მგლები 5
უკანასკნელი ქურდი
გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹26-2(628)
რიბკინი მოუსვენრად წრიალებდა ოთახში. რამდენჯერმე სცადა თავის ხელში აყვანა და დამშვიდება, მაგრამ, ვერ შეძლო. დღეს უნდა გადაწყვეტილიყო, მისცემდა თუ არა ლუკა მოსკოვში დაბრუნების საშუალებას.
ბოლო ორი თვე მან ხარკოვის გარეუბანში, „ვერშინას“ კუთვნილ აგარაკზე გაატარა. აქ ყველაფერი იყო ნორმალურად ცხოვრებისთვის: კომფორტით მოწყობილი და შესაბამისად აღჭურვილი სახლი, საცურაო აუზი, საბილიარდო; შინამოსამსახურე ქალი, რომელიც სახლსაც ალაგებდა და საჭმელსაც უმზადებდა. სახლში მუდამ იმყოფებოდა ორი მცველი. ისინი მხოლოდ სახლს იცავდნენ და არაფრით ზღუდავდნენ იგორს. მას ნებისმიერ დროს შეეძლო ქალაქში გამგზავრება, ამისთვის მანქანაც კი ჰყავდა. მაგრამ ის მაინც შინაპატიმრობაში გრძნობდა თავს. ყველაზე ძალიან კი ის აღელვებდა, რომ არ იცოდა, როდემდე გაგრძელდებოდა ეს შინაპატიმრობა.
ვასილიჩის ბოლო სტუმრობისას მან შეპარვით ჩამოუგდო სიტყვა რუსეთში დაბრუნებაზე.
– რატომ? – გაუკვირდა ადვოკატს, – თუ აქ ცუდად გრძნობ თავს, შემიძლია, საცხოვრებელი ადგილი შეგიცვალო.
– არა, – თავი გააქნია რიბკინმა, – აქ ყველაფერია, რაც კი შეიძლება, რომ ადამიანმა მოისურვოს. უფრო მეტიც – არასდროს მიცხოვრია ასეთ კომფორტში.
– მაშ, რაშია საქმე?
– შენ თვითონ მითხარი – ვინ ვარ თქვენთვის, სტუმარი თუ პატიმარი? – ჰკითხა იგორმა.
– შენ თვითონაც კარგად იცი, როგორც მოხვდი აქ. ლუკას ეს რომ არ გაეკეთებინა, ახლა ცოცხალი არ იქნებოდი, – უპასუხა ვასილიჩმა.
– მესმის... ამისთვის მადლობასაც კი გადავუხდი, მაგრამ, მას შემდეგ რაღაცეები შეიცვალა.
– რას გულისხმობ?
– მალიშევი ცოცხალი აღარ არის, კრილოვი სამსახურიდან გაათავისუფლეს, – თქვა იგორმა.
ვასილიჩმა გაოცებით შეხედა. მან არაფერი იცოდა რუსეთის გენპროკურატურის საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელის დათხოვნის შესახებ.
– შენ გაგაფრთხილეს, რომ მოსკოვს არ დაჰკავშირებოდი! – უკმაყოფილოდ თქვა ადვოკატმა.
– არც დავკავშირებივარ, – თავი იმართლა რიბკინმა.
– მაშ, საიდან შეიტყვე კრილოვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ?
– ეს ინფორმაცია გენპროკურატურის საიტზე დევს, – უპასუხა იგორმა.
– მიზეზი?
– ოფიციალურად ის სამსახურებრივი მოვალეობის უგულებელყოფისთვის დაითხოვეს. ის ვალდებული იყო, დაეწყო მოკვლევა დოსიეების დაკარგვის ფაქტზე, მაგრამ ეს არ გააკეთა – ჩანს, მალიშევმა დაითანხმა მოკვლევის დროებით შეჩერებაზე. ეს ფაქტი გრომოვის მეგობარმა ჟურნალისტებმა გამოჩხრიკეს და სკანდალის თავიდან ასაცილებლად გენპროკურატურა, იძულებული გახდა, კრილოვი სამსახურიდან გაეთავისუფლებინა.
– და, შენ მიგაჩნია, რომ კრილოვის გათავისუფლება შენს შანსს ზრდის? – ჰკითხა ვასილიჩმა.
