რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს
კითხვა: მყავს ავტომობილი „ოპელ ვექტრა”. შევიძინე ახალი სამუხრუჭე ხუნდები, მაგრამ, ხმარებიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ წრიპინი დაიწყო. მთელი დღის განმავლობაში ეს ხმა აქვს და არ ვიცი, რა ვუშველო. რისი ბრალია ეს: ხუნდების, სამუხრუჭე სისტემის თუ სხვა რამეა მიზეზი?
პასუხი: თუკი ხუნდები შეცვალეთ და ის აწივლდა, იმას ნიშნავს, რომ ისინი ნაკლებად ხარისხიანი აღმოჩნდა. ხუნდებს რამდენიმე თვისება უნდა ჰქონდეს: პირველი – არ უნდა ხმაურობდეს; მეორე – იოლად არ უნდა ცხელდებოდეს და მესამე – კარგად უნდა იჭერდეს. თუ ამ სამიდან რომელიმე დარღვეულია, ნიშნავს, რომ უკვე პრობლემები გაქვთ. ყველაზე მნიშვნელოვანი და ყურადღების მისაქცევი, რა თქმა უნდა, მესამე თვისებაა. თუ ხუნდები არ იჭერს ის სასწრაფოდ გამოსაცვლელია. მეორე რიგში, რომ არ ხურდებოდეს. ასე, რომ თუ თქვენი ხუნდები პირველ ორ თვისებას აკმაყოფილებს, მაშინ მისი მოხმარება შეგიძლიათ. მაგრამ რადგან წივილის ხმას გამოსცემს, სათუოა, რომ სხვა დანარჩენი ფუნქცია მან კარგად შეასრულოს. თუმცა, არსებობს ხუნდები, რომლებიც არ ხმაურობს, მაგრამ, მთელ სისტემას ჭამს, ყველაფერს ცვეთს. ამიტომ, შეიძინეთ ნორმალური, ცნობილი ბრენდის ხუნდები.
კითხვა: მყავს ავტომობილი „მიცუბიში პაჯერო იო”, 1999 წლის. ამ ბოლო დროს შევატყვე, რომ აღმართზე უკუსვლით ასვლა უჭირს – საბურავები თითქოს ბუქსაობს და ოდნავ წინ მიგორავს. რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
პასუხი: ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს: ჯერ ერთი, გასარკვევია, თუ რა დონის აღმართზეა საუბარი, ანუ, თუ ძალიან მკვეთრი დაღმართია, მასზე „დე”-ში ჩაგდებული ავტომობილიც კი დაგორდება. შესაბამისად, ძალიან მკვეთრ აღმართზე ასვლა უკუსვლით საკმაოდ გაჭირდება. ამ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, დამატებითი წინა ხიდი ჩართოთ, რომელიც უპრობლემოდ მოერევა მსგავს რთულ ამოცანას. თუ აღმართი არც ისეთი დაქანებულია, მაშინ, შეიძლება ორგვარი პრობლემა შეიქმნას: სავარაუდოდ, გამოსაცვლელია ავტომატური კოლოფის ზეთი. ის, როგორც იცით, მოდების ფუნქციას ასრულებს, ანუ ზეთის წნევის ხარჯზე ხდება იმ ფუნქციების ჩანაცვლება, რასაც მოდება იღებს საკუთარ თავზე. ასევე, შეიძლება გააჩნდეს კბილანას პრობლემა – შესაძლოა, დაზიანებულია უკუსვლის კბილანა. თუკი ეს ყველაფერი არ ხდება ძალიან მკვეთრ აღმართზე და ხიდების ჩართვამაც არ უშველა, მაშინ, გირჩევთ, მიაკითხოთ ხელოსანს, რომელიც ზუსტ დიაგნოზს დაუსვამს თქვენს ავტომობილს.
კითხვა: მოდელებიდან: „მერსედეს ესელ 55 აემჯი”, „ესელერ”, „ბეემვე ემ6” და „ემ5” რომელია უფრო სწრაფი? იქნებ თანმიმდევრულად დამიხასიათოთ?
