კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მე – დაქირავებული მკვლელი

უშიშროების პოლკოვნიკის ჩანაწერების მიხედვით

გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ N28(550)-2(628) 

 

 – ჰოდა, ძალიან კარგი. აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ!

თბილისში მეორე დღესვე დავბრუნდი და იმ ამერიკელის „ძოვება“ დავიწყე, რომელზეც მილიონდოლარიანი შეკვეთა მომცეს. ის თბილისში ბიზნესმენის სტატუსით იყო ჩამოსული, თუმცა, სინამდვილეში ახალი მთავრობისთვის ტვინის არევა უნდა ეცადა, არც ძველი უნდა დაევიწყებინა და ეს ყველაფერი რუსეთის წინააღმდეგ უნდა მიმართულიყო.

ობიექტს ძალიან ფრთხილად, რომ იტყვიან, დისტანციაზე „ვაძოვებდი“ და ახლოს არ მივდიოდი, რადგან, ზუსტად ვიცოდი, რომ ამ კატეგორიის ხალხს ლენგლიში ამზადებდნენ და გამორიცხული არ იყო, რომ მას თვალთვალი შეენიშნა. „ძოვებისას“ შევნიშნე, რომ ჩემს ობიექტს სხვებიც უთვალთვალებდნენ და მხოლოდ იმიტომ არ დავიწვი, რომ ამერიკელთან სოლიდური დისტანცია მეჭირა და სხვა მოთვალთვალეების მხედველობის არეალში არ ვხვდებოდი. ჩემი აღმოჩენა ჩემს მისიას ართულებდა, თუმცა, საქმე აღებული მქონდა და უნდა შემესრულებინა. ამიტომ, გადავწყვიტე, რომ ობიექტისთვის იმ  მოთვალთვალეების თვალწინ გამეხვრიტა შუბლი. უკვე ყველაფერი მზად მქონდა და მხოლოდ სასხლეტისთვის თითის დაჭერაღა იყო საჭირო, როდესაც ჩემ თვალწინ საკმაოდ დინამიკური სცენა გათამაშდა: მოთვალთვალეებს ქართული ძალოვანი სტრუქტურების სპეცჯგუფები დაესხნენ თავს და მათი განეიტრალება დააპირეს, მაგრამ ისინი ფანატიკოსი ტერორისტები აღმოჩნდნენ, შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწიეს და ობიექტის ლიკვიდაციის მომენტი ხელიდან გავუშვი.

თბილისის გარეუბანში მომხდარ შეტაკებას  რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ხელისუფლებას ამის შესახებ არანაირი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია – ეს ფაქტი დამალეს. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ ობიექტს გაძლიერებული დაცვა მიუჩინეს და მისი ლიკვიდაციის შანსი მინიმუმამდე იქნა დაყვანილი. ამერიკელს პირადი მცველები აჩრდილივით ყველგან უკან დაჰყვებოდნენ და ისე იცავდნენ, როგორც ქვეყნის პირველ პირს. ის კი თავისი მისიის შესრულებას განაგრძობდა, მთავრობასა და ოპოზიციას დირექტივებს აძლევდა და რუსეთთან ისედაც გაფუჭებულ ურთიერთობებს კიდევ უფრო ურევდა. დრო გადიოდა და იმის დიდი შანსი გაჩნდა, რომ ობიექტი საქართველოდან გამგზავრებულიყო. ამიტომ, სასწრაფო ზომები უნდა მიმეღო და გადამწყვეტი მოქმედებისთვის მოვემზადე: ჯერ კარგად შევინიღბე. შემდეგ კი, ერთ-ერთ ბაზრობაზე ძველი, მაგრამ, კარგად მოვლილი, სწრაფი მოტოციკლი „ჰარლეი-დევიდსონი“ შევიძინე ახალგაზრდა ყმაწვილისგან და, როდესაც მას ცხრაასი დოლარი ჩავუთვალე, მითხრა:

– მშვიდობაში მოიხმარე, ბიძაჩემო. ფრთხილად იარე. ძალიან სწრაფია და საჭეზე მაგრად გეჭიროს ხელი.