– რა თქმა უნდა, – სწრაფად უპასუხა რიბკინმა, – მე შევძლებ იმის დამტკიცებას, რომ არაფერი მაკავშირებს დოსიეების საქმესთან. ამაში გრომოვის მეგობარი ჟურნალისტები დამეხმარებიან. ვერასდროს წარმოვიდგენდი ამას, მაგრამ, მათ ფულადი ჯილდოც კი დააწესეს მისთვის, ვინც ჩემს შესახებ ღირებულ ინფორმაციას მიაწვდის!
– კარგად გქონია საქმე, – გაიცინა ვასილიჩმა, – ორი კაპიკის შოვნის შანსიც გაგიჩნდა!
– ვიფიქრებ ამაზე, – თავი დაუქნია რიბკინმა.
– მოდი, სერიოზულად მივუდგეთ ამ საკითხს, – განაგრძო ვასილიჩმა, – იმას თუ ხვდები, რომ გრომოვის დაღუპვის შესახებ, უამრავ კითხვას დაგისვამენ? შენ ხომ მკვლელობის ერთადერთი თვითმხილველი ხარ!
– ვიცი და მეც ბევრი ვიფიქრე ამაზე.
– და, რა დასკვნამდე მიხვედი?
– სიმართლეს ვიტყვი. გრომოვი ხომ მალიშევის „ოპერებს“ შემოაკვდათ, – უპასუხა რიბკინმა.
– მერე კი მალიშევის „ოპერები“ სხვა ხალხს „შემოაკვდათ“! – დაამატა ვასილიჩმა, – მათ შესახებ რას ეტყვი გენპროკურატურის გამომძიებელს?
– არაფერს... მე არაფერი ვიცი ამის შესახებ. მალიშევი ძალზე ბუნდოვან საქმეებში იყო გახვეული. ვინ გამორიცხავს, რომ მისი დაღუპვაც იმ საქმეებს არ უკავშირდება? – უპასუხა რიბკინმა.
– იგორ, მე მესმის, რომ შენ სახლში დაბრუნება და ჩვეული ცხოვრების გაგრძელება გსურს, მაგრამ, სურვილი ერთია და რეალობა – მეორე. საქმე „ეფესბეს“ პოლკოვნიკის მკვლელობას ეხება და ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გაიხსნას – ეს „ეფესბესთვის“ მუნდირის ღირსების საკითხია. შენ კი ძალიან ბევრი იცი ამ საქმის შესახებ. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია, „ნეზნაიკას“ პოზიცია დაიჭირო – „არაფერი ვიცი, არაფერი მინახავს“... პირიქით, დაზარალებულად, მსხვერპლად გამოიყვანო თავი!.. შეიძლება, ამაში გენპროკურატურაც დაგეთანხმოს, მაგრამ, „ეფესბე“ არასდროს შეურიგდება ასეთ ვითარებას. შენგან სასურველი ჩვენება თუ ვერ მიიღეს, მკაცრად დაგსჯიან. ბოლომდე მიიყვანენ საქმეს, რომლის დამთავრებაც ვერ მოასწრო მალიშევმა... მოგკლავენ! – თქვა ბოლოს ვასილიჩმა.
– მე მაინც გავრისკავ! – მტკიცედ უპასუხა რიბკინმა.
– ჰო, მაგრამ, ეს მხოლოდ შენ არ გეხება. ვინ მოგვცემს გარანტიას, რომ შენ არ ალაპარაკდები?!
– არ მენდობით? – მოიღრუბლა იგორი, – მე კარგად ვიცი, რაც გააკეთეთ ჩემთვის და სიკეთეს, მხოლოდ სიკეთით ვუპასუხებ!
– აქ ძალიან იოლია ამაზე ლაპარაკი, მაგრამ, როგორ მოიქცევი, როდესაც რომელიმე უდაბურ ადგილას, მკვლელების პირისპირ აღმოჩნდები?!
რიბკინმა დუმილით უპასუხა.
– მეც არ ვიცი, – განაგრძო ვასილიჩმა – და ამიტომაც გპასუხობ: არა!.. ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, შენ აქ დარჩები!
– ესე იგი, მე მაინც პატიმარი ვარ? – ცივად ჰკითხა იგორმა.
– როგორც გინდა, ისე გაიგე.
– კარგი, დავრჩები, მაგრამ, როდემდე? აქ პატიმრად თუ არა, უკვე შინაურ ცხოველად ვგრძნობ თავს – ზაზუნად ან ზღვის გოჭად, რომლის ერთადერთი დანიშნულება ჭამა და პატრონის გართობაა!
