რის გამო გაწირა საპატარძლომ სასიძო ქორწილის წინ
ახალი წლის ღამეს 45 წლის შალვა ვ. ციხეში აღმოჩნდა. ბრალდებული იმ დღეებში სიძე უნდა გამხდარიყო, მაგრამ, საპატარძლომ ქეთევან ს-მ, ცოლად გაყოლის ნაცვლად, საქმრო პოლიციას დააჭერინა. ამის მიუხედავად, დაკავებული აცხადებს, რომ ქეთევანის გარდა სხვას არავის შეირთავს, მაგრამ, დაითანხმებს თუ არა მშობლებს, ძნელი სათქმელია.
იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული შალვა ვ. გამართლდა, მაგრამ სამართალდამცველებმა მისი გათავისუფლება არ მოინდომეს. შესაბამისად, მიყენებული მუხლი მას ხულიგნობით შეუცვალეს და სასამართლოს წელიწად-ნახევრით პატიმრობაც მოსთხოვეს. პროკურატურის დაუსაბუთებელი თხოვნა დაკმაყოფილდა, თუმცა, განსასჯელი მეორე ინსტანციამ დაინდო და პატიმრობა პირობითი სასჯელით შეუცვალა.
ქალი, ვის გამოც შალვა ვ. ციხეში აღმოჩნდა, გაუთხოვარი 44 წლის ქეთევან ს-ია. როგორც ქეთევანის ძმა ჩვენებაში აცხადებს, მის დას უმწიკვლო რეპუტაცია აქვს, გასათხოვარი კი მხოლოდ იმ მიზეზით დარჩა, რომ ჯერ სწავლას, შემდეგ კი სამუშაოს ძებნას გადაჰყვა, რის გამოც „სხვა რამეებისთვის” არ ეცალა. „არავის მივცემ უფლებას, ჩემს დას შეურაცხყოფა მიაყენოს და სახელი შეუბღალოს,”– განაცხადა დაზარალებულის ძმამ, რომელიც შალვა ვ-ზე დის გათხოვების კატეგორიული წინააღმდეგია. არადა, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის კურსდამთავრებულს, 44 წლის ქეთევან ს-ს ერთი დღეც არ უმუშავია. ინციდენტამდე ერთი კვირით ადრე, სასურსათო მაღაზიაში გამოსაცდელი ვადით კი დასაქმდა, მაგრამ, მომხდარის გამო, ისევ უმუშევარი და ისევ გასათხოვარი დარჩა. მართალია, შალვა ვ. კვლავ აპირებს მის ცოლად მოყვანას, მაგრამ, რა მოხდება, არავინ იცის. საქმე ისაა, რომ შალვას მშობლებს სარძლო თვალის დასანახავად არ უნდათ, რაც სრულიად ბუნებრივია – მის გამო მათი შვილი პატიმარი გახდა. ეს ოჯახისთვის სრული კატასტროფაა, მაგრამ, უმთავრესი მიზეზი საპატარძლოს ასაკია...
საბრალდებო დასკვნის თანახმად, 31 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 20:30 საათზე, შალვა ვ. ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე სასურსათო მაღაზიაში მივიდა, სადაც ქეთევან ს. იმყოფებოდა და გარეთ გაყოლა სთხოვა. ქალმა უთხრა, რომ არ ეცალა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც გამყიდველი თვალს მიეფარა, ქეთევანმა შალვას ანიშნა, მალე გამოვალო, რის შემდეგაც შალვა ვ-ს, ხელი რომ არ შეეშალა, გარეთ გავიდა, მაგრამ, საკმაო დროის გასვლის მიუხედავად, ქეთევანი არ ჩანდა. შალვა ვ. იძულებული გახდა, ისევ მაღაზიაში შესულიყო, სადაც ქეთევანი კვლავ გამყიდველს ესაუბრებოდა. მისი დანახვისთანავე, გამყიდველმა უკვე ხმამაღალი ტონით უთხრა, რომ მაღაზია მისი იყო და იქ ფეხი აღარ შეედგა, ქეთევან ს-მ კი მკაცრად უთხრა, რომ მისთვის თავი დაენებებინა.
შალვა ვ-ს ქეთევანის საქციელი გაუკვირდა, მაგრამ, ხმა არ ამოუღია, რადგან ქალმა ფარულად კვლავ გაუცინა და ხელით ანიშნა, გარეთ დალოდებოდა. შალვა ვ-მ მაღაზია ისევ დატოვა, თუმცა, ვინაიდან ციოდა, გვერდით მდებარე მაღაზიაში 300 გრამი არაყი იყიდა და გასათბობად დალია.