– გმადლობთ, ასე მოვიქცევი. მშვიდობით, – მივუგე ყმაწვილს. შემდეგ მოტოციკლი ადგილიდან დავძარი და ერთ-ერთ მიგდებულ ავტოპროფილაქტიკაში მივედი. იქ ჩემი ახალი შენაძენი საფუძვლიანად გავამაგრე და ყველა დეტალი გულდასმით შევამოწმე. მხოლოდ ამის მერე წავიყვანე ფასიან სადგომზე და იქ დავტოვე.

მეორე დღეს სადგომზე დილით მივედი და ჩემი მოტოციკლი წამოვიყვანე. უკაცრიელ ადგილზე გავედი, საგულდაგულოდ მომზადებული რეკვიზიტი სამუშაო მდგომარეობაში მოვიყვანე და ობიექტის სალიკვიდაციოდ გავემართე. ამერიკელი ყოველ დილას ცხრის ნახევარზე გამოდიოდა სახლიდან და საელჩოში მიდიოდა. იქ ის ნახევარი საათი ჩერდებოდა, შემდეგ კი პოლიტიკოსებთან შეხვედრებზე მიდიოდა, სადაც მათ დირექტივებს აძლევდა თუ როგორ მოეძულებინათ ისედაც მოძულებული რუსები.

გეგმის მიხედვით, ობიექტი საელჩოში მისვლამდე უნდა მომეკლა. ამერიკელი ცენტრალური უბნის განაპირას, ტყიან ზოლში აშენებულ კერძო სახლში ცხოვრობდა. ის ძვირფასი „ჯიპით“ მოძრაობდა, რომელსაც დაცვის ორი „ჯიპი“ დაჰყვებოდა. მე მათ კორტეჟს უნდა შევერთებოდი და ობიექტი მანქანაშივე ჩამეცხრილა, შემდეგ კი დიდი სისწრაფით გავცლოდი იქაურობას. ზუსტად დილის 8 საათსა და 40 წუთზე, ობიექტის კორტეჟს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე წამოვეწიე, ასიოდე მეტრი ვიარეთ და შუქნიშანთან, წითელზე გავჩერდით. მთავარი „ჯიპი“ შუაში იდგა, აქეთ-იქიდან კი დაცვის „ჯიპები“ ედგნენ და მასთან მისასვლელს ბლოკავდნენ. მე ჩემი „ჰარლეი“ ადგილიდან დავძარი და წითელზე გავლის ილუზია შევუქმენი ობიექტის დაცვას. ხოლო ამერიკელის „ჯიპის“ წინ რომ აღმოვჩნდი, უცებ სადესანტო „აკაემის“ სისტემის ავტომატი ამოვაცურე, რომელშიც ფეთქებადი ტყვიები ეწყო და წინა პამპრესიდან უკან მჯდომ ობიექტს ავტომატური ჯერი მივუშვი. შემდეგ დაცვის ორივე „ჯიპს“ ბორბლები დავუცხრილე, ავტომატი ქუჩაშივე დავაგდე და მოტოციკლი ადგილს მოვწყვიტე.

– შავი ფერის მოტოციკლეტო, სდექ! ახლავე გაჩერდით! – მომესმა ზურგიდან, რომელსაც სირენაც მოჰყვა. უკან რომ გავიხედე, სირენებით მქროლავი პოლიციის მანქანა დავინახე.