– შემიძლია, გასართობი შემოგთავაზო.
– რას გულისხმობ? – ჰკითხა რიბკინმა.
– შენ კარგი იურისტი ხარ. მე კი ბოლო ხანებში მთლიანად მოვწყდი კომპანიის საქმეებს, – უპასუხა ვასილიჩმა, – ხომ არ დამეხმარები?
– დიდი სიამოვნებით, მაგრამ, ეს არაფერს შეცვლის. მე მაინც რუსეთში დაბრუნებაზე ვიფიქრებ და, თუ თქვენ ამის საშუალებას არ მომცემთ, ჩემით გავაკეთებ ამას!
– რა გინდა, იგორ, რატომ ეძებ თავგადასავლებს? კარგად დაფიქრდი. შეიძლება, ასეთი შანსი აღარასოდეს მოგეცეს. შენ გთავაზობენ ახალი ცხოვრების დაწყებას. მიაფურთხე გენპროკურატურასა და დაბღვერილ, მუდამ უკმაყოფილო ხელმძღვანელებს, გვამებს, სისხლს, უძილო ღამეებს, იმაზე ფიქრში გათენებულს, თუ ვინ ჩაიდინა ესა თუ ის დანაშაული, მოხსენებითი ბარათების უსასრულოდ წერასა და სისხლის სამართლის საქმეებს. შენ მიიღებ ახალ საბუთებს, უკრაინის მოქალაქეობასა და საინტერესო სამუშაოს. ამბობ, რომ არასდროს გიცხოვრია ასეთ კომფორტში – ესე იგი, მოგწონს ეს სახლი და მანქანა?
– მომწონს, – გულწრფელად უპასუხა იგორმა.
– ჩათვალე, რომ ისინი შენია, მაგრამ, ეს არაფერია იმასთან შედარებით, რისი მიღწევის საშუალებაც მოგეცემა. სამ-ოთხ წელიწადში ეს ქოხი აღარ მოგეწონება და სხვაზე, ბევრად უკეთესზე დაიწყებ ფიქრს და, მხოლოდ ფიქრს კი არა, მისი შეძენის შესაძლებლობაც გექნება!
რიბკინი მცირე ხნით ჩაფიქრდა და შემდეგ უპასუხა:
– დიმიტრი გრომოვი ჩემი მეგობარი იყო და ის მაშინ დაიღუპა, როდესაც ჩემს დახმარებას ცდილობდა! მე შუა გზაზე ვერ გავჩერდები. ამ სახლს, მანქანას და მათზე უკეთესს, დიმიტრის მკვლელის გისოსებში ნახვა მირჩევნია!
– ამას ვეღარ მიაღწევ. მალიშევი დაიღუპა, მკვდრებს კი რუსეთშიც აღარ ასამართლებენ! – ირონიით შენიშნა ვასილიჩმა.
– ვიცი, მაგრამ თანამდებობებზე რჩებიან მისი ხელმძღვანელები და მარტო ამაშიც არ არის საქმე. რუსეთს ჰყავს ხელისუფლება, აქვს სასამართლო. მე ჩემს სიმართლეს დავამტკიცებ. დანარჩენი კი მათ გადაწყვიტონ!
– ამდენი წელია ვიცნობ ლუკას და ის მაინც მაოცებს, – ჩაილაპარაკა ვასილიჩმა.
რიბკინმა გაოცებით გახედა. ის ვერ ხვდებოდა, რისი თქმა სურდა ადვოკატს.
– რას მიყურებ? – გაღიაზიანდა ვასილიჩი, – ამ პრობლემის გადაწყვეტა სასხლეტზე თითის ერთი დაჭერით შეგვეძლო და ეს საუკეთესო გამოსავალი იქნებოდა – შენთან ერთად გაქრებოდა ყველა პრობლემაც, მაგრამ, ლუკამ ამაზე ფიქრიც კი აგვიკრძალა. არ ვიცი, რა დაინახა შენში – გამომძიებელში, რომელიც ორი წლის განმავლობაში ცდილობდა საკანში მის გამოკეტვას!
– რისთვის მეუბნები ამას? – ჰკითხა რიბკინმა.
