ცოცხალი ლეგენდა
იყო ცხოველი, რომელიც ძალიან დიდხანს ეგონათ ადამიანის ფანტაზიის ნაყოფი. სანამ უცებ არ გაირკვა, რომ ის რეალურად არსებობდა...
ცისფერთვალება ლომი – ლეგენდა მის შესახებ ჯერ კიდევ ფარაონების ეპოქაში არსებობდა. თითქოს აღმოსავლეთში, სადაც ერთ ტომს დედოფალი ნუმბი მართავდა, ერთხელაც ციდან მბრწყინავი, მანათობელი ბურთი დაეშვა. რაღაც ხმამ დედოფალი თავისთან იხმო. ქალი მის სხივებში ჩაიკარგა და დიდხანს არ ჩანდა. მერე უცებ დაბრუნდა, გაახალგაზრდავებული და გალამაზებული. იმ დღიდან მბრწყინავი ბურთი პერიოდულად გამოჩნდებოდა ხოლმე და ადამიანებმა შენიშნეს, რომ ლომებს უჩვეულო ბოკვერები უჩნდებოდათ – თეთრბეწვიანი და ცისფერთვალება. აფრიკაში დღეს ამ ლომებს მეფეთა მეფეებს ეძახიან. ყველა აფრიკელს ყოველთვის სჯეროდა მათი არსებობის. ევროპელებმა კი მხოლოდ 1975 წელს ირწმუნეს, როცა პირველად ნახეს თეთრი ლომები და ორი ბოკვერიც მოიპოვეს ერთ-ერთი ზოოპარკისთვის. დღეს მსოფლიოში დაახლოებით სამასი თეთრი ლომი ბინადრობს. შესაძლოა, ველური ბუნების წიაღში მათი რიცხვი მეტიც იყოს. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა. უმრავლესობა ცხოვრობს აფრიკის სამხრეთ-დასავლეთში სანშონას უზარმაზარ ზოოპარკში. 24 თეთრი ლომი ჰყავთ გერმანიის ზოოპარკში. იალტის ზოოპარკში ახლახან ორი პაწაწინა თეთრი ბოკვერი დაიბადა. თბილისის ზოოპარკშიც ბინადრობს ორი თეთრი ლომი...
მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ თეთრი ლომი ალბინოსი ცხოველია. ამ ტიპის შეფერილობა, შესაძლოა, ნაკლებად საშიში გენეტიკური დაავადების ბრალი იყოს. მაგალითად, ლეიკიზმი. ავაზის შემთხვევაში საქმე პირიქითაა – მათ მელანიზმი აქვთ. არის კიდევ ერთი ვერსია – ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ლომების ერთი ნაწილის გენში მათ უხსოვარი წინაპრების მუტაციური კოდი შემორჩათ. როცა მთელი სამყარო თოვლით იყო დაფარული და ცხოველებსაც ბეწვი შესაბამისი შეფერილობის ჰქონდათ...
საინტერესო არქეოლოგია
* პარიზის სიახლოვეს, იმ ადგილას, სადაც დედოფალ ეკატერინე მედიჩის რეზიდენცია ჰქონდა, არქეოლოგებმა 9 სანტიმეტრი სიგრძის თმის სარჭი იპოვეს. საკმაოდ საინტერესოა ის, რომ თმის სარჭი ფონტენბლოას საზოგადოებრივ ტუალეტში აღმოჩნდა. მასზე დედოფლის ინიციალებია ამოტვიფრული. ნაპოვნ ნივთს განსაკუთრებული ყურადღება მანამდე არ მიაქციეს, სანამ არ შენიშნეს, რომ ამოტვიფრული ასოების ფონი თეთრი და მწვანე მინანქრით იყო შესრულებული (ეს დედოფლის საყვარელი ფერებია). ამის შემდეგ თმის სარჭს ისტორიული რარიტეტი მიენიჭა. არქეოლოგები და მეცნიერები ვარაუდობენ, რომ თმის სარჭი დედოფლის საპირფარეშოდან მოიპარეს, მერე კი, ან დამალეს, ან დაკარგეს საზოგადოებრივ ტუალეტში. რა ბედი ელის ამ რელიკვიას ჯერჯერობით უცნობია. სავარაუდოდ, ის ლუვრის მუზეუმში დაიდებს ბინას. ეკატერინე მედიჩი – „შავი დედოფალი“ პირადად იყო ინიციატორი ბართლომეს სისხლიანი ღამისა, რომელმაც 40 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
* იერუსალიმის გარეუბანში ქვის ხანის ეპოქის სამარხები გაითხარა. საცხოვრებელი დაახლოებით ცხრა ათასი წლისაა. ეს ის პერიოდია, როცა ადამიანი ჯერ კიდევ არ იცნობდა რკინას. სამაგიეროდ, ამ პატარა ქალაქის მცხოვრებლები შესანიშნავად ამუშავებდნენ ქვას. ნაგებობებს თითქმის იდეალურად დამუშავებული კედლები და იატაკი აქვს. ასევე, აქ აღმოაჩინეს ობსიდიანი ანატოლიიდან, ხმელთაშუაზღვის მარჯნის ნიჟარები და მალაქიტის სამკაული; ასევე საყოფაცხოვრებო ნივთები სინაის ნახევარკუნძულიდან.
ყველაზე გასაოცარი აღმოჩნდა გათხრებისას ნაპოვნი დანების კომპლექტი, რომლებსაც 90 საუკუნის მერეც კი ისეთი მჭრელი პირები აქვს, ადამიანი ხელს ადვილად გაიჭრის. ნუ დაგავიწყდებათ, რომ პირები ქვისაა.
გვერდი მოამზადა
ელენე წულუკიძემ