იპოვეს მატისის 1987 წელს დაკარგული ნახატი
ანრი მატისის ტილო Le Jardin („ბაღი“), რომელიც დაახლოებით მილიონ დოლარადაა შეფასებული, სტოკჰოლმის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმს დაუბრუნდა, საიდანაც 1987 წლის 11 მაისს მოიპარეს. მძარცველებმა შესასვლელი კარი გატეხეს და შენობაში ისე შეიპარნენ. დაცვა მხოლოდ 10 წუთის შემდეგ მივიდა. აღსანიშნავია, რომ მათ მუზეუმიდან მხოლოდ ეს სურათი წაიღეს. სხვათა შორის, ქურდები რამდენჯერმე დაუკავშირდნენ მუზეუმის ხელმძღვანელობას და შედევრის შესყიდვა შესთავაზეს. თუმცა, დასახელებული თანხა მათთვის მიუწვდომელი აღმოჩნდა. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ მოპარულ სურათს რეალური ღირებულება არ აქვს – მატისი ძალიან ცნობილია და მისი ღია ბაზარზე გაყიდვა შეუძლებელია.
დიდი მხატვრის მიერ 1920 წელს შესრულებული ნახატი შობის წინა დღეებში დააბრუნეს. პოლონელმა კოლექციონერმა ის ინგლისში, ესექსის საგრაფოს არტდილერს შესთავაზა. კომპანია Charles Fine Art-ის დილერმა ჩარლზ რობერტსმა დაკარგული ხელოვნების ნაწარმოებების რეესტრში Art Loss Register (ARL) მოიძია და აღმოაჩინა, რომ მატისის „ბაღი“ მოპარული იყო. მან ამის შესახებ რეესტრის დირექტორს, კრისტოფერ მარინელის აცნობა. როგორც მარინელიმ თქვა, კოლექციონერს მოელაპარაკნენ და „ყოველგვარი გადასახადისა და ხელების გადაგრეხის“ გარეშე, მან სურათი დათმო. ის კი არა და ამაყად განაცხადა, რომ ეს მისი საშობაო საჩუქარია შვედებისთვის.