– იმიტომ, რომ რეალურად შეაფასო მოვლენები. ყველაფერს აქვს საზღვარი და მათ შორის ლუკას მოთმინებასაც!
– მე უკვე გითხარი სათქმელი! – ჯიუტად თქვა რიბკინმა.
ვასილიჩმა ხელები თეატრალურად აღმართა ზემოთ და პათეტიკურად წარმოთქვა:
– ღმერთი ჭეშმარიტად სწყალობს სულელებს, წინააღმდეგ შემთხვევაში ასე არ გაამრავლებდა!... კარგი, დაველაპარაკები ლუკას. მან ჩამოგიყვანა მოსკოვიდან და მანვე გადაწყვიტოს შენი ბედი. ოღონდ, არ გაგიკვირდეს, რომ ხვალ ჩემს მაგივრად აქ სხვა ადამიანი მოვიდეს – ის, რომელიც ჩვენთვის უმტკივნეულოდ მოაგვარებს ამ პრობლემას!..
მანქანის ძრავას გუგუნმა რიბკინი ფიქრს მოსწყვიტა. ის სწრაფად მიუახლოვდა ფანჯარას და ეზოს გადახედა. აუზის გვერდით მანქანა იდგა, რომლიდანაც ვასილიჩი და ლუკა გადმოვიდნენ და სახლისკენ გამოემართნენ. ლუკას დანახვამ რიბკინი დაამშვიდა: მისი მოკვლა რომ ჰქონოდა გადაწყვეტილი, ლუკა ამას აგარაკზე მოუსვლელადაც მოახერხებდა. ამ აზრით გათამამებული, ის მაშინვე მოშორდა ფანჯარას, ოთახიდან გავიდა და სწრაფად დაეშვა პირველ სართულზე.
ლუკამ მცველები ოთახიდან დაითხოვა და იგორს ანიშნა, დაჯექიო.
– ვასილიჩმა შენი დანაბარები გადმომცა. ისევ არ შეგიცვლია აზრი? – განაგრძო ლუკამ, როგორც კი რიბკინი სავარძელზე დაჯდა.
– არა!
– ესე იგი, მოსკოვში დაბრუნება გადაწყვიტე... იმას თუ ხვდები, რომ იქ სრულიად მარტო იქნები?
– ვხვდები.
– კარგი, წადი... – უპასუხა ლუკამ.
– წავიდე?! – იგორი მართლაც არ ელოდა ასეთ პასუხს. ეგონა, ლუკა იმის მტკიცებას დაუწყებდა, რომ ის მარტო თავის გატანას ვერ შეძლებდა, – შენ ამბობ, რომ, შემიძლია, გავიდე ამ სახლიდან, პირდაპირ მოსკოვში გავემგზავრო და ამაში არავინ შემიშლის ხელს?!
– შეგიძლია, – მშვიდად უპასუხა ლუკამ, – მაგრამ, ასე ხელცარიელს არ გაგიშვებ. მე შენთვის გარკვეული გარანტიის მოცემა მინდა.
– რას გულისხმობ გარანტიაში? – ჰკითხა იგორმა.
პასუხად ლუკა ვასილიჩს მიუბრუნდა და რაღაც ანიშნა. მან იგორის წინ, მაგიდაზე, ჩანთა დადო. იგორმა ჩანთა გახსნა. მასში დიმიტრი გრომოვის ნოუთბუქი აღმოჩნდა.
– ეს რას ნიშნავს? – იგორმა გაოცებული მზერა მიაპყრო ლუკას.
– წაიღე... ეს ნოუთბუქი შენს მეგობარს სიცოცხლის ფასად დაუჯდა, – უპასუხა ლუკამ.
– რა ფასი აქვს ამ ნოუთბუქს? ეს მხოლოდ მოწყობილობაა, რომლიდანაც ნებისმიერი თინეიჯერი შეძლებდა იმ დოსიეების გადმოწერას, – ჩაილაპარაკა იგორმა.
– იმ დღის შემდეგ ეს ნოუთბუქი არავის ჩაურთავს, – უპასუხა ლუკამ.
რიბკინმა ეჭვით გახედა. მას არ სჯეროდა, რომ ლუკას არ აინტერესებდა იმ კრიმინალური ავტორიტეტების ვინაობა, რომლებიც რუს სამართალდამცველებთან თანამშრომლობდნენ.
– არ გჯერა? – ჰკითხა ლუკამ.