„კი, როგორ არა, გაგიჩერდებით და თქვენს ტყვიებს შევუშვერ თავს; ან, სულაც, ჩაგბარდებით და ხელბორკილებს დავიდებ“, – გავიფიქრე გუნებაში და სისწრაფეს მოვუმატე. სისწრაფეს უმატა საპატრულო მანქანამაც და ისე ოსტატურად მომყვებოდა, რომ მისგან გაქცევას ვერ ვახერხებდი. ყოველი წამი ძვირფასი იყო, დრო კი პოლიციელებზე მუშაობდა, რადგან ისინი მთელ ქალაქს შეკრავდნენ და მათგან თავის დაღწევა ასმაგად გართულდებოდა. ამიტომ, პოლიციელებს ერთი „კაგებეშნიკური“ ტრიუკი გავუკეთე: მოტოციკლი ასოთხმოცი გრადუსით მივატრიალე და საპატრულო მანქანას გვერდით ჩავუქროლე, თან ავტომატური პისტოლეტიდან ბორბლები დავუცხრილე და მათი მანქანა მწყობრიდან გამოვიყვანე. შემდეგ მოძრაობის მიმართულება შევცვალე და ძალიან დიდი სისწრაფით მოვშორდი იქაურობას. წინასწარ შერჩეულ ადგილზე მივედი, სადაც სათადარიგო სამოსი მქონდა და ტანსაცმელი თვალის დახამხამებაში გამოვიცვალე. მოტოციკლს და ძველ სამოსში შეხვეულ იარაღებს კი მაგნიტური ნაღმი მივამაგრე და იქიდან მოვუსვი. სულ რაღაც ორიოდე წუთში მოტოციკლი და სხვა ფაქტები აფეთქდა, მე კი სულ რაღაც ოცი წუთის შემდეგ ჩემი სახლის სადარბაზოში შევდიოდი. საათს რომ დავხედე, ისრები ცხრა საათსა და ხუთ წუთს უჩვენებდნენ. ანუ, ობიექტის ლიკვიდაციიდან მხოლოდ ოცდახუთიოდე წუთი იყო გასული...

„ყოჩაღ, კოკი! შენ ისევ ძველებურ ფორმაში ხარ“, – ვთქვი გუნებაში, საკუთარი ბინის კარი გავაღე და შევედი. შემდეგ ტელევიზორი ჩავრთე და ცოტა ხანში სპეციალური საინფორმაციო გადაცემა დაიწყო, სადაც ობიექტის ლიკვიდაციის ამბავს გადმოსცემდნენ. შუადღის საინფორმაციო გამოშვებაში კი სავარაუდო მკვლელის ფოტორობოტი აჩვენეს და თქვეს, რომ, ვინც მკვლელის ადგილსამყოფელს გათქვამდა, მილიონ დოლარს გადასცემდნენ და მის ანონიმურობას უზრუნველყოფდნენ. ხოლო ნებისმიერ მცირე ინფორმაციაშიც კი ამ საქმის გარშემო ასი ათას დოლარს იხდიდნენ... ფოტორობოტი ოდნავაც არ მგავდა. გამოძიებას კი, რომელსაც ქართულ მხარესთან ერთად ამერიკელი ფედერალებიც აწარმოებდნენ, აფეთქებულ მოტოციკლთან და რეკვიზიტთან ერთად, „აკაემის“ სადესანტო ავტომატიც ჰქონდა ხელთ. თუმცა, მათ არანაირი „კუდი“ არ ჰქონდათ და ჩემამდე ვერ მოვიდოდნენ. ნაშუადღევს ინტერნეტით შჩუკინის დაშიფრული შეტყობინება მივიღე, რომელშიც ვიქტორ იაკოვლევიჩი საქმის წარმატებით დასრულებას მილოცავდა. შეტყობინება რომ წავიკითხე, გულში გამეცინა და ჩემი „კაგებეშნიკური“ კარიერა გამახსენდა, როდესაც გენერალ შჩუკინის უშუალო დავალებებს ვასრულებდი მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში...

ჯერ კიდევ ჩემი კოჯრელი ინსტრუქტორები მამზადებდნენ გლობალური მოღვაწეობისთვის და მარწმუნებდნენ, რომ სწავლების სრული კურსის გავლის შემდეგ მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი სირთულის დავალების შესრულებას შევძლებდი. მართალია, მაშინ არც მე და არც ჩემმა ინსტრუქტორებმა არ იცოდნენ, რომ ერთჯერადი, სასიკვდილო დავალებისთვის მამზადებდნენ, მაგრამ, პირველი დავალება წარმატებით შევასრულე და, რადგან უმაღლესი კატეგორიის სპეცმომზადება მქონდა გავლილი და ცოცხალი და სრულიად უვნებელი გადავრჩი, „კაგებეს“ განსაკუთრებულ ნომენკლატურაში მოვხვდი და ურთულესი და უსაიდუმლოესი დავალებებისთვის მიყენებდნენ.