გამოძიების მასალებით, შალვა ვ. მაღაზიაში მესამედაც შევიდა, ქეთევანს დაენახვა, კვლავ ანიშნა, რომ ელოდებოდა და ისევ გარეთ გავიდა, ქალი კი, კვლავ არ ჩანდა, რის გამოც შალვა ვ-მ მას მობილურზე დაურეკა, მაგრამ ქალმა ტელეფონზეც არ უპასუხა. გამოძიების მასალებით, ალკოჰოლური სასმლით მთვრალმა შალვა ვ-მ ქალზე შურისძიება განიზრახა, რის გამოც, გვერდით მდებარე მაღაზიაში საახალწლო მაშხალები, ეგრეთ წოდებული „ხლაპუშკები” შეიძინა და მისი აფეთქება რიგრიგობით დაიწყო. შეშინებულ ქალებს ეგონათ, რომ კაცი პისტოლეტიდან ისროდა, რადგან მას ხელში პისტოლეტი ნამდვილად ეჭირა და ყვირილი ატეხეს, რის გამოც ხალხი შეიკრიბა. შალვა ვ. ქალებს არწმუნებდა, რომ იარაღი სათამაშო იყო და, უკვე ძალდატანებით, ქეთევან ს. ქუჩაში გაიყვანა, სადაც, მომხდარი გაუგებრობის გამო საქმის გარჩევა დაუწყო, რა დროსაც კვლავ პისტოლეტი ეჭირა ხელში. სწორედ ამ დროს, მათ გვერდით ავტომანქანა გაჩერდა, რომლითაც შალვა ვ. წასვლას აპირებდა და ქეთევან ს-საც მანქანაში ჩაჯომას აიძულებდა, მაგრამ მოულოდნელად გამოჩნდა პოლიციის მანქანა, რომლის ეკიპაჟის წევრები ჯერ მაღაზიაში, შემდეგ კი შალვა ვ-სკენ წავიდნენ და ხელზე ბორკილები დაადეს. როგორც დაკავებული, ისე მისი მეგობარიც, პოლიციას არწმუნებდნენ, რომ არაფერი დაუშავებიათ, მაგრამ...
საქორწინო გარიგება
შალვა ვ-მ და ქეთევან ს-მ ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, რამდენიმე თვის განმავლობაში ესაუბრებოდნენ ერთმანეთს და ბოლოს შეხვედრა გადაწყვიტეს.
საგულისხმოა, რომ ინტერნეტსივრცეში შალვას „ნიკა”, ხოლო ქეთევანს „ანი” ერქვა და 32 წლის იყო. ასაკი „ნიკამაც” მოიტყუა. ქალისთვის შესაფერისი რომ ყოფილიყო, უთხრა, რომ 35 წლის ხდებოდა. ჯერ კიდევ შეხვედრებამდე მათმა ურთიერთობამ იმდენად სერიოზული სახე მიიღო, ლამის ვირტუალურად იქორწინეს, რადგან, ერთმანეთს უმტკიცებდნენ, რომ უერთმანეთოდ ცხოვრება აღარ შეეძლოთ. საბოლოოდ კი შეხვედრის დღეც დათქვეს; უფრო სწორად, ქალმა კაცი დაქალის დაბადების დღეზე დაპატიჟა, სადაც შალვა ვ. საგანგებოდ გამოწყობილი მივიდა, მაგრამ, სახტად დარჩა: 32 წლის ანის ნაცვლად მის წინ 44 წლის ქეთევანი იდგა, მაგრამ ვინაიდან დარწმუნებული იყო, რომ ის უყვარდა და მასთან ურთიერთობა სიამოვნებდა, ასაკთან დაკავშირებული ტყუილი არ შეიმჩნია და ურთიერთობა ძველებურად განაგრძო. მეტიც, ვინაიდან ყველაფერზე ნალაპარაკევი ჰქონდათ, ერთმანეთს ოჯახის წევრები გააცნეს და ორ თვეში, ანუ, საახალწლოდ, დაქორწინება გადაწყვიტეს.
მოლაპარაკების თანახმად, წყვილი ძველით ახალ წელს შალვას სახლში შეხვდებოდა, რასაც ქალი, რა თქმა უნდა, სიხარულით დასთანხმდა, მაგრამ, მისი მხრიდან ერთი პირობა იყო შესასრულებელი: შალვამ საცოლეს სთხოვა, ჩემი ოჯახის წევრებთან თქვი, რომ 35 წლის ხარო. მაგრამ, ქალი წინააღმდეგი წავიდა, რადგან მიაჩნდა, რომ ცხოვრება ტყუილით არ უნდა დაეწყოთ.