– არა! – თავი გაიქნია რიბკინმა.
– მე ეს შეგნებულად გავაკეთე. ვიცოდი, ადრე თუ გვიან მაინც დადგებოდა ეს დღე. კარგ სპეციალისტს არ გაუჭირდება იმის დადგენა, როდის ჩაირთო ბოლოს კომპიუტერი და ამოიღეს თუ არა ნოუთბუქიდან რაიმე ინფორმაცია.
– შენ გინდა, მითხრა, რომ დოსიეებში არ ჩაგიხედავს?! – გაოცებით ჰკითხა რიბკინმა.
– არ ჩამიხედავს, – უპასუხა ლუკამ.
– კი მაგრამ... – წამოიწყო იგორმა, მაგრამ ლუკამ არ დაამთავრებინა:
– ეს შენ არ გეხება და, რომც აგიხსნა, ვერაფერს გაიგებ. წასვლა თუ გინდა, ხელს არავინ შეგიშლის. ეს ნოუთბუქიც შენს განკარგულებაშია. წაიღე და, თუ შეძლებ, დაამტკიცე შენი უდანაშაულობა.
იგორი საკმაოდ დიდხანს ფიქრობდა. მერე თავი ასწია, ლუკას მზერა გაუსწორა და ჰკითხა:
– ვასილიჩმა მითხრა, რომ ჩემს საკითხს უფრო მარტივად მოაგვარებდით, მაგრამ, შენ ყველას აუკრძალე ჩემი ხელის ხლება. რატომ მოიქეცი ასე, რით დავიმსახურე შენი კეთილგანწყობა? თავის დროზე საშუალება რომ მომცემოდა, უყოყმანოდ გაგისტუმრებდი გისოსებს მიღმა!
– საკუთარ თავს ნუ მიაწერ ამას. უბრალოდ, პატივს ვცემ ადამიანს, რომელიც თავის საქმეს აკეთებს. შენ გამომძიებელი ხარ და შენს საქმეს აკეთებდი, მე კი პრისტუპნიკი ვარ და ჩემს საქმეს ვაკეთებდი. ამაში თანასწორნი ვიყავით. მალიშევი და კლიმი კი წესებს არღვევდნენ. პირველი „ეფესბეშინიკი“ იყო და ზღვარგადასული კრიმინალივით მოქმედებდა; მეორე პრისტუპნიკი იყო და „ძაღლივით“ ეჭირა თავი. მართალია, არც ერთ მათგანს არ შევხებივარ, ცოფიანი ძაღლებივით ამოხოცეს ერთმანეთი, მაგრამ, ცოცხლები რომ ყოფილიყვნენ, საკუთარი ხელით გავისტუმრებდი საიქიოს!.. – ამ სიტყვებთან ერთად, ლუკამ მაგიდაზე ასდოლარიანების შეკვრა დააგდო და დაამატა – ესეც აიღე, მოსკოვში დასაბრუნებლად გამოგადგება!
* * *
გუსმანი მანქანიდან გადმოვიდა და გაოცებული შედგა. შენობის შესასვლელთან ნაცნობი მანქანა იდგა. იქვე ტრიალებდნენ მცველები, რომლებსაც ასევე ნაცნობი სახეები ჰქონდათ. ყველა გაუგებრობა რომ გამოერიცხა, გუსმანმა ერთ-ერთი მცველი თავისთან მიიხმო და შენობასთან მყოფი ადამიანების ვინაობის გარკვევა უბრძანა. მცველმა ორიოდ წუთში შეასრულა განკარგულება და მოახსენა: ყველაფერი რიგზეა. ისინი კაცუბას პირადი მცველები არიანო.
– რას მიჩალიჩებს ნაბიჭვარი ზიბკო? – ავად ჩაილაპარაკა გუსმანმა და შენობაში შევიდა.
ზიბკო და კაცუბა მაგიდასთან ისხდნენ. ოთახში გუსმანის შესვლისას, ზიბკო, რომელსაც მასპინძლად მიაჩნდა თავი, ფეხზე წამოდგა და მიესალმა.
– გამარჯობა, – ცალყბად დაუბრუნა გუსმანმა და კაცუბას მიაპყრო მზერა, – ამას აქ რა უნდა?
– სერგეი მე მოვიწვიე, – უპასუხა ზიბკომ.
– წინასწარ რატომ არ მითხარი ამის შესახებ?