„კაგებეში“ ჩემი მუშაობის ათი წლის თავზე შჩუკინმა ლუბიანკაზე მიხმო და მითხრა:

– გაკვირდები და გაოცებას ვერ ვმალავ. ასეთი სირთულის დავალებებს მსოფლიოში თითზე ჩამოსათვლელი ხალხი თუ ასრულებს, თანაც, მაქსიმუმ ორი-სამი წლის განმავლობაში. შენ კი უკვე ათი წელია, მწყობრში ხარ.

იმ პერიოდში შჩუკინთან უკვე ახლობლური დამოკიდებულება მქონდა. ამიტომ, მას ღიმილით მივუგე:

– ვადა ხომ არ გამივიდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ, და დრო ხომ არ არის, იმ ორ-სამწლიანების კვალს დავადგე?

– უადგილო ხუმრობაა, – სერიოზული სახით მომიგო შჩუკინმა, – და, საერთოდ, რომ იცოდე, კიდევ კარგა ხანს იქნები ასეთ პიკში. ასაკთან ერთად გამოცდილებაც მოგემატება, ძალები კი არ მოგაკლდება. არც ფორტუნა შეგაქცევს ზურგს. როგორც ამბობენ, ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ დაბადებული.

– ბედნიერ ვარსკვლავზე ვარ დაბადებული?

– ჰო. ხუმრობის გარეშე.

– ეს რას ნიშნავს? – ღიმილით ვკითხე შჩუკინს, – ამხანაგო გენერალო, ნუთუ ჩვენს უწყებაშიც სჯერათ ვარსკვლავების?

– შენ წარმოიდგინე, რომ სჯერათ.

– სერიოზულად მეუბნებით?

– აბსოლუტურად სერიოზულად, – მითხრა ვიქტორ იაკოვლევიჩმა, – მეტსაც გეტყვი, ჩვენს უწყებაში ვარსკვლავთმრიცხველთა მთელი შტატი არსებობს.

– რა ბრძანეთ?! – ვკითხე შჩუკინს, რადგან საკუთარ ყურებს არ დავუჯერე.

– კიდევ უფრო მეტს გეტყვი: ვარსკვლავთმრიცხველებმა შენი ჰოროსკოპი შეადგინეს, რომელშიც ყველა შენი  დღე დეტალურადაა აღწერილი და, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, მშვენიერი კალენდარი გაქვს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შეძლებ მაღალ დონეზე მუშაობას.

შჩუკინს კარგად ვიცნობდი და მივხვდი, რომ არ მეხუმრებოდა, თუმცა, მისი სიტყვების დაჯერება ძალიან რთული იყო. მისთვის რომ შეურაცხყოფა არ მიმეყენებინა, ვუთხარი:

– ამხანაგო გენერალო, მაპატიეთ, მაგრამ, თქვენი სიტყვების არსს ნამდვილად ვერ ჩავწვდი.

– მესმის, ჩემო კოკი და ახლავე აგიხსნი, – ღიმილით მომიგო შჩუკინმა და სერიოზული სახით დაამატა – ვარსკვლავთმრიცხველობა, იგივე ასტროლოგობა, სერიოზული მეცნიერებაა, რომელიც, როგორც ჩვენში, ასევე უცხოეთში გასაიდუმლოებულია. ის პლანეტების მოძრაობაზე, მათ სხვადასხვა მოქმედებებზე დაკვირვების შედეგად წარმოიშვა და საკმაოდ სერიოზული მიღწევებიც გვაქვს. ნუ გაგიკვირდება და მკითხაობად ნუ მიიჩნევ. ჩვენს ასტროლოგებს საკმაოდ ზუსტი ალბათობით შეუძლიათ თითქმის ნებისმიერი ადამიანის წარმატებული და წარუმატებელი პერიოდების დადგენა და, უნდა გაგიმეორო, რომ შენ ძალიან წარმატებული ჰოროსკოპი გაქვს, წარუმატებელი ციკლი თითქმის არ გაგაჩნია. რამდენიმე წარუმატებელი დღის გარდა, მთელი შენი ცხოვრება დადებითი ნიშნით მიმდინარეობს და ეს აბსოლუტური სიმართლეა. შენი ეგრეთ წოდებული ჰოროსკოპი ელექტროგამომთვლელი მანქანითაც შევამოწმეთ და შენს ცხოვრებაში ინტელექტუალური, ფიზიკური და ფსიქოლოგიური რიტმები ძირითადად პლუს ნიშნით მიმდინარეობს.

