ვეტერინარის რჩევები
კითხვა: ჩემს ძაღლს მძაფრ სუნებზე, მათ შორის სუნამოზეც, აქვს ალერგია. ეს ჩვეულებრივი შემთხვევაა თუ ჩემი ძაღლია გამონაკლისი?
პასუხი: ასეთი რამ მხოლოდ თქვენს ძაღლს არ სჭირს, რადგან, ცხოველებს ალერგია, შეიძლება, ნებისმიერ სუნზე დაეწყოს. თუ ძაღლს თქვენი სუნამოს სუნი არ სიამოვნებს, უმჯობესია, არ დაისხათ, ან, იმ ადგილას გააკეთეთ ეს, სადაც თქვენი ძაღლი არ იქნება. როგორც ადამიანებში, ისევე ცხოველებში, არის ალერგიული ფაქტორები. არა მხოლოდ სუნამოს, არამედ, ბევრ სხვა სუნზეც შეიძლება ძაღლს რეაქცია ჰქონდეს. ასე რომ, თუ შენიშნავთ მსგავს რამეს, მოარიდეთ ცხოველი ამ დისკომფორტულ სიტუაციას.
კითხვა: მაინტერესებს ინფორმაცია ძაღლის ბეწვის ცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ, წელიწადში რამდენჯერ იცვლის ის ბეწვს?
პასუხი: ბეწვის ცვლა წელიწადში ორჯერ ხდება. ზოგი ძაღლი ადრე გაზაფხულზე იცვლის ბეწვს, ზოგიც – ზაფხულში ან შემოდგომაზე. ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია მისი ორგანიზმი. რაც უფრო ჯანმრთელია ცხოველი, მით მალე იცვლის ბეწვს. თუ ძაღლს დიდი ბეწვის საფარველი აქვს, მას აუცილებლად სჭირდება გამოვარცხნა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხდება ბეწვის ჩახურება, დახვევა და, შეიძლება, კანის პრობლემები წარმოიქმნას.
კითხვა: ძალიან მინდა კანე კორსო შევიძინო, მაგრამ არ მაქვს იმის პირობები, რომ ძაღლი ეზოში ვაცხოვრო. თუ შეიძლება ამ ჯიშის ძაღლის ბინის პირობებში შენახვა? ასევე, მაინტერესებს, წელიწადის რომელ დროს არის უკეთესი ძაღლის შეძენა?
პასუხი: კანე კორსო ისეთი ძაღლია, რომ თავისუფლად ძლებს როგორც სახლში, ისე ეზოს პირობებში, ანუ, როგორც მიაჩვევთ, ისე იქნება. თუ ძალიან გინდათ მისი შეძენა და მზად ხართ კანე კორსოს მოსავლელად, იმის გამო, რომ ეზო არ გაქვთ, უარს ნუ იტყვით მის ყოლაზე. თუ სახლში ძაღლის შენახვის პირობები გაქვთ, მნიშვნელობა არ აქვს, როდის შეიძენთ მას.
კითხვა: რამდენჯერ უნდა გამოვუცვალოთ წყალი ძაღლს დღის განმავლობაში? ზოგი მეუბნება, რომ, სავალდებულო არ არის ორი დღის განმავლობაში წყლის გამოცვლა. ძაღლი სახლში გვყავს, თქვენ რას მეტყვით?
პასუხი: ძაღლს წყალი ყოველდღიურად უნდა გამოუცვალოთ. თუ ის დღეში რამდენჯერმე სვამს წყალს, მაშინ, ნახევარ დღეშიც შეგვეძლება გამოცვლა, რადგან, ჭურჭელში წყალი დღის განმავლობაში, შესაძლოა, გაჭუჭყიანდეს. ასე რომ, როგორც კი შეამჩნევთ, რომ გამოსაცვლელია, უნდა გამოცვალოთ, დღეში ერთხელ კი – აუცილებლად.