– შეხვედრის ჩაშლა არ მინდოდა. რომ გცოდნოდა, უარს მეტყოდი აქ მოსვლაზე, – თქვა კაცუბამ.
გუსმანს აღარაფერი უთქვამს. მაგიდას მიუჯდა და მასპინძელს მოლოდინით აღსავსე მზერა მიაპყრო.
– ასე ჯობია... ახლა ყველაფერი მშვიდად გავარკვიოთ, ისე, როგორც ზრდასრულ, გონიერ ადამიანებს შეჰფერით, – ზიბკო მაგიდას მიუჯდა და ლაპარაკი განაგრძო, – ეს შეხვედრა მხოლოდ ერთ რამეს ისახავს მიზნად: თქვენ შორის ყველაფერი უნდა გაირკვეს და დაპირისპირებაც უნდა შეწყდეს. პირდაპირ გეტყვით: ვიდრე არ შევთანხმდებით, ამ ოთახიდან ვერავინ გავა!
– ეს მე არ მეხება, – ხანმოკლე პაუზის შემდეგ თქვა კაცუბამ, – არ ვიცი, რას ფიქრობს სტეფანე. პირადად მე კი არაფერი გამიკეთებია მისი საწინააღმდეგო!
– შენ რას იტყვი? – გუსმანს გახედა ზიბკომ.
– იმავეს, – უპასუხა მან.
– იმავეს!.. – უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა კაცუბამ, – თუ ასე ფიქრობდი, რისთვის მომიგზავნე მკვლელები?!
– რისთვის მიეხირე იმ ტბაზე? – ავად დაუბრუნა გუსმანმა.
– არ ვიცოდი, რომ შენთვის ეს მკვლელობის მიზეზი გახდებოდა, – შენიშნა კაცუბამ.
– ორივემ ვიცით, რომ ჩემი ხალხი სხვა პიროვნებას ელოდა!
– დავუშვათ... მაგრამ, ის იდიოტები ჯერ უნდა დარწმუნებულიყვნენ, რომ შეხვედრაზე სხვა ვინმე მოვიდა! – ხმას აუწია კაცუბამ.
– ჯერ ის ამიხსენი, როგორ მოხვდი იმ ტბაზე? – ჰკითხა გუსმანმა.
– გეგეშიძემ მთხოვა შენთან შეხვედრა!
– და შენც არაფერში შეგპარვია ეჭვი?
– რაში უნდა შემპარვოდა ეჭვი? – მხრები აიჩეჩა კაცუბამ, – მე ადრეც შეგხვედრივარ მისი თხოვნით.
– ტელეფონით მაინც დამკავშირებოდი. მაშინ ეს ყველაფერი აღარ მოხდებოდა.
– იცი, როდის არ მოხდებოდა ეს ყველაფერი?! გეგეშიძისთვის მიცემული პირობა რომ შეგესრულებინა. მე თავიდანვე გაგაფრთხილე, რომ არ დაჰპირებოდი ისეთ რამეს, რასაც ვერ ან არ შეასრულებდი! – უპასუხა კაცუბამ, – შენ და მხოლოდ შენ ხარ ყველაფერში დამნაშავე და, მინდა იცოდე, რომ ჩუმად ყოფნას არ ვაპირებ!.. შენი ხალხი ჩემს მოკვლას ცდილობდა და ამისთვის პასუხს გაგებინებ!
– ჩემს ხალხს შენი მოკვლა რომ სდომოდა, ახლა საიქიოში იქნებოდი. ისინი დროზე მიხვდნენ, ვისთანაც ჰქონდათ საქმე და შენს საავადმყოფოში მიყვანას ცდილობდნენ. მაშინ დაესხათ თავს გეგეშიძე!..
– ლოგიკურია, – გაეცინა კაცუბას, – გეგეშიძემ შენი ხალხი ამოხოცა და შემდეგ საავადმყოფოში მიმიყვანა!.. ვერასოდეს დამაჯერებ, რომ შენი ხალხი ჩემს გადარჩენას ცდილობდა. მე პირიქით მგონია – შენი ხალხი საიმედო ადგილს ეძებდა, ისეთ ადგილს, სადაც ადვილად შეძლებდა ჩემი გვამის გადამალვას!
– ამით ასრულებ გეგეშიძის დავალებას?! – ბრაზით ჰკითხა გუსმანმა.