– ელექტროგამომთვლელი მანქანით? – ვკითხე შჩუკინს, რადგან მაშინ სიტყვა „კომპიუტერი“ ჩვენში ჯერ კიდევ არ გამოიყენებოდა და მისი წინამორბედით, ეგრეთ წოდებული „ევეემით“ სარგებლობდნენ, რომელსაც უზარმაზარი გაბარიტები ჰქონდა – სამსართულიანი სახლის ზომები. სწორედ ასეთი უზარმაზარი „ევეემი“ იდგა ლუბიანკაზე, მინუს მესამე სართულზე და იქ მუშაობდნენ საიდუმლო საბჭოთა ასტროლოგები. სწორედ ისინი ადგენდნენ ეგრეთ წოდებული ბიორიტმების კალენდარს, რასაც თანამედროვე ენაზე ჰოროსკოპი ეწოდება.

– ერთი სიტყვით, ჩემო კოკი, შენ განსაკუთრებული ბიორიტმული კალენდარი გაქვს და პლანეტების, განსაკუთრებით კი, მზის მფარველობით სარგებლობ. შენი მთავარი მფარველი სწორედ მზეა და მისგან იღებ უდიდეს სასიცოცხლო ენერგიას.

როგორც უკვე ვთქვი, შჩუკინის ეს სიტყვები მაშინ ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო და, სხვა რომ ვერაფერი მოვიფიქრე, ვკითხე:

– დიდი ხანია, რაც ჩემი ბიორიტმები შეისწავლეთ?

– სულ მალე ერთი წელი შესრულდება. ამდენივე ხანია, რაც საიდუმლო ლაბორატორია ჩამოვაყალიბეთ და უნიკალური ელექტროგამომთვლელი მანქანა დავამონტაჟეთ. ერთი სიტყვით, ჩვენი უწყება ულტრათანამედროვე აპარატურითაა აღჭურვილი, სადაც საუკეთესო, შეიძლება ითქვას, გენიალური ადამიანები მუშაობენ.

ვიქტორ იაკოვლევიჩი არ აჭარბებდა. იმ პერიოდისთვის საუკეთესო ინტელექტუალური კადრები მუშაობდნენ „კაგებესთვის“. საუკეთესო ტექნოლოგიები, პირველ ყოვლისა, ჩვენთან ინერგებოდა და ამის დასტური იყო ის სამსართულიანი სახლისოდენა „ევეემი“, რომელიც დღესდღეობით მხოლოდ ღიმილს თუ იწვევს, მაშინ კი ტექნიკის საოცრება იყო და ასეთი რამ თვით ამერიკელებსაც კი არ ჰქონდათ.

მრავალი წლის შემდეგ, უკვე პოსტსაბჭოთა პერიოდში, მე და შჩუკინს არაერთხელ გაგვიხსენებია ის სამსართულიანი მონსტრი და გულიანადაც გვიხალისია. მაშინ კი, როგორც უკვე ვთქვი, ის ტექნიკის ნამდვილი საოცრება იყო. შჩუკინმა პირადად ჩამიყვანა ლუბიანკის მინუს მესამე სართულზე, „ევეემი“ დამათვალიერებინა და, მის კაბინეტში რომ დავბრუნდით, მკითხა:

– რას იტყვი, როგორია?

– გრანდიოზული, ვიქტორ იაკოვლევიჩ. ესაა მსოფლიოს მერვე საოცრება.

– სწორი შეფასებაა და აბსოლუტურად გეთანხმები, – მითხრა შჩუკინმა, – მაგრამ, სამწუხაროდ, ეს საოცრება საიდუმლო აღარ არის და მისი არსებობის შესახებ უკვე ამერიკელებმაც იციან. ახლა მთავარი ისაა, რომ მათაც არ შექმნან მსგავსი რამ და ჩვენ მათ ამაში ხელი უნდა შევუშალოთ.