პასუხი: ჩამოთვლილი ოთხი მოდელიდან „ესელ 55“, „ემ 5“ და „ემ 6“ დაახლოებით ერთი კლასის მანქანებია და შეიძლება მათი შედარება, მაგრამ, რაც შეეხება „ესელერ მაკლარენს“, ეს სულ სხვა კლასის სუპერკარია, რომელიც ბევრად მაღლა დგას აღნიშნულ მოდელებზე. მოკლედ დაგიხასიათებთ თითოეულ მათგანს: „ესელ 55“ გახლავთ მაღალი კლასის როდსტერი, რომელსაც აქვს ძლიერი ძრავა და შედარებით უფრო სპორტული დაკიდების სისტემა, სტანდარტულ „მერსედესებთან“ შედარებით, თუმცა, ის არ არის სპორტული ავტომობილი და, ამ თვალსაზრისით „ემ5-სა“ და „ემ6-თან“ შედარებით, მხოლოდ მძლავრ და სწრაფ როდსტერად რჩება. რაც შეეხება „ბეემვე ემ5“ და „ემ6-ს“, ასევე, გახლავთ ძლიერი და სწრაფი „სედანი“ და კუპე, თუმცა მათში უფრო მეტად ჭარბობს სპორტული ხასიათი, რაც გამოიხატება მათში განთავსებულ ძრავაში, გადაცემათა კოლოფში, დაკიდებაში და ასე შემდეგ. „ესელერ-მაკლარენი“ კი გახლავთ ძალიან ძვირად ღირებული სუპერკარი, რომელშიც გამოყენებულია მაღალი ტექნოლოგიები და პარამეტრებით ბევრად სწრაფია ვიდრე დანარჩენი სამი მანქანა, თუმცა, აქვე დავძენ, რომ არც „ესელერი“ გახლავთ „სუფთა სისხლის“ სპორტული მანქანა, თუკი შევადარებთ მის კლასში არსებულ „ფერარის“, „ლამბორჯინის“ თუ სხვა სპორტულ ავტომობილებს.
კითხვა: რომელი ავტომობილის ყიდვას მირჩევთ საქართველოს გზებზე – „ჯე” კლასის „მერსედესს” თუ „ტოიოტას ჯიპ ლენდ კრუიზერ 200-ს“? ორივეს დიზელის ძრავა აქვს და უფრო გამძლეობის მხრივ მაინტერესებს, ვიდრე სხვა კრიტერიუმებით.
პასუხი: ორივე ავტომობილი იმდენად გამძლეა და იმდენად ამართლებს თავიანთ სახელს – „ჯიპს“, რომ მათი შედარება ცოტა რთულია. მაგრამ, ორივეს საკუთარი განსაკუთრებული ღირსებები აქვს, ანუ, რაღაც ასპექტში ერთი აჯობებს, რაღაც კუთხით – მეორე. პირადად მე რომ ვყიდულობდე, კრიტერიუმად ავიღებდი იმას, რომლის შენახვაც უფრო იაფი დამიჯდებოდა, რადგან, გამძლეობა ორივეს არაჩვეულებრივი აქვს. უბრალოდ, „ტოიოტას” შენახვა გაცილებით ადვილია, ვიდრე „მერსედესის”. „ლენდ კრუიზერი” უფრო მარტივი და, თან, ცოტა დეტალით არის აწყობილი, განსაკუთრებით – სავალ ნაწილში და მისი ნაწილებიც გაცილებით იაფია. გარდა ამისა, „ტოიოტას” სავალი ნაწილის სისტემა ისე აქვს მოწყობილი, რომ, თუ რაღაც ზედმეტად არასტანდარტულ სიტუაციაში არ აღმოჩნდით, მისი გაფუჭება პრაქტიკულად შეუძლებელია, ანუ, ისეა მოწყობილი, რომ თავს არ იფუჭებს. ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან: სავალი ნაწილის სამაგრების დახრა. „მერსედესში” ის სწორკუთხოვნად არის განთავსებული და, მიუხედავად იმისა, რომ მას „ტოიოტაზე” გაცილებით ძლიერი დეტალები აქვს, მაინც უფრო ადვილად ფუჭდება. წარმოვიდგინოთ ჯოხი, რომლის გატეხვასაც შუა ნაწილში ვცდილობთ, ის ძალიან ადვილად გატყდება. „ტოიოტას” შემთხვევაში კი ეს „ჯოხი“ ისეა გადებული, რომ მის მხოლოდ ერთ, განაპირა კუთხეზე ხდება დაწოლა და, შესაბამისად მის გასატეხად გაცილებით მეტი ძალაა საჭირო. ეს ძალიან უხეში შედარებაა, მაგრამ, კარგად აღსაქმელად გამოდგება. ანუ, „ტოიოტაში” დეტალების დახრის კუთხე უკეთაა შერჩეული – ისეა გაკეთებული, რომ ნაკლები დაწოლა მიიღოს. „მერსედესს” სწორკუთხოვანი გადაბმები აქვს, მაგრამ, გაცილებით უფრო მასიური და ძლიერი დეტალებისგან არის აკრეფილი და სწორედ ამის ხარჯზეა გამძლე. ანუ, იაფი ნაწილების სწორი პოზიციით დამონტაჟება აქცევს მას უფრო იაფად შესანახ ავტომობილად, თორემ, როგორც დასაწყისში ვთქვი, ორივე ძალიან გამძლეა.