ფლორის სამყაროში
კითხვა: ჩემს ნოლინას ფოთლების ცვენა დაეწყო. როგორ ვუშველო?
პასუხი: ნოლინა ტროპიკული მცენარეა, ამიტომ მას ესაჭიროება სათუთი მოვლა და სერიოზული ყურადღება. მცენარეს აუცილებლად სჭირდება ზაფხულში გარეთ გატანა და, ასევე, არ საჭიროებს ბევრი წყლის დასხმას. აუცილებელია, ყოველთვე მისცეთ მიკროსასუქები და კალიუმი. ქოთანი დადგით ისეთ ადგილას, სადაც არ იქნება მცხუნვარე მზე და ძალიან არ გამოშრება. ნოლინას ზამთარში სჭირდება 22-24 გრადუსი, ხოლო ზაფხულში 25-27 გრადუსი. გადარგეთ მხოლოდ ადრე გაზაფხულზე, ოღონდ, ისე, რომ არ შეაჭრათ ფესვები და არ დააზიანოთ მისი გარეთა კანი.
კითხვა: წელს შევიძინე კანადური ნაძვი. ახლახან დაეწყო შიდა ხმობა. როგორ მოვიქცე?
პასუხი: საერთოდ, ეს მცენარე სუბტროპიკულია და არ აშინებს ყინვები. ეცადეთ, რომ ის არ დარგოთ ეზოში, სანამ არ მოღონიერდება. საერთოდ, კანადურ ნაძვს ახასიათებს წიწვების ცვლის რეჟიმი, ამიტომ, შესაძლოა, ის ავად კი არ არის, არამედ, შიდა წიწვებს იცვლის. თუ დაეწყო ზემოდან ხმობა, უკვე საშიშია, რადგან, ეს ნიშნავს, რომ ფესვთა სისტემა აქვს დაავადებული. ეცადეთ, რომ ფრთხილად ამოიღოთ მცენარე მიწიდან, კარგად დაუთვალიეროთ ფესვები, დროებით ჩარგოთ ქოთანში და ადგილზე უმკურნალოთ.
კითხვა: შეიძლება თუ არა, ზამთარში გავსხლა აუკუბა ან რომელიმე მცენარე?
პასუხი: მცენარის გასხვლა და ფორმირება ხდება მხოლოდ ადრე გაზაფხულზე ან შემოდგომით, როდესაც ჰაერის მინიმალური ტემპერატურა არის 16-22 გრადუსი. მცენარე ზამთარში არ გასხლათ, რადგან, შესაძლოა, გადანაჭერზე გაუჩნდეს ბაქტერიოზი ან, რაიმე დაავადება აიკიდოს. ამიტომ, ეცადეთ, გასხვლის ან გადაჭრის პროცესის დასრულების შემდეგ, გადანაჭერ ადგილებზე მოაყაროთ ნაცარი, რაც მას დაავადებისგან დაიცავს.
კითხვა: როგორ მოვუარო კლეროდენდრონს და შესაძლოა თუ არა მისი გარეთ დატოვება?
პასუხი: კლეროდენდრონი ტროპიკული მცენარეა და, ამიტომ, ძალიან პრეტენზიულია. ის სითბოს მოყვარულია. მისი ზაფხულში გარეთ დადგმა შესაძლებელია, ზამთარში კი გარეთ არ დატოვოთ, თორემ, გაიყინება. ის სექტემბრიდან უნდა შეიტანოთ სახლის პირობებში, სადაც მას 19-22 გრადუსი ტემპერატურა ექნება. ასევე, ეს მცენარე ვერ იტანს ორპირ ქარსა და ნიავს. შესაძლოა, ასეთ დროს მან ფოთლები დაყაროს და ზრდა-განვითარება შეწყვიტოს. თუ კარგად მოუვლით, კლეროდენდრონი წელიწადში რამდენჯერმე იყვავილებს და, თან, უხვად. ის მრავლდება თესლით და კალმით.