სიკვდილი გაოცებით
ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი წესრიგში იყო. კლიენტი გულის შეტევით გარდაიცვალა, მაგრამ, რადგან სადაზღვევო თანხა ორასი ათას დოლარს შეადგენდა, გარდაცვლილმა კრამერმა კი ანდერძი ექვსი თვით ადრე შეცვალა, სადაზღვევო კომპანიამ დეტექტივი გამოიძახა. სემ ოლბრაითი ამ კომპანიასთან არაერთი წელი თანამშრომლობდა და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმოდათ.
– ჩვენმა ექიმმაც დაადასტურა უცაბედი გულის შეტევა და ინფარქტი. გაკვეთამაც იგივე აჩვენა... მაგრამ, კომპანია მაინც ვალდებულია... ხომ ხვდებით?
– სულ არაფერია, რაც ეჭვს ბადებს? – თვალები მოჭუტა ოლბრაითმა.
– არის. კრამერს მარჯვენა ხელის თითები ოდნავ ჰქონდა დამწვარი, თითების კანიდან კი ნათურის წვრილი ნამსხვრევები ამოუღეს.
– ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ვის სასარგებლოდ შეცვალა ანდერძი?
– ვინმე ჰელენ მორლანდის. მანამდე მემკვიდრე ცოლი იყო – მისის კრამერი. კიდევ ერთი ინფორმაცია: შეტევა თავისი მეგობრის, პიტერ ნორტონის სახლში დაემართა. სასწრაფო დახმარებაც იმან გამოიძახა, მაგრამ, უკვე გვიან იყო – ექიმებს კრამერი მკვდარი დახვდათ. ეტყობა, მეგობრები ერთობოდნენ. ყოველ შემთხვევაში, კარგი ნასვამი იყო.
– გულით ავადმყოფი სვამდა?
– ეგ ცოტა საეჭვოა. კრამერმა ან არ იცოდა, რომ გული აწუხებდა, ან ფეხებზე ეკიდა მოსალოდნელი შედეგები.
ოლბრაითი პირველად ნორტონს ესტუმრა. ნორტონი მარტო ცხოვრობდა. მის ბინაში საღებავის მკვეთრი სუნი იგრძნობოდა. იფიქრებდით, რემონტი ახლა დაამთავრესო.
– მომიყევით, როგორ მოხდა ყველაფერი. მე სადაზღვევოდან ვარ და ამ საქმეს ვიძიებ.
ნორტონმა მხრები აიჩეჩა:
– გამოსაძიებელი რა არის? გულის შეტევით მოკვდა ადამიანი.
– არც ასე მარტივად არის საქმე, რაღაც დეტალები უნდა დავაზუსტო. იცით, რომ თქვენს მეგობარს მარჯვენა ხელის თითები დამწვარი ჰქონდა, თან, მისი თითების კანიდან ელექტრონათურის ნამსხვრევებიც ამოიღეს. მითხარით, აქ რამე ხომ არ მოხდა ისეთი, რასაც შეეძლო ასეთი დაზიანებები გამოეწვია?
– წარმოდგენა არ მაქვს. ჩვენ ვისხედით, ვსვამდით, ვხუმრობდით. მერე უცებ გულზე მიიდო ხელი... მე სამზარეულოში გავედი წყლის მოსატანად და, როცა დავბრუნდი, მკვდარი დამხვდა – სულ ეს იყო.
– იცნობთ ჰელენ მორლანდს?
– დიახ. ჰელენს ვინ არ იცნობს?! საოცარი ქალია.
– იცით, რომ კრამერმა რამდენიმე თვის წინ ანდერძი მის სასარგებლოდ შეცვალა?
– ეგ არ ვიცოდი. სხვათა შორის, ეგენი ერთმანეთს მე გავაცანი ღამის კლუბში.
– რისთვის? კრამერს ხომ ცოლი ჰყავდა?
ნორტონმა გაიცინა:
– რა უცნაურ შეკითხვებს მისვამთ. ჰელენზე ყველა გიჟდება და, მაინტერესებდა, კრამერზე რა ეფექტს მოახდენდა.