სწორედ ამ საუბარს მოჰყვა მათ შორის უთანხმოება. ვინაიდან ქალმა ტყუილის თქმა იუკადრისა, უკან არც შალვამ დაიხია და უსაყვედურა, რა მიზანი გქონდა, როცა შენს ასაკს მატყუებდიო. ქალს ამაზე ერთადერთი პასუხი ჰქონდა – ჩემს ყველა მეგობარს თავისზე უმცროსი ქმარი ჰყავდა, მაგრამ, კაცისთვის ეს არგუმენტი არადამაკმაყოფილებელი იყო...
საბოლოოდ, ამ ყველაფერმა საახალწლოდ დაგეგმილი ქორწინება ჩაშალა. იმის მიუხედავად, რომ ოჯახებს შორის ყველაფერი მოლაპარაკებული იყო, ქეთევანმა გამოაცხადა, რომ აღარ თხოვდებოდა და დაქალის მაღაზიაში გამოსაცდელი ვადით მუშაობა დაიწყო.
ქეთევანისგან განსხვავებით, შალვას თავის ოჯახში გეგმების ცვლილებებზე არაფერი უთქვამს და ყველა მეგობარი გააფრთხილა, 13 იანვარს არსად წასულიყვნენ, რადგან, ცოლი მოჰყავდა, ერთ-ერთი მათგანი კი ქეთევანის მაღაზიასთან მანქანით დაიბარა...
განსასჯელის ჩვენებიდან: „წინა საღამოს ქეთის დავურეკე, ვუთხარი, რომ ყველაფრის მიუხედავად, მიყვარდა და შევრიგდით. მოვილაპარაკეთ, რომ ახალ წელს ჩემთან შევხვდებოდით და წინასწარ შევთანხმდით, რომ ამის შესახებ ოჯახში არც ერთი არ ვიტყოდით, მაგრამ, ქეთიმ მითხრა, რომ ჩვენი დაშორების შესახებ მისმა ოჯახმა და მეგობრებმა უკვე იცოდნენ და მთხოვა, მისთვის დრო მიმეცა.
ამაზე რომ არ დავთანხმდი, ბოლოს თვითონვე თქვა, ახსნა-განმარტებების ჩაბარებას არავისთვის არ ვაპირებო და დამპირდა, რომ მეორე დღეს ცოლად გამომყვებოდა, თუმცა, არ უნდოდა, ეს ამბავი მაღაზიაში მყოფ მის მეგობარ მარინას გაეგო, რადგან, მას, თურმე, ერთმანეთის შესაფერისად არ მივაჩნდით. საბოლოოდ, ყველაფერზე შევთანხმდით და ჩემი მეგობარი მაღაზიასთან მანქანით დავიბარე. გავთვალე, რომ, ვინაიდან მაღაზია 11-ზე იკეტებოდა, ქეთის მე წავიყვანდი და ყველანი ჩემთან სახლში შევხვდებოდით ახალ წელს“, – განაცხადა განსასჯელმა, რომელსაც ვერაფრით აეხსნა, რატომ მოექცა საცოლე უცხოსავით, მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ მისმა მეგობარმა მარინამ მათ შესახებ რეალურად, არაფერი იცოდა. როგორც თავად მარინამ განაცხადა პორცესზე, მათი ამბავი რომ სცოდნოდა, პოლიციას არავითარ შემთხვევაში არ გამოიძახებდა...
ამის გამო ქეთევან ს-მ სასამართლოზე თავი დაიდანაშაულა. ხოლო მოსამართლის კითხვაზე – რატომ არ უთხრა მეგობარს სიმართლე, ან, რატომ მოატყუა საქმრო, ქეთევან ს-მ განაცხადა, რომ იხუმრა...
მის „ხუმრობას“ კი შალვას ოჯახის გაღიზიანება მოჰყვა, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მათ სარძლოს ასაკი შეიტყვეს...
რეალურად რა დააშავა შალვა ვ-მ, ძნელი სათქმელია. ის იარაღის უკანონო ტარებისთვის დააკავეს, მაგრამ, უტყუარად დადგინდა, რომ პისტოლეტი სათამაშო იყო. თუმცა, გამოჩნდნენ მოწმეები, რომლებმაც დაადასტურეს, რომ შალვა ვ. ქუჩაში არა მხოლოდ ყვიროდა, იგინებოდა კიდეც... ამის გამო კი გამოძიებამ დაასკვნა, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა ხულიგნობას და შალვა ვ-სთვის ერთი წელი პატიმრობა მოითხოვა, თუმცა, ბრალდებულს პატიმრობა პირობითი სასჯელით შეეცვალა...