– რას გულისხმობ?! – ჰკითხა კაცუბამ.
– შენ ხომ ერთგული ძაღლივით ემსახურები მის ბანდას! ახლაც მან აგაგდო: ბოლომდე მიაწექი გუსმანს, რომ სამუდამოდ გავიდეს საქმიდანო! ტყუილად ცდილობთ. თქვენ მე კარგად არ მიცნობთ. ყველას გაგწვდებით და მთელ თქვენს სასტავს საფლავში ჩაგაწვენთ!
– სულელი ხარ! – დამცინავად მიუგდო კაცუბამ.
– შენი დედაც, ნაბიჭვარო! – შეიგინა გუსმანმა და ფეხზე წამოიჭრა.
კაცუბა თადარიგიანად გახტა უკან და კარის სიახლოვეს შედგა.
– მშვიდად, მშვიდად... – ზიბკო მხრებში ჩაფრინდა გუსმანს, სკამზე დააბრუნა და ლაპარაკი განაგრძო, – უკეთესი იქნება თუ ყველა დავწყნარდებით და ერთმანეთს ემოციების გარეშე მოვუსმენთ.
კაცუბამ დაძაბული მზერა მიაპყრო გუსმანს და, როგორც კი დარწმუნდა, მისგან საფრთხე არ ელოდა მაგიდასთან დაბრუნდა.
– ნუ მიწყენთ, მაგრამ, ამაში მეც ვარ დამნაშავე – დროზე არ შეგაჩერეთ. მინდოდა, თქვენთვის ორთქლის გამოშვების საშუალება მომეცა. ახლა უკვე ყველაფერი ნათელია ჩემთვის. ვიცი, რა დამოკიდებულებაც გაქვთ ერთმანეთის მიმართ და რაზე მომიწევს თქვენი დათანხმება... – ზიბკომ პაუზა გააკეთა და შემდეგ დაამატა – მგონი ხვდებით, რომ პირადად მე არ ვარ ამ საუბრის ინიციატორი!
– ვხვდები, – ყრუ ხმით ჩაილაპარაკა გუსმანმა.
– იმასაც ხომ ხვდებით, რომ გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და მე მხოლოდ მის შესახებ უნდა გაცნობოთ?
კაცუბამ და გუსმანმა უხმოდ დაუქნიეს თავი.
– გადაწყვეტილება კი ასეთია... – განაგრძო ზიბკომ, – სტეფანე, შენ თანამდებობიდან წასვლა მოგიწევს! ყველასთვის უკეთესი იქნება, თუ მშვიდად, საკუთარი განცხადების საფუძველზე გადადგები. მიზეზი თავად მოიფიქრე: ჯანმრთელობის მდგომარეობა, დაღლილობა, სამეცნიერო სამუშაო... – მოკლედ, არჩევანი შენთვის მომინდვია!
– თავდაცვის საშუალებასაც არ მიტოვებთ?! – ბრაზით იკითხა გუსმანმა.
– სასამართლოში ხომ არ აპირებ ჩივილს? – უკმაყოფილოდ გახედა ზიბკომ.
გუსმანმა დუმილით უპასუხა.
– ეს ყველაფერი არ არის. შენ სამუდამოდ უნდა დაივიწყო გეგეშიძის არსებობა!
– დავივიწყო და გულხელდაკრეფილი დაველოდო, როდის მომიღებს ბოლოს?! – იფეთქა გუსმანმა.
– გეგეშიძე არ შეგეხება – ამის გარანტიას გაძლევ! – უპასუხა ზიბკომ.
– და, შენ გჯერა, რომ გეგეშიძეს შენთვის მოცემული პირობა შეაჩერებს?!
– ეს მისი ბოლო გამოხდომა იქნება. ამის შემდეგ მას ვეღარაფერი უშველის! – თქვა ზიბკომ.
– დიდი შეღავათია, – მწარედ გაეცინა გუსმანს, – მე თუ მომკლა, თქვენ გეგეშიძეს დასჯით, მაგრამ, ამით რა შეიცვლება ჩემთვის?!
– ნუ ღელავ, გეგეშიძე ამ ზღვარს არ დაარვევს. ამით ძალიან ბევრს, პრაქტიკულად, ყველაფერს დაკარგავს... იგივე პირობა ეხება სერგეისაც, – კაცუბას გახედა ზიბკომ, – მე გარანტია უნდა მქონდეს, რომ მას არაფერი დაუშავდება!.. შევთანხმდით?