შჩუკინის სიტყვებმა მიმახვედრა, რომ გენერალმა მხოლოდ ჩემს ჰოროსკოპზე სალაპარაკოდ და „ევეემის“ დასათვალიერებლად არ მიხმო ლუბიანკაზე. აშკარა იყო, ვიქტორ იაკოვლევიჩს ჩემთან სერიოზული საქმე ჰქონდა და ვკითხე:

– რაშია საქმე, ამხანაგო გენერალო, რამე სერიოზული მოხდა?

– უსერიოზულესი, კოკი. გენერალი არონ რიხტერი გაგვექცა.

– ეგ ვინაა?

– ვინ და, საბჭოთა ასტროლოგიისა და კიბერნეტიკის მამა. მისი დამუშავებულია ეგრეთ წოდებული ბიორიტმული კალენდრის სისტემა და, წეღან რომ „ევეემი“ ნახე, ისიც მისი შექმნილია. ის პროფესიით მათემატიკოსია, მაგრამ, სუპერტექნოლოგიების შექმნისთვის მას „კაგებეს“ გენერლის წოდება მიანიჭეს, შეუზღუდავი დაფინანსება მისცეს და ყოველმხრივ ხელს უწყობდნენ. მან კი ღალატის გზა აირჩია. ერთი თვის წინ გაუჩინარდა და, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ის „ცეერუს“ ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში ცხოვრობს ახალი საბუთებითა და ჰაბიტუსით. ლენგლის პლასტიკურმა ქირურგებმა მას სახე შეუცვალეს და დარწმუნებულები არიან, რომ ვერასოდეს ვიპოვით. ჩვენ კი მისი პიროვნება და კოორდინატები ზუსტად დავადგინეთ და შენ გავალებთ, რომ სამშობლოს მოღალატე კანონის მთელი სიმკაცრით დასაჯო.

არონ რიხტერის ისტორიამ გულწრფელად შემაძრწუნა, რადგან, ვერაფრით გამეგო, რამ აიძულა ის, ღალატის გზაზე დამდგარიყო და ამერიკელების ბანაკში ამოეყო თავი. ამიტომ, გული უკიდურესი სიძულვილით ამევსო მის მიმართ  და შჩუკინს მივუგე:

– ამხანაგო გენერალო, მზად ვარ, რომ სამშობლოს მოღალატეს კუთვნილი მივუზღა, თუნდაც ეს საკუთარი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს! 

რიხტერზე შურისძიებამ მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ხელს ყველა საბჭოეთისკენ იშვერდა, მის მკვლელობაში „კაგებეს“ ადანაშაულებდნენ და ეს თემა თითქმის სამი თვის განმავლობაში მოწინავე იყო მსოფლიო მედიაში. საბჭოთა მხარეს კი, როგორც ეს სხვა შემთხვევების დროს ხდებოდა, არანაირი ფორმით არ უარუყვია არონ რიხტერის მკვლელობა, რითაც საბჭოეთი კიდევ ერთხელ უსვამდა ხაზს იმას, რომ ღალატს არავის აპატიებდა.

„კაგებეს“ ყოფილი გენერალი არონ რიხტერი შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში, ერთ-ერთ მდიდრულ ასობნიაკში სტიუარტ ქუინის სახელითა და შეცვლილი სახით ცხოვრობდა. მისი მიგნება საბჭოთა დაზვერვამ იმ ქირურგის მეშვეობით შეძლო, ვინც მას ოპერაცია გაუკეთა – ის საბჭოთა აგენტი აღმოჩნდა. საბჭოთა მზვერავებმა რიხტერის იდენტურობა მისი თითების ანაბეჭდებით დაადგინეს და ყოფილი გენერლის კოორდინატები ლუბიანკაზე გადაგზავნეს. მე მხოლოდ ამის მერე ჩამრთეს საქმეში. შეერთებულ შტატებში გამგზავრების წინ შჩუკინმა მითხრა:

– განაჩენი ყველა ფორმალობის დაცვით უნდა აღასრულო. შენი იმედი მაქვს, აბა, შენ იცი!