– ხშირად ატარებთ ხოლმე ასეთ ექსპერიმენტებს? – ოლბრაითი დაჟინებით მიაშტერდა ნორტონს. ეს უკანასკნელი ცოტათი აღელდა და მაშინვე არ უპასუხა.
– საერთოდ, მიყვარს ხუმრობა. ეს რამე პრობლემაა?
– ჯერჯერობით არა. თუ კიდევ გამიჩნდება შეკითხვა, შეგაწუხებთ.
– ნებისმიერ დროს.
სემ ოლბრაითი რამდენიმე წუთით შვეიცართან შეჩერდა და ნორტონის შესახებ გამოჰკითხა – როგორი მობინადრეა. უცნაურობები ხომ არ ახასიათებსო.
– საერთოდ, ნორმალური ტიპია, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ უცნაური ხუმრობები უყვარს. მართალი გითხრათ, მე ეს არ მომწონს, თუმცა, ერთხელ დავეხმარე კიდეც.
– მაგალითად? – დაინტერესდა ოლბრაითი.
– მისი თხოვნით, მესამე სართულის მობინადრეებს, ხანშიშესული წყვილია, ცივი და ცხელი წყლის ონკანები გადავუადგილე.
– ოჰო, ეს უკვე საინტერესოა. მერე?
– მერე, საწყლები ვერაფრით მიხვდნენ, რა ხდებოდა, ნორტონმა კი ბევრი იცინა. მას მერე, სულ ყურადღებით ვარ, მეც რაიმე ოინი არ მომიწყოს.
– მითხარით, ბოლო დროს ნორტონს ბინაში რემონტი ჰქონდა?
– დიახ, ორი დღის წინ დაამთავრა. როგორც ვიცი, მხოლოდ ერთი ოთახი შეარემონტა.
– შეგიძლიათ, იმ ადამიანის კოორდინატები მომცეთ, ვინც მასთან მუშაობდა?
– რა თქმა უნდა, – შვეიცარმა სავიზიტო ბარათი მიაწოდა, რომელზეც ეწერა: „კორნოულსი – რემონტი და ინტერიერი“.
– დიდი მადლობა, ძალიან დამეხმარეთ.
სანამ მისის კრამერს მოინახულებდა, სემ ოლბრაითმა სადაზღვევო კომპანიაში დარეკა:
– მგონი, რაღაცას მივაგენი. იმედი არის.
– შეუძლებელია. გინდათ, თქვა, რომ ინფარქტი არ ყოფილა?
– ინფარქტი იყო, მაგრამ, ხელოვნური ეფექტებით.
– ეგ როგორ უნდა გავიგო?
– რამდენიმე საათი ან ერთი დღე მჭირდება და ზუსტად მეცოდინება ყველაფერი.
კრამერის ცოლი საქმის კურსში იყო, რომ მისმა ქმარმა ანდერძი იმ ქალის სასარგებლოდ შეცვალა. სასამართლოში ვიჩივლებ, არ დავნებდები. მაგ ჰელენს კაცები სათამაშოებად ჰყავს. ჩემი ქმარი ხარივით ჯანმრთელი იყო. გული კი არა, არაფერი აწუხებდა, სანამ მაგ ძუკნას არ გადაეკიდაო... ოლბრაითი დაემშვიდობა და წამოვიდა. რემონტის შესახებ ოლბრაითმა ზუსტად ის გაიგო, რაც სჭირდებოდა და რასაც ვარაუდობდა. თავდაჯერებული და საკუთარ სიმართლეში დარწმუნებული მიადგა ჰელენ მორლანდს. ქერათმიანი ქალი მოლბერტთან იდგა და ხატავდა. ველური გარეგნობა ჰქონდა და მომნუსხველი მზერა. ოლბრაითი დაუფარავი ირონიით შეათვალიერა.