– შევთანხმდით... როდის უნდა გავაკეთო განცხადება თანამდებობიდან გადადგომის შესახებ?
– ეს საჩქარო არ არის. ორი კვირა გეყოფა შენი საქმეების მოსაწესრიგებლად?
– მეყოფა, – დაუდასტურა გუსმანმა.
– კეთილი... – ზიბკო კაცუბას მიუბრუნდა, – თანამდებობაზე შენც ვერ დარჩები, სერგეი!
– რაა?! – თვალები გაუფართოვდა კაცუბას, – ჩემგან რაღა გინდათ?! აქეთ ვარ დაზარალებული. თქვენს საქმეებს ვაგვარებდი, ჩემსას ხომ არა და ამის გამო კინაღამ მომკლეს!
– ვერ დარჩები, – შეუვალი სახით გაიმეორა ზიბკომ, – შენ წლების განმავლობაში ასრულებდი გეგეშიძის დავალებებს, აწვდიდი ინფორმაციას, ლობირებდი „ვერშინას“. ყველაზე მსუბუქი შეფასებით, ეს სრულიად შეუფერებელი საქმიანობაა შინაგან საქმეთა სამინისტროს კურატორისთვის. უბრალოდ რომ ვთქვა, შენ ნდობას არ იმსახურებ!
– საერთოდ მაძევებთ? – ყრუდ იკითხა კაცუბამ.
– არა... სხვა თანამდებობაზე გადახვალ... შესაძლოა, სოფლის მეურნეობის სამინისტროში ან განათლებაში. მოკლედ რომ ვთქვა, ისეთ თანამდებობას შეგირჩევთ, რომელზე ყოფნითაც გეგეშიძესა და „ვერშინას“ ვეღარაფრით დაეხმარები, ანუ, ბიზნესიდან და სამართალდამცავი სისტემიდან შორს იქნები. ეს ყველაფერია, რისი შემოთავაზებაც შემიძლია. რა თქმა უნდა, შენ შეგიძლია, აჯანყდე და ხმაური ატეხო, მაგრამ, არ გირჩევ, სერგეი!
კაცუბამ დუმილით უპასუხა.
– ესე იგი, ყველაფერი გავარკვიეთ, – განაგრძო ზიბკომ, – ახლა კიდევ ერთი საკითხი დაგვრჩა მოსაგვარებელი. ამ საქმემ დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ჩვენი მცდელობის მიუხედავად, ინფორმაციამ მაინც გაჟონა. ჯერჯერობით ხმამაღლა ვერავინ ბედავს ამაზე საუბარს, მაგრამ, ვიღაც-ვიღაცეები მაინც ჩურჩულებენ: გუსმანმა მკვლელები მიუგზავნა კაცუბას. მან კი, თავის მხრივ, შური იძია და მისი პირადი დაცვის წევრები ამოხოცაო!.. ფანტაზიორების მიერ შექმნილ ვერსიებზე ხომ საერთოდ არ ღირს ლაპარაკი. ეს ჭორები სასწრაფოდ უნდა შევაჩეროთ: თქვენ თავად უნდა დაუმტკიცოთ ყველას, რომ თქვენ შორის კონფლიქტი არ მომხდარა და ძველებურად ახლო ურთიერთობა გაკავშირებთ.
– კი მაგრამ, როგორ? – ერთმანეთს გადახედეს გუსმანმა და კაცუბამ.
– დღეს საღამოს ახალდაფუძნებული ტელევიზია „ალფა ტვ“ პრეზენტაციას მართავს. პრეზენტაციაზე მიწვეულები არიან ხელისუფლებისა და მედიის წარმომადგენლები. ბუნებრივია, ღონისძიებას დაესწრებიან ჟურნალისტებიც. თქვენ ერთად მოხვალთ პრეზენტაციაზე, ისაუბრებთ, დალევთ შამპანურს, ჟურნალისტებს თქვენთან გასაუბრების საშუალებას მისცემთ და მათ ყოველ კითხვას შესაბამის პასუხებს გასცემთ... ეს კი თქვენი მოსაწვევი ბარათებია, – დაასრულა ზიბკომ და მაგიდაზე ორი კონვერტი დადო.
გაგრძელება შემდეგ ნომერში