გმობს. ნაპოლიციელის მტკიცებით, სამართალდამცველი ორგანო მან მას შემდეგ დატოვა, რაც პარლამენტმა პოლიტპატიმრები გამოუშვა (ჯაშუშებისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭება ჩემი პოლიციური სულისკვეთებისთვის მიუღებელიაო), თუმცა, თავად პოლიტპატიმრები ისეთებს გვიამბობენ, სოლჟენიცინის „არქიპელაგი გულაგი“ „თხად და გიგოდ“ მოგეჩვენება.
ხოლო, რაკი ყოფილი მმართველი პარტია, ამჟამინდელი პრეზიდენტი და ნაპოლიციელი ერთურთს ემთხვევიან (ისინი რა, მათი აზრები ემთხვევიან), სავსებით, ბუნებრივია, რომ ეს უკანასკნელი (ანუ ქ-ნი გრიგორიანი) პირველმა პირმა სასახლეში მიიხმო, არც ტკბილი სიტყვები დაიშურა და ზედ ორდენიც დაჰკიდა (რა თქმა უნდა, ღირსებისა).
ამის პარალელურად, სააგენტო „პირველმა“ გამოარკვია, რომ აწ უკვე ღირსების ორდენოსანი ქ-ნი გრიგორიანი, ბოლო 4-5 წელია, შსს-ს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურში შსს-ს მიერ იყო მივლინებული იქაურ თანამშრომელთა პოლიტიკური პლატფორმის შესახებ ინფორმაციის შესაგროვებლად. რაც შეეხება ოფიციალურ ინფორმაციას: კ. გრიგორიანი 2005 წლიდან შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მე-2 სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი-გამომძიებელი ბრძანდებოდა. „სოდის“ რეორგანიზაციის შემდეგ კი კადრების განკარგულებაში დარჩენილა (თუმცა, როგორც მოგახსენეთ, თავად ორდენოსანი იმ ვერსიაზეა, რომ შსს პროტესტის ნიშნად დატოვა).
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ კ. გრიგორიანი შსს-ში კვლავაც დაბრუნდება, კრიმინალებსაც შეებრძოლება და, ზედაც, ჯაშუშებსაც.
ჩვენ, ბუნებრივია, არ ვიცით, ვის რა მომავალი ელის, მით უფრო, ვინ სად აღმოჩნდება, ის კი აშკარაა: ზოგს ორდენი დაჰკიდეს, ზოგსაც – ჰკიდია!