ვაშინგტონში ნიუ-იორკიდან ჩავფრინდი. ნიუ-იორკში კი მექსიკიდან ჩავედი და ჯიბეში მექსიკელი კომერსანტის პასპორტი მედო, რომელიც ანტიკვარიატით იყო დაინტერესებული...

მართალია, სტიუარტ ქუინს სინამდვილეში არონ რიხტერს, „ცეერუ“ იცავდა, მაგრამ, ზედმეტი ყურადღება რომ არ მიექციათ, მას მხოლოდ ორი მეთვალყურე ჰყავდა მიჩენილი, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში პირადი მცველების ფუნქციასაც შეასრულებდნენ. ისინი ქუინის გვერდითა ბინაში ცხოვრობდნენ და განსაკუთრებულ ყურადღებას არ იქცევდნენ. აბა, რას წარმოიდგენდა „ცეერუ“, რომ რიხტერი გაშიფრული გვყავდა, თორემ, მას ისე გადამალავდნენ და ისეთ დაცვას მიუჩენდნენ, რომ სათოფეზეც ვერ მივეკარებოდით. მიუხედავად ამისა, არონ რიხტერი მაინც მოვიხელთეთ – იმ დროს წავადექი თავზე კონსპირაციულ აპარტამენტებში, როდესაც ის ფეშენებელურ აბაზანაში ნებივრობდა. მე მას თმაში ვწვდი, წყლიდან ამოვათრიე, სასტუმრო ოთახში შევათრიე, იატაკზე დავანარცხე და ვუთხარი:

– არ მელოდით, არა, არონ რიხტერ?!

„კაგებეს“ ყოფილ გენერალს თავისი ნამდვილი სახელის გაგონებაზე ოდნავ შეუთამაშდა მარცხენა თვალი. თუმცა, არ შეიმჩნია და რაც შეეძლო, მშვიდად მითხრა:

– თუ მე მელაპარაკებით, მისტერ, მაშინ სტიუარტ ქუინი დამიძახეთ. ხოლო, არონ რიხტერს თუ ეძებთ, გარწმუნებთ, მისამართი შეგეშალათ.

– მისამართი არ შემშლია, – კბილებში გამოვცარი მე.

– მაშინ, გამოდის, რომ მძარცველი ხართ. კეთილი. წაიღეთ ფული და ძვირფასეულობა და მშვიდობიანად წადით. გარწმუნებთ, მისტერ, რომ პოლიციაში არ განვაცხადებ.

– არონ რიხტერ! – ცივი ხმით მივმართე დედიშობილა, საპნიან მოღალატეს, – საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირის მიმართ ჩადენილი დანაშაულისთვის, რაც სამშობლოს ღალატში გამოიხატა, მოგესაჯათ სიკვდილი და ეს ახლავე აღსრულდება!

არონ რიხტერმა წინააღმდეგობის გაწევა სცადა – ის ფეხზე წამოიჭრა და პისტოლეტის წართმევა მოინდომა, რომელიც მარჯვენა ხელში მეჭირა. მე კი მარცხენით  ალესილი ხანჯალი ამოვაცურე ქამრიდან, რიხტერს მოუქნიე და თავი ქათამივით წავაცალე. შემდეგ ხანჯალი მისივე ხალათით გავწმინდე და იქაურობა, ჩუმად დავტოვე. ორიოდე საათის შემდეგ კი უკვე მექსიკის დედაქალაქ მეხიკოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ვიჯექი. მოსკოვში მეხიკოდან ჩავფრინდი, აეროპორტიდან პირდაპირ ლუბიანკაზე გავემართე და შჩუკინის კაბინეტში შევედი. ვიქტორ იაკოვლევიჩი, გვიანი დროის მიუხედავად, კაბინეტში დამხვდა და, რომ დამინახა, მითხრა:

– ყოჩაღ, კოკი, დავალება საუკეთესოდ შეასრულე! ერთი ის მითხარი, განაჩენის წაკითხვა თუ მოახერხე?

– რა თქმა უნდა, ვიქტორ იაკოვლევიჩ. დასჯის ცერემონიალმა ყველა ფორმალობის სრული დაცვით ჩაიარა და სამართლიანობამ იზეიმა.