– მე ყველაფერი ვიცი. უბრალოდ, ახლა მოვყვები, რა როგორ მოხდა და თქვენ შეგიძლიათ, უარყოთ. თუმცა, ეს უკვე აღარ გიშველით... კრამერს თავდავიწყებით შეუყვარდით. გიჟდებოდა თქვენზე და გადაწყვიტა, საჩუქარი გაეკეთებინა. ამიტომ, ანდერძი თქვენს სასარგებლოდ შეცვალა. თქვენ ეს არ გაგიპროტესტებიათ, პირიქით, კიდევ უფრო დაახვიეთ თავბრუ. გულით ავადმყოფი რომ იყო, იცოდით – თავად მოგიყვათ. ცოლს კი დაუმალა...
ქალი შეუსვენებლად უსვამდა ფუნჯს მოლბერტს. თვალი არ დაუხამხამებია... სემმა განაგრძო:
– ძალიან ჭკვიანი ხართ. იცოდით, ნორტონის ხასიათი და ხუმრობის იდეა შესთავაზეთ. მე ვიყავი იმ ადამიანთან, რომელმაც ნორტონის ერთ ოთახში ერთი დღით შეცვალა დიზაინი, კონკრეტულად – ოთახი თავდაყირა დააყენა, ასე ვთქვათ – ამოატრიალა. ჭაღი იატაკზე ჩამოიტანა, კარი შეაბრუნა... მაგიდა, ხალიჩა და დივანი ჭერზე მიამაგრა. ფანჯრები კი დაგმანა. ეს ისეთი ხუმრობაა, რომელსაც ჯანმრთელი ადამიანის გულიც ძნელად გაუძლებს. ნორტონმა კრამერს ვისკი ბლომად ასვა და მერე იმ „თავდაყირა“ ოთახში შეიყვანა. როგორც კი ოდნავ გონს მოეგო, კრამერი პანიკაში ჩავარდა. ეფექტი წარმოუდგენელი იყო: საცოდავს ეგონა, რომ ჭერზე დაფორთხავდა. ჭაღთან მივიდა და ნათურას ხელი მოუჭირა, რომ დარწმუნებულიყო, არ მეჩვენებაო. თითები დაეწვა და ნამსხვრევები კანში ჩარჩა... მიხვდა, რომ სიზმარში არ იყო და შეშინებულს გული გაუსკდა. ნორტონი ამას არ ელოდა... რა თქმა უნდა, შეეშინდა. მკვდარი კაბინეტში გამოათრია, სავარძელში ჩააწვინა და სასწრაფოში დარეკა. ბუნებრივია, ექიმებს ბინა არ დაუთვალიერებიათ და ის საბედისწერო ოთახი არავის უნახავს. თქვენ ნორტონი მკვლელობის თანამონაწილედ აქციეთ. მას, ალბათ, დააპატიმრებენ... თუმცა ეს, ალბათ, არ გადარდებთ.
ქალი ნელა შემოტრიალდა:
– მეტისმეტად ჭკვიანი ყოფილხართ. მით უმეტეს – მამაკაცისთვის... როგორ მიხვდით ამ ყველაფერს?
– თქვენ დამეხმარეთ.
– მე?! – ქალის მზერაში გაოცება გაკრთა.
– დიახ, ნორტონის სანაგვე ურნაში უცნაური ნახატი ვნახე. თქვენ დახატეთ „ვატერლოო“ უკუღმა. ჯარისკაცები – ფეხებით ზემოთ. ეტყობა, გინდოდათ, რომ ყველა დეტალი სრულყოფილი ყოფილიყო და, კიდევ – ჩამრთველი. ვინ აყენებს ჩამრთველს ბინაში უკუღმა?! ხელოსანმა ყველაფერი თავის ადგილას დააბრუნა, აი, ჩამრთველის შებრუნება კი დაავიწყდა...
ჰელენს ფუნჯი გაუვარდა ხელიდან.
სემ ოლბრაითი კმაყოფილი სტვენით შევიდა შეფთან.
– ესეც ასე, ყველაფერი გარკვეულია!
– მართლა? იმაზე რას იტყვი, რომ კრამერის მეგობარმა ნორტონმა თავი მოიწამლა? თანაც, შენთან საუბრის შემდეგ... კიდევ კარგი, ეგ მაინც არ ყოფილა ჩვენი კლიენტი...