– ძალიან კარგი, ძალიან კარგი! დე, ყველამ იცოდეს, რომ ღალატი არავის შერჩება – არც მცირე და არც დიდი. საბოლოო ჯამში, ღალატი ღალატია, ისევე, როგორც ნემსისა და აქლემის ქურდი ორივე ქურდია. ქურდობა კი ისევე ცუდია, როგორც ღალატი, თუმცა, ღალატის ქურდობასთან შედარება იგივეა, რომ ფილთა თოფი შეადარო ბირთვულ იარაღს...

შჩუკინი აბსოლუტურად მართალი იყო. არონ რიხტერის მიერ გათქმულმა საიდუმლომ საბჭოეთს მართლაც რომ თერმობირთვული აფეთქების  ტოლი ზიანი მოუტანა და საქმე უფრო სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ჩვენ ვვარაუდობდით. არონ რიხტერი, როგორც შემდგომმა გამოძიებამ დაადგინა, თურმე, ერთი წლის განმავლობაში სერიოზულად ემზადებოდა გაქცევისთვის. ამიტომ, ის ახალი ტექნოლოგიების ნახაზებსა და საიდუმლო დოკუმენტებს ადგენდა, ხოლო, როდესაც გაიქცა, ყველაფერი თან წაიღო და ამერიკელებს ჩააბარა. ლენგლის მესვეურებმა კი ლუბიანკის „ევეემზე“ უკეთესი დანადგარი სულ რაღაც ექვს თვეში გააკეთეს, ასე რომ, რიხტერის სიკვდილი მათთვის არანაირი დანაკლისი არ ყოფილა. ხოლო, როდესაც ეს „კაგებეში“ შეიტყვეს, საბჭოთა უშიშროების ხელმძღვანელობა უკიდურესად აღშფოთდა და რამდენიმე მაღალჩინოსანი დააქვეითეს. შჩუკინსა და მუხინს კი სიტყვიერი საყვედური მისცეს და მართალია, ეს ოფიციალურად არსად ასახულა, მაგრამ, მაინც საკმაოდ სახიფათო იყო. ამიტომ, ვიქტორ იაკოვლევიჩმა საკუთარ კაბინეტში მიხმო და მითხრა:

– არონ რიხტერის საქმეში უხეში შეცდომები დავუშვით.

მე ვერ მივხვდი შჩუკინის სიტყვების აზრს და ვუთხარი:

– რას გულისხმობთ, ვიქტორ იაკოვლევიჩ, მოღალატის სიკვდილით დასჯამ არასათანადოდ ჩაიარა?

– პირიქით, ამ კუთხით ყველაფერი წესრიგშია. საქმე ეხება იმ დოკუმენტაციას, რომელიც რიხტერმა „ცეერუს“ გადასცა და რისი მიხედვითაც მათ ჩვენზე უკეთესი მოწყობილობა ააგეს. ეს ყველაფერი უფრო კონტრდაზვერვის კომპეტენციაშია და ამ სამსახურის ხელმძღვანელობა დააქვეითეს კიდეც, თუმცა, ეს ჩვენ არ გვამართლებს და ნაწილობრივ რომ მაინც გამოვისყიდოთ დანაშაული, რამე სასარგებლო აქცია უნდა განვახორციელოთ.

ვიქტორ იაკოვლევიჩის სიტყვებიდან აშკარა იყო, რომ რაღაც ძალიან საპასუხისმგებლო დავალებაზე გაგზავნას მიპირებდა და ვუთხარი:

– მზად ვარ ნებისმიერი დავალების შესასრულებლად. მიბრძანეთ!

სწორედ იმ დღეს შჩუკინის კაბინეტში დაიგეგმა ცნობილი ოპერაცია „ვობლა“, რომელსაც ვიწრო პოლიტიკურ წრეებში „კარიბი 2“ დაარქვეს. ეს იყო ცნობილი კარიბის კრიზისის მსგავსი საიდუმლო აქცია, რომელიც საბჭოთა დაზვერვამ წარმატებით განახორციელა და რომელსაც მე ვკურირებდი...

გაგრძელება შემდეგ ნომერში

скачать dle 11.3